მედიკამენტი, რომელსაც უკვე 1000 დაინფიცირებულზე ცდიან - რაზე და როგორ მუშაობენ, კორონავირუსის შესაჩერებლად, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები?
მედიკამენტი, რომელსაც უკვე 1000 დაინფიცირებულზე ცდიან - რაზე და როგორ მუშაობენ, კორონავირუსის შესაჩერებლად, მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები?
პანდემიად ქცეული ახალი კორონავირუსის დასამარცხებლად მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები იბრძვის. ამერიკული და ევროპული ფარმაცევტული სისტემები იმედს რამდენიმე პრეპარატზე ამყარებენ, ამის პარალელურად კი ვაქცინის შექმნასა და მის დატესტვაზე მიმდინარეობს მუშაობა. ვაქცინის გამოცდის პროცესი 12-18 თვეს მოითხოვს, შესაბამისად, უფრო სწრაფი და ეფექტური შედეგისთვის მედიკამენტებზე დაკვირვება და მათი დაჩქარებული გამოცდა გრძელდება.

"რემდესივირი"

მსოფლიოს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები ჯერჯერობით რამდენიმე პრეპარატზე ლაპარაკობენ, მათ შორისაა "რემდესივირი", რომელსაც ფარმაცევტული კომპანია "Gilead Sciences" აწარმოებს. მედიკამენტი შეიქმნა ებოლასთან საბრძოლველად.
მეცნიერები აცხადებენ, რომ "რემდესივირი"ეფექტიანია იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ კორონავირუსით გამოწვეული მძიმე-მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელიც თავდაპირველად სეზონური გრიპისმაგვარი სიმპტომებით ვლინდება, მოგვიანებით კი ხშირად ვითარდება ატიპიური პნევმონია - მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. მისი ლეტალობა მნიშნელოვნად აღემატება გრიპის ან სხვა ხშირი რესპირატორული ინფექციების ლეტალობას. "რემდესივირზე" დაკვირვება გულისხმობს მის
მრავალმხრივ გამოცდას, რაც დაახლოებით 1 000 პაციენტის მონაწილეობით მიმდინარეობს.
პრეპარატის ტესტირება მარტის დასაწყისში დაიწყო. როგორც "Gilead Sciences"-ის ოფიციალურ გვერდზე წერია, - წამალს ორი მიმართულებით ცდიან, ანუ რემდისივირით მკურნალობას გადის 2 ჯგუფი - 6 თებერვლიდან ერთი ჯგუფი პაციენტებისა, რომელთაც მძიმე კლინიკური მდგომარეობა აქვთ, ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას და ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ; ხოლო მეორე ჯგუფის წევრები, რომელთაც უფრო მსუბუქ ფორმებში აქვთ კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, 13 თებერვალს ჩაერთნენ ცდებში. კლინიკური ცდის შედეგები კი აპრილში გამოქვეყნდება. საქართველოს შესაბამისი სამსახურების განცხადებით, კომპანიასთან ამ მედიკამენტის მოწოდების თაობაზე მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. შეგახსენებთ, "Gilead Sciences" ის კომპანიაა, რომლის მოწოდებული თანამედროვე მედიკამენტითაც შესაძლებელი გახდა ქვეყანაში ც ჰეპატიტის მასშტაბური დამარცხება.

"ქლოროქინის" ("პლაქვენილი")

19 მარტს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განცხადა, რომ ამჟამად ამერიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ პრეპარატ "ქლოროქინის" ("პლაქვენილი") აქტიური ტესტირება მიმდინარეობს. "ეს ჩვეულებრივი მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატია. ის ასევე გამოიყენება ართროზის დროს. თუმცა, ეს პრეპარატი ცნობილია, როგორც მალარიის საწინააღმდეგო და მედიცინა დიდი ხანია მას იყენებს. ის ძალიან ძლიერია. მან აპრობაცია გაიარა და სიცოცხლისთვის არ არის საშიში. ის ძალიან დამაიმედებელ შედეგებს იძლევა კორონავირუსთან დაკავშირებით პირველ ეტაპზე", - ტრამპის ამ განცხადების პარალელურად გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ლაპარაკია, რომ ამერიკის "კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტო"-ს (USFDA) ჯერ არ აქვს დამტკიცებული პრეპარატი კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებად, თუმცა პრეპარატები, რომელიც აქამდეც ხელმისაწვდომი იყო მალარიისა და რევმატოიდული ართრიტის მკურნალობისას აქტიურად განიხილება კორონავირუსის სამკურნალოდ. როგორც ცნობილია, ამ პრეპარატს აქტიურად გამოყენებენ ჩინეთში, სადაც თავადაპირველად გავრცელდა ინფექცია და ასევე გამოყენებენ საქართველოშიც.

ტრამპის განცხადების შემდეგ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა: "მოხდა საინტერესო რამ, გუშინ გამოქვეყნდა ფრანგების რეკომენდაციები, სადაც მათაც "პლაქვენილი" დაასახელეს ამ დაავადების, ახალი კორონავირუსის სამკურნალოდ. ასევე ტრამპ გამოვიდა და ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ს ოფიციალურ რეკომენდაციებს და ექსპერტების რჩევისა და ანალიზის საფუძველზე, თავის თავზე იღებს, რომ ეს მედიკამენტი, "პლაქვენილი" პრეზიდენტის ბრძანებით დაუშვას გამოსაყენებლად. ანუ, ექიმებს ჰქონდეთ უფლება, გამოიყენონ, ვიდრე FDA საბოლოო დასკვნას გააკეთებს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მართალი გითხრათ, პატარა ზეიმივით გვქონდა სამსახურში, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ ამას ვაკეთებთ თვენახევარია".

რა ვიცით ამ მედიკამენტის შესახებ?
ის გამოიყენება მალარიის, ამებიაზის, სახსრების ზოგიერთი დაავადების, შემაერთებელი ქსოვილის და კანის დაავადებების სამკურნალოდ (როგორც რევმატოიდული ართრიტის, წითელი მგლურას). "ქლოროქინს" მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან იყენებენ. ის 1934 წელს ჰანს ანდერსაგმა შექმნა, თუმცა პრეპარატი წლების განმავლობაში არ გამოიყენებოდა, რადგან მიიჩნევდნენ რომ საკმაოდ ტოქსიკური იყო ადამიანებისთვის. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწვიტა მისი გამოცდა, როგორც მალარიასთან ბრძოლის საშუალების, ცდების შემდეგ კი, 1947 წელს ის დაამტკიცეს, როგორც მალარიის სამკურნალო პრეპარატი. ტრამპის გამოსვლის შემდეგ სი-ენ -ენ-მა რამდენიმე საათში გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით - "Trump wrongly claims FDA 'approved' drug chloroquine to treat the coronavirus" ("ტრამპმა შეცდომით თქვა, რომ ამერიკის კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტომ "ქლოროქინი" კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატად დამტკიცა). მოკლედ, ამერიკის კვებისა და მედიკამენტების მართვის სააგენტოს განცხადებით, - ვიდრე "ქლოროქინის" უსაფრთხოებასა და ეფექტიანობაზე ვილაპარაკებთ, მდიკამენტმა უნდა გაიაროს შესაბამისი პროცედურები და დაკვირვება, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საჩქაროა არსებობდეს მედიკამენტი, რომელიც ეფექტურად დაამარცხებს კორონავირუსსო.

"ანტისხეულები" და "კევზარა"
მესამე პრეპარატი, რომელსაც ფარმაცევტული კომპანია "რეგენერონი" ფრანგულ ფარმაცევტულ კომპანია "სანოფისთან" ერთად ამუშავებს ეს არის "ანტისხეულები", რომელსაც პროფილაქტიკის მიზნით მიიღებენ კორონავირუსით დაინფიცირებისგან თავიდან ასაცილებლად. პრეპარატი ზაფხულის პირველ თვეებში იქნება მზად და მას პირველ რიგში ექიმებზე დატესტავენ.
აშშ-ში კიდევ ერთ პრეპარატზე ამყარებენ იმედს, ესაა "კევზარა", რომლის გამოცდაც გასულ კვირაში დაახლოებით 400 პაციენტზე დაიწყო.

როდის გვექნება კორონავირუსის საწაინაღმდეგო ვაქცინა?
კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ იარაღად განიხილება ვაქცინა, რომლის საბოლოო პროდუქტად მიღებას და მასებისთვის მიწოდებას, სულ ცოტა 12 თვე სჭირდება. მსოფლიო მედია აქტიურად წერს, რომ ჩვეულებრივ ვითარებაში ვაქცინის შექმნას სჭირდება არანაკლებ 5 წელი და მნიშვნელოვანი კაპიტალი. ამ ხანგრძლივმა პროცესმა წარსულში ებოლასთან ბრძოლა საკმაოდ გაართულა. თუმცა ახლა მეცნიერები უფრო მეტად არიან მზად, ვიდრე ეს ებოლას ეპიდემიის პერიოდში იყო. მიუხედავად იმისა რომ ვაქცინის გამოცდის პროცესი დაიწყო, ვერავინ იძლევა გარანტიას, რომ ეს იქნება წარმატებული. ამჟამად მსოფლიოში დაახლოებით 20-მდე სამედიცინო კომპანია მუშაობს ვაქცინის შექმნაზე. 16 მარტს კი, ვაქცინის პირველი დატესტვა დაიწყო სიეტლში, რომელშიც 18-დან 45 წლამდე 45 მამაკაცი და ქალი მონაწილეობს.

ამ ორიოდე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაცქინის გამოცდა დაიწყო რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა "როსპოტრებნადზორმაც".

"COVID-19 ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად და კონტროლის მიზნით, "როსპოტრებნადზორის" ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევის ცენტრმა სწრაფად შეიმუშავა ვაქცინების პროტოტიპები, რომლებიც ექვს სხვადასხვა ტექნოლოგიურ პლატფორმაზეა დაფუძნებული,"- აღნიშნულია "როსპოტრებნადზორის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

(სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები