"არასოდეს, არც ერთი პაციენტისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი"
"არასოდეს, არც ერთი პაციენტისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი"
ფოტო:თენგიზ ცერცვაძე მეუღლესთან ერთად
როგორ შეიძინეს საქართველოში შიდსის პირველი აპარატი და რა გატაცება აქვს თენგიზ ცერცვაძეს?

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი - ეს არის სრული დასახელება იმ კლინიკისა, რომელსაც ყველა ინფექციური საავადმყოფოს სახელით მოვიხსენიებთ და ბოლო პერიოდში, კორონავირუსის გამწვავების ფონზე, დაწესებულება და მისი დირექტორი - თენგიზ ცერცვაძე საზოგადოებისა და მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. გთავაზობთ ჟურნალ "გზისთვის" მომზადებულ მის ინტერვიუს:

კლინიკის ერთ-ერთ ყველაზე სპეციფიკურ - ბოქსირებულ განყოფილებაში სტუმრობისას, ვერც კი წარმოვიდგენდი,
რომ დირექტორის კაბინეტში შესული, აბსოლუტურად სხვა სამყაროში აღმოვჩნდებოდი - ოთახში დიდი კარადის თაროებზე, მაგიდებზე, იატაკზე, ბუების კოლექციაა განთავსებული - ყველანაირი ზომისა თუ მასალის, ძვირფასი ქვებით მორთული თუ უბრალო ქსოვილით შექმნილი. სწორედ ამ კაბინეტში ნახავთ მარმარილოს დიდ თეთრ ბუს, რომელიც თურმე, იოსებ ბესარიონის ძე სტალინს ეკუთვნო
და და ერთ-ერთ ფილმშიც ჩანს. მოგვიანებით, მუზეუმში ინახებოდა, შემდეგ კი მის ამჟამინდელ მეპატრონეს უსახსოვრეს. შიდსის მიმართულებით მუშაობა მან 1980-იანი წლების დამდეგს დაიწყო, როცა პირველი შემთხვევები ჯერ მხოლოდ აშშ-ში იყო დაფიქსირებული. ბატონი თენგიზი თავისი საქმიანობისა და ინტერესების შესახებ მოგვითხრობს.

- ჩემი ინტერესის სფერო სხვადასხვა დროს სხვადასხვაგვარი იყო. ახალგაზრდობისას ნადირობა მომწონდა, ახლა დიდი ხანია, აღარ მინადირია. სპორტში ოფიციალურად დაკავებული არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვთამაშობდი კალათბურთს და მაგიდის ჩოგბურთს, ჭადრაკში კი სპორტის ოსტატობის კანდიდატის ტიტული მქონდა. ახლა, როდესაც ასაკში შევედი - 70 წელს გადავცილდი, აღარც დრო მრჩება და აღარც ენერგია, რომ სპორტით დავკავდე ან ვინადირო. ახლა ჩემი ჰობი ბუების შეგროვება გახდა, 1000-ზე მეტი ეგზემპლარი მაქვს.

- რატომ მაინცდამაინც ბუ?
- გულწრფელად გითხრათ, თავისით მოხდა ასე, თუმცა, მერე რომ დავფიქრდი, ალბათ ნადირობის გავლენაა, რადგან ბუ ყველაზე კოლორიტული, განსხვავებული ფრინველია და რაღაცნაირი გამოხედვა აქვს. სხვები დღისით აქტიურები არიან, ნადირობენ, ღამე სძინავთ, ბუ კი პირიქითაა. ბევრი ლეგენდაა, რომ ბუ ბრძენი ფრინველია და ა.შ. მე რა ბუებიც მაქვს აქ, ნახევარზე მეტი წიგნზე ზის ან მაგისტრის ქუდი ახურავს, რაც სიბრძნესთან, მეცნიერებასთან ასოცირდება.
უცხოეთში ხშირად მიწევს სიარული და თავიდან, რამდენიმე ბუ იქიდან ჩამოვიტანე. მერე ჩემი ამ გატაცების შესახებ მეგობრებმა და პაციენტებმა რომ გაიგეს, ისინიც მჩუქნიდნენ... ახლა დირექტორი და ხელმძღვანელი ვარ და ძირითადად, რთულ შემთხვევებში ვუწევ კონსულტაციას, მაგრამ თავის დროზე, 20-30 ათასი პაციენტი მყავს გატარებული და არასოდეს, არც ერთისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი. ეს იციან, მაგრამ უნდათ, რაღაცით პატივი მცენ და ერთმანეთს გადასცეს, - აი, ბუს თუ მიუტან, უარს ვერ გეტყვისო.
სხვა რამეს უკან გავატან. ამიტომ, მოაქვთ და მოაქვთ ეს ბუები. მათ შორის, უნიკალურებიცაა. მაგალითად, მარმარილოს დიდი ბუ, რომელიც თურმე, თავის დროზე სტალინის კაბინეტში იდგა. მერე, მუზეუმში მოხვდა და ბოლოს მე მისახსოვრეს. საავტორო ბუებიც მაქვს, ვენეციური შუშისგან დამზადებულიც და ა.შ. მოკლედ, აქ ნახავთ როგორც ძალზე იაფიან სუვენირებს, ისე ძვირად ღირებულ ეგზემპლარებს.

- უამრავი ჯილდოც გაქვთ მიღებული, მათ შორის, შარშან ბრწყინვალების ორდენი გადმოგეცათ, რაც ექიმებში იშვიათია.
- დიახ, ბრწყინვალების ორდენს დებულებაში უწერია, რომ განსაკუთრებული დამსახურებისთვის ენიჭებათ, ექიმებში სულ 2-3 ადამიანს აქვს. ჩემთვის მთავარი არასდროს ყოფილა ჯილდოები, მაგრამ ცხადია, დაფასება სასიამოვნოა. ჩემთვის მნიშვნელოვანი ყოველთვის იყო მუშაობა და პროფესიული წარმატება, პაციენტის გადარჩენა! სწორედ თითოეული განკურნებული პაციენტია ჩვენთვის ისეთი სიხარულის მომნიჭებელი, რომელსაც ვერც ერთი ჯილდო ან გამოქვეყნებული სტატია ვერ მოგანიჭებს. 21-ე საუკუნეში სამი მთავარი ინფექციაა - შიდსი, C ჰეპატიტი და ტუბერკულოზი. ამ სამიდან ორის შეჩერებაში მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ მონაწილეობა (ამაზე წლებია უნიკალური მუშაობა მიმდინარეობს ჩვენთან), შიდსში მთლიანად, ექსკლუზიურად, C ჰეპატიტში კი სხვებთან ერთად, თუმცა, ძირითადი ტვირთი ჩვენზე გადავიდა და რაც მთავარია, საქართველო პირველი ქვეყანა იქნება 2025 წელს, რომელიც არა მხოლოდ C ჰეპატიტის ელიმინაციას, ანუ აღმოფხვრას მოახდენს, არამედ შიდსის ეპიდემიასაც დაამთავრებს!

- საინტერესოა, თავის დროზე რამ განაპირობა თქვენი დაინტერესება ამ სფეროთი?
- სკოლაში მათემატიკური საგნებით ვიყავი გატაცებული - მათემატიკა და ფიზიკა მიყვარდა. საქართველოს და საკავშირო ოლიმპიადების რამდენიმეგზის გამარჯვებული ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიული არჩევანი განაპირობა იმან, რომ მშობლები ექიმები იყვნენ. ცხადია, სურვილი ჰქონდათ, რომ მათ გზას გავყოლოდი და მეც ანგარიში გავუწიე - ფიზიკა-მათემატიკაზე უარი ვთქვი და ექიმი გავხდი. ექიმს ადამიანებთან აქვს კავშირი, რაც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს, ისეთი მიმართულება ავირჩიე - შიდსი, რომელიც ერთგვარი დეტექტიური ჟანრია. ეს არის დეტექტივი მედიცინაში, საიდუმლოების ამოხსნის თვალსაზრისით. ჰეპატიტი შედარებით ერთფეროვანია, ერთი ვირუსია, ერთი დაავადებაა, თუმცა, ძალზე სერიოზული. აღსანიშნავია, რომ C ჰეპატიტით დაავადებული 150 ათასი ადამიანია საქართველოში.

- საქართველოში შიდსის ცენტრის ფუძემდებელი ხართ. როგორ მოხდა თქვენი პროფესიული განვითარება იმ მიმართულებით, რომლის შესახებაც მაშინ არავინ არაფერი იცოდა?
- აივ ინფექცია, შიდსის დარგში მუშაობა 1983-84 წლებში დავიწყეთ და მაშინ ნამდვილად არ იცოდნენ, ინფორმაციის დონეზეც კი, თუ რა იყო შიდსი. ძირითადად, ამერიკაში იცოდნენ, რადგან ეს დაავადება პირველად სწორედ იქ აღმოაჩინეს 1982 წელს. ჩვენ კი პირველები ვიყავით ყოფილ საბჭოთა კავშირში და ერთ-ერთი პირველები ევროპაში, ვინც მუშაობა დავიწყეთ და ლაბორატორიაც კი გავაკეთეთ, რომელიც შემდგომ გაფართოვდა და 1990 წელს, შიდსის ცენტრი ჩამოვაყალიბეთ. 2000 წელს კი შიდსის ცენტრი და ინფექციურ დაავადებათა ცენტრი გაერთიანდა.
იცით, რომ ადრე, ფართო პროფესიული კავშირები მხოლოდ მოსკოვთან შეიძლებოდა, რადგან უცხოეთში ვერავინ გადიოდა. მე მყავდა ხელმძღვანელი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, დიდი მეცნიერი რემ პეტროვი. 1983 წელს დამირეკა და მითხრა, მსოფლიოში ახალი ინფექცია გამოჩნდა, რომელიც მე-20 და 21-ე საუკუნეების მთავარი პრობლემა იქნება მედიცინისთვის, ამის შესახებ ჯერ ძალიან ცოტამ იცის, მხოლოდ ამერიკაშია რამდენიმე ათეული შემთხვევა და ძალიან საინტერესოაო. ცხადია, დავინტერესდი, ამაზე თვითონ თუ მუშაობდნენ, რადგან პეტროვს, ჩვენგან განსხვავებით, ხელი მიუწვდებოდა აშშ-ისა და ევროპის სამეცნიერო წრეებზე, ჟურნალებზე, გავლენიანი მეცნიერი იყო. ვერ ვმუშაობო, მიპასუხა, საკითხი პოლიტბიუროზე გავიტანეთ (მაშინ ბრეჟნევი იყო), მაგრამ ვერ დავარწმუნე, რომ ეს ინფექცია მართლაც არსებობს და მალე ნომერი პირველი პრობლემა გახდებაო. მინისტრის მოადგილეს კი უთქვამს, ვიღაც ამერიკელი ჰომოსექსუალები დაავადდნენ და ახლა ეს ჩვენი მეცნიერები პანიკას ტეხენ, დაფინანსება რომ მიიღონო.

მაშინ, საბჭოთა კავშირში, ქართველებს განსაკუთრებული ადგილი გვეჭირა და შეგვეძლო, რაღაც-რაღაცები არაოფიციალური გზებით მოგვეგვარებინა ჩვენსავე მთავრობაში, ადგილობრივად, საკუთარი კონტაქტებით და პეტროვმა მითხრა, საქართველოში შესაძლებელია თქვენი გავლენა გამოიყენოთ და ხელმძღვანელობა დაითანხმოთ, 1-2 აპარატი, ტესტსისტემები გიყიდოთო. ასეც მოხდა. მე მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. ჩემი პროფესორი სერგო კობალაძე იყო, შესანიშნავი მედიკოსი და პიროვნება, მას დიდი გავლენა ჰქონდა და მთავრობის თავმჯდომარესთან მიმყვა - აპარატის შესაძენად ვალუტა, ანუ დოლარი გამოგვიყვეს, რაც მაშინ წარმოუდგენელი რამ იყო. მოკლედ, ასე დავიწყეთ მუშაობა. მოსკოვი კი 2-3 წლის მერე მოვიდა აზრზე, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი იყო, როცა უკვე კონგრესმენები, სენატორები დაავადდნენ და არა - ჰომოსექსუალები და ნარკომანები.

- რა ხდება დღეს ამ კუთხით?
- ჩვენი სამსახური აღმოსავლეთ ევროპაში დღესაც ყველაზე ძლიერად და წარმატებულად ითვლება, საქართველო ერთ-ერთია იმ მცირედი ქვეყნებიდან, რომელმაც თავიდან აიცილა შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია, მისგან გამომდინარე დიდი ადამიანური მსხვერპლი და უზარმაზარი ეკონომიკური ზარალი. რაც მთავარია, ის ადამიანები, რომლებიც მკურნალობენ, ინფექციის გავრცელების წყაროს აღარ წარმოადგენენ. მართალია, სამუდამოდ ვერ განიკურნებიან, მაგრამ მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს სისხლში ვირუსი, როგორც წესი, განულებული აქვთ! სქესობრივი კონტაქტიც რომ ჰქონდეს, ვერ გადასცემს. შიდსით ადამიანები აღარ კვდებიან, თუ რა თქმა უნდა, მკურნალობის რეჟიმს არ არღვევენ. ქორწინდებიან და ჯანმრთელ შვილებს აჩენენ! ფაქტობრივად, დედიდან შვილზე შიდსის გადაცემა თითქმის აღარ ფიქსირდება. შიდსით ინფიცირებულები ნებისმიერ თანამდებობაზე მუშაობენ და არანაირი შეზღუდვა არა აქვთ. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობენ!

- ბატონო თენგიზ, საუბრის ბოლოს, ორი სიტყვით, თქვენს ოჯახზეც გვითხარით რამე.
- მყავს მეუღლე - ანა თოფურია, რომელიც ასევე ექიმია, რევმატოლოგი, ინტელიგენტის ოჯახიდან. მისი როლი უდიდესია ჩემს პროფესიულ წარმატებაში. ჩვენ დიდხანს ვხვდებოდით ერთმანეთს და ცოტა გვიან დავქორწინდით რიგი მიზეზების გამო და სამწუხაროდ, შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს. ყველაფერში, რასაც მივაღწიე, ანა თოფურიას უდიდესი დამსახურებაა. ჩემი მეგობრები ჯერ მის სადღეგრძელოს სვამენ და მერე - ჩემსას.

თამთა დადეშელი

მკითხველის კომენტარი (8)
მადონა
18 მარტი 2020 08:14
ღმერთმა დიდხანს გამყოფოს.ძალიან კარგი მამაკაცი ბრძანდებით.
თბილისელი
17 მარტი 2020 09:30
მართლა კაცი ხარ კაცური!!!
beso
17 მარტი 2020 08:34
ღმერთმა მოგცეთ წყალობა, მშვიდომა, დღეგრძელობა და სიხარული. დაუნახაობა ცოდვაა, რადგან სხვასაც ავნებს, განა მარტო შენ? ღმერთმა მოგცეთ მხნეობა ამ გარემოების დაძლევაში. ეს იქნება ყველას სიხარული. გაიხარეთ.
საქართველო
17 მარტი 2020 01:50
იხარეთ და იდღეგრძელეთ ბატონო თენგიზ!
ქართველი
17 მარტი 2020 01:44
გენიალური ადამიანია. თითო-ოროლა გვყავს ასეთი ადამიანი და გავუფრთხილდეთ.
გაიხარეთ!
lekso
16 მარტი 2020 23:30
უპალი გპარავდეტ ჰემო ბატონო გირსეული და დიდი ადამიანი ბრდზანდებიტ
მერაბ მაღლაკელიძე
16 მარტი 2020 15:32
ასეთ თავის საქმის პროფესიონალებების მხრებზე დგას საქართველო და კაცობრიობა, ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ ბატონო თენგიზ. საქართველო და ქართველი ხალხი დიდად დავალებულია თქვენგან.
...
16 მარტი 2020 15:21
ამრავლოს \თქვენის\ტანები

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები