"ხალხმა იცის, დღეს თუ არა ხვალ, უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი" - კვირის პალიტრა

"ხალხმა იცის, დღეს თუ არა ხვალ, უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი"

მანანა გულიაშვილი რომში ცხოვრობს. ის საქართველოში დასაბრუნებლად ემზადებოდა, როდესაც იტალიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბილეთის ყიდვის პრობლემა არ ჰქონია, საკონსულომაც შესთავაზა დახმარება, მაგრამ უარი განაცხადა. ამ უარის მიზეზზე, რომში ქართველების ყოფასა და კიდევ ბევრ საინტერესო ამბავზე, ქალბატონი მანანა თავად გვესაუბრება.

- რომში სიმშვიდეა, მხოლოდ ერთხელ თქვეს, რომ ვატიკანში აღმოაჩნდა ვიღაცას კორონავირუსი. სხვა შემთხვევის შესახებ არც ყურმოკვრით გვსმენია რაიმე და არც ოფიციალური ინფორმაცია გავრცელებულა.

- როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრების წესი, რა პირობებში გიწევთ ცხოვრება? - სიფრთხილის ზომების დაცვა ზედმიწევნით გვიწევს. სახლში ყოველდღე ვატარებთ დეზინფექციას, პირად ჰიგიენას ისედაც ვიცავდით, მაღაზიებში პირბადისა და ხელთათმანების გარეშე არ გავდივართ. მაღაზიებში მხოლოდ ორი-სამი კაცი შედის, დანარჩენი გარეთ ელოდება. უმრავლესობა კურიერის მომსახურებით სარგებლობს. თავიდან ბოლომდე შეფუთული კურიერი შეკვეთილ პროდუქციას კართან ტოვებს. ფულს ხელთათმნის გარეშე არ ვეხებით.

ქუჩებში სიტუაციას კარაბინერები აკონტროლებენ. მოსახლეობას შორ მანძილზე გადაადგილების უფლებას არ აძლევენ, მხოლოდ ახლომდებარე მაღაზიასა და აფთიაქში შეგიძლია შესვლა. გადაადგილების უფლებას მხოლოდ სპეციალური ფურცლის წარდგენის შემდეგ გაძლევენ, აფთიაქებში, პროდუქტის მაღაზიებში, საავადმყოფოებსა და დასუფთავების სამსახურში დასაქმებულებსაც სპეციალური ფურცლები დაურიგეს.

- პროდუქტი ან მედიკამენტები თუ გაძვირდა? - არაფერი არ გაძვირებულა და არც არაფრის დეფიციტი არ არის. ნებისმიერი რამ შეგიძლია იყიდო აფთიაქებსა და მაღაზიებში, აქ ცარიელი დახლი ჯერ არ მინახავს. ჩემი სახლის ფანჯრიდან ხილ-ბოსტნეულის მაღაზია ჩანს. ყოველდღე ახალ-ახალი პროდუქტი მოაქვთ. თავდაპირველად, ვიდრე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა, სადეზინფექციო საშუალებების შოვნა გაჭირდა, თუმცა ეს პრობლემაც მალევე მოგვარდა.

- ხელისუფლებამ შეღავათები თუ დააწესა?

- ბევრი შეღავათი დააწესა, მაგალითად, კომუნალური გადასახადები სამი თვით გააუქმა.

- დამსაქმებლებისგან პრობლემა ხომ არ შეგხვედრიათ? - არა, პირიქით, საშუალებას გვაძლევენ, თავსაც მივხედოთ და მოხუცებსაც. აქ ქართველები ერთმანეთს სულ ვეკონტაქტებით, არც სხვისგან მსმენია, რომ ვინმესთვის დამსაქმებელს პრობლემა შეექმნას, ხელფასი არ გადაეხადოს ან დაეთხოვოს.

აქ ჩვენი მშველელი მამა იოანეა, საოცარი ადამიანი, თავად ავად არის, სიმსივნე აქვს, მაგრამ მაინც სხვებზე ზრუნავს. თუ გაიგებს, სადმე ქართველს უჭირსო, მაშინვე იქ გაჩნდება. ვის ფულით ეხმარება, ვის ანუგეშებს. კრიზისულ მდგომარეობამდეც ყველას უმართავდა ხელს.

- ვიცით, რომ კლინიკები გადაჭედილია დაინფიცირებული პაციენტებით. ამ რთულ სიტუაციაში ემიგრანტები უყურადღებოდ ხომ არ რჩებიან? - მნიშვნელობა არა აქვს, იტალიელი ხარ თუ ემიგრანტი, ყველას განურჩევლად ეხმარებიან. უბრალოდ, გაფრთხილებენ, რომ შენი ინიციატივით არ წახვიდე საავადმყოფოში. "სასწრაფოში" უნდა დარეკო, მოვლენ, შეგამოწმებენ და თუ საჭიროდ ჩათვლიან, წაგიყვანენ.

- თქვენ ირგვლივ თუ არიან ემიგრანტები, რომელთაც საქართველოში დაბრუნება სურდათ და ვერ მოახერხეს? - აქ დაცულად და უსაფრთხოდ ვართ, წესებს ვიცავთ. მგზავრობის უფრო გვეშინია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი ორი კვირა კარანტინში უნდა გაატარო და მაინც გეშინოდეს, ვაითუ ისევ გაქვს, ვაითუ ოჯახის წევრები საფრთხეში ჩააგდო. გვირჩევნია აქ დაველოდოთ სიტუაციის გამოსწორებას. ახლა ცუდ დღეში მხოლოდ ის ემიგრანტები არიან, რომლებსაც სამუშაო არ ჰქონდათ ნაშოვნი.

გვჯერა, რომ იტალია მალე ნახავს გამოსავალს. თავაუღებლად მუშაობენ ექიმები, ექთანები, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, სოციალური მუშაკები, ხელისუფლება...

ხალხი არ არის დათრგუნვილი, იციან, დღეს თუ არა ხვალ, უკეთესობისკენ შეიცვლება ყველაფერი. ყოველ საღამოს გამოდიან აივნებზე და მღერიან, უკრავენ, იცინიან, მხიარულობენ. მე აქ პანიკაში ჩავარდნილი ხალხი არ მინახავს. წესებს ზედმიწევნით იცავენ და პოლიციას ემორჩილებიან.

- მოსახლეობა რას ამბობს ხელისუფლებაზე, არ საყვედურობენ, რომ ეპიდემიის თავიდან ასარიდებლად დროულად ვერ გაატარა ზომები? - არა, მსგავსი საყვედურები არ მომისმენია, სხვათა შორის, არც ჩინელების მიმართ გამოუხატავთ აგრესია.

ხათუნა ბახტურიძე