ქართველი დიზაინერის ქუდები მილანში ჯორჯო არმანისა და სხვა მაღალი კლასის დიზაინერთა ნამუშევრების გვერდით დევს - კვირის პალიტრა

ქართველი დიზაინერის ქუდები მილანში ჯორჯო არმანისა და სხვა მაღალი კლასის დიზაინერთა ნამუშევრების გვერდით დევს

დიზაინერი თამუნა ზაუტაშვილი აქსესუარებს, ქუდებსა და საყურეებს ქმნის. მისი ნივთები ძალიან პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

- სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული მოხატულობა მაქვს დამთავრებული, რამაც, ალბათ, დიდი როლი ითამაშა, ნამუშევრის ფერებსა და სისუფთავეს მიქებენ. პირველივე ნივთი, "ვარდებიანი ქუდი", საზღვარგარეთ გაიყიდა და ამდენი ხნის შემდეგაც პოპულარულია.

2003 წელს მე და ჩემი მეუღლე პარიზში მეგობრებს ვესტუმრეთ. ერთ დღეს მაღაზიაში შევედი, თავზე ვარდებიანი ქუდი მეხურა და ჩემივე შეკერილი ვარდებიანი ჩანთა მეჭირა. მაღაზიის მენეჯერს ისე მოეწონა, საკმაოდ დიდი თანხა გადამიხადა.

თბილისში რომ ჩამოვედი, მეგობარმა, რომელიც ამერიკის საელჩოში მუშაობდა, მირჩია, საელჩოში გამეკეთებინა გამოფენა. დავუჯერე და ყველაფერი გაიყიდა. მაშინ მივხვდი, რომ ეს საქმე შეიძლებოდა ბიზნესად მექცია. ერთ ჩემს მეგობარს ქორწილში ჩემი გაკეთებული თმის სამაგრი რგოლი ეკეთა. ქორწილში მოდის კვირეულის ორგანიზიტორი იყო, რომელსაც ძალიან მოეწონა ჩემი ნამუშევარი და მას შემდეგ მოდის კვირეულებში ვმონაწილეობ.

- შენი ნივთები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში გადის და შოურუმებშიც არის გამოფენილი. - 2011 წელს მოდის კრიტიკოსმა მილა ონუფრიევამ ქუდი და ხელთათმანები ინტერნეტით შემიკვეთა. ის მილანში ცნობილი მოდის კრიტიკოსია, რომელსაც კარლ ლაგერფილდის კოლექციებიც კი დაუწუნია. მალე მილა ონუფრიევამ მილანში მიმიწვია კონკურსზე "ახალი სახეები", სადაც ბროშები და ვარდებიანი ქუდები გავგზავნე. ახალი წლის წინაღამეს მივიღე მეილი, რომ გავიმარჯვე. ორმა შოურუმმა, რომელთა მეპატრონე მილა ონუფრიევაა, კონტრაქტი გამიფორმა. ჩემი ქუდები მილანში ცნობილ ბუტიკში ჰუსეინ ჩალაიანის,"ჯორჯო არმანისა და სხვა მაღალი კლასის დიზაინერთა ნამუშევრების გვერდით დევს. ახლახან ნიუ-იორკის"მოდის კვირეულზე მიმიწვიეს, ვერ წავედი, მაგრამ რაც გავგზავნე, ყველაფერი გაიყიდა. ვენეციაში ნატო დუმბაძემაც წაიღო ჩემი ნამუშევრები და გახსნის დღესვე ყველაფერი გაიყიდა.

- რომელია შენი ყველაზე პოპულარული ნივთი? - საყურე, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანმა ისე გამიპიარა, მთელი ცხოვრება მადლობა უნდა ვუხადო. ნანუკას შვილი მარიამი ჩემი შვილების მეგობარია. მას ვაჩუქე ორი საყურე - ერთი ატმის ყვავილისფერი, მეორე - მუქი მწვანე. მეორე დღეს 618 საყურის შეკვეთა მივიღე. თურმე ნანუკას "ფეისბუკზე" ჩემი საყურის ფოტო დაუდვია.

- ამ საყურის შექმნის ისტორია როგორია?

- ჩემმა რუსმა მომხმარებელმა ქალმა მითხრა, ყურის ბიბილოები ლამის ჩახეული მაქვს მძიმე საყურეებისგან და რაღაც მსუბუქი გამიკეთეო. ავიღე ქსოვილი, გამოვჭერი სხვადასხვა ფორმაზე, ჯაჭვზე ავაწყვე და საყურეც გამოვიდა. ძალიან მოეწონა შემკვეთს, მითხრა, ყველა ფერის მინდა, რაც ბუნებაში არსებობსო.

- ბევრ პოპულარულ ადამიანს აქვს შენი ნივთი? - ვალენტინ იუდაშკინს ჩემი ცხრა ნამუშევარი აქვს. მან რამდენიმე გააჩუქა, მაგალითად, ალა პუგაჩოვას ვარდებიანი თმის სამაგრი რგოლი აჩუქა. მსახიობ ოლია სუტულოვასაც ბევრი ჩემი ნამუშევარი აქვს. ჩემი ვარდებიანი თმის სამაგრი რგოლი ქორწილზე ეკეთა, ხოლო "კინოტავრზე" ჩემი ქუდი ეხურა.

ჩემი ქუდი შერონ სთოუნსაც აჩუქეს. ჩემი ნამუშევრები რუსეთშიც ძალიან პოპულარულია - აქვს ანა ვოლკოვას, ჯგუფ "ბლესტიაშიეს" მომღერალ ნადია რუჩკას კი ჩემი ქუდიც აქვს და თმის სამაგრი რგოლიც.

საქართველოში დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ ხელნაკეთ ნივთს, საზღვარგარეთ კი ძალიან აფასებენ. ამიტომაც ჩემი ნამუშევრების 80%-ს საზღვარგარეთ ვგზავნი და ჯერ არ მქონია შემთხვევა, ვინმეს არ მოსწონებოდეს.

ჩემი ქუდების უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ტიპის თავს უხდება, ლამაზ ფორმას აძლევს. დიდ ყურადღებას ვაქცევ ნივთის კომფორტულობასაც.

- გვირჩიე, როგორი ფორმის სახეზე როგორ უნდა ვატაროთ ქუდი? - ვისაც მრგვალი სახის ოვალი აქვს, კარგია, თუ შუაში გაყოფილსა და გვერდებზე ჩამოყრილ თმას ატარებს. საიდანაც თმა იწყება, ქუდიც იქიდან უნდა იწყებოდეს, და სახე მოგრძო გამოჩნდება. გრძელი სახის ოვალზე წარბებამდე უნდა დაიფაროთ ქუდი. ყველა ტიპის სახეს ნებისმიერი ქუდი მოუხდება, თუ გამოაჩენთ წარბს და მხოლოდ ყურის ბიბილოს.

ხათუნა კორთხონჯია