თენგიზ ცერცვაძე: "გამოიკვეთა ორი მედიკამენტის უპირატესობა" - კვირის პალიტრა

თენგიზ ცერცვაძე: "გამოიკვეთა ორი მედიკამენტის უპირატესობა"

"რემდესივირი" თუ არ განკურნავს, ხელს უწყობს კორონავირუსული ინფექციის შერბილებასა და ლეტალობის შემცირებას. რადგან კვლევა დამთავრებული არ არის, ამ მედიკამენტის მოხმარება ოფიციალურად არ არის რეკომენდებული"

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე "კვირის პალიტრასთან" იმ მედიკამენტებზე საუბრობს, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალოდ იყენებენ.

- ჯერ კვლევებით არც ერთ ანტივირუსულ პრეპარატზე არ დადასტურებულა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულს განკურნავს. მიმდინარეობს დაახლოებით 7-8 მედიკამენტის გამოცდა ჩინეთში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. მკვლევრების ერთ ჯგუფს ერთი მედიკამენტი უფრო მოსწონს, მეორეს სხვა და ა.შ. და ჯერ საერთო აზრი არა აქვთ. ჯერჯერობით გამოიკვეთა 2 მედიკამენტის უპირატესობა.

- კერძოდ?

- "რემდესივირი", რომელსაც აწარმოებს ამერიკული კომპანია "გილიადი", ჩვენი მთავარი პარტნიორი - ის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის გვაწვდის მილიარდობით დოლარის ღირებულების მედიკამენტს.

"რემდესივირი" ებოლას სამკურნალოდ შექმნეს, მაგრამ ეს ვირუსი ვერ დაამარცხა. ახლა მას კორონავირუსის სამკურნალოდ ცდიან.

კვლევას კომპეტენტური ინსტიტუტები ატარებენ - აშშ-ის ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტი, რომლის დირექტორი ანტონი ფაუჩი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი და მეგობარია. მან სოციალური მედიით ოფიციალური განცხადება გააკეთა და ჟურნალ "ლანცეტში" წერილიც დაბეჭდა, რომ "რემდესივირი" იმედისმომცემი პრეპარატია, მაგრამ ჯერ კვლევა არ დამთავრებულა. მეცნიერების აზრით, "რემდესივირი" თუ არ განკურნავს, ხელს უწყობს კორონავირუსული ინფექციის შერბილებასა და ლეტალობის შემცირებას. რადგან კვლევა დამთავრებული არ არის, ამ მედიკამენტის მოხმარება ოფიციალურად არ არის რეკომენდებული და არ არის ხელმისაწვდომი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა მხოლოდ იმ ქვეყნებისა, სადაც კვლევა მიმდინარეობს. მაგრამ რადგან ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები, რომ ეს მედიკამენტი შესაძლოა სხვებზე უკეთესია, ჩვენმა სამინისტრომ და მთავრობამ მიმართა კომპანია "გილიადს" თხოვნით, რომ გაითვალისწინოს განსაკუთრებული ურთიერთობა საქართველოსა და "გილიადს" შორის და როცა ამ პრეპარატს აშშ ვინმეს მისცემს, მათ შორის საქართველო ერთ-ერთი პირველი იყოს.

- მეორე მედიკამენტზე რას გვეტყვით?

- მისი ქიმიური სახელია ჰიდროქსიქლოროქინი, ხოლო გასაყიდი სახელია "პლაქვენილი". ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს პრეპარატი აჯობებდა და პირველივე ავადმყოფიდან, რომელიც 26 თებერვალს შემოვიდა, მოვიხმართ, თუმცა არ იყო ოფიციალურად რეკომენდებული, რომ სხვა მედიკამენტს სჯობია. ჩვენ ეს წამალი არაოფიციალურად გამოვიყენეთ, ისევე როგორც ბევრმა ქვეყანამ. გუშინ ფრანგებმა სახელმძღვანელო პროტოკოლი გამოაქვეყნეს კორონავირუსით ინფიცირებულთა სამკურნალოდ და ზემოთ ნახსენები 7-8 წამლიდან ისინი "პლაქვენილს" ამჯობინებენ.

- როდის აღიარებენ ოფიციალურად? - წამალი ოფიციალურად რომ იყოს რეკომენდებული და მთელმა მსოფლიომ გამოიყენოს, მას უნდა ჰქონდეს აშშ-ის წამლისა და საკვები პროდუქტების სააგენტოს (SDA) რეკომენდაცია. ეს არის მსოფლიოში მთავარი ინსტიტუცია, რომელიც წამლებს ოფიციალურ ლეგიტიმაციას უკეთებს. რამდენიმე დღის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიო ვერ მოიცლის, სანამ SDA ოფიციალურ დასკვნას წარმოადგენს. მისი თქმით, ის თვითონ ადევნებდა თვალს წამლების შესწავლას, გაიგო მრჩევლებისა და ექსპერტების აზრი და განაცხადა, რომ 7-8 გამოსაყენებელი პრეპარატიდან, გარდა "რემდესივირისა", ყველაზე უკეთესია "პლაქვენილი". ამის შემდეგ კი ტრამპმა - არ ვიცი, ჰქონდა თუ არა ამის უფლება - ბრძანა, მე, როგორც პრეზიდენტი, ამ წამალს ვაცხადებ ოფიციალურად და რეკომენდაციას ვაძლევ ექიმებს გამოიყენონ როგორც კორონავირუსის სამკურნალოდ დღეს ყველაზე უკეთესი საშუალებაო. ამ სიტყვებით 26 თებერვალს ქართველი ექიმების არჩევანი, რომელიც აქამდე ჩვენს სინდისზე იყო, ტრამპმა დაადასტურა.

- აქამდე "პლაქვენილი" რის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა?

- მალარიისა და რევმატიული დაავადებების საწინააღმდეგოდ. მწარმოებელი საფრანგეთია. აქაც იყიდება, მაგრამ გაფრთხილებთ - მისი მიღება შესაძლებელია მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით და მხოლოდ კორონავირუსის ინფექციის დადასტურების შემთხვევაში. ინფექციის პრევენციას და თავიდან აცილებას ეს წამალი არ იწვევს. როგორც პროფილაქტიკური საშუალება ის არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენება!

- ჩინელები რა მედიკამენტებს იყენებდნენ? - სულ 7-8 პრეპარატს, მათ შორის "პლაქვენილს".

- "რემდესივირს"? - მასობრივად არა.

- როგორია ამჟამად ჩვენი ავადმყოფების მდგომარეობა? - დღეისთვის 49 ლაბორატორიულად დადასტურებული ინფიცირებული გვყავს. მძიმეებიდან საყურადღებოა პაციენტი, რომელიც ჩვენთან წევს.

ეს არის 86 წლის ავადმყოფი, მას აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება, აგრეთვე თანმხლები მძიმე ნევროლოგიური დაავადება. თუ მისი გადარჩენა მოხერხდა, ეს ჩვენი დიდი წარმატება იქნება, რადგან ასეთი პაციენტები ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან.

ორი მძიმე პაციენტი მე-8 საავადმყოფოს საუნივერსიტეტო კლინიკაში წევს. ერთი 80 წლის არის და მასაც ორმხრივი ფილტვების ანთება აქვს.

- ახალ კლასტერზე რა ინფორმაციას მოგვაწვდით? - 1 ოჯახის 3 წევრი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს. ისინი აშშ-დან ჩამოვიდნენ. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ყველა კონტაქტი გამოკვლეულია.

- უნდა ველოდოთ თუ არა პიკს? - ვინ იცის... შემთხვევების მატება იქნება, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც ევროპის ქვეყნებში. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს ევროპის ქვეყნებში და ის უნდა შევინარჩუნოთ!

იხილეთ ასევე: "არასოდეს, არც ერთი პაციენტისგან არც ფული ამიღია, არც ფასიანი საჩუქარი"