როგორ დაეხმარება სახელმწიფო ევროპაში ჩარჩენილ ქართველებს - კვირის პალიტრა

როგორ დაეხმარება სახელმწიფო ევროპაში ჩარჩენილ ქართველებს

"თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ ყველას - დარეკონ ცხელ ხაზზე, მუდმივი კავშირი იქონიონ საკონსულოებთან"

21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 20-მდე მოქალაქეს კორონავირუსი გამოუვლინდა. როგორ ეხმარება საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი გვესაუბრება.

- მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 20-მდე ქართველს კორონავირუსი შეეყარა. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს მათი ჯანმრთელობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია აქვთ. ჩვენ თითოეულ მათგანთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს, მაგალითად მოვიყვან იტალიაში მყოფ ერთ ჩვენს მოქალაქეს, რომლის ჰოსპიტალიზება საელჩოს დახმარებით მოხდა. ასეთივე რეჟიმში ვმუშაობთ ყველასთან - ვურეკავთ და ვეკითხებით, რა სჭირდებათ, ბევრს მივაწოდეთ პირველადი მოხმარების ნივთები და სხვა საჭირო საგნები.

საკონსულოსა და საელჩოს თანამშრომლები მუდმივად უკავშირდებიან იმ კლინიკებისა და საავადმყოფოების ხელმძღვანელობას, სადაც ჩვენი მოქალაქეები მკურნალობენ. ასევე უკავშირდებიან მათ ოჯახებს ამომწურავი ინფორმაციის მისაწოდებლად. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კლინიკა უფლებას აძლევს მათ თავად ესაუბრონ ახლობლებს იმ პირობით, რომ არ გაავრცელებენ მცდარ ინფორმაციას.

ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მძიმე ვითარებაა როგორც გავრცელების, ასევე სიკვდილიანობის მხრივ, მხოლოდ საქართველოს კი არა, ადგილობრივი მოქალაქეებიც ძალიან შეშინებული არიან. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ქვეყნები ამ ვირუსს მოუმზადებლები შეხვდნენ. ამიტომ ჩვენი მოქალაქეები ხშირად შემოგვჩივიან, ვრეკავთ ადგილობრივ ცხელ ხაზზე და არავინ გვპასუხობს, იქნებ როგორმე დაგვაკავშიროთ სამედიცინო სამსახურთან, რათა კონსულტაცია გაგვიწიონ, როგორ ვიმოქმედოთო.

თითქმის ყველანაირი სამსახური იქ ონლაინრეჟიმზეა, ამიტომ ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროში შექმნილია ცხელი ხაზი, სადაც სამუშაოდ მოვიწვიეთ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ექიმები; გახსნილი გვაქვს ფეისბუკგვერდიც, სადაც ჩვენი მოქალაქეები გვიგზავნიან კითხვებს ან გვირეკავენ და ჩვენ მათთან ონლაინ ვმუშაობთ - ექიმები მათ აძლევენ რჩევებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, თავს როგორ მოუარონ და ა.შ.

- ზოგს, ალბათ, ფინანსური დახმარებაც სჭირდება. საქართველოს ბევრი მოქალაქე სამშობლოში დასაბრუნებელ ბილეთებს ვერ ყიდულობს, ფასი იმდენად მაღალია, რომ სტუდენტს ან ბიუჯეტურ ტურისტს მისი ყიდვა არ შეუძლია. ზოგს ფულიც არა აქვს, ზოგი კი ასაკოვანია და 4 ქვეყნის გავლით მგზავრობა მათთვის მძიმეა. როგორ ეხმარებით მათ? - დიახ, არის შემთხვევები, როდესაც მათ ფინანსური დახმარება სჭირდებათ და შეძლებისდაგვარად ვეხმარებით - თითქმის ყველა ქვეყანაში არიან ქართული დიასპორის წარმომადგენლები, შეძლებული ქართველები ან საპატიო კონსული. ისინი ჩვენთან მუდმივ კავშირში არიან. მაგალითად, ახლახან ერთმა ქართველმა მოგვმართა, მომეცით მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს 30 მოქალაქის მონაცემები, რომ დასაბრუნებელი ბილეთები შევუძინოო. საელჩოს და საკონსულოს თანამშრომლებმა მას სია მიაწოდეს. ასეთი შემთხვევა არც ისე ცოტაა. საბედნიეროდ, ეხმარებიან მძიმედ დაავადებულ ქართველებსაც.

ასევე ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რათა არ გააძვირონ ფასი, ზოგ შემთხვევაში პირდაპირ ვთხოვთ, უფასოდ წამოიყვანონ ესა თუ ის მგზავრი; გარდა ამისა, კომპანია "აირზენას" სახელმწიფო გაუწევს სუბსიდირებას, რათა ბილეთის ფასი მინიმალური იყოს.

ჩვენი მოქალაქეები უფრო ხშირად კონსულტაციისთვის გვირეკავენ, თუ როგორ უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში, რომელი ქვეყნების გავლით შეიძლება ჩამოსვლა, რომელ ქვეყანაში რა დროს არის ფრენა და ა.შ., ანუ ფაქტობრივად, მარშრუტს ვუგეგმავთ.

- როგორც განაცხადეთ, საქართველო არის იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალში, რომლებსაც იტალიიდან თავისი მოქალაქეები სპეცრეისებით ჩამოჰყავს. ამ ეტაპზე რამდენ მოქალაქეზეა საუბარი? რა ინფორმაცია გაქვთ არალეგალურად მყოფ პირებზე?.. - ჩვენ ყველაზე ერთნაირად ვზრუნავთ. არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ლეგალურად, 90 დღით იყვნენ სამუშაოდ წასული და ზოგს, მაგალითად, ზეგ ეწურება ვიზის ვადა, არადა, ვერ მოფრინავენ. ასეთი შემთხვევებისთვის ჩვენ შევთანხმდით ევროკომისიასა და ცალკეულ ქვეყნებთან და მათ უკვე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ასეთი სახის დარღვევა საპატიოდ ჩაეთვლება არა მარტო ჩვენს, არამედ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც. ბევრმაც სრულყოფილად არ იცის უცხო ენა და უჭირს გარკვევა, რა დოკუმენტები სად უნდა წარადგინოს ან გაგზავნოს. ჩვენი თანამშრომლები ასეთ შემთხვევებშიც უწევენ მათ კონსულტაციას. თქვენი გაზეთის საშუალებით მივმართავ ყველას - დარეკონ ცხელ ხაზზე, მუდმივი კავშირი იქონიონ საკონსულოებთან. გარდა ამისა, ყველა ქვეყნის საელჩოს ვებგვერდზე დევს ამომწურავი ინფორმაცია, ვის უნდა მიმართონ და როგორ უნდა იმოქმედონ.

- ვიცი, რომ გარდაცვლილებიც გვყავს.

- ამ არასტანდარტულ ვითარებაში ცოცხალი ადამიანის წამოყვანა გვიჭირს და დაღუპულის გადმოსვენების პროცედურები ხომ უფრო გართულებულია, მით უმეტეს, რომ გავრცელებული ვერსიით, დაღუპული პირისგანაც შესაძლებელია ვირუსის გადადება. ჩვენ ვმუშაობთ შესაბამის სამსახურებთან, რომ გადმოვასვენოთ ჩვენი მოქალაქე, რასაც შესაძლოა სტანდარტულზე მეტი დრო დასჭირდეს.

- როგორ მუშაობთ იმ პირებთან, ვინც თვითიზოლაციაშია?.. ბევრი მათგანი უმუშევარია, მათ საკვების ფულიც არა აქვთ. - იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი მოქალაქე რეკავს საქართველოს საელჩოში ან საკონსულოში და გვაწვდის პირად მონაცემებს, ტელეფონის ნომერს, ის უკვე აღრიცხვაზეა და მასთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. ოღონდ ამას ისე ნუ წარმოვიდგენთ, რომ დილის 9 საათზე 300 კაცთან ერთდროულად ვრეკავთ. რამდენიმე თანამშრომელს განაწილებული აქვს სია და ეტაპობრივად ყველას უკავშირდებიან. ზოგს 5 წუთი ჰყოფნის თავის საჭიროებებზე სასაუბროდ, ზოგს კი - 30. ამიტომ ძნელი გასათვლელია, ვის რა დროს დაურეკავენ, თუმცა უყურადღებოდ არავის ვტოვებთ.

"ჯოჯოხეთია უცხო ქვეყანაში კარანტინში ყოფნა"

მეგი სტემპენ-გიუნტერი, გერმანიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი:

- ძალიან ბევრი სტუდენტი აქ სწავლის პარალელურად მუშაობდა და ახლა ყველაფერი რომ დახურეს, ცუდ დღეში არიან. საქართველოში დასაბრუნებელი თვითმფრინავის ბილეთები გაუუქმდათ, სხვა ავიაკომპანიებმა კი, რომლებიც ჯერ კიდევ დაფრინავენ, ბილეთი გააძვირეს და ვერ ყიდულობენ. რამდენიმე კომპანია 1000 ევროდ ყიდის ბილეთებს, რაც წარმოუდგენელი თანხაა ტურისტული ვიზით ჩამოსულებისა და სტუდენტებისთვის. რამდენიმეს, სანამ რამე გამოჩნდება ან სახლიდან გამოუგზავნიან ბილეთის ფულს, ჩემთან დარჩენა შევთავაზე, მაგრამ თვეების ბავშვი მყავს და მოერიდნენ. რამდენიმე სტუდენტი საავადმყოფოში მუშაობს ექთანად, მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით უწევთ და ეშინიათ, ხალხთან ხშირი კონტაქტი რომ უწევთ. ვითარება ყოველდღიურად იძაბება. ხალხი შიშობს, რომ ძალიან მალე ვირუსის შიდა გადაცემა დაიწყება და ვითარება აქაც დამძიმდება.

ავიაგზა ჩაიკეტა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 მარტიდან საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს შორის საჰაერო მიმოსვლა შეჩერდა; უწყების ინფორმაციით, მხოლოდ "საქართველოს ავიახაზების" (Georgian Airways) რეისები საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებულად შესრულდება.

  • ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
  • ამასთან, საქართველოს ყველა მოქალაქე და ასევე ის მოქალაქეები, რომლებზეც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არსებული შეზღუდვის გამონაკლისი ვრცელდება, მათი წარმომავლობის მიუხედავად, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისთანავე საკარანტინო ზონაში გადაინაცვლებენ და მათ შესახებ გადაწყვეტილებები არსებული პროცედურების შესაბამისად მიიღება.
  • ასევე, გადაწყდა, რომ ეფექტიანი მართვისა და კონტროლისთვის სახმელეთო-სასაზღვრო გამშვები პუნქტების სიახლოვეს დამატებითი საკარანტინო სივრცეები მოეწყოს.
  • პრემიერ-მინისტრთან შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, 24-საათიან სამუშაო რეჟიმში მუშაობს ყველა ჩვენი საკონსულო, საელჩო და უცხოური მისია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშია განთავსებული და გადართული მოქალაქეების მომსახურებაზე;
  • ამასთან, უწყება გეგმავს, სპეციალური ავიარეისებით ჩამოიყვანოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები;
  • "ჯორჯიან ეარვეისის" ცნობით, ის მზად არის ნებისმიერი ქვეყნიდან გამოიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თუ იქნება საქართველოს მთავრობის მზადყოფნა და ხელშეწყობა. კომპანია მზად არის საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ინდივიდუალური შეკვეთებითაც შეასრულოს ჩარტერული ავიარეისები;
  • კომპანია მზად არის პრესასა და საზოგადოებას ოპერატიულად მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როდის და რომელი ჩარტერული რეისები შესრულდება.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად სამინისტრო ყველა საჭირო დახმარებაზე მზად არის, იქნება ეს სუბსიდია თუ სხვა სახის ჩარევა.

საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენების განრიგის უკანასკნელი მონაცემები იხ: http://gov.ge/s/8f806