"ახლა კი, ისე მშვიდად ვარ, მიკვირს კიდეც"
20-03-2020
"ახლა კი, ისე მშვიდად ვარ, მიკვირს კიდეც"
"როცა იქნება, ცხადია, დავწერ ამ ყველაფერზე, თუ ღმერთს არ ჩაეცინა, ახლა ამას რომ ვამბობ" - ქართველი პოეტი "წითელი ზონიდან"

რა ბედნიერებაა, ინტერნეტი რომ არსებობს და ნებისმიერ მანძილზე შეგვიძლია ერთმანეთს გადავძახოთ, მოვიკითხოთ, მოვეფეროთ... რომ არც ერთმა ჩვენგანმა მარტოდ არ ვიგრძნოთ თავი. ჰოდა, ამ "სიკეთის" წყალობით "კორონასჟამს" ერთ ძვირფას ადამიანს გადავძახე ასე - სოსო მეშველიანს, ჩემს სვან მეგობარს - მწერალს, პოეტს, მართლაც დიდ ადამიანს. სოსო დიდი ხანი არ არის, რაც კვლავ ესპანეთში
წავიდა სამუშაოდ და მისივე სიტყვებით რომ გადმოგცეთ, ამ ჟამიანობის დროს ბარსელონაში ჩარჩა, თვითიზოლაციაში გამოკეტილი... მერე მისი პატარ-პატარა "ფეიბუკსტატუსები" მხვდებოდა თვალში, და გულშიც, რადგან მარტის ეს ბოლო დღეები განსაკუთრებით მძიმეა ესპანეთისთვის და მით უფრო მძიმეა იქ მყოფი ემიგრანტებისთვის. აქედან კი ვეხმიანებით, მაგრამ... ჩვენ, თავად გამოკეტილები, შინ
ვეღარ ვუძლებთ მარტოობას და, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, სამშობლოდან და ოჯახიდან შორს მყოფი რას უნდა განიცდიდეს... 17 მარტის სტატუსში წერს: "როცა აქეთ მოვდივარ, ბავშვები ჩუმად წერილებს მიდებენ ჩანთაში, მოგვიანებით მომწერენ, აქ წერილები დევს და თუ ნახეო?" სტატუსს თავისი პატარა გოგონას წერილსაც ურთავს: "საყვარელო მამა, ძალიან მიყვარხარ, მე ძალიან მენატრები, ძალიან მიყვარხარ, ჩემო საყვარელო მამიკუნია, ძალიან დიდი მადლობა, ოცი ლარი რომ მომეცი! სიყვარულით, შენი მარიამი"... ამგვარი სიყვარულის ახსნა სევდას აუცილებლად მოგგვრის, მაგრამ... ალბათ, ეს სიყვარულია, უდიდეს ძალას რომ გაძლევს და იცი, რისთვის უნდა იცოცხლო და რა უნდა გიხაროდეს...

სოსო მეშველიანი:
- სიმართლე გითხრა ამ მომენტისთვის არ ვაპირებდი აქეთ წამოსვლას, სვანეთისთვის ვემზადებოდი, ახალი ანკესიც კი ვიყიდე, მაგრამ... ოსკარმა მომწერა, ძველი ნაცნობია, ესპანელი, სამშენებლო ემპრესის უფროსი, კარგი სამუშაო მაქვს, ჩამოდიო, კარგ ანაზღაურებას შემპირდა. წამოვედი და აჰა... სამი კვირის წინაც იყო ჩვენთან, საქართველოში, პანიკის ნიშნები, რაც ძალიან უსაფუძლო მეგონა, ზოგს დავცინოდი კიდეც. წამოსვლის ღამეს სახლში ძალით ჩამიდეს ზურგჩანთაში პირბადეების მთელი შეკვრა, რაღაც ხელებზე წასასმელი ხსნარი, ანტივირუსული შუშხუნა აბები. წამოვედი, თბილისის აეროპორტში ბლომად დადიოდა პირბადიანი ხალხი, სტამბოლში - აქა-იქ, ბარსელონის გადავსებულ აეროპორტში კი კაციშვილს არ ეკეთა, ზოგი თვალსაც კი მაყოლებდა, პირბადიანს რომ მხედავდა. ისე მეუხერხულა, მეც ავდექი და, მოვისროლე, მერე კი, მოხდა ის, რაც მოხდა. ახლა ჩემ გარდა ყველა პირბადით დადის. მგონი, ორივე შემთხვევაში დაცული აღმოვჩნდი.

თავდაპირველად სახლიდან რომ მერთვებოდნენ მესინჯერში და მატარებელში პირბადის გარეშე დამინახავდნენ, პატარა მარიამიც კი მიწყრებოდა, ამდენ ხალხში პირბადის გარეშე როგორ დადიხარო?! მე კი ვიცინოდი, ვშაყირობდი და თურმე... ერთ დღეში შეიცვალა და აირია ამ ქვეყნის ნახევარსაუკუნოვანი რიტმი და წესრიგი. დღემდე მიჭირს აზრზე მოსვლა. ცოტა ხნით გავდივარ ხოლმე გარეთ, მაღაზიაში საჭმლისთვის ან აფთიაქში და შინ უცნაურად გაბრუებული ვბრუნდები.

ესპანელები უაღრესად წესრიგიანი და კანონმორჩილი ხალხია. რასაც ვხედავ, აბსოლუტურად ზედმიწევნით იცავენ ყველა დაწესებულ რეგულაციას და რაც მოხდა, ის აქაური მთავრობის დაუდევრობის ბრალია. სიტუაცია კი მძიმეა და დღითიდღე უფრო მძიმდება. 18 ათასია უკვე დაინფიცირებული, ერთ დღე-ღამეში - 4000, 900-მდე გარდაცვლილია. ქართველი გარდაიცვალა მადრიდში, ალბათ, ემიგრანტი. ვიტორიაშიც კიდევ ერთს აღმოაჩნდა...

- სტატუსში დაწერე, მსოფლიო წესრიგი შეიცვალაო, ფაქტია, შენი წესრიგიც შეიცვალა - შედარებით ადრინდელ ნაწერებში, მაგალითად, "ქოლგაში" ბილბაოს ხმაურიან სახლებს, სამეზობლოს ახსენებ, სამუშაოდან შინ დაბრუნებულს ძილის საშუალებას რომ არ გაძლევდა და თანაც დაურთავ: რამხელა ბედნიერებაა ამ დროს თავსხმა წვიმა, დელგმა, თავისი ჭექა-ქუხილით, საერთოდაც - მეორედ მოსვლის მოლოდინიო... დღეს ამგვარ მოლოდინზე ბევრი ლაპარაკობს, ბევრი პანიკაშია, ღელავს, ნაწილი სიმშვიდეს ინარჩუნებს. საქართველოში დარჩენილი შენს ოჯახს როგორ გადააქვს ეს დღეები უშენოდ? ან შენ როგორ ხარ ამ განსაცდელის დროს მათგან შორს?
- მსოფლიო წესრიგთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩემი წესრიგიც შეიცვალა. როცა მოკლე დროით ჩამოდიხარ, აქ თვითიზოლაციაც შეუძლებელია - ცალკე ბინის დაქირავება ძვირიც არის და, სულ მცირე, ერთწლიანი კონტრაქტია საჭირო, ასევე, წინასწარ - ორი ათასი ევრო მაინც. კონტრაქტს თუ დაარღვევ, ფული გეკარგება. ოთახს ვქირაობ უცხოელი ემიგრანტებისგან, სადაც აბანო და სამზარეულო საერთოა. ამჟამად უკრაინელებთან ვცხოვრობ, კარგი ხალხია, მაგრამ ამ უსაქმურობის დროს ხშირად სვამენ, მერე მაინც გაეხეტებიან ხოლმე გარეთ, მეგობრებს აკითხავენ, ზოგჯერ დალევაში მეც ვყვები, როცა სხვა გზა არ მრჩება. აქ, ერთი შეხედვით, არც ისეთი პანიკაა, მართალია, ძალიან ცოტა, მაგრამ ხალხი მაინც დადის ქუჩაში, პროდუქტზე, აფთიაქში, ერთგან, პურის მაღაზიაში, ყავასაც კი ასხამენ წასაღებად, ათი კაცი რომ იდგეს რიგში, რიგი მაინც ათობით მეტრზე იწელება, ერთმანეთისგან ისეთ დისტანციაზე დგანან, გასუსულები, ეს ფიესტების, ხმაურისა და ხვევნა-კოცნის მოყვარული ადამიანები.

ჩემს ოჯახს რაც შეეხება, რაც სამსახურებსა და სკოლებში დასვენება გამოაცხადეს, ჩემები სოფელში წავიდნენ და ცოტა დავმშვიდდი. მათი სოფლად ყოფნა ყველაზე მეტად ჩემი ბიჭისთვის - გიორგისთვის მინდოდა. ამ ბოლო დროს, რამდენჯერაც დაველაპარაკე, იმდენჯერ გამომიტირა, ახლა თავის საყვარელ ძაღლთან და ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან თამაშს მაინც გადააყოლებს გულს. ერთი შეხედვით უხეში, მაგრამ საწყალი ბავშვია. ახლა კი, ისე მშვიდად ვარ, მიკვირს კიდეც. გარშემო ასეთი ამბებია, მეც ასეთ სიტუაციაში ვარ, ეს წელიც ახლა ამეკავა, იქით ჩემი ძმაც ბილბაოში ჩარჩა... არც ის მაფორიაქებს, თუ რაიმე მოხდა, განმკითხავიც არავინ რომ არ არის - ბედის ანაბარა ხარ, შეგუებული იმ აზრს, რომ შენთვის არავის ცხელა. მართლა ასეა... მეგობარი მირეკავს ახლო ქალაქიდან, გაცოფებული, - ეს რა ხდება, სად ვარ? ცუდად ვარ, ვეხვეწები, არავინ მოდის, მე მივედი, ზედაც არავინ შემხედა, ყველა გარბის, არავის სცალია, მეუბნებიან, ალბათ, ბრონქები გაქვს გაცივებული და იმიტომ გახველებს, ეს წამალი დალიე და გამოკეთდებიო. იქნებ კორონა მჭირს უკვე, ოჯახი მყავს, იქნებ, სხვებსაც გადავდეო! - ყვირის ტელეფონში...

- ცხადია, მოსასმენადაც მძიმეა ეს ყველაფერი... ისე, სადღაც დაწერე, თვითიზოლაციაში კი ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, წერე და იკითხე რამდენიც გინდაო!
- მართლა ასე დავწერე, მაგრამ მერე გამეცინა... თითქოს, მთელი ცხოვრება ვნატრობდი, ერთი დამსვა მარტო, სადმე, თავისუფალი დრო მომცა და კალამი და ფურცელი, მაგრამ... ახლა ისე ვარ შინაგანად გამოფიტული, ისე უცნაურად ვარ, მიკვირს, ამ კითხვებს როგორ ვპასუხობ. თითქოს ეს აყირავებული, დაპატარავებული სამყარო მთლიანად ჩემს თავში ჩაიპრესა. ერთმა მეგობარმა მომწერა, ისიც აქ არის, შენ რა გიჭირს, წერა-კითხვა გიყვარს, ეს შენთვის არის გამოწერილი, მე რა ჯანდაბა ვქნა, მეო? არაფერი ვუპასუხე, გამეცინა. როცა იქნება, ცხადია, დავწერ ამ ყველაფერზე, თუ ღმერთს არ ჩაეცინა, ახლა ამას რომ ვამბობ.

- ბოლოს რაც თქვი, აღარასდროს გაიმეორო! ისევ შენს შემოქმედებაზე ვილაპარაკოთ. ლექსებს კვლავ ზეპირად წერ?
- დიახ, ისევ ზეპირად ვწერ, თუმცა უკვე აშკარად მიჭირს დამახსოვრება, ამიტომ ცოტას ვწერ. ეს ისედაც იგრძნობა, მთავარია, რასაც ვწერ, ხარისხიანი გამოვიდეს. ახლა მაინცდამაინც არც იმას განვიცდი, რაიმე თუ მავიწყდება და ვერ ვიხსენებ. მაქვს ერთი პატარა ახალი ლექსი, სათაურით "დავიწყებული ლექსების გამო"... ძალიან სევდიანი კი არის ეს ყველაფერი, მაგრამ... რაც არის, არის.

- შენი პატარა ჩანაწერი გამახსენდა - "მყნობა". უჩვეულოა: მყნობის სამუშაოს წერასთან აიგივებ და ასე ახარისხებ - კალმით მყნობა პროზის წერას ჰგავს, კვირტით მყნობა კი - ლექსისო... რამ დაგანახვა ამგვარად წერის პროცესი?
- "მყნობაზე" არ ვიცი, რატომღაც ასეთ ასოციაციას იწვევს ჩემში, მიყვარს მყნობა, ბავშვობიდან შემაყვარა მამაჩამმა, მასწავლა, ახლა დიდ სიხარულს მგვრის ჩემი დამყნილი ვაშლი და მსხალი ნაყოფს რომ ისხამს.

- ესპანეთსა და ესპანელებზე დაწერილ მოთხრობებსა და ჩანაწერებში მუდამ შენი ბავშვობის თუ ყრმობის ადგილებთან, ადათ-წესებთან, ადამიანებთან, ქართულ ცხოვრებასთან ავლებ პარალელებს. ეს უფრო მონატრებისაა თუ - სულის გადარჩენისთვის?
- დღემდე ასე ხდება, საქართველოში ყოფნისას უფრო ესპანეთზე ვწერ და - პირიქით. ალბათ, ამიტომ იხლართება და ერწყმის ერთმანეთს ეს, ერთი შეხედვით, ასე დაშორებული და განსხვავებული სამყარო. და - არცთუ ერთი შეხედვით. ასე ადვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მიყვარს... წერა მიყვარს, სახლში ხშირად ბავშვებთან ვარ მარტო, ისინი ჩემზე დამოკიდებულნი არიან, მე კი, ზოგჯერ ისე შევტოპავ, ისე ვითიშები, ისე ვიკეტები სადღაც, სიტყვების ლაბირინთში, ისე მიჭირს იქიდან გამოღწევა, საკუთარი შვილებიც მავიწყდება, ტაფაში ჩამწვარი კარტოფილის კვამლსაც ვერ ვგრძნობ. ეს სიყვარული კი არა, სიგიჟეა.

- რას ფიქრობ ხვალინდელ დღეზე, შინ დაბრუნებაზე?
- დიდი ოპტისტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ მაინც მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. აზრზე მოსასვლელად ზოგჯერ ერთი ასეთი შეჯანჯღარება უნდა სამყაროს.

(სპეციალურად საიტისთვის)
ჯანრი
21 მარტი 2020 18:43
!!! მშვიდობით დაბრუნება... იხარე და გაძლიერდი...
ani
20 მარტი 2020 19:25
გაიხარეთ! ნეტავ ისე მოხდებოდეს რომ არტველები ყველა დავბრუნდეტ საქარტველოში ამ ჩვენი პატარა სამოტხის ასაყვავებლად, ტორემ გაჯიჯგნეს ეს ქვეყანა შინაურმა და გარეულმა მტრებმა-პირდაპირი გაგებიტ!

რედაქტორის რჩევით
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
გაქვთ თუ არა გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?