"როგორ არ მიყვარდა, მაგრამ, ალბათ, მძიმე ხასიათმა მიმიყვანა იქამდე, რომ მარტო ვარ. ახლა ტყუილად დაკარგულ ყოველ წუთს ვნანობ"
"როგორ არ მიყვარდა, მაგრამ, ალბათ, მძიმე ხასიათმა მიმიყვანა იქამდე, რომ მარტო ვარ. ახლა ტყუილად დაკარგულ ყოველ წუთს ვნანობ"
ცხოვრება არცთუ ხშირად გვთავ­აზობს იმას, რაც გვსუ­რს. თუმცა­ ბევრი რამ არის ისეთი, რაც მაინც მადლობას გათქმევინებს. ეს გრიგოლ­ წიტაიშვილზეც ითქმის - 83 წლის მსახიობი ცხოვ­რების კმაყოფილი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ჩავლილ წლებს მადლობას მაინც ეუბნება - ვმადლობ სიცოცხლეს, რადგან ისევ ვტკბები დილით და რაც მთავარია, ბევრს ისევ ვუყვარვარო.

- ბათუმში დავიბადე, ჭაობის დასახ­ლებაში, მაგრამ ახლა იქ აღარც ჭაობია და აღარც პატარა სახლები. უდაბნოშიც რომ დაიბადოს კაცი, თავისი უდაბნო სიკვდილამდე ეყვარება, ისე
როგორც მე ჩემი "ჭაობი", არადა, ტკბილი ბავშვობა არ მქონია, არ მახსოვს დედა, რომელიც 1937-ში, სულ თვეების ბავშვს გადამისახლეს.
ბებ­იაჩემი, დეიდა და მამიდაჩემი იყვნენ ჩემი ცრემლების გამზიარებლები. ერთი ხანობა მახინჯაურის ინტერნატში მიმიყვანა ბებიამ, ფიქრობდა, რომ ჩემი განათლებისთვის იქ ყოფნა ჯობდა, მაგრამ ერთხელაც მოვარდა მამიდაჩემი და ინტერნატის
ხელმძღვანელებთან ბებიას უჩივლა: ან მე მომცეს ბავშვი­ და გავზრდი, ან თვითონ წაიყვანოს, რა უნდა ინტერნატშიო. მერე ამოვიდა მამაჩემიც თავის ცოლთან ერთად, დამიძახეს დირექტორთან და მკითხეს, ბებიასთან გირჩევნია ყოფნა თუ მამაშენთანო. ბებიაჩემზე­ ვგიჟდებოდი, მაგრამ გამოვაცხადე, მამასთან უნდა წავიდე-მეთქი. რა ვიცი, რატომ... იქნებ იმიტომ, რომ დედის დაბრუნებას სულ ველოდი და არ მინდოდა­ დედინაცვლისთვის დამეთმო მისი ადგილი. ამიტომაც დედინაცვალს ომი გამოვუცხადე­ - ქალი მე და ჩემს დას თავზე დაგვტრიალებდა, მე კი ვეჩხუბებოდი. ახლა კი ვნანობ, შესანიშნავი ქალი იყო და რატომ ვტკენდი გულს. მეათე კლასში რომ გადავედი, დედა დაბრუნდა. მაშინვე მივხვდი, რომ ის ძალ­იან უცხო იყო და უცხოდვე დარჩა სიცოცხლის ბოლომდე, თანაც თავგზაარეული, ისე გათხოვდა, ჩემთან, ასე ვთქვათ, "ჩამოჯდომაც" ვერ მოასწრო. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე ვუვლიდი, მას ხომ ჩემს მეტი არავინ ჰყავდა. ჩვენ მშობლის მოვლის მოვალეობები კისერზე იმ ზეციურ ტვირთად გვადევს, რომელიც თუ მოვიშორეთ, დავიღუპებით. ამას ახლა უფრო კარგად ვაცნობიერებ. სიმართლე რომ ვთქვა, ოდესმე, ალბათ, დედინაცვალსაც მოვუვლიდი, რომ დასჭირვებოდა.

- გისმენთ და ვფიქრობ, როგორ ახერხებენ­ ადამიანები ასეთი მძიმე ცხოვრებიდან ფეხზე დადგომას.
- უმეტესობას თავად აიძულებს რთული ცხოვრება, გაიქცეს, თავს უშველოს, მაგრამ გააჩნია, კაცი ამ დროს სად წავა, შეიძლება უფრო უარეს სიძნელეში მოხვდეს.­ მაგრამ ამ დროს გულში თუ სიკეთის ერთ მარცვალსაც იპოვი, ცუდის აშორების შესაძლებლობას ის მოგცემს.
კადრი ფილმიდან: 'ლომა დავიწყებული მეგობარი'
ჩემთვის ეს "მარცვალი" ის ხალხი იყო, ვისი სიკეთეც მახსოვდა, და კიდევ ხელოვნება: კინოებსა­ და თეატრებს ვერ მაშორებდნენ. თუმცა მსახიობობაზე არც მიფიქრია. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ჩემმა მეგობარმა მითხრა, წამო, თბილისში უმაღლეს სასწავლებელში­ ჩავაბაროთო! რომ არაფერი ვიცი-მეთქი! იმან კიდევ, მაინც წამოდიო და მეც წამ­ოვედი. აქ მისაღები გამოცდები ყველგან დამთავრებული იყო, გარდა თეატრალური­ ინსტიტუტისა, სადაც ისევ ჩემმა მეგობარმა შემატანინა საბუთები, რა გენაღვლება, სინჯეო. გამოცდაზე რომ მკითხეს, რაიმე იციო? უარის ნიშნად თავი გავაქნიე. მერე გამომცდელებმა რაღაც მუსიკა ჩართეს და ამ მუსიკას ხმაც ავაყოლე და ტანიც. თურმე ცეკვაც შემეძლო და სიმღერაც. ასე მოვხვდი ინსტიტუტში. ჩემს კურსზე იმედა­ კახიანი, ბელა მირიანაშვილი და ამისთანები­ სწავლობდნენ და მათი სილამაზის შემხედვარე რა კინოში წავიდოდი! ისინი კი სულ მექაჩებოდნენ კინოსკენ და არ მივყვებოდი. მერე კინო მაინც მოვიდა. ერთ-ერთი რეჟ­ისორი ფილმს ბათუმის პორტში უცხოურ გემებზე იღებდა და "მასოვკაში" დამპატიჟა­. ერთხელაც ოპერატორმა მითხრა, გუგული მგელაძე ფილმს იღებს და გასინჯვაზე გეპატიჟებაო. ქვა ავაგდე და თავი შევუშვირე, არ მინდა-მეთქი. ამ ოპერატორმა, თუ კაცი ხარ, ნუ გამაწბილებ, უბრალოდ, სასინჯ კადრებში გადაგიღებენ, მაინც არავინ აგიყვანსო. არადა, ამიყვანეს. იმ ფილმს "ცისკრის ზარები" ერქვა.

- გუგული მგელაძის მეორე ფილმმაც "სინათლე ჩვენს ფანჯრებში" იმდროინდელი კინოს­ ვარსკვლავად გაქციათ.
- სამჯერ შემომითვალა გუგულიმ და უარს ვეუბნებოდი, გრიბოედოვის თეატრში­ ვარ დაკავებული, კინოში ვერ გავცდები-მეთქი. მერე მითხრა, კარგი, უბრალოდ დამეხმარე, მსახიობებს რეპლიკები მიაწოდე­ კადრს გარედანო. გუგული შესანიშნავი­ ადამიანი იყო და უარი ვეღარ ვუთხარი. მერე ეს "კადრს მიღმა რეპლიკები" სამ­ხატვრო საბჭოზე მოხვდა და გუგულიც მოვიდა მოსალაპარაკებლად - რას კარგავ,­ ზაფხულში შენი თეატრი არ მუშაობს, ჩვენ კი გადაღება სოხუმში, ზღვაზე გვექნება, თან დაისვენებ და თან ხელფასს მოგცემთო. მოკლედ, წავედი და კინოშიც ჩავრჩი. თეატრსაც თავი სამუდამოდ დავანებე... ჩემდა სამწუხაროდ.

- თუ სასიხარულოდ? სწორედ კინომ გაქციათ პოპულარულ ადამიანად.
- ეს მართალია, ჰქონდა მაშინდელ ხელოვნებას ეს თვისება, რომ ადამიანი წინ წამოეწია, იმიტომ, რომ ნამდვილი ხელოვნება იყო. ხელოვნებას ეკისრებოდა სულ­ისა და ადამიანის გადამრჩენლის როლი. ახლა ამხელა სიმაღლიდან საოცარ "დაბ­ლობზე" ჩამოვცვივდით. მე, მაგალითად, ვეღარ ვუყურებ დღევანდელ ფილმებს, რამდენიმე გამონაკლისის გარდა.

- ბოლო დროს გიწვევენ ფილმებში?
- კი, იყო შემოთავაზებები, მაგრამ როცა რეჟისორი არ მომწონს, არც სცენარი და არც პარტნიორი, მირჩევნია დიღმის პარკში ვიჯდე ან ცურვაზე ვიარო.

- როგორ მოხდა, რომ არავინ შეგიყვარდათ, მარტო დარჩით იმ ულამაზეს ქალებში, კინოში თქვენ გვერდით რომ იყვნენ.
- ეგ ლამაზები ჩემი მეგობრები იყვნენ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ვინმე არ მიყვარდა. როგორ არ მიყვარდა, მაგრამ, ალბათ, მძიმე ხასიათმა მიმიყვანა იქამდე, რომ მარტო ვარ. ახლა ტყუილად დაკარგულ ყოველ წუთს ვნანობ. ვუყურებ დღევანდელ ულამაზეს გოგო-ბიჭებს,­ ჩვენს თაობაზე ბევრად ნიჭიერებს და გული მტკივა, რა უსაგნო საქმეებზე ხარჯავენ ნიჭს, - თათარიახნად გაკეთებულ ტელეშოუებ­შიც უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდაა, რომლებიც არაფერზე იხარჯებიან, მაგრამ რა ქნან, სადღაც ხომ უნდა იმუშაონ?! რთული ბავშვობის მიუხედავად, ჩემს თაობას ნიჭის გამოვლენის ასპარეზი ნამდვილად ჰქონდა, თანაც იმხელა შესაძლებლობებით, რომ დღემდე მოგვყვება. მე, მაგალითად, დღესაც "გერასიმეს" მეძახიან, გერასიმე, გამარჯობა! გერასიმე როგორ ხარო! ახლა რაღა დროს გერასიმეა, მაგრამ ხომ მეც მიხარია, ვხვდები, რომ ხალხს ვუყვარვარ... და განა მარტო ეს, ის სიკეთეც ხომ მასაზრდოებს, რომელიც ოდესღაც დათესეს ადამიანებმა ჩემს ცხოვრებაში. მაგალითად, გუგული მგელაძე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, არაფერიც არ იქნებოდა. იცოდა ჩემი ხელმოკლეობა და მეხვეწებოდა, მე ხომ ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი. ამ ნაქირავებში კიდევ დიდხანს დავრჩებოდი, რომ არა რეზო გაბრიაძე. ერთხელ შემთხვევით შემხვდა, მომიკითხა, სად ხარ, სად ცხოვრობო. მეც ვუთხარი, ქირით ვარ-მეთქი. ჰოდა, აი, გასაღები, მე მაგ ბინიდან გადავდივარ, მაგრამ ჩაბარებას არ ვაპირებ, კინოსტუდიას სთხოვე, რომ ამ ბინაში ცხოვრების ნებართვა გაგიკეთონო. ჰოდა, მეც დღემდე აქ ვცხოვრობ.

- ახლა თუ არის სიკეთე? მოზღვავებულ აგრესიაში მისი განცდა თითქოს იკარგება.
- არის და თანაც ბევრი... ამას საკუთარი თვალით რომ ვხედავ და საკუთარ თავზეც რომ ვგრძნობ, იმიტომ გეუბნებით: რამდენჯერ უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდნილვარ იმის გამო, რომ ექიმსა თუ გამყიდველს ფული არ გამოურთმევიათ, როგორ გეკადრებათ, გვიყვარხართ და ვცდილობთ რაღაც გაგიკეთოთო. იმ ბანკთან კი, სადაც კომუნალურებს ვიხდი,­ ერთი ხილბოსტნეულის გამ­ყიდველი ქალი ზის, რომელმაც რამდენჯერაც ბანკიდან გამოვედი, იმდენჯერ დამახვედრა ხილით სავსე­ პარკი. რამდენჯერ ვუთხარი, არც ისე ღატაკი ვარ, რომ ფულის გადახდა არ შემეძლოს-მეთქი, მაგრამ არ დაიშალა. ახლა ბანკს სხვა მხრიდან ვუვლი, რომ აღარ შევაწუხო. მას იქით სჭირდება დახმარება - ქუჩაში ზის გროშების საშოვნელად.

- არადა, სიკეთის მკეთებელი ყოველთვის თავად არის გახარებული...
- ეს კი მართალია, მეც ბევრი რამ ჩემი განვლილი ცხოვრებიდან აღარ მომწონს, მაგრამ რაც სიკეთე მიკეთებია, მისი გახსენება მახარებს. ალბათ, უკანაც მიბრუნდება, რომ ცხოვრებას კვლავ ვუმკლავდები.

Rr
09 აპრილი 2020 07:40
Mmm guguli magradze ara irma inashvili
mmm-ს
09 აპრილი 2020 03:26
გუგული მაღრაძემ არა, ეკა ბესელიამ ;)
კახა
08 აპრილი 2020 23:23
ბატონი გრიგოლი ხომ კარგი ადამიანია , გენიალური რეზოს გაბრიაძის კაცობაც დავაფასოთ , ამოიღო ჯიბიდან გასაღები და ბინა აჩუქა !!!!!! ასეთ რამეს მხოლოდ დიდი კაცები აკეთებენ !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები