ცხოვრება წითელ ზონაში
ცხოვრება წითელ ზონაში
"იტალიის ხელისუფლება კორონავირუსის მიმართ სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა და ეს შედეგებითაც ჩანს..."

როგორ უმკლავდება იტალია ვირუსს? ამის შესახებ ქართველი ემიგრანტი, ოპერის მომღერალი ნანა ქავთარაშვილი გვიამბობს. ის 26 წელია იტალიაში­, ქალაქ პავიაში, ლომბარდიის რეგიონში ცხოვრობს.

- იტალია ჩემი მეორე­ სამშობლოა და რაც ახლა ჩემ გარშემო ხდება, ძალიან მაწუხებს... ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. ცხოვრება წითელ ზონაში ძალიან მძიმეა. მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, უპირველესად ექიმები მოგვიწოდებენ ჰიგიენის დაცვისა და სახლში ყოფნისკენ. მხოლოდ აუცილებელ
შემთხვევაში შეგვიძლია გავიდეთ გარეთ, მაგალითად, სუპერმარკეტებში ან აფთიაქებში, ოღონდ იქაც ყველასთან აუცილებლად უნდა დავიცვათ ერთი მეტრი დისტანცია. ხალხი შეშინებულია. ქუჩები ცარიელია. არ ვიცით, ეს ვირუსი ვისზე როგორ იმოქმედებს.

- სახელმწიფო მომზადებული შეხვდა კორონავირუსს?
- ხელისუფლება სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა და ეს შედეგებითაც ჩანს. ვერ წარმოიდგინეს საფრთხის
რეალობა და მასშტაბი ვერ გააცნობიერეს. იტალიაში ყოველდღიურად მილიონობით ტურისტი შემოდის, მხოლოდ ლომბარდიაში ორი დიდი აეროპორტია და ამანაც გამოიწვია ვირუსის ასეთი მასშტაბური გავრცელება. ახლა აქაურობას რომ ვუყურებ, ისეთი ჩამკვდარია ყველაფერი, თავი მძაფრსიუჟეტიანი­ ფანტასტიკური ფილმის პერსონაჟი მგონია.

- მოსახლეობა ითვალისწინებს სპეციალისტთა მითითებებს?
- საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, უსაფრთხოების წესებს არ იცავდა და სხვებსაც საფრთხეს უქმნიდნენ, ამიტომ მთავრობა იძულებული­ გახდა, მთელი იტალია წითელ ზონად გამოეცხადებინა. რამდენიმედღიანი დაბნეულობის შემდეგ უკვე დაიწყეს ადეკვატური­ ზომების მიღება - ძალიან მკაცრი შემო­წმებებია, ვინც შეზღუდვებს არ დაემორჩილება, 3 თვით პატიმრობა ემუქრება.

- ინტერნეტში ვრცელდება ფოტო და ვიდეომასალა - დახლები ცარიელია, აფთია­ქ­ებთან რიგებია...
- პირველ დღეებში იყო საკვების თუ მედიკამენტების დეფიციტი. ახლა სავსეა მარკეტები, არც აფთიაქებში იგრძნობა მედიკამენტების სიმცირე. მხოლოდ პირბადეების დეფიციტია, რადგან შეშინებული­ ხალხი ბევრს ყიდულობდა. მთელ ქვეყანაში აკრძალულია ყველანაირი ღონისძიება - კონცერტები, სპექტაკლები, სპორტული ღონისძიებები, ქორწილები, ქელეხებიც კი! დაკეტილია სკოლები, უნივერსიტეტები...

- დასაფლავება აკრძალულია? როგორ?
- ვირუსით ან სხვა მიზეზით გარდაც­ვლილების დაკრძალვას მხოლოდ ოჯახის წევრები ესწრებიან და ისინიც ზედმიწევნით ასრულებენ უსაფრთხოების მითითებებს, რათა დამატებითი საფრთხე არ შექმნან. ახლა მთელ ქვეყანაში ღიაა მხოლოდ სურსათის მაღაზიები და კვების ობიექ­ტები, ოღონდ მხოლოდ საღამოს 18:00 საათამდე, თუმცა ხალხმრავლობა არც ამ დროს არის, თითო-ოროლა ადამიანი თუ შეინიშნება.
შეზღუდვებმა უამრავი პრობლემა შეგვიქმნა ყველა პროფესიის ადამიანს. მეც ყველაფერი თავდაყირა დამიდგა, ყველა კონტრაქტი გაგვიუქმდა, მაგრამ ახლა ამაზე ლაპარაკიც კი უხერხულია, რადგან საქმე სიცოცხლეს ეხება.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის­ 26 ციხეში პატიმრებმა ამბოხი დაიწყეს და ციხეებიდან გაიქცნენ...
- კარანტინმა მნახველებს საპატიმ­როებში მისვლა შეუზღუდა, გაუქმდა პაემნები, რათა მათ საპატიმროებში ვირუსი­ არ გაევრცელებინათ. ამას მოჰყვა ამბოხი. ბევრი პატიმარი გაიქცა, პოლიციას კი სროლის­ უფლება არ ჰქონდა. კორონავირუსით გამოწვეულ პანიკას ესეც დაემატა და უარესი ქაოსი შეიქმნა... მალევე შესაბამისმა სამსახურებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პატიმრები დაიჭირეს და საფრთხე აღარ არსებობდა.

- რა ხდება კარანტინებში? ეხმარებიან თუ არა თვითიზოლაციაში მყოფებს საკვებით, მედიკამენტებით?
- არსებობს ცხელი ხაზი, სადაც მუდამ გვპასუხობენ და ვგრძნობთ, რომ სახელმწიფო ჩვენზე ზრუნავს.
ლომბარდიის საავადმყოფოების ექიმებმა განაცხადეს, რომ C ვიტამინმა კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა გააუმჯობესა. რეკომენდებულია 2 გრამი დღეში და ჩებიონ-ი, იგივე C ვიტამინია. ასევე გვირჩიეს, მივირთვათ ბევრი ციტრუსი...

- როგორია მდგომარეობა არალეგალურად მცხოვრებთათვის? ნაწილის ინფორმაციით, მათ ეხმარებიან, რომ ქუჩაში არ გამოვიდნენ და ვირუსის გავრცელების საფრთხე არ შეიქმნას. სხვების თქმით, ისინი ცუდ დღეში არიან...
- იტალიის მთავრობა აცხადებს, რომ ყველა ადამიანს დაეხმარებიან, განურჩევლად სტატუსისა და მდგომარეობისა.

- ალბათ მუდმივად ტარდება დეზინფექცია...­
- დიახ, ყველა სარისკო ზონაში. ღამით მილანისა და მის გარშემო პროვინციების თავზე დაფრინავს საფრენი აპარატი,­ რომელიც წინასწარ განსაზღვრული დისტანციიდან სპეციალურ ხსნარს ასხამს... იგივე პროცედურები ტარდება სხვა რეგიონებშიც... ამასთან, ტამპონიზაცია ხდება ორგანიზებულად და მასობრივად, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა ადამიანს ვირუსი. საბედნიეროდ, იტალიაში ჯანდაცვის საკითხი უმაღლეს დონეზეა. ოპერაციები, რომლებიც ძალიან ძვირი ღირს, უფასოდ უკეთდებათ როგორც ადგილობრივებს, ასევე - ემიგრანტებს, უსაბუთოებსაც კი, რეაბილიტაციითა და შედგომი მკურნალობით.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინელმა ექიმებმა იტალიას დახმარება შესთავაზეს.
- დიახ, როგორც გამოცდილი ექიმებით, ასევე­ მედიკამენტებით... მათ ეს ყველაფერი გაიარეს და გამოვიდნენ კრიზისიდან. იტალიაში ჯერჯერობით დაინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და არავინ იცის, ეს ძალიან საშიში სიტუაცია სადამდე გასტანს, თუმცა გვჯერა, რომ ამ რთულ ომს იტალია მოიგებს.

ხათუნა ჩიგოგიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები