კორონა-ლუქები - კვირის პალიტრა

კორონა-ლუქები

"ნაომი მუდმივად წმენდს, ალაგებს და დეზინფექციას უკეთებს ყველაფერს გარშემო. მისგან ასეთი ეკიპირება გასაკვირი არ არის"

გაზაფხულზე თითქოს რაღაც ახალი იწყება, ადამიანებს სიცოცხლის ხალისი უჩნდებათ და ბუნების არ იყოს, წელიწადის ამ დროს ქალებიც მეტად ლამაზდებიან. ამის სურვილი მათში კორონავირუსმაც ვერ ჩაკლა, თუმცა მისი გავლენა მოდის ტენდენციებზეც აისახა. გვესაუბრება დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე.

- ამ სეზონზე ძალიან გააქტიურებულია მამაკაცის გარდერობიდან ნასესხები ტანსაცმელი. მოდურია პიჯაკების ყველანაირი სილუეტი, დიდი ზომისაც, ტანზე მომდგარი და წელში გამოყვანილიც. რაც შეეხება სიგრძეს, შეგიძლიათ მოირგოთ როგორც მოკლე, ისე გრძელი პიჯაკები. პიჯაკებთან ერთად ატარეთ შარვლები ან შორტები, რომლის სიგრძეც მოგრძო პიჯაკის სიგრძეს არ უნდა აღემატებოდეს. წელი აუცილებლად დააფიქსირეთ ქამრით. აქტუალურია მაისურები და ლაბადები. ასევე ერთი ტონალობის პერანგის, პიჯაკის, ლაბადის, ჩანთისა და ფეხსაცმლის ტარება.

მოდურია ყავისფერ-კაპუჩინოსფერი გრადაციები, ასევე ყვითელი, აგურისფერი, ასევე ჭუჭყიანი ვარდისფერი, ნაცრისფერი, მუქი მწვანე, მუქი ბორდო და, რა თქმა უნდა, შავი. ამ სეზონზე მოდურია მსხვილი ფეხსაცმელები. წვეტიანი და სპორტული ფეხსაცმელი ოთხკუთხედცხვირიანმა მაღალ პლატფორმიანმა ფეხსაცმელმა ჩაანაცვლა.

- ისევ მოდურია ბოტასები და კედები? - ეს ტენდენცია ნელ-ნელა ტოვებს მოდის ასპარეზს... მოდურია მაქსიმალურად ბუნებრივი ვარცხნილობა და მაკიაჟი. აქსესუარებიდან ოქროსფერი მეტალია გააქტიურებული.

- როგორც ამბობენ, კორონას გავლენა მოდაზეც აისახა.

- ამ ვირუსის გამო ჯორჯო არმანიმ 2020 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია მაყურებლის გარეშე, ცარიელ დარბაზში წარადგინა. ბევრი დიზაინერი უხამებს თავის შექმნილ კოსტიუმებს პირბადეს. ალბათ, ესეც ერთგვარი კომერციული ხედვაა ამა თუ იმ ბრენდისთვის.

- გავრცელდა ნაომი კემპბელის ფოტოები, რომლებზეც კომბინეზონით, ვარდისფერი ხელთათმანებითა და პირბადით არის. - თუ მის სთორებს დავაკვირდებით სოციალურ ქსელში, ის მუდმივად წმენდს, ალაგებს და დეზინფექციას უკეთებს ყველაფერს გარშემო. ასე რომ, ნაომისგან ასეთი ეკიპირება არ არის გასაკვირი.

P.S. "უპირველესად უსაფრთხოება", - ამბობს მოდელი და გვპირდება, რომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნებს ვიდეოინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი კორონავირუსული ინფექციისგან საზოგადოებრივ ადგილებში მოხვედრისას. ამასთან, 49 წლის მოდელი ე.წ. კორონა-ლუქებს გვთავაზობს.