"კორონას დამსახურებით ახლო მეგობარი დავკარგე" - კვირის პალიტრა

"კორონას დამსახურებით ახლო მეგობარი დავკარგე"

"თითის გაშვერითა და ლანძღვით შეიძლება უკუჩვენება მივიღოთ - იმისათვის, რომ ბულინგი აიცილონ, შესაძლოა დამალონ, სად იყვნენ წასულები"

სალომე იორამიშვილი, თვითიზოლირებული:

- მეუღლესა და შვილთან ერთად 26 თებერვალს გავემგზავრეთ სამხრეთ იტალიაში, ბარიში. რამდენიმე წლის ოცნება ავიხდინეთ და წმ. ნიკოლოზის საფლავი მოვილოცეთ. იმ პერიოდში ახალი დაწყებული იყო კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები ლომბარდიაში, კერძოდ, მილანში. მილანიდან კი დაახლოებით 14 საათის სავალია ბარიმდე. ამასთან, ბარიში მცხოვრები ნათესავიც მატყობინებდა, აქ არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული, თუმცა პირბადეები მაინც იქონიეთო. ბარიში რომ ჩავფრინდით, დისტანციური თერმომეტრით შეგვამოწმეს იტალიელმა ექიმებმა. აეროპორტში ყველას ეკეთა პირბადე და რეზინის ხელთათმანები ეცვათ. ასე ფრთხილად იქცეოდნენ იმ დროს, როცა ბარიში ჯერ არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული... 4 დღეში დავბრუნდით საქართველოში. ჩვენი ჩამოსვლიდან 10 დღის შემდეგ დაფიქსირდა ბარიში პირველი შემთხვევა.

ქუთაისში პირველ მარტს ჩამოვფრინდით. წვიმიანი და ქარიანი დღე იყო. გაგვიყვანეს გარეთ, სადაც ყველა მხრიდან უბერავდა და ვიდექით ასე 40 წუთი - ვიდრე სამი თერმოსკრინინგით ამოწმებდნენ თითოეულ მგზავრს. კონტროლის გავლისას მესაზღვრემ ჩვენი მონაცემები ჩაიწერა, ისიც, თუ სად ვიმოგზაურეთ ბარის გარდა. ქუთაისის აეროპორტიდან ტაქსით ჩამოვედით. მძღოლს ვუთხარით, რომ იტალიიდან მოვდიოდით, არ დაგვიმალავს.

- მაშინ თვითიზოლაციის რეკომენდაცია თუ მოგცეს?

- არა, თავს კარგად ვგრძნობდით და მსგავსი მითითება არ მოუციათ, თუმცა შევთანხმდით, რომ 14 დღე ვიქნებოდით თვითიზოლაციაში. ახალჩამოსულები მშობლებმა მოგვინახულეს, ახლა ისინიც თვითიზოლაციაში მოათავსეს, რადგან 60 წელს გადაცილებული არიან, ბებია კი 90 წელს გადაცილებული.

- პროდუქტით ვინ გამარაგებთ?

- ახლობელს ვურიცხავთ თანხას, ის ყიდულობს და კართან გვიტოვებს. ოთახებს ყოველდღიურად სველი წესით ვწმენდ... სახლს ვანიავებ. მადლობა ღმერთს, კარგად ვართ, არანაირი ჩივილი არ გვაქვს. კერძო სახლი გვაქვს და ეზოში გამოვდივართ, თორემ დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგვიძნელდებოდა 2 კვირა ასე ყოფნა. თვითიზოლაციაში მყოფებთან ვირტუალურად ვკონტაქტობ, ძალიან უჭირთ, მათთვის მე ახლა ერთგვარი ფსიქოლოგი ვარ. რაც მათ უნდა გაიარონ, ის ეტაპები უკვე გავლილი მაქვს.

- რა ეტაპებია? - პირველი ეტაპი არ იყო მარტივი - ყველა, მათ შორის ჩემი ახლობლები, სოციალურ ქსელში ლანძღავდნენ იტალიაში წასულ ადამიანებს. კორონას დამსახურებით ახლო მეგობარი დავკარგე, - პანიკამ იმდენად მოიცვა, რომ ზრდილობის ნორმებს გასცდა... როცა ადამიანი იზოლირებული ზიხარ, სულ სხვანაირად უყურებ სამყაროს. იზოლაციაში გატარებულმა დღეებმა ძალიან შემცვალა - რაზეც ადრე ვბრაზობდი, ახლა იმაზე მეცინება. ასე ვთქვათ, საკუთარი თავის და ემოციების მართვა ვისწავლე. ერთსაც ვიტყვი, თითის გაშვერითა და ლანძღვით შეიძლება უკუჩვენება მივიღოთ - იმისათვის, რომ ბულინგი აიცილონ, შესაძლოა დამალონ, სად იყვნენ წასულები.

- შეგამოწმეს, როგორ გადიხართ თვითიზოლაციას? - დავრეკე დაავადებათა კონტროლის ცხელ ხაზზე, მათ მადლობა მითხრეს გამოჩენილი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის და გადამამისამართეს ოჯახის ექიმთან, რომელმაც ყველაფერი გამოგვიკითხა... სანამ ჩვენ ვსაუბრობდით, ადგილობრივი პოლიკლინიკიდან დაგვირეკეს და ბავშვის მდგომარეობა მოიკითხეს. პარალელურად დაავადებათა კონტროლის ეპიდემიოლოგი დამიკავშირდა, - თუ 14 დღის განმავლობაში ოჯახის რომელიმე წევრს სიმპტომები არ გამოგივლინდებათ, შეგიძლიათ ჩვეული რეჟიმით შეუდგეთ ცხოვრებასო.

"8 მარტს კარანტინში ყვავილები მოგვართვეს"

მირცა მ.: კარანტინში მყოფი:

- რომში სამუშაო პროგრამით ჩავედი 2 თვით. ბავშვებისთვის ინგლისური ენა უნდა მესწავლებინა და მოსწავლეებში ქართული კულტურის პოპულარიზაცია მომეხდინა. ამ მიზნით 12 თებერვალს ჩავფრინდი და 8 მარტს ჩამოვფრინდი.

- იმ 200 მოქალაქეს შორის იყავით? - არა. მანამდე ჩამოვედი უკრაინის გავლით, რადგან ამ დროისათვის პირდაპირი ფრენები შეწყვეტილი იყო. როდესაც ჩამოვფრინდი და ნახეს, რომ იტალიაში ვიყავი ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მედიკოსებმა გამსინჯეს და მიუხედავად იმისა, სიცხე არ მქონდა, მხოლოდ მცირე სურდო, კარანტინში მომათავსეს. ჩვენი რეისიდან მხოლოდ ორნი ვიყავით იტალიაში და ორივე კარანტინში ვართ. კიდევ 7 დღით მომიწევს აქ ყოფნა. ძალიან კარგ პირობებში ვართ. მობილურითაც ვსარგებლობთ, ლეპტოპიც მაქვს და ტელევიზორიც მიდგას ოთახში. კვება სამჯერადია: რაციონში შედის წვნიანები, ხაჭაპური, ლობიანი, ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები... გვირჩევენ მივიღოთ ბევრი სითხე, გვასმევენ ჩაის, ნატურალურ წვენებს.

- ოთახებს როგორ გილაგებენ?

- ოთახს თვითონ ვალაგებ, ამისთვის ყველა საჭირო ინვენტარია ოთახში, სპირტი და სადეზინფექციო საშუალებებიც. როგორც შეუძლიათ გვიადვილებენ აქ ყოფნას, 8 მარტს ყვავილები მოგვართვეს. ძალიან დიდ ყურადღებას გვაქცევენ.

"ერთად ცეკვით დავამარცხოთ ეს საშინელი სენი"

სუხიშვილების მოცეკვავე თეა დარჩია ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსის გამო თვითიზოლაციაში ან კარანტინშია, ცეკვის ონლაინგაკვეთილებს სთავაზობს: "სპეციალურად თქვენთვის ყოველდღე ჩავწერ ახალ ცეკვას Youtube არხზე, რომ უყუროთ, იცეკვოთ, გახალისდეთ, არ მოიწყინოთ და ერთად ცეკვით, სიყვარულით და ბედნიერებით დავამარცხოთ ეს საშინელი სენი. მიყვარხართ".

"დარჩით სახლში, ნურავინ ნუ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგემსახუროთ"

რომის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამრევლოს წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (ხელაია) "ფეისბუკის" გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომლის მეშვეობითაც იტალიაში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს. ის მზად არის მათ დაეხმაროს, მიუტანოს საკვები და წამლები. "ვითარება ძალიან დაძაბულია და გთხოვთ, ჩემო საყვარელო ქართველო თანამემამულენო, დარჩით სახლში, ნურავინ ნუ გამოხვალთ, თუ რამე დაგჭირდათ, მზად ვარ მოგემსახუროთ, მოგიტანოთ წამლები, საკვები. თქვენს სამსახურში ვარ და ძალიან გთხოვთ, მიხედოთ თავს. პირველ რიგში, თქვენს ჯანმრთელობას. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ღმერთმა დალოცოს იტალია და მთელი სამყარო".

  • შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისათვის თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო თბილისიდან, ხარაგაულიდან, ქუთაისიდან, მარნეულიდან, ქობულეთიდან, ბათუმიდან და სხვა ქალაქებიდან საკარანტინო ზონებში იძულების წესით 12 კაცია გადაყვანილი.
  • ქსელურ მარკეტებს, ჰიპერმარკეტებსა და მწარმოებელ კომპანიებს მომხმარებელთა ფედერაციისა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მისცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, პურის მწარმოებელმა კომპანიებმა პროდუქტი მაღაზიებს მთლიანად შეფუთული უნდა მიაწოდონ.