"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ერთი დღით დეზინფექტორი გახდა - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ერთი დღით დეზინფექტორი გახდა

"ჩემი "კოლეგები" ამ საქმეში უკვე დახელოვნებულან. ამ ჯგუფს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია - მის მუშაობაზეც არის დამოკიდებული ამ სახიფათო ვირუსის გავრცელების შეფერხება"

კორონავირუსის პრევენციის მიზნით თბილისის 54 მიწისქვეშა გადასასვლელში "თბილსერვისჯგუფის" თანამშრომლები ყოველდღიურად დეზინფექციას აკეთებენ. ერთ დღეს მეც მათი წევრი გავხდი - ჩავიცვი მწვანე სკაფანდარი, გავიკეთე პირბადე, სათვალე, ზურგზე მოვიკიდე სადეზინფექციო სითხით სავსე აპარატი და საქმეს შევუდექი.

ჩვენმა ჯგუფმა მუშაობა ღამის 10 საათზე დაიწყო. რადგან მიწისქვეშა გადასასვლელები ძლიერი სადეზინფექციო საშუალებებით სუფთავდება, გვირაბები 20 წუთის განმავლობაში იკეტება და დეზინფექციის შემდეგ ნიავდება. მოკლედ, გავაბით წითელი ლენტები და შევუდექით საქმეს, რომელიც სულაც არ ყოფილა ადვილი.

მუშაობას შეუჩვეველს ხსნარის მძაფრი სუნი თავბრუს მახვევდა. ჩემი "კოლეგები" კი ამ საქმეში უკვე დახელოვნებულან. ამ ჯგუფს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია - მის მუშაობაზეც არის დამოკიდებული ამ სახიფათო ვირუსის გავრცელების შეფერხება.

უცებ კიბის თავიდან ჩამომზირალი შუახნის ქალი შევნიშნე. მისივე უსაფრთხოების მიზნით ტერიტორიის დატოვება მოვთხოვე და ისიც უსიტყვოდ დაგვემორჩილა, წასვლამდე კი მადლიერმა დაგვლოცა.

კიბის მოაჯირს მივადექი და საგულდაგულოდ დავუწყე დამუშავება. მერე ჭერის დეზინფექციაზე გადავედით, რაც ყველაზე ძნელი ყოფილა - დიდი სიფრთხილეა საჭირო, სითხე კანზე არ უნდა მოგხვდეს, თორემ დაგწვავს. მოკლედ, ერთი გვირაბის დეზინფექციისთვის 15 წუთი დაგვჭირდა. საქმეს მოვრჩით, ზევით ამოვედით და მე იქვე სკამზე ჩამოვჯექი. "ხომ არ დაიღალე, მეგობარო?" - მკითხა ერთმა თანამშრომელმა. მართლაც დაღლილი ვიყავი, უფრო მეტად კი ამაყი, რადგან ჩემი ხალხისთვის სასიკეთო საქმე გავაკეთე.

მურმან მერაბოვი გვირაბების დასუფთავების ჯგუფს ხელმძღვანელობს. 1-ლი მარტიდან ბრიგადა საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო რვასაათიანი სამუშაო განაკვეთიც გაეზარდათ, მაგრამ არც ერთს არ დაუჩივლია. ისინი ხომ ხალხის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

- ჩვენი ჯგუფი ყველა მიწისქვეშა გადასასვლელს ამუშავებს, გადამწვარ ნათურებს ვცვლით, ვასუფთავებთ, კედლებიდან წარწერებს ვაშორებთ.

ბრიგადა უბნების მიხედვით ორ ნაწილად არის გაყოფილი. ზოგ ადგილას დილით ვმუშაობთ, სხვაგან ღამით. მაგალითად, რუსთაველის პროსპექტი და თავისუფლების მოედანი ღამით სუფთავდება. ვცდილობთ დეზინფექცია ყოველდღე გავაკეთოთ. სადეზინფექციოდ ვიყენებთ ძლიერმოქმედ საშუალებას ASIRAL PERSTEIL 15-ს, რომელიც სწრაფად ხოცავს ბაქტერიულ და ვირუსულ სხეულებს. დასუფთავებაში ხელის შემშლელი მიწისქვეშა გადასასვლელებში თავშეფარებული უსახლკაროები არიან და იძულებული ვართ ტერიტორიის დატოვება ვთხოვოთ. ზოგი გვემორჩილება, ზოგი ფეხს არ იცვლის და ამიტომ პატრულის გამოძახება გვიწევს. ყოფილა შემთხვევა, ზოგიერYთი სასმლით ისე იყო გაბრუებული, "სასწრაფოს" დახმარება დაგვჭირდა.

P.S. მართალია, საქმე, რომელიც "თბილსერვისჯგუფთან" ერთად გავაკეთე, გამოცდილებას მოითხოვს და არცთუ უხიფათოა, გარჯად ღირდა, რადგან მეც პატარა წვლილი შევიტანე ჩემი ქალაქის მცხოვრებთა უსაფრთხოებაში.

ზურა სოლომნიშვილი