რატომ ახლა ვეღარ? - ანუ მშრალი ხიდის ისტორია დღემდე - კვირის პალიტრა

რატომ ახლა ვეღარ? - ანუ მშრალი ხიდის ისტორია დღემდე

თითქოს ყველამ ვიცით, რომ სამუშაოს ხარისხიან შესრულებას არა მხოლოდ ენერგია, არამედ პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა სჭირდება. ამიტომაც გაუგებარია, რატომ არის ამ უკანასკნელის დეფიციტი დღევანდელ საქართველოში! სწორედ ისეთ საქართველოში, რომელიც საუკუნეობით ნანატრ დამოუკიდებლობას ძლივს ეღირსა!

ამის დასტურად ქალაქის მერმა მშრალი ხიდის სამუშაოების შესახებ განაცხადა: "მინდა შევეხო ზაარბრიუკენისა და მშრალი ხიდის სამუშაოებს, ისეა შესრულებული, გულზე შემოგეყრებათ, დღესვე დაიბარეთ კომპანია, რომ სამუშაოები თავიდან განახორციელოსო!"

ახლა კი გავიხსენოთ, როგორ აშენებდნენ მშრალ ხიდს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყანა უზარმაზარი და დაუნდობელი იმპერიის ნაწილი იყო, მაშინ, როდესაც მშრალი ხიდის ქვეშ ჯერ კიდევ მტკვარი მიედინებოდა. ჰოდა, რუსეთის იმპერიამ ამ ხიდის ასაშენებლად იმხანად პოპულარული არქიტექტორი ჯოვანი სკუდიერი (მისი ხელმძღვანელობით აშენდა ოპერის ძველი შენობა 1847-1851 წლებში) გამოიძახა. ისიც დიდი პასუხისმგებლობით შეუდგა საქმეს. მისი პროექტი, რომლის მიხედვითაც, ხიდის გარშემო სასტუმროებიც უნდა ყოფილიყო, შეიძლება ითქვას, უნიკალური აღმოჩნდა ევროპაში, მაგრამ, სამწუხაროდ, არქიტექტორს არ დასცალდა - მაშინ, როდესაც სამუშაო თითქმის ბოლომდე იყო მიყვანილი, ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაზე ხარაჩოებიდან ჩამოვარდა და დაიღუპა.

რუსეთის იმპერიამ ხიდის დასასრულებლად ნიჭიერი ინჟინერი ს. ბლიკსი მოიწვია. მან სამუშაოს ალღო კარგად აუღო და ხიდის თაღები მშვენიერი თლილი ქვით "შემოსა".

აი, ასე იყო XX ს.-ის 30-იან წლებამდე - მშვენიერი მშრალი ხიდი და მდინარე მტკვარი ამ ხიდის ქვეშ, სადაც მეტივეები ტივებსაც აყენებდნენ.

1933 წელს საბჭოთა იმპერიამ სანაპიროს განაშენიანების გეგმა შეცვალა - მშრალ ხიდს ტოტი "გამოაცალეს" და დედამტკვარს შეუერთეს, რის შემდეგაც ხიდის ქვეშ მტკვრის ნაცვლად ქალაქის მაგისტრალი "მიედინება", თუმცაღა ბოლშევიკურმა ხელისუფლებამაც კი იგრძნო ამ ხიდის მნიშვნელობა და ხელუხლებლად დატოვა.

1962 წელს "მშრალი ხიდი" ქართველმა არქიტექტორებმა განაახლეს და გაალამაზეს. მას შემდეგ ხიდზე სამუშაოები მხოლოდ ჩვენს ეპოქაში, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა და კი მოვისმინეთ, როგორც.

ჰოდა, მართლა გაუგებარია, რაღა მაინცდამაინც დამოუკიდებელ საქართველოში ვეღარ ვაშენებთ ისე, როგორც დამოუკიდებელ სამშობლოს სჭირდება!