Covid-19-ის კოდი ნაპოვნია?! - რას ამბობს ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე მუშაობს?(ექკლუზივი) - კვირის პალიტრა

Covid-19-ის კოდი ნაპოვნია?! - რას ამბობს ამერიკული კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე მუშაობს?(ექკლუზივი)

ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკული კომპანიის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე მუშაობს

გიგანტური ბიოტექნოლოგიური კომპანია "რეგენერონი" უახლოეს პერიოდში Covid-19-ის პრევენციის მიზნით პრეპარატის შექმნას გეგმავს. ეს გულისხმობს ისეთი ანტისხეულების შექმნას, რომელიც როგორც სამკურნალოდ, ასევე პრევენციისთვის იქნება განკუთვნილი. რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, ახალი მედიკამენტის შექმნას კი დრო სჭირდება, "რეგენერონმა" და "სანოფიმ" (ფრანგული ფარმაცევტული კომპანია) დაიწყეს ბაზარზე უკვე არსებულ მედიკამენტებს შორის ეფექტიანი საშუალების მოძიება. "რეგენერონის" კვლევების თანახმად, პაციენტებში ინტერლეიკინის, იმავე IL-6-ის დონის განსაზღვრამ შესაძლოა იმ მეთოდამდე მიგვიყვანოს, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულის გამოჯანმრთელებაში დაგვეხმარება, რადგან ფატალური შედეგი ზუსტად იმ პაციენტებშია, რომელთაც IL-6-ის ჭარბი რაოდენობა აღენიშნებოდათ. "რეგენერონის" ეს მეთოდი ყველაზე ახლოსაა ჩინელების გამოცდილებასთან. ყველაზე მძიმე პაციენტებში მათ გამოიყენეს Actemra (Tocilizumab) - პრეპარატი, რომელიც IL-6-ის მაღალ მაჩვენებელს თრგუნავს და გამოიყენება კორონავირუსით გამოწვეული მწვავე პნევმონიის დროს.

ამერიკელების აზრით, პრეპარატი შესაძლოა აღმოჩნდეს "კევზარა", რომლის გატესტვა უკვე მიმდინარეობს. ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველს ტეილორ რამსი, ფარმაცევტული კომპანია "რეგენერონის" პროდუქტების კომუნიკაციის მიმართულების უფროსი მენეჯერი ესაუბრება:

- ამჟამად სამედიცინო სამყაროს დიდი ნაწილი იმედს ამყარებს პრეპარატ "კევზარაზე", რომლის მოქმედებას ჯერ აკვირდებიან. რა ეტაპზეა ახლა ცდები? - უახლოეს დღეებში ფარმაცევტული კომპანია "რეგენერონი" და "სანოფი" დაიწყებენ კლინიკური ცდების პროგრამას, რომელიც შეისწავლის "კევზარას", დამატებით ეფექტურ საშუალებას Covid-19-ის სამკურნალოდ უკვე არსებულ შემანარჩუნებელ თერაპიასთან ერთად.

ვმუშაობთ რაც შეიძლება სწრაფად, რათა მივიღოთ ხელშესახები სამეცნიერო მონაცემები, რომლებიც "კევზარას" უსაფრთხოებასა და ეფექტიანობას დაადასტურებს იმ პაციენტებში, რომლებიც მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაში არიან ფილტვების ანთების დიაგნოზით. უკვე დავიწყეთ პრეპარატის გამოცდა ამერიკაში, მომდევნო კვირიდან კი დავიწყებთ ცდებს ამერიკის ფარგლებს გარეთ, უპირველესად იმ რეგიონებში, სადაც პანდემია მძვინვარებს, მაგალითად, იტალიაში. სანამ არ გვექნება გამოცდის შედეგები, ნაადრევია თქმა, როდის იქნება ხელმისაწვდომი ეს პრეპარატი პაციენტებისთვის.

- როგორ ებრძვის ეს პრეპარატი Covid-19-ს? - მკითხველი რომ მიხვდეს, რაზეა საუბარი, მინდა განგიმარტოთ, რომ IL-6, იგივე ინტერლეიკინ-6, არის ერთ-ერთი ცილა (პროტეინი), რომელიც წარმოიქმნება სისხლის თეთრი უჯრედებისგან, ლეიკოციტებისგან, რომელთა მთავარი ფუნქციაა იმუნურ პროცესებში მონაწილეობა.

მეცნიერებს აქვთ პირველადი მტკიცებულებები, რომ ჭარბი რაოდენობით IL-6 მკვეთრად უარყოფით როლს ასრულებს კორონავირუსით გამოწვეული მწვავე რესპირატორული გართულებების განვითარებაში.

რაც შეეხება "კევზარას", ეს არის მხოლოდ ადამიანის მონოკლონური, ანუ ჰიბრიდული უჯრედების მიერ სინთეზირებული ანტისხეულები, რომელთაც ანტიგენის მიმართ მაღალი სპეციფიკურობა ახასიათებს. მონოკლონური ანტისხეულები ურთიერთქმედებენ IL-6-სთან ორი მიმართულებით: პირველი - აფერხებს IL-6-ის შეერთებას რეცეპტორებთან, რომლებიც უკვე უჯრედებშია, და მეორე - ბლოკავს სისხლში მოცირკულირე რეცეპტორებს.

"კევზარა" ამჟამად ძალიან ბევრ ქვეყანაში გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. მისი გამოყენება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში ჯერ არ გადაწყვეტილა, ამის უფლება ამერიკის შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცენ.

რაც შეეხება პრეპარატის გამოცდას, პირველი ფაზის 2/3 ამ კვირაში დაიწყო ნიუ-იორკის Mount Sinai Hospital-ში (სინას მთის საავადმყოფო), მალე სხვა ლოკაციების ობიექტებიც ჩაერთვებიან. მედიკამენტის გამოცდა გულისხმობს დაახლოებით აშშ-ის 16 ობიექტის ჩართვას, შემდეგ კი მასშტაბი უფრო გაიზრდება. იმედია, შედეგი გვექნება და გაგიზიარებთ.

- რა დროს გულისხმობთ, როდესაც მედიკამენტის გამოცდაზეა საუბარი? - ამერიკაში პრეპარატ "კევზარას" დატესტვა უკვე დაიწყო 400 პაციენტის ჩართულობით, მაგრამ ეს რიცხვი დამოკიდებულია პანდემიის გავრცელებაზე - მედიკამენტის დატესტვა პროპორციული უნდა იყოს დაავადებული პაციენტების რიცხვთან, ვისთანაც მწვავედ მიმდინარეობს კორონავირუსი და აქვთ IL-6-ის მაღალი მაჩვენებელი.

- რას გვეტყვით ახალი კორონავირუსის შესახებ, გვქონდეს იმედი, რომ ზაფხულის მოსვლასთან ერთად ეპიდემია გაივლის? - ამჟამად ჩვენც დაკვირვების პროცესში ვართ. გარდა სამკურნალო პრეპარატისა, ფრანგულ ფარმაცევტულ კომპანია "სანოფისთან" გვაქვს შემუშავებული გლობალური პროგრამა და Covid-19-ის პრევენციისთვის მალე გვექნება ახალი მედიკამენტი "ანტისხეულების კოქტეილი". მისი მიღება თავიდან აგვაცილებს ვირუსს - ანუ ეს იქნება Covid-19-ის სამკურნალო და პრევენციული საშუალებაც. იმედია, ამ ზაფხულს "კოქტეილი" მზად გვექნება ადამიანებზე გამოსაცდელად.

სამწუხაროდ, ჯერ არ ვიცით, ამ ვირუსს ექნება თუ არა სეზონური ხასიათი. ამიტომ მიჭირს გითხრათ, ზაფხულის დადგომისას როგორ მოიქცევა კორონავირუსი.