რატომ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი და როდის უნდა ველოდოთ ანტივირუსულ მედიკამენტებსა და ვაქცინას? - რას ამბობს აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი? - კვირის პალიტრა

რატომ გავრცელდა ასე სწრაფად კორონავირუსი და როდის უნდა ველოდოთ ანტივირუსულ მედიკამენტებსა და ვაქცინას? - რას ამბობს აშშ-ში მოღვაწე ქართველი მეცნიერი?

ვიდრე მსოფლიოს კორონავირუსი იპყრობს, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები და ჯანდაცვის ორგანიზაციები, წამყვანი კომპანიები და მეცნიერები დღესა და ღამეს ასწორებენ მასთან საბრძოლველად, ადამიანების გადასარჩენად და ანტივირუსული პრეპარატებისა და ვაქცინის უსწრაფესად გამოსაცდელად.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს ჩვენი სახელმწიფოც და, შესაბამისად, ჩვენი პროფესიონალი ინფექციონისტ-იმუნოლოგებისა და ხელისუფლების დიდი ძალისხმევით მაქსიმალურად თანმიმდევრულად ვებრძვით ვირუსს. მაინც რას წარმოადგენს ახალი კორონავირუსი, რატომ გავრცელდა ასე სწრაფად და კონკრეტულად როდის ველით ანტივირუსულ მედიკამენტებსა და ვაქცინას? - ამ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰანოვერში მცხოვრებ ქართველ მეცნიერს, დორთმოუთის კოლეჯის პროფესორ ფრიდონ შუბითიძეს დავუკავშირდით და, უპირველესად, ამერიკის უახლესი ამბები მოვიკითხეთ, ქვეყნის, სადაც უამრავი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.

ფრიდონ შუბითიძე:

- სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც უამრავ ქვეყანას ეხმარება, ამ ვირუსისთვის, ასე ვთქვათ, მოუმზადებელი აღმოჩნდა. ქვეყნის მასშტაბით დღეისთვის 11 ათასი ადამიანზე ცოტა მეტია შემოწმებული. ვარაუდობენ, რომ დაინფიცირებულთა რაოდენობა გაცილებით დიდია, ვიდრე ამას რეალური ციფრები გვიჩვენებს. პრეპარატისა და ვაქცინის გამოსვლამდე მის წინააღმდეგ საბრძოლველად ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებმა თავიც დავიზღვიოთ და სხვებიც დავაზღვიოთ. შესაშინებლად არ ვამბობ, მხოლოდ ზოგადი, ყველაზე უარესი პროგნოზია: წარმოიდგინეთ, თუ დედამიწის მოსახლეობის 50-60 პროცენტი ერთდროულად დაინფიცირდება, აღარ იქნება არც ექიმი, აღარც გადამყვანი და ა.შ., რადგან ადამიანები მასობრივად მიაწყდებიან საავადმყოფოებს, ეს კი მთელი სახელმწიფო სისტემის ჩამონგრევას გამოიწვევს - არსებული რესურსი ვერც სამედიცინო თვალსაზრისით, ვერც საკვებით და ა.შ. მათ მომსახურეობას ვერ აუვა. ამის თავიდან ასაცილებლად, როგორმე თავი უნდა დავიცვათ, გავფრთხილდეთ და ამით შევძლოთ ვირუსის გავრცელების დროის გახანგრძლივება, რომ კონკრეტული მომენტისთვის რაც შეიძლება ცოტა ადამიანი დაინფიცირდეს, სახელმწიფოს წარმომადგენლებმა კი მათი მომსახურება მოახერხონ - ვთქვათ, ნაწილი რომ გამოჯანმრთელდება, ახალი დაინფიცირებულები მერე დაემატონ ანუ დაინფიცირება-გამოჯანმრთელება-დაინფიცირების პროცესი პერმანენტულად წარიმართოს. რომ ვაკვირდები, ეს სწორედ ის პროცესია, რასაც საქართველოში აკეთებენ, თანაც - ყველაფერს ძალიან მობილიზებულად, ინფექციური სამსახურის წარმომადგენლები და სახელმწიფოს სტრუქტურები ზუსტად და სწორად მიჰყვებიან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს. ისინი გადანაწილების პრინციპით ცდილობენ პროცესის დარეგულირებას! ეს ხალხმა აუცილებლად უნდა დაინახოს და დააფასოს ის პროფესიონალები, რომლებიც ამას შესანიშნავად ხელმძღვანელობენ.

- ამგვარი წესრიგის დამყარება რატომ გაუჭირდათ ეკონომიკურად და ტექნოლოგიურად ჩვენზე ბევრად ძლიერ ევროპის ქვეყნებს, სადაც დაავადების გავრცელებისა და ადამიანთა გარდაცვალების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია? - ვირუსის გავრცელებიდან მის პანდემიად გამოცხადებამდე რამდენი ადამიანი მოძრაობდა ქვეყნიდან ქვეყანაში ისე, რომ ვირუსზე არაფერი იცოდა. ჩინეთიდან თავდაპირველად გავრცელდა იტალიაში, სადაც დასახლებებიც მჭიდროა და - ურთიერთობებიც. რაც მთავარია, კორონავირუსი ჩვეულებრივ გრიპად მიიღეს, ვიდრე არ დაეჭვდნენ, რომ იგი ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა და რაღაც სხვა მოვლენასთან ჰქონდათ საქმე. ამას ისიც დაერთო, რომ, განსხვავებით ჩინეთისგან, რუსეთისგან, ჩრდილოეთ კორეისგან, ვთქვათ, იტალიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს ასე მარტივად ვერ მოსთხოვ, თავისუფლება უნდა შეგიზღუდოო. ამას სხვა წინააღმდეგობა შეხვდებოდა. ხოლო რაც შეეხება სიკვდილიანობას, ახლახან იყო გადაცემა, სადაც ითქვა, რომ ამგვარი მაჩვენებელი იმიტომ კი არ არის, რომ მას სტანდარტული მეთოდებით (როდესაც ფილტვი ზიანდება, მიაწოდო ჟანგბადი, ვენიდან - სხვადასხვა საკვები და ა.შ.) ვერ შველი, არამედ, მაგალითად, როდესაც ჩინეთს ვირუსი მოედო, საავადმყოფოებს ერთბაშად ძალიან ბევრი ადამიანი მიაწყდა, იქ კი ამდენი დაავადებულის მომსახურებისთვის მოუმზადებლები აღმოჩნდნენ, შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ჰქონდათ და გარდაცვალებაც ამან გამოიწვია. თუ ქვეყანა მომზადებულია და იცის, რა უნდა გააკეთოს, გარდაცვლილიც, შესაბამისად ნაკლები იქნება. მთავარია, ყველამ გაითვალისწინოს რეკომენდაციები, რასაც პროფესიონალები აძლევენ და ამით ვეღარც ვირუსი გავრცელდება სწრაფად და ექიმებიც უკეთ მიხედავენ ავადმყოფებს.

- მაინც რას წარმოადგენს კორონავირუსი COVID – 19? - თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, უკვე შესაძლებელი გახდა კორონავირუსის საფუძვლიანად შესწავლა. რა არის ვირუსი? წარმოვიდგინოთ იგი კვერცხად, რომელსაც აქვს ცილა, ანუ გარსი და გული, ანუ დნმ (DNA) - დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (მაკრომოლეკულა, რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირების გენეტიკური პროგრამის შენახვას, თაობიდან თაობაზე გადაცემასა და რეალიზებას - ი.ხ.). ცილის გარსზე კიდევ გამობმულია პატარა ცილები - პროტეინები, რომელსაც პირობითად ეკლები ვუწოდოთ. მარტივად რომ აღვიქვათ, ვირუსი შევადაროთ მინდვრის პატარა ეკლიან მცენარეს, რომელიც, რაც მეტი ეკალი აქვს, მით უფრო იოლად ერჭობა ტანსაცმელს. დნმ-ის პროტეინი - "ეკალი", სიმრავლიდან გამომდინარე, ასევე იოლად ეკვრის ადამიანის უჯრედებს და ამას ახერხებს ჩვენივე ორგანიზმში არსებული რეცეპტორების - ACE2-ის (ანგიოტენიზის გადამყვანი ფერმენტის) მეშვეობით. ეს რეცეპტორები შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ქსოვილის ბუსუსებად, რომელიც მინდვრის ეკლიან მცენარეს გაცილებით იოლად იკრავს, ვიდრე გლუვი ქსოვილი. აღმოჩნდა, რომ ამ ახალი ვირუსის ფორმა შეიცავს 20-22-ჯერ მეტ "ეკალს" - წანაზარდს, ვიდრე ჰქონდა 2002 წელს არსებულ ვირუსს - SARS-ს. ადამიანის უჯრედთან მისი მიბმის შანსიც სწორედ 22-ჯერ მეტია.

რადგან ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემასა და ფილტვებში რეცეპტორები მრავლად არის, თუკი ვირუსი მოხვდება ორგანიზმში, იქ მისი განვითარების შანსი ძალიან დიდია, რადგან ვირუსს აქვს თავისი რნმ (RNA) - რიბონუკლეინის მჟავა, რომელიც დნმ-თან ინფორმაციის მიმწოდებლის - მესენჯერის ფუნქციას ასრულებს. თვალსაჩინოდ კვლავ მაგალითს მოვიყვან - ჭაობში ჩავარდნილი ადამიანი თავის გადასარჩენად იწყებს მოძრაობას, ჭაობი კი უფრო ღრმად ითრევს მას. წარმოიდგინეთ, რომ ვირუსი მივიდა ჩვენი ფილტვების უჯრედებამდე, ფილტვი კი არის ბლანტი. როდესაც ვირუსი მასში ხვდება, იგი განაგრძობს მოძრაობას - თავადაც ცდილობს უფრო ღრმად შეღწევას და, ჭაობის პრინციპით, ამას ფილტვის სიბლანტეც უწყობს ხელს. ორგანიზმის სიღრმეში შესული ვირუსი, დარწმუნდება თუ არა, რომ გარემო პირობები მისთვის ნორმალურია, რნმ "ეუბნება" დნმ-ს, - კარგ პირობებში ხარ და დროა, მოქმედება დაიწყოო. როგორც ჩვენს უჯრედებში ხდება დნმ-ის გაყოფა, ასევე იწყებს ვირუსის დნმ ახალი ვირუსული ცილების წარმოქმნას. რაღაც მომენტში ეს ცილები ისე მრავლდება, რომ ადამიანის უჯრედის ბირთვშიც კი აღწევს და ჩვენი იმუნური სისტემაც ამ დროს "ირთვება" - იგი ხვდება, რომ ორგანიზმს რაღაც სჭირს. სწორედ ამ შემთხვევაში უწევს ადამიანს ტემპერატურა - ეს არის იმუნური სისტემის რეაქცია უცხო სხეულის დასამარცხებლად. მთელ ამ პროცესს სჭირდება, დაახლოებით, 1-დან 5 დღემდე პერიოდი. მერე უკვე ჩნდება დაავადების პირველადი ნიშნები. ვირუსი კი განაგრძობს ორგანიზმში სწრაფ გამრავლებას.

- როგორც ვიცით, უკვე კომპანიები COVID – 19-ის სამკურნალო პრეპარატსაც სცდიან - აბსაც და ინიექციასაც და, ასევე, ინტენსიურად მუშაობენ ვირუსის ვაქცინაზეც.

- ამის შესაძლებლობა მეცნიერებს ვირუსის სტრუქტურის კარგად შესწავლის შემდეგ მიეცათ და უახლესმა ტექნოლოგიებმა, კერძოდ, დნმ-ის გაშიფვრის თანამედროვე აპარატის შექმნამ ეს პროცესი საგრძნობლად დააჩქარა - 2002 წელს თუ ამას 1 წელიწადი სჭირდებოდა, ახლა 1 საათზე ცოტა დროშია შესაძლებელი. დნმ-ის გაშიფვრის აპარატის შექმნაზე ვმონაწილეობდი კიდეც და თავადაც მქონდა რამდენიმე პროექტი. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომ მსოფლიოში, დაახლოებით, 35 კომპანია მუშაობს ამ მიმართულებით. კომპანიების 60-80 პროცენტის პრინციპი არის ერთი და იგივე - უნდა გააჩერო რნმ-ის მოქმედება, ანუ ინფორმაციის მიმწოდებელმა რნმ-მა უნდა უთხრას დნმ-ს, რომ ადამიანის ორგანიზმში მისთვის ცუდი პირობებია და არ უნდა გამრავლდეს. დანარჩენს კი ადამიანის იმუნური სისტემა თავად დასძლევს. ამას ემსახურება უკვე არსებული პრეპარატი რემდესივირი, რომელმაც ტესტირების რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და THE WALL STREET JOURNAL-ის უახლესი ინფორმაციით, სწორედ ამ ანტივირუსული პრეპარატით მკურნალობენ იაპონიაში საკრუიზო ლაინერის კორონავირუსით დაინფიცირებულ ამერიკელ მგზავრებს, თუმცა იქაური ექიმები დეტალებზე ლაპარაკს ჯერჯერობით თავს არიდებენ.

ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად მეორე მიმართულებაა ანტივირუსული ვაქცინის შექმნა და ამ კუთხით მუშაობის პიონერი არის ბოსტონში არსებული მცირე კომპანია "მოდერნა". ვაქცინის გამოცდის კუთხით აქამდე დიდად არ ჩქარობდნენ, მაგრამ რადგან კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს შეუტია, ამერიკის ხელისუფლებამ უდიდესი რესურსი გამოჰყო მის წინააღმდეგ საბრძოლველად. მეცნიერები უკვე დღედაღამ შრომობენ, რომ ადამიანებზე გამოსაცდელად, რაც შეიძლება მალე მოამზადონ ანტივირუსული ვაქცინა. თუკი დღემდე ფიქრობდნენ, რომ ვაქცინის ადამიანებზე პირველი ტესტირება მომდევნო სამი თვის განმავლობაში დაიწყებოდა, ახლა ვადები შეიცვალა და მისი გამოცდა გაცილებით მალე დაიწყება. ამერიკის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორმა - ენტონი ფოსმა სამი დღის წინ ოფიციალურად გამოაცხადა, დარწმუნებული ვარ, რამდენიმე კვირაში მსოფლიოს საზოგადოება შეიტყობს, რომ პირველ ჯანმრთელ ადამიანს თავდასაცავად პირველი ვაქცინა ვტყორცნეთო!

იხილეთ ასევე: "გვინდა ჩვენი მიღწევებით საქართველოს გამოვადგეთ" - რა მეცნიერულ მეთოდს მიაგნო სიმსივნის დასამარცხებლად აშშ-ში მოღვაწე სოხუმელმა ცოლ-ქმარმა?

(სპეციალურად საიტისთვის)