"...მაშინაც გადავრჩი. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რაღაცები შეიცვალა. ბევრ რამეზე დავფიქრდი" - კვირის პალიტრა

"...მაშინაც გადავრჩი. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რაღაცები შეიცვალა. ბევრ რამეზე დავფიქრდი"

"ხალხს დადებითი ემოციები სჭირდება. დღევანდელ ბილბორდებზე კი კაზინოს, ონლაინტოტალიზატორისა და სიგარეტების რეკლამას ვხედავთ. როგორ შეიძლება, რაც კაცს კლავს და ღუპავს, იმას რეკლამა გაუწიო?! მაშინ გამოაკრან ნარკოტიკის რეკლამებიც, ისიც ისეთივე დამღუპველია, როგორც აზარტული თამაში"

ცხოვრების საინტერესო ეტაპებსა და დღევანდელობაზე ცნობილი მსახიობი გიორგი გურგულია გვესაუბრება.

- ძალიან მოუსვენარი ბავშვი ვიყავი, სადაც მივდიოდი, ილეწებოდა ყველაფერი და ამიტომ მხოლოდ ჩემი და მიჰყავდათ ხოლმე სტუმრად...

- სკოლაშიც არ მოიშლიდით ცელქობას... - ჰოდა, გამოვიცვალე ათამდე სკოლა. ჩხუბით ვცდილობდი დაჩაგრულების დაცვას. 15 წლის ვიყავი, ფილტვში რომ დამჭრეს. მეგობარს გავყევი შესარიგებლად, მაგრამ ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა. ჯერ ერთი დაჭრილი გადავათრიე, მანქანაში ჩავსვი და გავუშვი, მერე დავინახე, მეორეს ჯოხებს ურტყამდნენ და მისაშველებლად გავიქეცი. ჩემი დაჭრა არ უნდოდათ, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ დამჭრეს. მერეც ხშირად იყო დანების ქნევა. 23 წლის რომ ვიყავი, 3 ტყვია მესროლეს, 2 ფეხში გაიჭედა, 1 ზურგში მომხვდა. ღამე დამჭრეს და სადიპლომო სპექტაკლში დილით უნდა მეთამაშა... მაშინაც გადავრჩი. ამის შემდეგ ჩემს ცხოვრებაში რაღაცები შეიცვალა. ბევრ რამეზე დავფიქრდი. მერე ვინც მესროლა, იმის პატიება იყო ცალკე ამბავი. მოდიოდნენ ბიჭები, წამო, ვესროლოთ, ეს ვუქნათ, ის ვუქნათო... შემდგომში იმ ბიჭმა სხვა მკვლელობები ჩაიდინა და საბოლოოდ მოკლეს... ამ დროს უკვე მყავდა პირველი შვილი, ლუკა, 3 წლის იყო. ვფიქრობდი, შურს თუ ვიძიებდი, ციხეში უნდა წავსულიყავი და ბავშვი უმამოდ გაზრდილიყო. ამ ფიქრებში გადიოდა დღეები, ღამით კი იწყებოდა კოშმარული სიზმრები, სულ თავს ვესხმოდი იმ ბიჭს, მის ოჯახს. მერე, როგორც იქნა, მივედი ქაშვეთში, მამა ელიზბარს ვუამბე, მესიზმრება, იმ კაცს როგორ ვკლავ-მეთქი.

მამა ელიზბარმა მითხრა, როცა ადამიანი იბადება, უკვე ისედაც ბევრი ცოდვა დაჰყვება წინაპრებისგან. როცა ვინმეს კლავ, ათავისუფლებ იმ ცოდვებისგან და შენი სატარებელი ხდებაო. ამ საუბარმა ძალიან იმოქმედა. მერე ერთი ამერიკელი ფსიქოლოგის პუბლიკაცია წავიკითხე, თუ მკვლელი წარმოიდგენს მსხვერპლის ბავშვობას და მას მაინც გაიმეტებს, ის მანიაკია და მკვლელად დაბადებულიო. ეს დამეხმარა - ვინც დამჭრა, იმის ბავშვობაზე დავიწყე ფიქრი, როგორ თამაშობდა, დედასთან როგორ ურთიერთობდა... იმ ბავშვს ვაპატიე და არა ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც გამიმეტა.

- ქუჩა, "წამალი", სასმელი... ეს ეტაპები გავლილი გაქვთ და, ალბათ, ცდილობდით შვილებისთვის აგერიდებინათ.

- ბავშვი შენი ქმედებებით სწავლობს. თუ თავად ეწევი და ისე ეკითხები, შვილო, რატომ ეწევიო, არაფერი გამოვა. მახსოვს, ჩემს უფროს ბიჭს, 15 წლის რომ იყო, დედამისმა მარიხუანა უპოვა. გაგიჟებულმა დამირეკა... ის პერიოდი იყო, მეგობრებს სახელოსნო ჰქონდათ, სადაც სულ მარიხუანას ეწეოდნენ. ჩემს შვილს მოვკიდე ხელი და წავიყვანე. ყველამ რომ მოსწია, მასაც ვუთხარი, მოსწიე-მეთქი. არაო, მოიკლა თავი. მერე ავუხსენი, რომ ამით ვაჟკაცობა არ განისაზღვრება.

ეს არ არის ისეთი დანაშაული, რის გამოც შეიძლება ადამიანი მოკლა, მაგრამ ამ გზამ შემდეგში შეიძლება ნარკოტიკებთან მიგიყვანოს. შემდგომში მართლაც ასე დაემართა. მაგის გამო სააკაშვილის დროს ციხეშიც მოხვდა. მერე პროგრამაშიც იყო, ასე რომ, ვიბრძვით ერთად. ნებისყოფაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. შენ უნდა გამოიჩინო ნებისყოფა, შენ უნდა დასძლიო, სხვა ვერაფერს იზამს შენ მაგივრად.

- რამდენი შვილი და შვილიშვილი გყავთ? - 4 შვილი და 3 შვილიშვილი. ისე გამოვიდა, პირველი 2 ქორწინება 10-10 წელს გაგრძელდა. მესამე ქორწინების მეშვიდე წლისთავზე მწვანე ბარათი მივიღე, ამერიკაში წავედი, პერიოდულად იქ დიდი ხნით დარჩენა მიხდებოდა და ჩვენი ურთიერთობაც მაშინ დასრულდა. მეოთხე ქორწინება მეოთხე წლისთავზე გართულდა. ახლა ცუდი პერიოდი გვაქვს. არ ვიცი, ეტყობა, ჩემგან რაღაცა სხვას ელოდებიან ქალები. მე არ ვეკუთვნი ოჯახს. არა ვარ ის კაცი, 6 საათზე სამსახურს რომ დაასრულებს, 7-ზე შინ მივა, ფოსტლებს ჩაიცვამს და ტელევიზორს მიუჯდება.

შვილებს ძალიან ვუყვარვარ. უფროსები გაიზარდნენ. ჩემს უფროს ვაჟს 3 შვილი ჰყავს, ნატახტარში სათბურები აქვს, მიდის, მოდის, ოჯახს უვლის. მეორე ვაჟმა ახლახან პოლონელების დაკვეთით მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი გადაიღო. მესამე ვაჟი 12 წლისაა და ჩემთან ცხოვრობს, მარინოლა, ჩემი გოგონა, შაბათ-კვირას მსტუმრობს.

- აგრესია ჭარბობს ხალხში, მკვლელობები გახშირდა. საიდან იღებს ეს სათავეს?

- მე-20 საუკუნის ბოლოს იაპონელები წერდნენ, 2013 წლამდე შიდსი დამარცხდებაო, კიბოს 2025-მდე დასძლევს კაცობრიობაო. ამის შემდეგ კაცობრიობისთვის ყველაზე საშიში გახდება ვირუსები, რომლებიც გაივლიან მუტაციას, გაძლიერდებიან და გახშირდება ფსიქიკური აშლილობებიო. რომ ვაკვირდები, ასეც ხდება. აქეთ კორონა გვიტევს, იქით ქაოსი, ცხოვრების ტემპი, დაძაბულობა, ნეგატივი... ამ ყველაფერს ძლიერი ფსიქიკის ადამიანი უმკლავდება, ზოგის ფსიქიკა კი ფაქიზია. ხშირად გაჭირვებასაც მიჰყავს ადამიანი ფსიქიურ აშლილობამდე.

სააფთიაქო ნარკომანიაც როგორ ვერ მოსპეს? თუ სახელმწიფო კორონავირუსს ებრძვის და იზოლაციაში აქცევს, როგორ არ შეუძლია სააფთიაქო ნარკომაფია მოაქციოს იზოლაციაში?! როგორ შეიძლება მოზარდმა აფთიაქში ნებისმიერი ფსიქოტროპული საშუალება ურეცეპტოდ იყიდოს?! ან კამერები როგორ ვერ ხედავენ, ან როგორ ვერ შეიზღუდა, გაუგებარია. ეს ყველაფერი ერთად, კოქტეილივით, ხელს უწყობს აგრესიის მატებას. ქვეყანაში არ არის წინსვლა. როცა კახა კალაძე გახდა მერი, ვიცე-მერს ვუთხარი, ტრანსპორტში, ქუჩებში ხმოვანი შეტყობინებები, ბილბორდები დააყენეთ - გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს-მეთქი. ხალხს დადებითი ემოციები სჭირდება. დღევანდელ ბილბორდებზე კი კაზინოს, ონლაინტოტალიზატორისა და სიგარეტების რეკლამას ვხედავთ. როგორ შეიძლება, რაც კაცს კლავს და ღუპავს, იმას რეკლამა გაუწიო?! მაშინ გამოაკრან ნარკოტიკის რეკლამებიც, ისიც ისეთივე დამღუპველია, როგორც აზარტული თამაში.

- "რა არის მთავრობა? ხალხის მოყვანილი, რომელსაც ხალხი აღარ ახსოვს", - ეს თქვენი სიტყვებია. - მთავრობას ხალხი ირჩევს და მერე ის მთავრობას ავიწყდება. თავიდან სააკაშვილი მეტროებში დადიოდა, რომ ხალხის გულისტკივილი შეეტყო, მერე კი ხალხი ეხვეწებოდა, შეგვხვდიო, მაგრამ თუ არ ჰქონდა საარჩევნო პიარი, ხალხში აღარ გამოდიოდა.

დღესაც იგივე ხდება. მთავრობა ხალხში არ გადის, არ ინტერესდება, რა უჭირს. კარდაკარ ხომ დადიოდნენ საარჩევნოდ, მერე რატომ შეწყვიტეს?

ერთი და იმავე მთავრობის ორჯერ არჩევა ჩვენს ქვეყანას ძალიან ცუდად აქვს დაცდილი. მთავრობა ადუნებს ყურადღებას, ფიქრობს, ხალხმა მეორედაც ამირჩია და მეხუთედაც ამირჩევსო. ჯერ ისე იწყებენ, თითქოს ხალხზე ზრუნავენ და ერთ დღესაც აღმოჩნდება, თურმე თავიანთი კეთილდღეობა უფრო აინტერესებთ. ყიდულობენ სახლებს, აგარაკებს და რა ვიცი, კიდევ რას არა, უმეტესად ნათესავ-მეგობრების სახელზე.

თუმცა არის საქმის გამკეთებელი ხალხიც და მათთან ერთად ვაყალიბებ საქართველოს ქალაქელთა გაერთიანებას, რომელიც შექმნის პარტიას და იმუშავებს, რომ განვითარდეს სოფლები ქალაქების გასაძლიერებლად.

- არჩევნებში გეგმავთ მონაწილეობას? - პირადად მე შეიძლება არ მივიღო მონაწილეობა.