"მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ" - კვირის პალიტრა

"მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ"

"ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს

წელს "ევროვიზიის" 65-ე კონკურსზე, რომელიც ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება, საქართველოს თორნიკე ყიფიანი წარადგენს. მას კარგად იცნობს ქართველი მსმენელი, ის არაერთი კონკურსის მონაწილე იყო. მუსიკალურ წარსულსა და მომავალზე მომღერალი თავად გვიამბობს:

- ყიფიანების გვარი ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. რაჭველებიც გიჩემებენ, სვანებიც, იმერლებიც... თქვენ სადაური ხართ?

- როგორც ვიცი, ეს გვარი მოდის სვანეთიდან, სოფელ წვირმიდან. სვანურ ფოლკლორში არის ცეკვა და სიმღერა "ყანსავ ყიფიანე". ამბროლაურის რაიონის სოფელ ჭყვიშში ცხოვრობდა ბაბუაჩემის ბაბუა, მელიტონ ყიფიანი. ჭყვიშიდან მოდის ღვინო ყიფიანური (ე.წ. ხვანჭკარა).

- როდის გაჩნდა მუსიკა თქვენს ცხოვრებაში? - თურმე სულ პატარა ყოველთვის ვღიღინებდი. ადრეულ ასაკშივე მიმიყვანეს ნიჭიერთა ათწლედში, მაგრამ იმ პერიოდში რეპი,"ჰიპ-ჰოპი და ბიტები უფრო მომწონდა და მუსიკალურ სასწავლებელში სიარული არ მსიამოვნებდა. ამიტომაც შევეშვი. რომ მცოდნოდა, ჩემი მუსიკალური კარიერა ასე გაგრძელდებოდა, ბეჯითად ვიმეცადინებდი.

- სცენაზე გასვლა როდის გადაწყვიტეთ?

- როდესაც მე და ჩემმა ჯგუფმა რამდენიმე სიმღერა დავამუშავეთ, დადგა დრო, ხალხსაც მოესმინა. დიდი შემართებით ვიყავით, მაგრამ ტექნიკური მიზეზების გამო დიდი კონცერტების ჩატარება ჩვენთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. რამდენიმე ჯგუფთან შევამხანაგდით და საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობა დავიწყეთ. ეს იყო შიდსის, ლეიკემიისა და სხვადასხვა მიზეზით დაზარალებული თუ გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად ჩატარებული კონცერტები. ცხადია, ამით ჯგუფს შემოსავალი არ ჰქონია. მალევე დავიშალეთ და ჩამოვაყალიბე "ქავერ ბენდი", რომელთან ერთადაც ხალხის საყვარელ ცნობილ ჰიტებს ვასრულებდი. დაბალი ანაზღაურების გამო თურქეთში წასვლამ მოგვიწია, სადაც დიდი ცხოვრებისეული და მუსიკალური გამოცდილება მივიღე.

- ევროვიზიაში მონაწილეობის გადაწყვეტილება როდის მიიღეთ?

- როდესაც "საქართველოს ვარსკვლავი" იწყებოდა, ჩემმა მეგობარმა მთხოვა მონაწილეობა მიმეღო. მეგონა მალე გამოვეთიშებოდი კონკურსს, მაგრამ ხალხის ხმების წყალობით გავიმარჯვე და "ევროვიზიის" კონკურსში ჩავერთე. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, რომლებმაც აქამდე მომიყვანეს. ევროვიზია გრანდიოზული შოუა და უამრავი მაყურებლის წინაშე გიწევს სიმღერის შესრულება. საქართველო უკვე მეთოთხმეტედ წარდგება ევროპელი მაყურებლის წინაშე როგორც დამოუკიდებელი, უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქვეყანა. ეს დასაფასებელია, მით უმეტეს, რომ ამ კონკურსში საქართველოს ორჯერ აქვს მეცხრე ადგილი აღებული გიგანტი ქვეყნების მომღერლებთან შეჯიბრებაში.

- რა სიმღერას ასრულებ და ვინ არის ავტორი? - თაკე Take Me As I Am ("მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ"), ავტორი მე ვარ. არანჟირებაზე სტუდია "ბრავო რექორდსში" ვიმუშავე ხმის მთავარ ინჟინერ ალეკო ბერძენიშვილთან, რომელიც "ევროვიზიის" სცენაზე ბექ-ვოკალისტიც იქნება მარიამ შენგელიასა და მარიკო ლეჟავასთან ერთად. ვფიქრობ, ჩვენი ხმები ძალიან მოუხდა ერთმანეთს და სიმღერაც კარგი გამოვიდა. დაველოდოთ 14 მაისს.

როგორ იწყებოდა

"ევროვიზია" პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში, ქალაქ ლუგანოში ჩატარდა და მხოლოდ 7 ქვეყანა მონაწილეობდა: შვეიცარია, ნიდერლანდები, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და იტალია. დროთა განმავლობაში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა და მე-20 საუკუნის მიწურულს ორმოცს გადააჭარბა. დღეს "ევროვიზია" ერთ-ერთი პოპულარული ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ყოველწლიურად მას 195 მილიონზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს.

"ევროვიზიის" კონკურსანტები და ფინალისტები სხვადასხვა წელს იყვნენ ტოტო კუტუნიო, სელინ დიონი, ხულიო იგლესიასი, ABBA, ალ ბანო და რომინა პაუერი და სხვები.

ევროვიზია და საქართველო

2019 წელს "ევროვიზიაზე" ოთო ნემსაძემ სიმღერა "სულ წინ იარე" შეასრულა.

საქართველო ამ კონკურსზე პირველად 2007 წელს წარდგა. მაშინ ჩვენი ქვეყნის სახელით სოფო ხალვაშმა იმღერა, ხოლო შემდეგ წელს - დიანა ღურწკაიამ. 2009 წელს კონკურსზე "სტეფანე და 3G" უნდა წარმდგარიყო, ჯგუფს მოსკოვში გამართულ ევროფესტივალზე სიმღერა Put In Disko უნდა შეესრულებინა. როგორც მაშინ მედიასაშუალებებში გახმაურდა, სიმღერას ორაზროვანი დატვირთვა ჰქონდა, რომ ადრესატი რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, ვლადიმირ პუტინი იყო. ამიტომ ევროპის მაუწყებელთა კავშირმა ქართულ მხარეს სიმღერის შეცვლა შესთავაზა.

საპასუხოდ საქართველომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. 2010 წელს "ევროვიზიაზე" ჩვენი ქვეყანა სოფო ნიჟარაძემ წარადგინა, შემდეგში კი ჯგუფმა Eldrine. 2012 წელს საქართველოს წარმომადგენელი ანრი ჯოხაძე იყო, 2013 წელს - სოფო გელოვანი და ნოდიკო ტატიშვილი, 2014 წელს - ჯგუფი The Shin and Mariko. 2015 წელს საქართველოს სახელით ევროფესტივალზე ნინა სუბლატი გამოვიდა, 2016 წელს ნიკა კოჩარივო და მისი ჯგუფი, 2018 წელს კი თაკო ჩხეიძე.