მოსახლეობა აჭის წყლის ხეობის გადასარჩენად იბრძვის - კვირის პალიტრა

მოსახლეობა აჭის წყლის ხეობის გადასარჩენად იბრძვის

"მდინარე სუფსის ხეობაში კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ქვიშა რომ მოეპოვებინათ, მდინარის კალაპოტი შუაზე გაჩეხეს და მის ორ ნაწილს შორის ე.წ. ხიდი გააკეთეს. კანონმდებლობით კომპანიას მხოლოდ 3 მეტრ სიღრმეზე აქვს ქვიშის მოპოვების უფლება, ის კი 10 მეტრიდან იღებს. ამ დროს შეიძლება კილომეტრზე მდებარე მთაც ჩამოინგრეს"

საქართველოს მდინარეებზე ქვიშის ვანდალურად მოპოვების თემა ცნობილია საზოგადოებისთვის. არაერთი ფატალური შედეგის მიუხედავად, პროცესი კვლავ გრძელდება. თუმცა ამას ვერ ვიტყვით გურიის მოსახლეობაზე. შეიძლება ითქვას, აქ სასწაული ჩაიდინეს - არაერთი უკანონოდ მომუშავე კომპანია ჩამოიშორეს. აქ ხალხი საკითხს ამგვარად აყენებს: ნატანის მოპოვება კანონის დაცვით და გარემოს დაზიანების გარეშე მოხდეს, ან კომპანიებმა მუშაობა შეწყვიტონ! წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხს სასამართლო გადაწყვეტს. სწორედ კანონმდებლობის დახმარებით შეძლეს შეუძლებელი - გურიის მდინარეების ქვიშის მომპოვებელი 38 ქვიშის კარიერიდან 34 გაუქმდა, მათ შორის ოზურგეთის სოფელ ლიხაურში, აჭის წყლის უნიკალურ ხეობაში, დანარჩენების საქმეს კი სასამართლო განიხილავს.

ხეობის დაცვა ახლა მხოლოდ ხალხს შეუძლია და ამიტომაც სოფელ მალიხაურის მოსახლეობამ აქციები დაიწყო, მათი თქმით, აჭის წყლის ხეობის გადარჩენა არ გაუჭირდებათ - სოფელმა დაასაბუთა, რომ ქვიშის მოპოვებამ სოფელს სასმელი წყალი დაუკარგა. ასე მოხდა მდინარე ბჟუჟის წყალშემკრებშიც, სადაც ქვიშის მოპოვების გამო ოზურგეთში სასმელი წყლის დეფიციტია. იგივე ხდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის ხეობაშიც, რის გამოც სოფელში შეიძლება წყალმოვარდნები გახშირდეს.

იური ნაჭყებია, სოფლის მკვიდრი: - აქ მომუშავე კომპანიებს რაც შეიძლება მეტი ქვიშა რომ მოეპოვებინათ, მდინარის კალაპოტი შუაზე გაჩეხეს და მის ორ ნაწილს შორის ე.წ. ხიდი გააკეთეს. კომპანიას მხოლოდ 3 მეტრ სიღრმეზე აქვს ქვიშის მოპოვების უფლება, ის კი 10 მეტრიდან იღებს.

ამ დროს შეიძლება კილომეტრზე მდებარე მთაც ჩამოინგრეს. ბუნებას თავისი კანონები აქვს - მდინარის ხეობებში დიდ სიღრმეებში შეჭრისას წყლის კალაპოტი იცვლება, ეს კი ათასნაირ გაუთვალისწინებელ შედეგს იწვევს. უკვე რამდენი უბედურება დატრიალდა, რამდენი ბავშვი დაიხრჩო ამ ბარბაროსი კომპანიების დატოვებულ ჭებში! სამაგიეროდ, თავად ეს კომპანიები და მათ ზურგს უკან მდგომი ხალხია კარგად.

- როდესაც ამ კომპანიებს კანონით მუშაობას სთავაზობთ, რას პასუხობენ? - არა მარტო კომპანიისგან, სამინისტროებისგანაც ვითხოვთ შესაბამის დოკუმენტაციას, მაგრამ ამ საქმეში სახელმწიფოს აღარავინ არაფერს ეკითხება, გარდა იმისა, რომ ლიცენზიები გასცეს. კომპანიები 30 წლის წინ გამოცემულ რუკებს გვაჩეჩებენ, აი, ამის მიხედვით ვმუშაობთო! არადა, 30 წლის განმავლობაში ლანდშაფტი ძირეულად შეიცვალა, ადრე ზოგ ადგილას ტყეც იყო.

ტრაქტორი რომ ნატყეურ ადგილს მიადგება და 10 მეტრზე გათხრის, მყიფე სანაპიროს ფსკერი გამოეცლება და ხეობები და სოფლები დაინგრევა.

რაც სუფსაზე ქვიშის მოპოვება დაიწყო, მდინარის ნაპირზე მდებარე სოფლის სახნავ-სათესები წყალს მიაქვს. გზები ხომ აღარ გაგვაჩნია, - კანონით, გზები რომ არ დაზიანდეს, სატვირთო მანქანებზე ქვიშის წონა უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ აბა, დაიარონ, თუ რომელიმე ქვიშის მომპოვებელ კომპანიას კარიერზე სასწორი ჰქონდეს!

შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მდინარე სუფსის ქვიშის მომპოვებელი კომპანია შპს "ქიუ ემ სის"Q წარმომადგენელი კობა ლექვინაძე მხოლოდ ერთი წინადადებით შემოიფარგლა: "რატომ ჰგონია ხალხს, რომ კანონს ვარღვევთ? სხვა თუ არაფერი, შემაწუხებელია ეს ყველაფერი".

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკოს" დამფუძნებელი ირმა გორდელაძე: "გურიის მდინარეებზე იმდენად უმძიმესი მდგომარეობაა, გადავწყვიტეთ საზოგადოებასთან ერთად გვებრძოლა. მივმართეთ სასამართლოს, რომელიც გვჯერა, რომ საქმეს ქვეყნის სასიკეთოდ გადაწყვეტს".