რას ითვალისწინებს Covid-19-ის შეკავების A B და C გეგმა - კვირის პალიტრა

რას ითვალისწინებს Covid-19-ის შეკავების A B და C გეგმა

ანა კასრაძე, დაავადებათა კონტროლის რისკებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი: - პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტის ამბავი ყველასთვის ძალიან სასიხარულოა. ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და გამოჯანმრთელებაც ინდივიდუალური - ზოგი 17 დღეში გამოჯანმრთელდება, ზოგს შეიძლება უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ზოგს ნაკლები, ამას ვერ განვსაზღვრავთ.

- როგორც ითქვა, არსებობს მზადყოფნის სამი სცენარი - A, B და C გეგმა. რას ითვალისწინებს ის?

- ჩვენ ძალიან ადრევე, იანვარში დავიწყეთ მზადება. მას შემდეგ, რაც ჩინეთში ეპიდემია გამოცხადდა, ჩვენც გამოვაცხადეთ განგაში. ამის შემდეგ მზადყოფნის გაძლიერების რეჟიმში ვიყავით. ამას მოჰყვა პირველი დადასტურებული რამდენიმე შემთხვევა და გადავედით შეკავების ფაზაში. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა, გადავედით მომდევნო ეტაპზე - ეს არის მზადყოფნაში მიღებული ღონისძიებების გაძლიერება, შესაძლოა უფრო გამკაცრებაც. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. არ გამოვრიცხავთ, რომ საჭირო გახდეს უფრო მკვეთრი ღონისძიებების გატარება.

- მაგალითად?

- უფრო აქტიური სოციალური დისტანცირება. გარკვეული ღონისძიებების გაუქმება, გადადება, თავშეყრის ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვა. ამიტომაა, რომ ბევრი სამსახური გადადის ონლაინმუშაობაზე, ზოგიერთმა სამსახურმა კი მორიგეობის გრაფიკი დააწესა. ეს პროცესი უფრო აქტიურად გაგრძელდება.

- ითქვა, რომ ეს ღონისძიებები 13 აპრილამდე გასტანს.

- ამჟამად არა გვაქვს შემთხვევების სწრაფი მატება. იმედია, ეს ტემპი შენარჩუნდება.

- არაერთგზის ითქვა, რომ მოსალოდნელია დაინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა. - დიახ, მოსალოდნელია, რადგან ევროპის რეგიონში ჯერჯერობით ზრდის ტენდენციაა. შესაბამისად, შესაძლოა ჩვენთანაც გამოვლინდეს ახალი შემთხვევები.

პრევენციისთვის საზღვრები ჩაიკეტა. ადრეულ ეტაპზევე ჩინეთთან შევზღუდეთ მიმოსვლა. მკაცრად მიმდინარეობდა სკრინინგი საზღვრებზე და პირველი გამოვლენილი შემთხვევა სწორედ ამის დასტურია - საზღვარზევე მოვახდინეთ მისი იდენტიფიცირება. შემდეგ შეიზღუდა მიმოსვლა ირანთან, მერე იტალიასთან... ახლა ყველა ჩამოსულ პირს აუცილებლად უზრუნველვყოფთ იზოლაციით. მკაცრად გაკონტროლდება თითოეულის თვითიზოლაციაც.

- ამ მხრივ სადამსჯელო ღონისძიებები თუ იგეგმება? - დაფიქსირდა თვითიზოლაციის წესების დარღვევის რამდენიმე ფაქტი. ასეთებს იძულებით კარანტინში ამყოფებენ. თუ ეს ღონისძიება არ იქნება საკმარისი, შემდგომ უკვე გადაიხედება გადაწყვეტილება.

ჩვენ თავიდანვე დაგეგმილი გვქონდა, რომ მაქსიმალურად სწრაფად მომხდარიყო იდენტიფიკაცია და ეს შესრულდა, რათა ვირუსი სწრაფად არ გავრცელებულიყო და გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილიყო. კონტაქტების აქტიური მოძიებით დღემდე ამას ვცდილობთ.

- თუ სიტუაცია გართულდა, რამდენად მომზადებული გვაქვს რესურსი, საწოლები, სამედიცინო პერსონალი... - ამ ეტაპისთვის ყველა სავარაუდო სურათისთვის მზად ვართ. ველოდებით, რომ შემთხვევათა 80% მსუბუქად წარიმართება, როგორც გათვლილია სტატისტიკურად. მხოლოდ 20%-ს შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი რესურსი და მკურნალობა.

თავიდან 5-6 საკარანტინო სივრცე გვქონდა, თუმცა მას შემდეგ, რაც რისკ-ქვეყნების რიცხვი იზრდება, კარანტინის ადგილებიც იზრდება მთელ ქვეყანაში. ამ საქმით ბევრი უწყებაა დაკავებული. ისინი უზრუნველყოფენ საკარანტინო ადგილების მოძიებას და საჭირო პირობების შექმნას.

- რადგან ბევრი სამსახური მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, განიხილება თუ არა სკოლებში სწავლის კიდევ გადავადება? - დაველოდოთ, როგორი ვითარება იქნება ქვეყანაში მარტის მიწურულს. თუ დაინფიცირებულთა მატება იქნება, რა თქმა უნდა, გადავადდება.

- როდის უნდა ველოდოთ დაავადების პიკს? - როგორც კი დაფიქსირდება აქტიური შიდა გადაცემა, დაიწყება ათვლა და მე-6 ან მე-7 კვირა შეიძლება პიკი იყოს. რადგან ჩვენს ქვეყანაში აქტიური შიდა გადაცემის ტენდენცია არ აღინიშნება, შესაბამისად, აღნიშნული კვირებიც ჯერ არ არის გადათვლილი. ჩვენთან ჯერ ისევ იმპორტირებული შემთხვევები ან მათი კონტაქტებია, გარდა ბოლო შემთხვევებისა, როცა მესამეული გადაცემა დაფიქსირდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია საქართველოში არსებულ მდგომარეობას ვირუსის სპორადულ გავრცელებად აფასებს.

- რას ნიშნავს სპორადული გავრცელება? - ეს ნიშნავს, რომ შემთხვევები ან შემოტანილია, ან მათთან კონტაქტით გამოვლენილი. ალბათ, მომდევნო კვირა გადამწყვეტი იქნება. ვნახოთ, როგორი განვითარდება მოვლენები.

- ამ ვირუსს ულტრაიისფერი სხივები ანადგურებს?

- მზის პირდაპირი სხივების მოქმედებით ეს ვირუსი 15 წუთში იღუპება.

- რამდენ ხანში ერთხელ უნდა მიმდინარეობდეს სადეზინფექციო სამუშაოები?

- დღეში ერთხელ, მუდმივ რეჟიმში. ნებისმიერი სივრცე სველი წესით უნდა ლაგდებოდეს.

სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება, ამიტომ:

1. საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა;

2. ერთი თვით, 13 აპრილამდე, გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა;

3. სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადის დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების ეფექტიანად საქმიანობას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე;

4. პრობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან დანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით, პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება;

5. პენიტენციარულ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდადებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციარული დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ გათავისუფლებისთვის მომზადებულ მსჯავრდადებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე, პენიტენციარულ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდადებულები განთავსებული იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდადებულებისგან განცალკევებით.

6. დროებით შეწყდეს საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.