"ეს ამბავი იმდენმა აიტაცა, ამას არაფრით ველოდით" - კორონავირუსის საფრთხე და სიკეთის ქართული ამბები - კვირის პალიტრა

"ეს ამბავი იმდენმა აიტაცა, ამას არაფრით ველოდით" - კორონავირუსის საფრთხე და სიკეთის ქართული ამბები

ყველაფერი ზღაპარივით - "იყო და არა იყოს" მსგავსად დაიწყო, ზღაპრულად გაგრძელდა და ჯერ მხოლოდ პატარ-პატარა ამბებად სრულდება, რა თქმა უნდა, კეთილად - კეთილი ამარცხებს ბოროტს და, მწამს, ეს დიდი ამბავი საბოლოოდაც ასევე დასრულდება - ზღაპრულად "ჭირი იქა, ლხინი აქათი"... მანამდე კი ზღაპრად ქცეულ ნამდვილ ამბებს მოგიყვებით, როგორ დაიწყო ოთხმა გოგონამ, ოთხმა იურისტმა და ოთხივე - მარიამმა, მარიამ თითბერიძემ, მარიამ ცერცვაძემ, მარიამ ჯორბენაძემ და მარიამ ჩაკვეტაძემ მოხუცების დასახმარებლად ბრძოლა. რამდენიმე დღის წინ მარიამებიდან ერთ-ერთმა - მარიამ თითბერიძემ ტელევიზიით ნახა ვიდეო, რომელშიც ჩანდნენ "კათარზისის" უფასო სასადილოს ჩარაზული კარის წინ მდგარი, დაბნეული და სასოწარკვეთილი მოხუცები, რომლებსაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, როდის გაიღებოდა კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო სადეზინფექციო სამუშაოებისთვის დაკეტილი სასადილო - მათი ლუკმა-პურის ერთადერთი წყარო. კარზე გაკრულ განცხადებაში ამაზე არაფერი ეწერა, წინასწარ კი ისინი არც არავის გაუფრთხილებია... რომც გაეფრთხილებიათ, შიმშილს მათ ეს ამბავი ვერ დაუკმაყოფილებდათ! მარიამმა ეს ვიდეო სასწრაფოდ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გააზიარა და ნაცნობ-მეგობრებისთვის ტექსტიც დაურთო, როგორმე ამ ადამიანებს დავეხმაროთო. მეგობრებიც მაშინვე გაეხმაურნენ და ინიციატივაც გაჩნდა - შეექმნათ ფეისბუქ-გვერდი განცხადებით - "დავეხმაროთ მოხუცებს". ასე დაიწყეს მოხუცებისთვის ფულის შეგროვება.

მარიამ თითბერიძე: - ვფიქრობდით, ჩვენი ნაცნობები გამოგვეხმაურებოდნენ, მაგრამ საოცარი რამ მოხდა: ეს ამბავი იმდენმა აიტაცა, რომ 24 საათში 55 ათას 500 ლარი შეგროვდა. ამას არაფრით ველოდით. ფაქტია, ძალიან დიდი მუხტი წამოვიდა. მერე ვითხოვეთ, გავჩერებულიყავით, რადგან მეტი რესურსი ფიზიკურად არ გვქონდა. ყველაფერს ძალიან დიდი მობილიზაცია სჭირდებოდა, ჩვენ კი მხოლოდ ოთხნი ვიყავით. ძალიან რთული აღმოჩნდა ხანდაზმულთა ბაზის შექმნა. თავიდან კი "კათარზისით" დავიწყეთ, მაგრამ დახმარება ძალიან ბევრ ადამიანს სჭირდებოდა. "კათარზისმა" თავისი ბაზა ვერ მოგვცა, ამიტომ მის შესაქმნელად თავად დავიწყეთ ადამიანების მოძიება. დავიწყეთ თბილისის ქუჩებით, მოწყალების მთხოვნელი მოხუცები აღვრიცხეთ, ჯგუფში გაწევრებულმა ხალხმაც სასწაული გააკეთა - ბევრი მოხუცებული მოიძია, ბევრის კოორდინატები მაჟორიტარმა დეპუტატებმა, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციებმაც გადმოგვცეს, ორი ღამე პირწმინდად გავათენეთ და ახლა ბაზაში 700-მდე ხანდაზმული გვყავს და, ალბათ, მათ შორის, "კათარზისის" ბენეფიციარებიც არიან. ჯგუფში გვეხმიანებიან უცნობები, ვისაც თავად სურთ მოხუცების დახმარება და მონაცემთა ნაწილი მათაც გადავეცით. თანხისთვის ჯერ ხელი არ გვიხლია. ჰიპერმარკეტებს და აფთიაქებს ვაძლევთ კონკრეტული პროდუქციის შეკვეთებს, ოთხშაბათს, 18 მარტს, დილით ყველა ამანათი გამზადებულ-დახარისხებული გვექნება. მანამდე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დაგვეხმარა და დაგვაკავშირა მერიასთან. მერიამ კი თავისი წილი დახმარება შემოგვთავაზა და 18 მარტს, ვირუსის გავრცელებისგან თავის დასაზღვევად, მათი დატრენინგებული და ეკიპირებული მოხალისეები ჩვენთან ერთად დაურიგებენ ხანდაზმულებს საჭირო პროდუქტებს. ამგვარი თანადგომისთვის მათი ძალიან მადლობელი ვართ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების შემოწირულობაა...

სასწაულები კი არ სრულდება. "რწყილისა და ჭიანჭველის" ამბავი ხომ გახსოვთ? სიკეთე გადამდებია და ყველაფერი ასეც გაგრძელდა - მხარდამჭერების საოცარი თანადგომით 4 მარიამის წამოწყებული საქმეს უკვე 200-მდე გახარებული მოხუცი ჰყავს, იმათ გარდა, ვისაც ხვალ უნდა ესტუმრონ.

16 მარტს კომპანია "ბორჯომმა" მათ 5,000 ლარიანი სურსათის და 5,000 ლარიანი ფარმაცევტული პროდუქციის ვაუჩერები გადასცა. ეს ვაუჩერები ახალგაზრდებმა იმავე დღეს გადასცეს მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესიასთან არსებულ სასადილოს, რომელსაც ყოველდღიურად 200-მდე ხანდაზმული სტუმრობს. სასადილოს ბენეფიციარები უკიდურესად გაჭირვებული მოხუცები არიან, რომლებსაც ფიზიკური თუ სხვა პრობლემების გამო საშუალება არ აქვთ, თვითონ მოიმზადონ საჭმელი და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სასადილომ შეუფერხებლად გააგრძელოს მუშაობა. ეკლესია ამ მოხუცებს როგორც მედიკამენტებით, ასევე, სხვა საშუალებებითაც ამარაგებს და ეხმარება.

ეკლესიიდან უამრავი მადლობა და თბილი სიტყვა ერგოთ მარიამების კეთილი საქმის უანგარო და გულანთებულ მხარდამჭერებს, ვინც სიყვარული და იმედი დაუბრუნა მოხუცებს.

მესამე საოცარი ამბავიც მოხდა - ამჯერად დღეს გოგონებმა მოხუცების დასახმარებლად შექმნილ ჯგუფში "ოქროს ადამიანად" ლაშა გაბიტაშვილი მოიხსენიეს და - კომპანია "ანტრე", ვინც ოზურგეთელ ქალბატონ ლიას, რომელიც მშენებლობაზე მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ დაქვრივდა, ხელვაჩაურში ცხოვრობს, ჰყავს 4 წლის გოგონა, თანდაყოლილი გულის მანკით, რომელსაც დროდადრო თბილისის კლინიკაში პროცედურები სჭირდება. ხელვაჩაურის ბინის ქირას მას ბათუმის მერია უხდის, მაგრამ თავისი სახლი არქონის გამო, სოციალური დახმარება შეუწყვიტეს და მხოლოდ მაისიდან მისცემენ. თბილისში პროცედურებისას ქალბატონი ლია მოწყალებას ითხოვს, ბინა რომ დაიქირავოს და მეორე შვილთან - 13 წლის გივისთან ერთად იცხოვროს და იკვებოს. მარიამებმა ზემოთ ნახსენები ადამიანის მიცემული თანხით საკვები და საჭირო ნივთები შეუძინეს დედა-შვილს, თან შეიპირეს, რომ სამოწყალოდ ქუჩაში აღარ გავლენ, მაქსიმალურად მოერიდებიან ხალხთან კონტაქტს, რადგან არსებობს რისკი, კლინიკაში მყოფ პატარა ბარბარეს ვირუსი მიუტანონ. გოგონები დედა-შვილს დარჩენილი ფულით ქირასაც გადაუხდიან. საბედნიეროდ, სიკეთე კორონაზე მეტად გადამდები აღმოჩნდა და უკვე ბევრი ადამიანი ცდილობს სხვა ადამიანების საკვებით, მედიკამენტებით, ტანსაცმლით, ტრანსპორტით დახმარებას.

სიკეთის ჯაჭვი გრძელდება და მას "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვისაც" შეუერთდა - კორონავირუსის პირობებში თბილისსა და საქართველოს მიღმაც სჭირდება ჩვენს ქართველებს დახმარება. ამ ორგანიზაციის გუნდის ერთ-ერთ წევრს გუშინ საზღვარგარეთ მცხოვრები მეგობრის სტატუსი დახვდა: "ესეც ასე. დამხვდა დილის სიუპრიზი - უვადო შვებულება". მსგავსი სტატუსი "დიასპორების ალიანსის" გვერდზე კიდევ რამდენიმე ემიგრანტმა დაწერა - ისინი სამსახურიდან გამოუშვეს და, შესაბამისად, უდიდესი პრობლემების წინაშე დადგნენ. იმავე დღეს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გადაწყვიტა, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს, შეძლებისდაგვარად, მხარში დადგომოდა და თანადგომის შესახებ დაწერა კიდეც.

ანუკა გაბრიაძე, "დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის":

- შემნილმა ვითარებამ ჩვენი ემიგრანტების დიდ ნაწილზე ძალიან იმოქმედა. ვაპირებთ, ყველანაირი რესურსი გამოვიყენოთ და როგორმე მოვიძიოთ ასეთი ადამიანები, პარალელურად კი, მოვიძიოთ ის ხალხიც, ვინც უცხოეთში კარგ პირობებში ცხოვრობს და სურვილის შემთხვევაში შეძლებს მათ დახმარებას. მერე ჩვენს გვერდზე დავწერთ იმ ხალხის ადგილსამყოფელს, ვისაც ესა თუ ის დახმარება სჭირდება და დახმარების მსურველებიც იოლად მიაკვლევენ მათ. ასევე, დახმარების მსურველებს შეუძლიათ ჩვენც დაგვიკავშირდნენ, ჩვენი ფონდის ანგარიშზე ჩარიცხონ თანხა, ჩვენ კი, ამ თანხებს მოძიებულ ქართველებს მათივე საჭიროების მიხედვით ჩავურიცხავთ. ვცდილობთ, ემიგრანტებს სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების თვალსაზრისითაც დავეხმაროთ. ძირითადად, ამ რთული პერიოდის გამო გასაჭირში ჩავარდნილი ემიგრანტების დახმარების მსურველები საზღვარგარეთ შედარებით კარგ პირობებში მცხოვრები ან ბიზნესმენი ქართველები არიან, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც უცხოეთიდან გადმორიცხა თანხა და ამით უშუალოდ საქართველოს დახმარება სურთ. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს მივაწვდინოთ ხმა, რომ უფრო მეტის თანადგომა-დახმარება შევძლოთ.

მივმართავთ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს: თუ შეგიძლიათ რაიმე სახით დაუდგეთ გვერდით ემიგრაციაში მყოფ ქართველებს ან დიასპორის წარმომადგენელი ხართ და გსურთ, დაეხმაროთ თქვენს ქვეყანას, მოგვწერეთ. ასევე, Diaspora Alliance for Georgia-ს ჯგუფში მოიწვიეთ მეგობრები და მაქსიმალურად გაავრცელეთ ინფორმაცია! სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და იქნებ შევძლოთ დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას და უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს!

სიკეთის ჯაჭვის კიდევ ერთი უახლესი ინიციატივა ჩვენ გმირ ექიმებს ეძღვნება - 18 მარტს, 21:00-სთ-ზე მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით და "სექტორ 3"-ის თანაორგანიზებით "მადლიერების ტაშის" აქცია გაიმართება. ერთსა და იმავე დროს მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენი მოქალაქეები საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევებენ ექიმებსა და სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ და ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ეს იქნება მადლიერების აქცია, რომელიც მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღიარებას, მეორე მხრივ კი, ყველა წესის დაცვით, სახლიდან გაუსვლელად, საერთო გამოწვევასთან საბრძოლველად მოქალაქეების გაერთიანებას.

სიკეთის ქართული ამბავი გრძელდება!

(სპეციალურად საიტისთვის)