"არ მიფიქრია, აი, ადამიანს ცოდვებმა უწია და ამიტომ დაგვატყდა რისხვა-მეთქი. იცით, ეს კრიზისი რა არის?"
"არ მიფიქრია, აი, ადამიანს ცოდვებმა უწია და ამიტომ დაგვატყდა რისხვა-მეთქი. იცით, ეს კრიზისი რა არის?"
"კაცობრიობამ უნდა გაიმარჯვოს. ესაა ოპტიმიზმი. რაღაცა უნდა მოხდეს"

"საერთო ჭირმა გააერთიანა, გონზე მოიყვანა სახელმწიფოები. წინ წამოვიდა ღმერთის მოგონილი ადამიანური ფასეულობები და ღირებულებები! იმედიანად ვიყოთ", - გვაიმედებს მწერალი და პოეტი ბესიკ ხარანაული, რომელიც ჩვეულად გულწრფელი და ეპოსივით ლექსით შეეხმიანა მკითხველს თვითიზოლაციიდან.

- ბატონო ბესიკ, უპირველესად გკითხავთ, როგორ გრძნობთ თავს ამ ჟამიანობისას?

- ვიცავ წესებს და ვარ გამოკეტილი. გარეთ რაც ხდება, ის მაწუხებს, თორემ მე არაფერი... თიანეთში, ჩემს სოფელში ვიყავი, ყინავდა და
დროებით ჩამოვედი თბილისში, მეგონა ცოტა ხნით, მაგრამ ჩავრჩი.

- თვითიზოლაციაში თქვენი ახალი ეპოსივით ლექსი დაიბადა - "ძახილი ბორბალოს მთის კიბუჭებიდან". ვისთვისაა ეს ლექსი განკუთვნილი?
- მანდ რაც არის, ყველაფერი მაწუხებდა... ლექსში მართალი თუ არ ვთქვი, არ შემიძლია, ისე ვერ ვახერხებ წერას. რასაც განვიცდიდი, დაიძრა და დამეწერინა.

- ყველაზე პირნათელი ჩემს ნაწერებთან ვარო, ნათქვამი გაქვთ... გვჯერა თქვენი გულწრფელობის, რაზეც თქვენი შემოქმედება ლაპარაკობს... ცხადია, იმპულსი კორონავირუსმა მოგცათ. რატომ გახიზნეთ მაინცდამაინც კავკასიონზე თქვენი პერსონაჟი?
- მართალია, მე თვითონ პირნათელი ადამიანი არა ვარ ცხოვრებაში, მაგრამ მანდ რაღაცა ერთგულებას ვიჩენ. რაც ირგვლივ ხდება, ეს ყველას გვაწუხებს.
ამ ტიალ ვირუსზე ავფეთქდი. საქართველოს ბედი მადარდებს, თუმცა სხვა ქვეყნებისთვისაც კარგი მინდა, არა ვარ ვინმეს ავის მნდო­მელი.
ფეხით სიარული მიყვარს, ბევრს დავდივარ, ვიარე, მივედი სახლში და ლექსი ერთ ღამეში დავწერე... ივრის ხეობაში, ფშავის დასაწყისში დგას ჩემი ქვითკირის სახლი, სადაც ნამდვილად დამტრიალებს ყორანი, მუდმივად არიან ქორები, ძერები, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მათთან სიყვარული და კავშირი მაქვს. კავკასიონის ძირში ვარ, გახვალ და იქვე ბორბალოა, ამიტომ დავუკავშირე ყველაფერი ამას და იქ გავხიზნე ჩემი პერსონაჟი.

- "თუ ძალა არაა შენში, არ მიიღებს ღმერთი შენს თხოვნას! - ღმერთო, ჩემი ძალის რწმენა მომეცი! - აი, ჩემი სავედრებელი". რა გაქვთ ღმერთისთვის სათხოვარი?
- განსაკუთრებული არაფერი, ის, რაც თქვენ და ყველას აქვს. განსაკუთრებული თუ რამე მაქვს, ყორანი რომ ყრანტალებს, მესმის იმისი. ძალიან უცნაურები არიან. სიყვარული გაპოვნინებს მათთან ენას. ჩვენში ძერებია გავრცელებული და ისინიც ძალიან საყვარლები არიან, რაღაც უცნაურები...

- ლექსში რამდენჯერმე იმეორებთ, "რაც კაცია, ისაა ქვეყანა". რა კაცია, რა ქვეყანა?
- ამას ყვედრებით კი არ ვამბობ... საერთოდ, რაც კაცია, ისაა ქვეყანა. ეს უნდა იფიქროს ადამიანმა და მაშინ იცოცხლებს თავისი ქვეყნისთვის. ჩვენ საბჭოური დროიდან, ლოზუნგების ტყეში რომ ვიცხოვრეთ, ნამდვილი ეროვნულობა დავკარგეთ. ჩვენს თავს სწორედაც ისე უნდა ვუყურებდეთ, რომ რაც ვართ, ის იქნება ჩვენი ქვეყანაც ჩვენთვის. ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ, ქვეყანას რომ არ დავაკლოთ რამე. მთავარია, სახელი არ დაიკარგოს. სახელში მთელი ჩვენი ტომის, მოდგმის, წარმომავლობის ისტორიაა და ამას უნდა გავუფრთხილდეთ.

- თუმცა ბრძენიც არავინ გეგულებათ... "მოვუხმობ ბრძენთ ყოველი ქვეყნისას - შევიკრიბოთ, ვიხსნათ დედამიწა" და იქვე ამბობთ, "დუმილია სამარისებური, ბრძენი არ გვყავს!"
- ქვეყნების ხელმძღვანელები რითი ფასდებიან, ჭკუით, ადამიანობით თუ რით? ჩინოვნიკს რა უნდა მოეკითხოს? დიდი პიროვნული ძალა და გამორჩეულობა სჭირდებათ ლიდერებს. ქვეყნის მეთაური მეტი კაცი უნდა იყოს. ისინი აბჯარში კი არა, ჩონჩხში არიან, ჯავშანი მუზეუმში ჟღარუნობს... ეს არ არის ადამიანის გამარჯვება. წინაა წასული ტექნოლოგიები, ისეთი ბარბაროსული რაღაცები ხდება, ვერც წარმოვიდგენდით - ღობის იქით ლეწავენ, ღობის აქეთ მშვენივრად გრძნობენ თავს. ადამიანი ასეთ რაღაცებს არ უნდა შეურიგდეს.

- დღეს რა გაწუხებთ, ბატონო ბესიკ?
- ყველაფერი მაწუხებს, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს სიხარული. ახალ ლექსში ვწერ, "ადრე ვიყავი ერთი ცრემლით მეტი". ძნელია, რაც ხდება. ყველაზე ძალიან ის მაწუხებს, რომ თიანეთიდან ქალაქში ყველაზე მეტი კაცია წასული. 50-იან წლებში არაფერი იყო და ხალხი არც იფიქრებდა სადმე წასვლას... ერთმა დუშელმა უთხრა თიანელს, როგორ მომენატრა იქაურობაო და, რა გინდა, კაცო, იქა, რა მოგენატრა, პატრონიც გაუქრა იქაურობასო, უპასუხა. ხალხური ნათქვამები კია უბირ ადამიანებზე, მაგრამ შენ ხომ გულში გხვდება? ვერ ხედავთ, შვილი მამას, მამა შვილს კლავს. ეგეც არ მინდა ყველაფერი შავად გამოვაცხადო, შავი არაფერი ვარგა - ყორნის ფერს კი არა, ადამიანის სიშავეს ვგულისხმობ. არემარეზე ხალისი, სიხარული და ჟრიამული უნდა იყოს...

- ერთ ინტერვიუში ამბობთ, "სისულელე ადამიანს აძლევს ძალას, რომ სამყაროს გაურკვევლობაში მოქნილი და დრეკადი იყოს, აჰყვეს გაურკვეველი სამყაროს მკაცრ სინამდვილეს, რეალობის რიტმს". ეს რიტმია დღეს სწორედ გაურკვეველ სამყაროში და რა გვმართებს ადამიანებს, "ძახილის ნიშანივით გამართულები" რომ ვიყოთ?
- სისულელე და არასერიოზულობაა ადამიანის დრეკადობის ძალა სამყაროს სიმძიმის, ცხოვრების სიმძიმის მიმართ. დრეკადი რაც არ არის, ის ტყდება. ეს დავუპირისპირე ცხოვრებას. ახლაც დრეკადობის ძალა რომ არა, განწირული ხარ - შინ გამოკეტილი მთელი დღე მისჩერებიხარ ტელევიზორს. დრეკადობის ძალაა საჭირო ამ დროს. როგორც კი ეს მოგაკლდება, დაიწყება ნევროზები. ასეა ადამიანი, სურვილები ჭირად ექცა. რა კარგი იყო, როცა ჩვენში სიტყვა "სურვილი" იყო "სიყვარულის" ნაცვლად. ახლა ამბობენ სიყვარულს, თორემ ადრე ამას სურვილი ერქვა. სურვილი ძალიან მაგარია. სიტყვა "სიყვარულს" კი არ ვერჩი, ეტყობა, ეს უფრო სხვა მიმართულებაა. სურვილი არის მარტო ქალ-ვაჟში, სიყვარული სხვადასხვაა. დაკარგა ამ სიტყვამ ელფერი, როგორც სიტყვამ "გაიხარე", რომელსაც უპრაგონოდ ფანტავენ.

- როცა საშინელი გამოწვევის წინაშე დგას მთელი სამყარო, იმედიანად ხართ? ოპტიმისტია "ერთი ნაოჭით მეტი" ბესიკ ხარანაული? თქვენი აზრით, მართლა ისვენებს დედამიწა?
- კაცობრიობამ უნდა გაიმარჯვოს. ესაა ოპტიმიზმი. რაღაცა უნდა მოხდეს.
არ მიყვარს სიტყვა "აპოკალიფსი", არც ასეთი გამოსავალი. როცა წამოვა, ზვავს ხომ ვერაფერი დაიჭერს? მე არ შემიძლია წარმოვიდგინო აპოკალიფსი, ეს საშინელებაა.

ახლა დედამიწა დაახლოებით შუახნის კაცია... არც ის მიფიქრია, აი, ადამიანს ცოდვებმა უწია და ამიტომ დაგვატყდა რისხვა-მეთქი. ჩემი აზრით, იცით, ეს კრიზისი რა არის? გარდატეხის პერიოდია. ახალი ადამიანის შობაა საჭირო. ახალი, უკეთესი ადამიანი იშობა ჩვენში. ყველა ომის შემდეგ ახალი გახდა მსოფლიო. თავისებურად ესეც ომია.

რაღა ომი და რაღა დღევანდელი მდგომარეობა. ჩემი პატარა შვილიშვილი და ყველას პატარა ბავშვი აბსოლუტურად სხვანაირად აზროვნებენ. მათ ისე ვუსმენ, როგორც მოციქულთ. ძველ მოციქულებზე აღზრდილნი ამათთან უკვე ძველები არიან. ესენი სხვანაირები არიან... ყველაფერი რომ იცის, ასეთი ხალხი ხომ ბევრია. ისეთი ცოდნა აქვთ, იმათთან ხმას როგორ ამოიღებ, თავზე დაგამხობენ ყველაფერს. ყველა ლაპარაკობს, მაგრამ მათგან ვერაფერს ისწავლი, ან რა ენაზე მეტყველებენ? ბავშვისგან კი ბევრს ისწავლი. ბავშვივით ვიჭერ ყველაფერს, რაც არ ვიცი. იმიტომ, რომ სულ მინდა ვისწავლო. მითი მაქვს ასეთი ჩემს წარსულზე - ცოდნა დაიძრა და ჰკითხეს, სად მიდიხარო. სად და, ცხრა მთას იქით ერთი ბავშვია, ცოდნა სწყურია და როცა მივალ, 80-ის იქნებაო. ცოდნას როცა მოუხმო, იმ დროს ბავშვი 8-10 წლის იყო. ცოდნამ წინასწარ იცის, რომ განწირულია, ანუ - მე. მგონი, ჩემს ნაწერებში ყველაზე კარგ დროს მე ვატარებ, არ ვიწყენ, ძალიან მხიარული ვარ. ასე რომ არ ვიყო, არც ერთ სტრიქონს არ დავწერდი. ფანტასტიკურს რომ ებრძვის ადამიანი, იმან მოიყვანა აქამდე, თორემ ეს ცხოვრება ყოფას უტირებდა.

- ენერგიის გარდა, "პოეზია ნიჭია, დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობა, მე რომ დაგასწრო იმის თქმა, რასაც შენ მერე გაიგებ"... - ამას თქვენ ამბობთ. რას გვეტყვით დღეს იმაზე, რასაც მერე გავიგებთ?
- ხედავთ, პოეტი როგორ უკან ჩამოდგა? ჩვენთან, საქართველოში, პოეზია ხელოვნების პირველი დარგია. რუსთაველზე გადავიდა მთელი საქართველოს ბედ-იღბალი, მან გადაგვარჩინა. იმდენი ძალა სხვა არაფერშია, რამდენიც ენაში. რუსთაველის მერე ეს ძალა XVII-XVIII საუკუნეების მწერლობაშია. საუკუნეების მიხედვით ბევრი გამორჩეული მწერალია, მათით, მაგარი ხალხით ბრწყინავდა საქართველო. დღეს პოეტს არავითარი დანიშნულება აღარ აქვს. აკაკი რომ ამბობდა, მოცლა რომ მქონოდა, ციდან ბულბულს ჩამოვიყვანდიო, ამაშია აღნიშნული პოეტის ძირითადი დანიშნულება. რაც გინდა თეორიული დაწერო ქართულ ლიტერატურაში, აკაკის ეს ნათქვამი ჩემთვის ყველაზე ნამდვილია, რადგან ჭეშმარიტია.
სამწუხაროა, რომ ჩვენთან ლიტერატურული ცხოვრებაც არ არის. 50 წლის წინ გამოვეცი პირველი წიგნი და მას შემდეგ ყოველდღე რაღაცას ვწერ და ყოველდღე გუშინდელს ვშორდები. დღევანდელში რატომ უნდა გავჩერდე? ბავშვობაში რომ ვწერდი, მგონი, ისე ვარ ახლაც - გაშმაგებული ვწერ.

- მეოცნებე თუ ხართ, რაზე ოცნებობთ?
- არა ვარ მეოცნებე. აზრზე არა ვარ, რა არის ოცნება. რაზე უნდა ვიოცნებო? 200 წელს ვიცოცხლო-მეთქი, ამაზე არ ვიოცნებებ. კიდევ რაზე შეიძლება ვიოცნებო, მითხარით? ერთადერთი, რაზეც შეიძლება ეს თქვა, ქართველების სახელი და წარმატება ღმერთმა ხშირად გამაგებინოს... ჩემს ბავშვობაში შიმშილობა ჩვეულებრივი ამბავი იყო, მაგრამ რომ მოგეკლა, ჩვენს ტომში არავინ იტყოდა, მშიაო, ეს კაცის სათქმელი სიტყვა არ იყო. ნეტავი მე ცოტა მართალი და კარგი ვიყო და სხვა რა უნდა მინდოდეს.

- "მთელ მსოფლიოში თანდათან გასაჭირი ყველასი ხდებაო", ამბობთ და მართლაც, ყველასი გახდა საუკუნის ჭირი. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ხვალ და რას გვასწავლის კორონა?
- ახლა ამ ვირუსთან დაკავშირებით როგორც იქცევიან სახელმწიფოები და ხალხები, ყველაფერი დაფაზე დევს. უკვე გამომუშავდა ზოგადი, ადამიანური წესები, ეგოიზმი აღარაა მსოფლიოში. იტალია ცდუნებადი ტიპი აღმოჩნდა და მალე გაება, მაგრამ ხომ ნახეთ, ახლა როგორ იქცევა? მე ვიყო კარგად და სხვა წარღვნას წაუღიაო, ასეთი რამეები ისპობა და ესაა პროგრესი. საერთო ჭირმა გააერთიანა, გონზე მოიყვანა სახელმწიფოები. წინ წამოვიდა ღმერთის მოგონილი ადამიანური ფასეულობები და ღირებულებები. ეს ხომ აქამდე არ ჩანდა? ევროპას რაც კარგად გამოსდის, ზურგის შექცევაა-მეთქი, ამ ახალ ლექსში მიწერია. ჩვენც ასე მოგვექცნენ და სხვებსაც. ქართულად რომ ვთქვათ, კორონამ ჭკუა ასწავლა ყველას.

როგორც ადამიანი, ისეა კაცობრიობაც - გუშინ რაც იყო, ის ხომ აღარ არის ხვალ? მორჩა, ახლა აღარ არის გუშინ, ახლაა ხვალ და კაცობრიობამ ხვალისთვის მეტი იცის. ნახავთ, რომ გავიმარჯვებთ­, იმედიანად ვიყოთ. ყველანი გახარებული მყავდით.

ნანა ფიცხელაური
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?