"3 ქართველი ქალბატონი, სავარაუდოდ, დაავადდა იმ მოხუცებისგან, ვისაც უვლიდნენ" - რას ამბობს იტალიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იოანე? - კვირის პალიტრა

"3 ქართველი ქალბატონი, სავარაუდოდ, დაავადდა იმ მოხუცებისგან, ვისაც უვლიდნენ" - რას ამბობს იტალიაში მოღვაწე არქიმანდრიტი იოანე?

კორონავირუსის პანდემიის გამო იტალია ისევ რთულ ვითარებაშია, სამწუხაროდ, დაავადებულთა რიცხვი ჯერჯერობით არ მცირდება. დიდია გარდაცვლილთა რაოდენობაც. ყველასათვის ცნობილია, რომ ბევრი ქართველია სამუშაოდ იქ წასული და ყველა მათგანი დღეს სახლშია ჩაკეტილი. ბუნებრივია ღელავენ მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოს მოქალაქე, რომელის დასნებოვნების თაობაზეც პირველად გავრცელდა ინფორმაცია სტუდენტი იყო, რომელიც ვიტერბოს უნივერსიტეტში სწავლობს. ის სამკურანლოდ რომში გადაიყვანეს და როგორც საქართველოს საგარეო სამინისტროში გვითხრეს დღეს ისიც და საქართველოს კიდევ ერთი მოქლაქე, რომელიც ასევე კორონავირუსით დაინფიცირდა, უკვე გამოჯანმრთელდნენ და კლინიკიდან გაწერეს. ისინი შინ გადიან გამოჯანმრთელების შემდგომ აუცილებელ 2-კვირიან საიზოლაციო პერიოდს.

გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს კიდევ სამი მოქალაქის დასნებოვნების თაობაზე, რაც დაგვიდასტურა რომში მოღვაწე ქართველმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა იოანე ხელაიამ. ის სამრევლოს წევრებს ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს.

- ყველა დიდი განსაცდელის წინაშე ვართ, რთული მდგომარეობაა იტალიაში, დასნეულების მაჩვენებელი და გარდაცვალების რიცხვიც ძალიან მაღალია და ყოველდღე იზრდება და ეს მოქმედებს ყველა ჩვენთაგანზე. იტალიის მთელ ტერიტორიაზე გამკაცრებულია გადაადგილება, ყველაფერი დაკეტილია, მხოლოდ აფთიაქები და მარკეტები მუშაობს. რამდენიმე დღით ადრე საკმარისი იყო სპეციალური მოდულის შევსება საიდან სად მიდიოდი და რა მიზნით და ამ მოდულის საფუძველზე შეგეძლო გადაადგილება. დღეს ეს უკვე გაამკაცრეს. უკვე ითხოვენ დამატებით ცნობებს შენი ჯანმრთელობის შესახებ, ანუ დაინფიცირებული რომ არ ხარ და ასევე ხომ არ გაქვს კარანტინი დაკისრებული. ეს ძალიან ართულებს გადაადგილებას. როგორც ვიცი, 3 ქართველი ქალბატონი დაავადდა, რომლებიც მოხუცების მომვლელად მუშაობდნენ. ისინი დაავადნენ იმ ადამიანებისგან, ვისაც უვლიდნენ. მოხუცები გადაყვანილი არიან კლინიკებში, ასევე ქართველი ქალბატონებიდან ერთი, დანარჩენი ორი კი თვითიზოლაციაშია ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. მათ მსუბუქი სიმპტომები აქვთ. ჩვენი საელჩო ძალიან პასუხისმგებლიანად მოეკიდა ამ მდგომარეობას და გვერდში უდგანან ქართველებს. ასევე ყველა ქართველმა ძალიან გაითავისა და პასუხიმგებლობით მოეკიდა იმ რეგულაციებს, რაც იტალიის ხელისუფლებამ დააწესა. ნეტავ, რა უნდა მოხდეს ამაზე მეტი მთელ სამყაროში, რომ დაგვაფიქროს და ჩვენს სულებში ჩაგვახედოს! იუმორითა და ტაშ ფანდურით ხვდება მთელი მსოფლიო ამხელა გამოწვევას! არადა, აღარაა ცეკვა-სიმღერის დრო, მერწმუნეეთ! ვილოცოთ, უფლის მოწყალებაზე გადის ჩვენი გადარჩენა.

(სპეციალურად საიტისთვის)