"ის ხალხი უფრო მაკვირვებს, ვინც საქართველოში მორბის: რომ მიდიხარ,­ ვისთან მიგაქვს ეს ვირუსი - შვილებსა და შვილიშვილებთან?" - კვირის პალიტრა

"ის ხალხი უფრო მაკვირვებს, ვინც საქართველოში მორბის: რომ მიდიხარ,­ ვისთან მიგაქვს ეს ვირუსი - შვილებსა და შვილიშვილებთან?"

"თუ უმიზეზოდ ხარ გარეთ, 3-თვიანი ციხე და 200 ევრო ჯარიმა არ აგცდება"

ნუნუ მათითაიშვილი იტალიაში 12 წლის წინ ჩავიდა და ქართველი ემიგრანტების რიგს შეუერთდა. რა ხდება ამჟამად ფლორენციაში, იმ ქალაქში, სადაც ის ცხოვრობს?

- მთელ ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა. თუ ქუჩაში გახვალ, ექიმის სერტიფიკატი უნდა გქონდეს, რომ ჯანმრთელი ხარ. კვირაში ერთხელ პროდუქტის საყიდლად გასვლის ნებართვა გვაქვს. თუ უმიზეზოდ ხარ გარეთ, 3-თვიანი ციხე და 200 ევრო ჯარიმა არ აგცდება. ვინც ცუდად არის, ექიმი სახლში უნდა გამოიძახოს. სასწრაფო დახმარების სამსახურიც კარგად მუშაობს, გახსნილია ღამის სამორიგეოებიც და 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ... 12 მარტიდან ყველა ოფისი და სახელმწიფო დაწესებულება დაიკეტა. კომერციული ბანკებისა და ფოსტების გრაფიკიც შეზღუდულია. მცირეწლოვანი ბავშვების დედები პრივილეგიებით სარგებლობენ: სახლში რჩებიან და სახელმწიფო 600 ევროს უხდის.

- როგორ გავრცელდა ვირუსი იტალიაში? - ახალი წლის მერე აქ დიდი ფასდაკლებებია და ხალხი ჩამოვიდა. ამას დაემატა ჩინური ახალი წელიც: აქაური ჩინელები სამშობლოში წავიდნენ და უკან რომ დაბრუნდნენ, ბევრი დაინფიცირებული იყო. ჩემი დაკვირვებით, იტალიაში ეს ვირუსი ჩინური ახალი წლის მერე გავრცელდა...

მარტსა და აპრილში მთელი იტალიის მოსახლეობა კომუნალური გადასახადებისგან თავისუფლდება, ხოლო ისინი, ვისაც სახლები სესხით აქვთ ნაყიდი, ბანკის პროცენტს 18 თვის განმავლობაში არ გადაიხდიან.

- პირბადეები თქვენთანაც დეფიციტია?

- დიახ. თავიდან ხალხმა დაიტაცა, მერე აფთიაქის მეპატრონეები ათმაგად ყიდდნენ და ისინი დააპატიმრეს. აქ ვერანაირ წამალს ვერ იყიდი, თუ ექიმის რეცეპტი არა გაქვს. აქ ყველას ავტომანქანა ჰყავს, ამიტომ საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც არ მგზავრობენ. მიუხედავად იმისა, რომ მგზავრობა უფასოა, ველოსიპედით ან ფეხით დადიან. ტრანსპორტი, მგზავრი არის თუ არა, მაინც მოძრაობს.

- ფლორენციაში მცხოვრები ქართველები თუ აპირებენ დაბრუნებას? - ბოლო ხანებში ინფიცირებულთა რიცხვმა ფლორენციაშიც მოიმატა, მაგრამ საქართველოში დაბრუნებას ძალიან ცოტა აპირებს. მე, მაგალითად, ვრჩები, რადგან მგზავრობა უფრო სახიფათოა. თუნდაც ავად გავხდე, ვიცი, რომ აქ არც მედიკამენტები მომაკლდება და არც ექიმების დახმარება. მე ის ხალხი უფრო მაკვირვებს, ვინც საქართველოში მორბის: რომ მიდიხარ, ვისთან მიგაქვს ეს ვირუსი - შვილებსა და შვილიშვილებთან? მით უმეტეს, იცი, რომ 14-დღიან სავალდებულო კარანტინში უნდა იყო და ამის შესრულებაც არ გინდა?!

იხილეთ ასევე: როგორ შეაჩერეს იტალიის პატარა ქალაქში კორონავირუსი?

ხათუნა ჩიგოგიძე