"ჩვენ პატრიარქის მგალობლები ვართ" - კვირის პალიტრა

"ჩვენ პატრიარქის მგალობლები ვართ"

"პრინც ჩარლზს ჩვენი დისკი მოუსმენია და აღფრთოვანებულა ქართული ხალხური სიმღერით"

ცოტა ხნის წინ დიდმა ბრიტანეთმა და შოტლანდიამ ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლ "შავნაბადას" უმასპინძლა. კემბრიჯის უნივერსიტეტის ტაძარში კონცერტს პრინცი ჩარლზიც უნდა დასწრებოდა, მაგრამ დაგვიანებით მიწვევის გამო ვერ მოახერხა. ტახტის მემკვიდრემ იმედი გამოთქვა, რომ ლონდონში "შავნაბადას" შემდეგი გასტროლის დროს  აუცილებლად მოუსმენს მშვენიერ ქართულ საგალობლებსა და ხალხურ სიმღერებს.

"შავნაბადა" ჯერ მხოლოდ ხუთი წლის არის.  ამ ხნის განმავლობაში გამოსცა სამი აუდიო და ერთი ვიდეოალბომი. იმოგზაურა სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც გამართა კონცერტები, არის მრავალი ფესტივალის მონაწილე. ინგლისური ჩვიდმეტდღიანი ტურნეს განმავლობაში ანსამბლის 500-ზე მეტი დისკი გაიყიდა. "შავნაბადელებმა" სიმღერა ჯერ ანსამბლ "მართვედან" დაიწყეს, შემდეგ ანსამბლ "ბიჭებში" განაგრძეს.

KvirisPalitra.Geანსამბლის ხელმძღვანელი დათო ცინცაძე: - როდესაც სიყმაწვილისა და სიჭაბუკის ხანა დასრულდა და "მართვესა" და "ბიჭებში" სიმღერის ასაკობრივი ცენზიც ამოგვეწურა, მოვიწყინეთ. 12 წელი ერთმანეთის გვერდით ვმღეროდით, ვერც სიმღერის გარეშე ვძლებდით და ვერც უერთმანეთოდ. ხშირად ვიკრიბებოდით და სუფრასთან ვიქარვებდით მონატრებას.  მალე მივხვდით, რომ ეს არ გვაკმაყოფილებდა და სხვა ფორმა უნდა მიგვეცა ჩვენი შეკრებებისთვის. ასე შევქმენით ანსამბლი "შავნაბადა".

- ცნობილია ზარზმელი ბერების გალობის ჩანაწერები. ხომ არ აპირებთ სასულიერო პირებთან ერთად ჩაწერას?

- "შავნაბადა" სასულიერო წრეებსა და ეკლესიასთან მჭიდრო კავშირშია. ჩვენ საპატრიარქოს, სამების საკათედრო ტაძრის გუნდში ვგალობთ, პატრიარქის მგალობლები ვართ. პატრიარქის "დავიღალე", "კირიელეისონ" საერთო გუნდთან ერთად ჩვენი მონაწილეობითაც სრულდება.

- დიდ ბრიტანეთში ვინ მიგიწვიათ?

- პირველად ანსამბლ "ჩვენებურებთან" ერთად ფესტივალზე მიგვიწვიეს. იქ გავიცანით უცხოელების მიერ შექმნილი ქართული სიმღერის ანსამბლ "სამზეოს" წევრები. დავმეგობრდით და საქართველოში მოვიწვიეთ. საპასუხოდ "სამზეოს" ხელმძღვანელმა, ქალბატონმა სარა კობამამ გადაწყვიტა, "შავნაბადასთვის" მოეწყო ტურნე დიდ ბრიტანეთში. ჩვენი კონცერტები კემბრიჯის წმინდა სამების ტაძრის დარბაზში გაიმართა.

ტრადიციულად, სწავლის დაწყების წინ სტუდენტები ტაძარში იკრიბებიან და მათ ტაძრის წინამძღვარი დალოცავს. ამ ტაძარში იკრიბებიან სახელმწიფო მოხელეებიც  მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასამართავად.

უამრავი ხალხი მოვიდა კონცერტზე. მაყურებლის ასეთი სიმრავლე ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულმა განაპირობა. ამას ხელი შეუწყო კემბრიჯში ჩამოყალიბებულმა ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლმა "ჩელამაც". მათ ყველაფერი გააკეთეს ჩვენი ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის.

- ალბათ, რადიო ბი-ბი-სიზე თქვენმა სტუმრობამაც შეუწყო ხელი მაყურებლის სიმრავლეს, თქვენ მხოლოდ ერთ გამოსვლაზე დაგეთმოთ 35 წუთი.

- დიახ, ერთხელ 15 წუთი, მეორეჯერ - 35 ბი-ბი-სისა და კემბრიჯის რადიოარხებზე. ბი-ბი-სის ჟურნალისტები ოვაციით შეგვხვდნენ. ისინი იცნობდნენ ჩვენს რეპერტუარს. კემბრიჯის ქუჩები ჩვენი სარეკალამო უზარმაზარი ბანერებით იყო სავსე. ხალხი გვცნობდა და ღიმილით გვესალმებოდა.

- პრინცი ჩარლზი რატომ ვერ დაგესწროთ კონცერტზე?

- ჩვენ გვქონდა კონცერტი იორკშირის საკათედრო ტაძარში. შემდეგ ლიდსის მერსა და ლორდთან შეხვედრებზე ქართულ კულტურაზე ვისაუბრეთ და სამი სიმღერა ვიმღერეთ. მერმა ნახატებით დაგვასაჩუქრა, ჩვენ კი ანსამბლის დისკი ვაჩუქეთ. სწორედ მაშინ გვირჩია მერმა, რომ კონცერტზე პრინცი მოგვეწვია. მერის რჩევა გავითვალისწინეთ და ქალბატონ სარას მეშვეობით პრინცს წერილი და დისკი გავუგზავნეთ.

სამ დღეში აღფრთოვანებული პასუხი მივიღეთ. პრინც ჩარლზს ჩვენი დისკი მოუსმენია და აღფრთოვანებულა ქართული ხალხური სიმღერით, მაგრამ წუხდა, რომ კონცერტზე ვერ მოვიდოდა, რადგან მისი ყოველი დღე სამი თვით ადრე ყოფილა დაგეგმილი. წერილში გვთხოვდა, იქნებ ადრე შემატყობინოთ თქვენი შემდგომი გასტროლის შესახებ, რომ მოსვლა მოვახერხოო.

- მგონი, შოტლანდიაშიც გამართეთ კონცერტი.

- უზარმაზარ და ძალიან ლამაზ ტაძარში გაიმართა ჩვენი კონცერტი. ქალბატონი მარჯ ბრეი გვმასპინძლობდა. ვცხოვრობდით უძველეს ციხესიმაგრეში, სამეფო ქუჩაზე. შევხვდით განათლების მინისტრს, რომელმაც სურვილი გამოთქვა, უახლოეს ექვს თვეში შოტლანდიაში ისევ ჩავიდეთ. მინისტრმა პატივი დაგვდო და ათი წლის წინ აღმოჩენილი მიწაში ჩაფლული ქალაქი დაგვათვალიერებინა. გვაჩვენა ისეთი ადგილებიც, რომლის ნახვაც ბევრისთვის მიუწვდომელია.

ინგლისში ორი კონცერტი იქაური ქართველებისთვისაც გავმართეთ. ამაში გვეხმარებოდა ხალხური სიმღერის შემსრულებელი, ემიგრანტი თამთა თურმანიძე და ბილი მაკალისტერი, რომელსაც ძალიან კარგად იცნობენ ქართულ თეატრალურ სამყაროში.  ბილმა ძალიან დიდი საჩუქარი გაგვიკეთა - "შავნაბადას" შესახებ ორი ათ-ათწუთიანი კლიპი გადაიღო. გვიღებდნენ ყველგან: კონცერტებზე, კულისებში, საძინებლებშიც კი. მთავარი გადაღება მიმდინარეობდა ლონდონის ერთ-ერთ ცნობილ და პოპულარულ კაფეში. კლიპს მალე გამოგვიგზავნიან და ჩვენს საზოგადოებას წარვუდგენთ.

მალე თბილისში გაიხსნება "შავნაბადას" სტუდია და ლანჩხუთში არსებულ ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის სკოლასთან ერთად ინგლისის რამდენიმე სკოლასთან ექნება კავშირი. საზოგადოდ, ინგლისში ძალიან მოსწონთ ქართული ხალხური სიმღერები და ხალისით სწავლობენ, ვორქშოპები და მასტერკლასებიც კი ჩაგვატარებინეს. გვესწრებოდნენ ისინიც, ვინც დიდი ხანია მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს, მათ შორის ბევრი პროფესიონალი მუსიკოსია. ვორქშოპებს დაესწრნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის ის სტუდენტებიც, რომლებიც კავკასიის ეთნომუსიკაზე დისერტაციას წერენ.