თენგიზ ცერცვაძე: "ჯერჯერობით საქართველოში გადადების მხოლოდ ერთი მესამეული შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობა ცხადდება მაშინ, თუ მესამე და მეოთხე რიგის გადაცემები დაფიქსირდება" - კვირის პალიტრა

თენგიზ ცერცვაძე: "ჯერჯერობით საქართველოში გადადების მხოლოდ ერთი მესამეული შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობა ცხადდება მაშინ, თუ მესამე და მეოთხე რიგის გადაცემები დაფიქსირდება"

"კვირის პალიტრა" შეეცდება საზოგადოებისთვის საინტერესო ყველა კითხვის პასუხი შემოგთავაზოთ.

თენგიზ ცერცვაძე, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის გენერალური დირექტორი: - ამ დროისთვის საქართველოში გვყავს 30 ავადმყოფი, ვისაც დადასტურებული აქვს ახალი კორონავირუსული ინფექცია. მათგან 3 საჩხერის საავადმყოფოში მკურნალობს, დანარჩენები კი ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში (მათგან 4 არასრულწლოვანია - 14 წლამდე). საჩხერეში მყოფებს პრაქტიკულად ჩივილები არ აღენიშნებათ. ჩვენი პაციენტებიდან 5 ახალი პაციენტის მდგომარეობა ახლა ირკვევა, 15-ის დამაკმაყოფილებელია - მათ მცირე ტემპერატურის მატება (37.2-37.5.) და მცირედი ყელის ტკივილი აღენიშნებათ. დანარჩენ 7 პაციენტს ფილტვების ორმხრივი ანთება აქვს. ერთის მდგომარეობა ბოლო 5-6 დღეა მძიმეა, მაგრამ დამაიმედებელია, რომ ბოლო 2 დღეა ტენდენცია გაუმჯობესებისკენ მიდის და ჯერჯერობით არ საჭიროებს ინტენსიური თერაპიის ღონისძიებებს. ამ შვიდიდან შედარებით მძიმეა კიდევ ერთი პაციენტის მდგომარეობა, მაგრამ სრულიად კონტროლდება სიტუაცია და სახიფათო განვითარებას არ ველით.

- პირველი პაციენტი, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გამოვლით ირანიდან ჩამოვიდა, ახლა სრულიად ჯანმრთელია? - ის ქალაქ ყუმში იმყოფებოდა და მასაც ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, მაგრამ დღეს კლინიკურად ჯანსაღია. ახლა მე-17 დღეა და არავითარი ჩივილი აღარ აქვს, მაგრამ კლინიკაში ყოფნის მე-15 დღეს მას ტესტი რომ ჩაუტარდა ცხვირ-ხახიდან აღებულ მასალაზე, პასუხი დადებითი იყო, მართალია, შედარებით სუსტად დადებითი, ვიდრე საავადმყოფოში შემოსვლის მომენტში, მაგრამ მაინც დადებითი. ამიტომ, მაინც ვერ ჩაითვლებოდა გამოჯანმრთელებულად...

ამ პაციენტის მაგალითზე მინდა ავხსნა, თუ რა არის გამოჯანმრთელებისა და კლინიკიდან გაწერის კრიტერიუმები. გამოჯანმრთელების კრიტერიუმი არის მდგომარეობა, როცა პაციენტს 3 დღის განმავლობაში არ აღენიშნება არანაირი კლინიკური გამოვლინება (არც ტემპერატურის მატება, არც ყელის ტკივილი და სხვა სიმპტომი) და ამის შემდეგ 2-ჯერ გაკეთებული ანალიზი კორონავირუსზე უარყოფით პასუხს აჩვენებს. ეს აუცილებელი პირობაა, წინააღმდეგ შემთხვევეში, ის არ ჩაითვლება სრულიად გამოჯანმრთელებულად...

ჩინეთში იყო რამდენიმე ასეული შემთხვევა, როცა გაწერეს პაციენტი, რომელიც კლინიკურად ჯანმრთელი იყო და გაწერისას ლაბორატორიულად არ შეუმოწმებიათ. არცთუ ცოტა ასეთ პაციენტს შეუბრუნდა ინფექცია, 2-3 კვირის შემდეგ ხელახლა განუვითარდათ რეციდივი და კორონავირუსის ნიშნებით დაბრუნდნენ საავადმყოფოში.

- ამ 2-3 კვირის განმავლობაში ვირუსის გადამდები იყვნენ?

- სავარაუდოდ. ვინაიდან გაწერისას არ გაუკონტროლებიათ ვირუსზე, ამის ზუსტად დადგენა შეუძლებელია, არ იციან, იყვნენ თუ არა ვირუსის მატარებელნი...

- შეიძლება თუ არა ადამიანი სრულიად გამოჯანმრთელდეს, ანუ დააკმაყოფილოს თქვენ მიერ ზემოხსენებული ყველა კრიტერიუმი, მაგრამ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხელახლა შეეყაროს ეს ვირუსი? - ამაზე პასუხი ჯერჯერობით მეცნიერებს არა აქვთ, ვინაიდან ის რამდენიმე ასეული პაციენტი ჩინეთში, ვისაც თითქოს მეორედ შეეყარა, ჩათვალეს, რომ არ იყვნენ ბოლომდე გამოჯანმრთელებული და რჩებოდნენ ვირუსის მატარებლებად, ამიტომ მოხდა რეციდივი... დღეს ყველას აინტერესებს, კორონავირუსის ინფექცია იძლევა თუ არა იმუნიტეტს, ანუ რომ გადაიტან, დატოვებს თუ არა იმუნიტეტს ორგანიზმში. თუ დატოვებს, გადატანის შემდეგ თამამად შეგიძლია იარო თუნდაც ამ ვირუსით დაავადებულებთან და აღარ დაგემართება. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსის ინფექცია იმუნიტეტს დატოვებს, მაგრამ არამყარს.

- რას ჰქვია არამყარი იმუნიტეტი?

- მაგალითად, მყარ იმუნიტეტს ტოვებს წითელა - ერთხელ მოხდის მერე კატეგორიულად აღარ დაგემართება. არსებობს არამყარი იმუნიტეტიც, როცა ავადმყოფობის შემდეგ რჩება ნაწილობრივი იმუნიტეტი, ანუ ბოლომდე გარანტირებულად არ იცავს ახალი ინფექციისგან. ამის ყველაზე კარგი მაგალითია გრიპი, რომელიც გადატანის ან ვაქცინაციის შემდეგ, იცავს პაციენტს დაინფიცირებისგან, მაგრამ არა 100, არამედ 60-70%-ით. ვარაუდობენ, რომ კორონავირუსზეც ასე მოხდება. ანუ, თუ ვირუსი არა გაქვს გადატანილი, მეტი ალბათობაა, რომ დაინფიცირდე, მაგრამ თუ გადატანილი გაქვს, მაშინ ნაკლები ალბათობაა, რომ მეორედ დაინფიცირდე, მაგრამ მეორედ თუ დაინფიცირდი, იოლად გადაიტან.

- ვინც განიკურნა, შეიძლება მისი სისხლის გადასხმით სხვა პაციენტის განკურნება? - ეს ვირუსი ჯერ სულ 2 თვისაა, ამიტომ არ იციან, შედეგიანი იქნება თუ არა. ამ გზის საიდუმლოება აი, რაში მდგომარეობს: ინფექციაგადატანილი ავადმყოფის სისხლში ჩნდება დამცავი ანტისხეულები. იმუნიტეტი არის ორგანიზმისთვის ის, რაც სახელმწიფოსთვის პოლიცია, უშიშროება და ჯარი; იმუნიტეტი იცავს ორგანიზმს როგორც გარეგანი, ისე შიგა გენეტიკურად უცხო ნივთიერებებისგან - "მტრებისგან". ვარაუდობენ, რომ ვინც კორონავირუსის ინფექციას გადაიტანს, მის სისხლში შესაძლოა დამცავი ანტისხეულები ცირკულირებდეს. ამიტომ, თუ მას გადაუსხამ ავადმყოფს, ეს ანტისხეულები ვირუსის საწინააღმდეგოდ იმუშავებს და ხელს შეუწყობს დაავადებულის გამოჯანმრთელებას. ეს მეთოდი უცნობი არ არის, მას მიმართავდნენ ზოგიერთი ინფექციის დროს. მაგალითად, მრისხანე ებოლას ეპიდემიის დროს აფრიკაში. ებოლა არის ვირუსი, რომელსაც ყველაზე მაღალი ლეტალობა აქვს ვირუსულ დაავადებებს შორის - არ არსებობდა მედიკამენტი და მისგან განკურნებას ცდილობდნენ ებოლაგადატანილის სისხლის გადასხმით. იყო ცნობები, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ამ მეთოდმა გაამართლა. ასე რომ, აღნიშნული მეთოდი არ არის მითი, თუმცა კორონავირუსზე აქამდე არ გამოუყენებიათ...

- საზოგადოებას კიდევ ერთხელ განვუმარტოთ: სანამ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამ პერიოდში არის თუ არა ადამიანი გადამდები? - ყველაფერი, რასაც ვამბობთ, 100%-ით დამტკიცებული არ არის იმ მიზეზით, რომ ჯერ ვირუსს კარგად არ ვიცნობთ, მაგრამ დღევანდელი შეხედულებით, ინფექცია გადამდებია იმ დღიდან, როცა კლინიკური სიმპტომები გამოჩნდება. კლინიკურ სიმპტომებამდე, ანუ ე.წ. ინკუბაციურ პერიოდში, ის გადამდები არ არის. ზოგიერთის აზრით, ის შეიძლება იყოს გადამდები კლინიკური სიმპტომების გამოჩენამდე 1 დღე-ღამით ადრე, მაგრამ არა მეტით.

- როგორც ითქვა, იტალიიდან ჩამოსული საქართველოს ერთი ინფიცირებული მოქალაქე სამსახურშიც ყოფილა, თათბირსაც დასწრებია, პანაშვიდზეც წასულა... მან მოგვიანებით პოსტიც გამოაქვეყნა და ასე ვთქვათ, მოიბოდიშა... მაშინ რატომ ითვლებოდა ეს პირი საშიშად, მას ხომ იმ დღეებში, როცა აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდა, სიმპტომები არ ჰქონდა? - მას იმ პერიოდში ჰქონდა სიმპტომები: მცირე სიცხე ან მცირე ხველა. ესეც სიმპტომებია.

- როგორც ამბობენ, ვირუსი არა 14, არამედ 37 დღის განმავლობაში შეიძლება იყოს გადამდები. მართალია?

- 37 დღეზე ვერ გეტყვით, მაგრამ 21 დღის განმავლობაში შეიძლება იყოს გადამდები, მაგრამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში და მსოფლიოს ყველა მთავარი სტრუქტურის რეკომენდაციებში მიღებულია, რომ მაქსიმუმი 14 დღეა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში, ძალიან იშვიათად, შეიძლება მეტიც იყოს.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა, რას ვჭამთ, რომელი პროდუქტებია რეკომენდებული?

- საჭიროა სრულფასოვანი ჯანსაღი კვება. არ არსებობს რაიმე სპეციალური საკვები, რომლის მიღებაც ინფიცირებულისთვის არ შეიძლება ან პირიქით, რომლის მიღებაც მოარჩენს.

- მართალია თუ არა, რომ ხილი და ბოსტნეული საპნით უნდა გავრეცხოთ?

- საპნით არა, გამდინარე წყლით უნდა გავრეცხოთ.

- ვირუსს კლავს სპირტი, მაგრამ აუცილებლად 70-75%-იანი, 96%-იანი სპირტი კი, პირიქით, ვირუსს აფიქსირებს ზედაპირზეო. მართალია? - ითვლება, რომ ყველა იმ ინფექციის გამომწვევის მიმართ, რომლებიც მგრძნობიარენი არიან სპირტის მიმართ, 70-75%-იანი სპირტი კარგად მუშაობს. 96%-იანი სპირტი დეზინფექციისთვის არ გამოიყენება, ვინაიდან მან შეიძლება პირიქით ფიქსაცია მოახდინოს ინფექციისა. ხშირად გაწმინდეთ 70%-იანი სპირტით პირადი მოხმარების ნივთები - კალმები, სათვალეები, მობილურები, საფულე და სხვა.

- ასაკობრივი სეგმენტი არსებობს, თუ ნებისმიერს შეიძლება დაემართოს კორონავირუსი?

- ცნობილია, რომ 15 წლის ქვემოთ (ბავშვებს) გაცილებით იშვიათად ემართებათ, ვიდრე მოზრდილებს. მსოფლიოში რამდენიმე შემთხვევაა, როდესაც ბავშვებს დაემართათ, თუმცა, ჩვენთან უკვე შეეყარა ოთხ არასრულწლოვანს. ამიტომ იმის თქმა, რომ ბავშვებს არ ემართებათ, არ შეიძლება. საერთოდ კი ამ ინფექციით 80 წლის ზემოთ სიკვდილიანობა 15%-ს აღწევს, 70-დან 80 წლამდე სიკვდილიანობა - 8%-ს, 60-დან 70 წლამდე - 4,5%-ს, 50 წლის ქვემოთ კი სულ 0,6%-ია.

- გვახსოვს, ირანელმა პაციენტმა გაპარვა სცადა... დღეს როგორ იქცევიან კარანტინში?

- სამწუხაროდ, ქართველები ლაღი ხალხი ვართ, ამით იტალიელებს ვგავართ. იტალიელებს ამან კარგი არაფერი მოუტანა, სხვა შემთხვევაში შეიძლება კარგი თვისებაა, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლაში არა. ამიტომაც ჯობია პედანტები ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ კარანტინი არ არის ნებაყოფლობითი ღონისძიება. ის უსიამოვნოა, დისკომფორტია, მაგრამ აუცილებელია. ჩვენთან ეს სამართლებრივად ჯერ არ რეგულირდება, ანუ არ ისჯებიან კარანტინის დარღვევისთვის, მაგრამ კარანტინში მყოფმა პირმა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება უნდა გამოიჩინოს და ის არ უნდა დაარღვიოს. სამწუხაროდ, დარღვევის შემთხვევები იყო. ასეთი ადამიანები საფრთხეს უქმნიან უპირველესად თავიანთ ახლობლებს და მერე მთლიანად საზოგადოებას. თქვენ იცით, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. თავის დროზე იყო ჩინეთში, ახლა არის იტალიაში, ჩეხეთში, ლატვიაში... ძალიან არ მინდა საქართველოსაც დასჭირდეს ამ ზომამდე მისვლა. როცა საგანგებო მდგომარეობა ცხადდება, იზოლაცია და კარანტინი სავალდებულო ხდება და მისი დარღვევა სამართლებრივად ისჯება.

- რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა საქართველოში?

- სავარაუდოდ მაშინ, თუ დაინფიცირებულთა რიცხვმა რამდენიმე ასეულს მიაღწია. ამასთან, მარტო ინფიცირებულთა რაოდენობას არა აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია გავრცელების გზებიც. ჩვენთან არ არის ინფექციის გავრცელების სახიფათო მოდელი, უმრავლესობა უცხოეთში დაინფიცირდა. არის შემთხვევები, როდესაც ჩამოტანილი ინფექცია ადგილობრივს გადასცეს, მაგრამ ეს პირველი და მეორე რიგის გადადებაა, მხოლოდ ერთი მესამეული შემთხვევა დაფიქსირდა. საგანგებო მდგომარეობა ცხადდება მაშინ, თუ მესამე და მეოთხე რიგის გადაცემები დაფიქსირდება.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება პანდემიად გამოაცხადა. Covid 19-ის გავრცელების ახალ სტატუსს ცვლილებები მოჰყვა მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

14 მარტს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა, სამწუხაროდ, იმავე დღეს დაინფიცირებულთა რიცხვს კიდევ 5 პაციენტი დაემატა. 14 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 30 შემთხვევა ფიქსირდება, რომელთაგან 2 ირანში მოგზაურობას უკავშირდება, 1 - ესპანეთში, დანარჩენი პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებულია იტალიასთან. 14 მარტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინშია 418 კაცი, სტაციონარში 54-ს ექიმები მეთვალყურეობენ, 1100 კი თვითიზოლაციაშია.

14 მარტიდან საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შემოსვლას. შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე...

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომუნიკაცია ჰქონდა თურქეთის უმსხვილეს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან - "თურქეთის ავიახაზებსა" და "პეგასუსთანაც", რომელთაც 17 აპრილის ჩათვლით ფრენები შეაჩერეს გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით. თურქეთთან საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება სახმელეთო საზღვარს, სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე გადაადგილება დროებით იზღუდება. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს. ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს ვალესა და კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტები...

გარდა ამისა, საქართველო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვებს აწესებს შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან. ამ ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოსულები ვალდებული არიან: წარმოადგინონ კორონავირუსზე შემოწმების PCR ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ. ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ. PCR ცნობის არქონის შემთხვევაში, მათ უნდა გაიარონ ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ ყველა შემოსულმა სავალდებულოა გაიაროს 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა.

საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ...