გიორგი კეკელიძე: "მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება კორონავირუსის შემდეგ, როგორიც მანამდე იყო"
გიორგი კეკელიძე: "მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება კორონავირუსის შემდეგ, როგორიც მანამდე იყო"
"იზოლაციაში კარგად დავინახეთ, როგორ გვჭირდება ერთმანეთი"

მას შემდეგ, რაც პირველი კორონავირუსით ინფიცირებული გამოჩნდა საქართველოს მოქალაქეებს შორის, სხვა რეალობის წინაშე დავდექით, ბევრ რამეზე დავფიქრდით, ცხოვრებისეული პრიორიტეტები გადავაფასეთ... "კვირის პალიტრას" მწერალი გიორგი კეკელიძე ესაუბრება.

- მსოფლიო ისეთი ვეღარ იქნება კორონავირუსის შემდეგ, როგორიც მანამდე იყო, იმ უბრალო მიზეზით, რომ ჩვენი ყოველდღიურობა ამან თვისებრივად შეცვალა. თითქოს ფანტასტიკური ჟანრის ფილმში ვართ და ეს ფილმი ჯერჯერობით მხოლოდ საშინელებას გვთავაზობს, თუმცა ადამიანი იმედით ცხოვრობს და ეს იმედი,
პროგრესთან ერთად, გვაძლევს საფუძველს, გვჯეროდეს, რომ ყველაფერს დავძლევთ. ამ დაძლევის შემდეგ, დიდი იმედი მაქვს, ადამიანი უფრო მეტ დროს დაუთმობს ფიქრს და ნაკლებს - ზედაპირულ ექსიბიციონიზმს, ანუ საკუთარი თავის, თუ შეიძლება ასე ითქვას, "გაყიდვას" სოციალურ ქსელსა თუ სხვა მედიაში.

პანდემიამ დაგვანახა, რომ სიკვდილის საფრთხის წინაშე ყველა
თანაბარი ვართ - ღარიბი მეწაღეებიც და მდიდარი ფეხბურთელებიც... უცნობი მეწაღეებიც და ცნობილი ფეხბურთელებიც...

- მაინცდამაინც ფეხბურთელები რატომ?
- ყველაფერთან ერთად ფეხბურთიც რომ გაჩერდა, მაშინ ვთქვი ეს ფრაზა. ფეხბურთელები ხალხს განსაკუთრებულად უყვარს, პოპულარულებიც არიან, ფინანსური მდგომარეობაც კარგი აქვთ, მაგრამ პანდემია ყველას ერთ ქვაბში ხრაკავს.

თითქოს დედამიწამ ბრუნვა შეაჩერა. განა პლანეტა აღარ ბრუნავს, მაგრამ დედამიწას ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის ჩვენი ნაბიჯები აბრუნებს - ანუ ერთმანეთთან მისვლა, ერთმანეთის შემჩნევა, ერთმანეთთან დალაპარაკება.

იზოლაციაში კარგად დავინახეთ, როგორ გვჭირდება ერთმანეთი. ადამიანს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს ქცეული იყო ვირტუალურ არსებად, დღეს ძალიან უჭირს. თითქოს თვეების წინ სხვას არაფერს აკეთებდა - იჯდა კომპიუტერთან და სოციალურ ქსელში პოსტებს აქვეყნებდა ან კომენტარებს წერდა, დღეს კი თვითიზოლაციას ვერ უძლებს. მოკლედ, ძალიან ბევრი რამ დაგვანახა ამ ყველაფერმა, მათ შორის ისიც, რომ ავადმყოფების მიმართ სოლიდარობა აუცილებელია.

- ნუნუ დუმბაძეზე მინდა გკითხოთ... სოციალური ქსელი ახსენეთ და, ეს ქალბატონი სწორედ ამ მძიმე დღეებში გაიცნო საზოგადოებამ.

- ქალბატონი ნუნუ ჩემი უფროსი მეგობარია - მასთან არაერთხელ ვყოფილვარ სტუმრად და ახლაც მთხოვს, წიგნები მივუტანო. 90 წლის გახლავთ და აბსოლუტურად თანამედროვეა - ბრწყინვალედ ფლობს სოციალურ ქსელს, აქვეყნებს პოსტებს, ჩართულია თანამედროვე ცხოვრებაში.
- ქართველებს აქვთ ასეთი დალოცვა - მისმა გამზრდელმა გაიხაროსო. ეს სიტყვები, ალბათ, ბევრჯერ მიუვიდა ქალბატონ ნუნუსაც, იმიტომ, რომ ის არის ჩვენს გმირ და საიმედო მედმუშაკთაგან ერთ-ერთის - პაატა იმნაძის დედა. განსაკუთრებით პოპულარული იყო ამ დღეებში მათი ვირტუალური დიალოგი სოციალურ ქსელში. სანამ კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელება დადგინდებოდა, ქალბატონმა ნუნუმ წინასწარ გაავრცელა ამ შინაარსის ფეიკნიუსი. ბატონი პაატა კი უკომენტარებს: "დედა, ტყუილებს ნუ ავრცელებ".
- დაიჯერა, გაუხარდა და გააზიარა...

ბრწყინვალე დედაშვილობა აქვთ ბატონ პაატასა და ქალბატონ ნუნუს. მასთან ერთად არასდროს მოიწყენთ. პროფესიით პედაგოგი გახლავთ, წლების განმავლობაში სკოლის დირექტორად მუშაობდა. მასთან ურთიერთობა ერთი სიამოვნებაა.

- ბევრი თანადგომის მაგალითი ვნახეთ ამ დღეებში, თუმცა უსიამოვნო სანახავი იყო კილომეტრიანი რიგები მაღაზიებში...
- ადამიანს ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინია, რაც პანიკასაც გულისხმობს. მთელ მსოფლიოში ასე მოხდა - უცებ დააცარიელეს მაღაზიის თაროები, რადგან შეშინებულებმა პანიკურად დაიწყეს პროდუქტების შეძენა. ეს თავის გადარჩენის ინსტინქტია, თუმცა, მგონია, რომ საქართველომ ამ თვალსაზრისით მაინც კარგი ორგანიზების მაგალითი აჩვენა. გაჭირვების დროს ძალიან მაგარი ქვეყანა და ხალხი ვართ. თუ მოვახერხებთ და მშვიდობის დროსაც ამის ნახევარი ვიქნებით, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. მადლობა ამ ერთიანობისთვის!
არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ჯერჯერობით სამედიცინო მიმართულებითაც, სახელმწიფო მენეჯმენტის თვალსაზრისითაც და სამოქალაქო თვითშეგნების მაღალი დონითაც კარგად ვუმკლავდებით ამ პრობლემას. გავა დრო, "კოვიდ-19" იქცევა ჩვეულებრივი გრიპის შტამად, გადავიტანთ გაცილებით იოლად, როცა ვაქცინა იარსებებს. მთავარი ის არის, რომ თავიდან ავირიდოთ აფეთქება და ქვეყანა არ აღმოჩნდეს სამედიცინო და ეკონომიკურ კოლაფსში. ამისთვის გვჭირდება სახლში ჯდომა, გაცნობიერება, რომ მეორე ადამიანი არის მნიშვნელოვანი.

- თქვენ როგორ იცავთ ექიმთა მითითებებს?
- ლექციები გავაუქმე, გაუქმდა ყველა შეხვედრა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მხოლოდ უმნიშვნელოვანეს საქმეებს ვაკეთებთ და ამისთვის 5-6 ადამიანი ვიკრიბებით. სკოლისთვის ვწერ ვიდეოგაკვეთილებს და ასე ვეხმიანები ჩემს მონატრებულ მოსწავლეებს. უამრავი წიგნი მქონდა წაკითხული პანდემიების სისასტიკეზე.

ადრე გვეგონა, რომ ასეთი რამ მხოლოდ და მხოლოდ წიგნის ფურცლებზე ხდებოდა, ახლა დავინახეთ, რომ ეს ელვის სისწრაფით შეიძლება ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს.

გაჩერდა ფაბრიკა-ქარხნები, თითქოს დედამიწამ ამოისუნთქაო. ეს ამოსუნთქვა არ ღირს ერთი ადამიანის სიცოცხლედაც კი, თუმცა, ბუნებრივია, ამდენი საწარმოს დაკეტვის შემდეგ ეკოლოგიური სურათი შეიცვალა. "ნასას" მკვლევრებმა გამოაქვეყნეს ფოტოები - დედამიწის ირგვლივ მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი.

მთავარია, ადამიანებს ერთმანეთის განცდა გვქონდეს. მე უნდა მახსოვდეს, რომ არსებობს მეორე, მესამე, მეოთხე ადამიანი. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ თანამშრომლობის ხარჯზე მცხოვრები არსებები და მხოლოდ ამით არის ადამიანი ძლიერი. თუკი ამას მოვახერხებთ, ნებისმიერ კორონავირუსს გავუმკლავდებით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?