"მე ალოპეცია მაქვს... " - კვირის პალიტრა

"მე ალოპეცია მაქვს... "

36 წლის სალომე სოხაძე სპეციალობით თარჯიმან-რეფერენტია, თუმცა პროფესიით არ მუშაობს. 2007 წლიდან დღემდე საქართველოს ეროვნული არქივის მთავარი სპეციალისტია. სალომეს მეუღლე და ორი ქალიშვილი ჰყავს. ალოპეცია ათი წლის ასაკში დაუდგინეს. ეს არის აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც ორგანიზმი თმის ღერს იცილებს, რადგან ის უცხო სხეული ჰგონია. სალომე საკუთარ ისტორიასა და გამოცდილებას "კვირის პალიტრის" მკითხველებს უზიარებს.

- ალოპეცია ათი წლისას დამიდგინეს. ბალეტზე დავდიოდი და მხოლოდ იმას ვდარდობდი, დიაგნოზს ამაში ხელი არ შეეშალა. საბედნიეროდ, საბალეტო სკოლა წარმატებით დავამთავრე. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. მერე დაიწყო ექიმებთან სიარული, გამოკვლევები, მათი მსჯელობისა და ვარაუდების მოსმენა, თუმცა მალე მოვახერხე, დედა დამერწმუნებინა, თავი დაენებებინა და შეჰგუებოდა იმას, რომ ალოპეცია არ განიკურნებოდა. სწორედ იმ პერიოდში, როცა თავზე თმა საერთოდ არ მქონდა, გადავწყვიტე, ქართული ხალხური ცეკვის სწავლა დამეწყო. მიმიღეს. გახარებული დავდიოდი, ალოპეცია კი ვითარდებოდა. ერთ დღესაც მივხვდი, რომ ზედმეტი კითხვები ჩემში სტრესს იწვევდა და ცეკვიდან გამოვედი, რასაც ახლა ძალიან ვნანობ.

სამწუხაროდ, არავინ იცის, რა იწვევს ალოპეციას. როგორც ბავშვს, კარგად არ მესმოდა, რა იყო ეს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად მეტ ინფორმაციას ვეცნობოდი. დედა ძალიან დამეხმარა ყველაფრის სწორად გააზრებაში. რაც მინდოდა ცხოვრებაში, ყველაფერი მივიღე. არ ვფიქრობ, რომ თმა რამეს წყვეტს. ოჯახი, შვილები, მეგობრები, სამსახური და ბევრი კეთილი ადამიანი მყავს გვერდით.

- ამ წლების განმავლობაში რა სტერეოტიპებს შეეჩეხეთ?

- ყველაზე მტკივნეული იყო, რომ ჩემს მდგომარეობას ონკოლოგიურ დაავადებასთან აიგივებდნენ, არადა, მისგან აბსოლუტურად განსხვავდება. ონკოლოგიურ პაციენტს თმა ქიმიოთერაპიის შედეგად დროებით არა აქვს, ალოპეცია კი სულ სხვა რამეა. ხშირად მეკითხებოდნენ, რა მჭირდა, რატომ დავდიოდი ასე და პასუხიც ყოველთვის მზად მქონდა: "მე ალოპეცია მაქვს".

- ოდესმე თუ ყოფილხართ ბულინგის მსხვერპლი? როგორი კლასელები გყავდათ?

- როცა სკოლაში პირველად თავსაფრით მივედი, ყველამ მკითხა, თმა რატომ გადაიპარსეო. მთელი კლასის წინაშე დავდექი და ავხსენი ყველაფერი, როგორც შემეძლო, შემდეგ ვაჩვენე კიდეც და მას მერე არანაირი კითხვა არ მახსენდება. არც დამატებით წრეებზე სიარულისას მქონია პრობლემა. ალბათ, ამ ყველაფერმა ასე უმტკივნეულოდ იმიტომ ჩაიარა, რომ არასდროს ვმალავდი, არ ვინიღბებოდი და მგონია, რომ ეს ყველამ უნდა შეძლოს.

- არ გაგჩენიათ სურვილი, პარიკი მოგერგოთ?

- მართალია, ჩემი მდგომარეობა რაღაც კომპლექსებს აჩენს, მაგრამ პარიკი არასდროს მქონია - ეს ჩემთვის დიდი დისკომფორტია. ჩემი თავი პარიკით ვერასდროს წარმოვიდგინე, თუმცა სხვების ძალიან მომწონს.

- პირველად როდის გადაწყვიტეთ თავის გადაპარსვა? - თავის გადაპარსვა იმ დღეს დავიწყე, როცა ცვენა გააქტიურდა. არ მომწონს იმ პროცესის ყურება, როცა ალოპეცია აქტიურ ფაზაში გადადის. როგორც კი იწყება, ვიპარსავ. ასე უფრო მშვიდად და კომფორტულად ვარ. თავსაფარი შარშან ზაფხულში, ზღვაზე მოვიხსენი; ახლაც ვიხსნი, როცა მომინდება და პრობლემას არ მიქმნის.

- როდის იყო ყველაზე რთული ეტაპი თქვენს ცხოვრებაში და როგორ გადალახეთ?

- ყველაზე რთული იყო, ამდენი წლის შეგუების შემდეგ, ერთი წლის წინ ისევ ახალი სალომე რომ დავინახე სარკეში - წამწამებისა და წარბების გარეშე. ასე უცებ, თან ერთ დღეში ცოტა გამიჭირდა შეგუება. ოჯახის წევრებს ვთხოვე, დიდი დრო გაგვეტარებინა ერთად. არც ერთი წამით არ მტოვებდნენ, წარბებზე დაფერვა გავიკეთე (ტატუაჟი), წამწამებზე კი - არაფერი. დღეს უკვე ჩემს ბუნებრივ წარბს მირჩევნია ის, რაც მაქვს.

- ოჯახზე გვიამბეთ.. - ოჯახი ძალიან ადრე შევქმენით. ვატო (ჩემი მეუღლე) ერთი წლით უფროსია ჩემზე. სკოლის ასაკში შეგვიყვარდა ერთმანეთი და ბოლოს ქორწინებით დავაგვირგვინეთ. ვატოს ძალიან მოსწონს ჩემი ჩალმიანი თავი. 17 წლის ვიყავი, პირველი შვილი, თაკო რომ გვეყოლა და, ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. ანასტასია 27 წლისამ გავაჩინე. მამა განსაკუთრებით ანებივრებს და ათამამებს მას. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ვიყო მათი დედა, გავუგო ყველაფერში და გვერდით ვედგე. ბევრ რჩევას ვიღებ ჩემი ფსიქოლოგისგან და ძალიან მეხმარება რთული სიტუაციების მართვაში.

- თქვენ ხართ დამფუძნებელი ჯგუფისა "ჩვენ ალოპეცია გვაერთიანებს". როდის გაჩნდა საერთო სასაუბრო გარემოს შექმნის იდეა და როგორ აძლიერებთ ერთმანეთს? - იდეა ერთი წლის წინ გაჩნდა, მაშინ, როცა "ახალ სალომეს" - საკუთარ თავს წამწამებისა და წარბების გარეშე ვეგუებოდი. გადავწყვიტე, იმ უცხოელებს დავკავშირებოდი, რომელთაც ალოპეცია ჰქონდათ. მივაგენი კიდეც უკრაინაში, ამერიკაში, ლონდონში და დღეს ვმეგობრობთ. მათთან საუბრის მერე მივხვდი, რომ საქართველოშიც არიან ჩემნაირი "განსხვავებულები". უბრალოდ, არ ვიცნობდი მათ და ძალიან გავაბედნიერებდით და გავაძლიერებდით ერთმანეთს, თუ გავიცნობდით. მაშინ გადავდგი პირველი ნაბიჯი და ზღვა ხალხი წამოვიდა. ასეთ შედეგს არც ველოდი.

სასწრაფოდ გავაკეთე დახურული ჯგუფი და სექტემბერში დავგეგმეთ პირველი შეხვედრა. ამ ყველაფრის ორგანიზებაში ჩემი შვილი თაკო და მისი მეგობარი ზუკა (ის ახლა ჩემი მეგობარი უფროა) მეხმარებიან. საოცარი გრძნობაა, როცა იცი, რომ მარტო არ ხარ, რომ ჩვენ საერთო ისტორია, გრძნობები და შეგრძნებები გვაქვს. ახლა ისინი ჩემი მეგობრები არიან და ზუსტად ვიცი, რომ მათ გარეშე ძალიან გამიჭირდება. ერთმანეთს დიდ დროს ვუთმობთ, კიდევ ბევრი გეგმა და იდეა გვაქვს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ყველაფერს.

- თქვენს ტატუზეც გვიამბეთ.. - თაკო თავისუფალ დროს ხატავს, ძალიან უყვარს და ბევრ აპლიკაციას ქმნის. ერთ დღეს მითხრა, შენ დაგხატეო და ფოტო მაჩვენა. ძალიან მომეწონა და მომინდა, სულ თან მეტარებინა. ამიტომ გადავწყვიტე სხეულზე ტატუდ გადამეტანა. მანამდე გავიკეთე პატარა იეროგლიფი ფეხზე - ალოპეცია მაწერია.

- რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა გადიან იმ გზას, რომელიც თქვენ 16 წლის წინ გაიარეთ?

- ალოპეცია არ არის გენეტიკური, არც გადამდები და არც ჩვენს ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. მთავარია, შეძლებისდაგვარად ავირიდოთ ნერვიულობა, ბევრი დრო დავუთმოთ საკუთარ საქმეს, ვაკეთოთ ის, რაც გვიხარია და ბედნიერებას გვანიჭებს. ვიკვებოთ სწორად.

ყველა მოვლენას დადებითად უნდა შევხედოთ. თითოეული წამით უნდა დავტკბეთ და პატარ-პატარა სიხარულის ნაპერწკლები დიდ ცეცხლად ვაქციოთ. ვინც მოინდომებს, აუცილებლად შეძლებს. მთავარია, არ ჩავიკეტოთ საკუთარ თავში. განსხვავებულები ვართ - ეს არის და ეს! მე ბედნიერიც კი ვარ, რომ ალოპეციამ ამდენი ადამიანი მაპოვნინა, გამაცნო, შემაყვარა და მათით გამამდიდრა.

არა მგონია, გარეგნობა რამეს ცვლიდეს ჩვენში. ყველა ინდივიდუალური ვართ და თმის რაოდენობა თუ ფერი არ უნდა წყვეტდეს ჩვენს ბედს. ჩვენი შინაგანი სამყაროა მთავარი, გრძნობები და ის ემოციები, რასაც სხვებსაც გადავცემთ. რაც შეიძლება ბევრი სითბო, სიყვარული და ემოცია უნდა ვაჩუქოთ ერთმანეთს. მე ყველას ასეთი ვუყვარვარ. თმიანი ვიქნებით თუ უთმო, არა მგონია, ამან რამე შეცვალოს ჩვენს ცხოვრებაში. ხშირად გაიღიმეთ და ეს ღიმილი უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ!

ნათია სიბაშვილი