პაატა იმნაძე: "შემდეგი ფაზა იქნება შიდა გავრცელება, როცა ვერ დავადგენთ, რისგან გახდა ადამიანი ავად" - კვირის პალიტრა

პაატა იმნაძე: "შემდეგი ფაზა იქნება შიდა გავრცელება, როცა ვერ დავადგენთ, რისგან გახდა ადამიანი ავად"

"ჩვენ გვჭირდება მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიების დამზადებული მაღალი სანდოობის ტესტები. ამავდროულად, რაც უფრო მეტი კერძო ლაბორატორია შემოიტანს მაღალი ხარისხის ტესტებს და შეეშველება სახელმწიფო სექტორს, მით უკეთესი"

21 მარტს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ერთ თვეს გასტანს. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის შემოღებასთან დაკავშირებული დადგენილებით ამ ეტაპზე არ დაწესდება საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. საქართველოს თავდაცვის ძალები ყაზარმულ მდგომარეობაზე გადადიან. ქვეყანაში საჰაერო მიმოსვლა შეწყდა. გარდა სასურსათო დანიშნულებისა, დახურულია მაღაზიები, მუშაობას განაგრძობენ მხოლოდ აფთიაქები, ავტოგასამართი სადგურები, ბანკები და საფოსტო ქსელები. 21 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 49 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გვაიმედებს, რომ უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებული მოქალაქეების რიცხვი გაიზრდება. ამჟამად კარანტინშია 1966 მოქალაქე, 259-ს კი სტაციონარულ მეთვალყურეობას უწევენ. "კვირის პალიტრის" კითხვებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე უპასუხებს.

- ბოლო დღეებში დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან გვაქვს ამერიკული და ესპანური კლასტერები. ორივე ოჯახურია, ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ.

ვინც ოჯახურ პირობებში გადიხართ თვითიზოლაციას, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან კონტაქტს, რადგან როგორც პრაქტიკამ ცხადყო, ვინც ოჯახურ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ბევრ შემთხვევაში მათი ოჯახის სხვა წევრებიც დაავადდნენ.

ქვეყანაში ჩამოსული ნებისმიერი პირი კარანტინში მოთავსდება, რადგან უკვე გამოჩნდა, რომ არა მარტო ევროპის ქვეყნებიდან, არამედ შეერთებული შტატებიდან შემოსულებისგანაც მოსალოდნელია ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები.

- ამ ეტაპზე როგორი ვითარებაა, ჯერ ისევ შეკავების ფაზაში ვართ? - უკვე გადავედით გავრცელების შენელების ფაზაზე. შემდეგი ფაზა იქნება შიდა გავრცელება, როცა ვერ დავადგენთ, რისგან გახდა ადამიანი ავად. სანამ ვიცით, ვისგან გახდა ადამიანი ავად, მანამდე სიტუაცია აბსოლუტურად კონტროლირებადი იქნება. მთავრობა ყველა შესაძლო ზომას იღებს. მზად უნდა ვიყოთ იმ მომენტისთვის, როცა შიდა გავრცელება დაიწყება. ამის გამო მთავრობა წინასწარ ატარებს შემზღუდავ ღონისძიებებს.

- ჯანმრთელობის მინისტრის განცხადებით, ის პაციენტები, რომელთაც კორონავირუსის მსუბუქი გამოვლინება ექნებათ, ოჯახის ექიმის მომსახურებას შინ მიიღებენ. - დიახ. ასეა ევროპაში, ყველა მსუბუქი ავადმყოფი შინ მკურნალობს.

- მოსალოდნელია თუ არა შემთხვევების ზრდა და როდის უნდა ველოდოთ პიკს?

- რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, პიკზე კი მერე ვილაპარაკოთ, როცა შიდა გავრცელება დაიწყება. როგორც მოგახსენეთ, ჯერჯერობით ვიცით, ვინ ვისგან გახდა ავად.

- რესპუბლიკურ საავადმყოფოში ხშირი მიმართვიანობის გამო ჯანმრთელობის მინისტრი გააკრიტიკეს. - ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, რომელიც ჩინეთში ფართოდ გამოიყენეს. ქვეყანაში განისაზღვრა სპეციალური ჰოსპიტლები, სადაც ყველა სიცხიანი მიდიოდა და იქ ადგენდნენ, ვინ საეჭვო იყო და ვინ არა. ამას სამედიცინო ენაზე ტრილაჟი ჰქვია, ანუ ავადმყოფების გადარჩევა. ასეთ დროს ზოგი სტაციონარში ნაწილდება, ზოგიც თვითიზოლაციაში.

- თუ ავადმყოფს შინ არა აქვს იზოლაციის პირობები, როგორ უნდა მოიქცეს?

- მაშინ ჰოსპიტალიზებული იქნება.

- ტესტებთან დაკავშირებით რა სიახლეებია? თქვენ ბრძანეთ, რომ ბაზარზე შეიძლება ფეიკტესტები გავრცელდეს. - დიახ, მაგალითად, ტაილანდში გამოყენებულ ნიღბებს ყიდდნენ, ასე რომ, ყველაფერი მოსალოდნელია. არაკეთილსინდისიერ ხალხს რა გამოლევს. ჩვენ გვჭირდება მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიების დამზადებული მაღალი სანდოობის ტესტები. ამავდროულად, რაც უფრო მეტი კერძო ლაბორატორია შემოიტანს მაღალი ხარისხის ტესტებს და შეეშველება სახელმწიფო სექტორს, მით უკეთესი. ამის პრეცედენტი უკვე არსებობს - არის კერძო ლაბორატორია, რომელიც თითქმის იმავე მეთოდით აკეთებს ტესტებს. ვინც გააკეთებს მაღალი ხარისხის ტესტებს, ყველას მივესალმებით.

- ალბათ, ძალიან ბევრი გეკითხებათ, როდემდე ვიქნებით ასეთ პირობებში?

- ეს დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში.

- ჩვენმა რეალობამ დაგვანახა, რომ ცოვიდ-19 ბავშვებსაც ერჩის. - საბედნიეროდ, ჯერჯერობით ბავშვები ისევ დაბალი რისკის მქონენი არიან, განსაკუთრებით დაავადების სიმძიმით. თუმცა რისკს წარმოადგენენ დაავადების გავრცელების თვალსაზრისით - თვითონ მსუბუქად გადააქვთ, სამაგიეროდ, შეიძლება გავრცელების წყარო იყვნენ ოჯახის ხანდაზმული წევრებისთვის.

- ბევრს მიაჩნია, რომ თუ ხშირად ცხელ წყალს დალევს, ვირუსს დაამარცხებს, მითია ეს თუ რეალობა? - მითია. თუმცა ბევრი სითხის სმა კარგია ორგანიზმის იმუნური სისტემის საბრძოლველად მაქსიმალურად მოსამზადებლად. თუ ფსიქოლოგიურად ძალიან დავითრგუნებით, იმუნური სისტემაც დაითრგუნება და ინფექციები უფრო იოლად მოგვერევა. ამიტომ რამდენადაც შესაძლებელია, პოზიტიურად იფიქრეთ და დარჩით შინ.