ლიბიის ციხეგამოვლილი ქართველი მეზღვაურის თავგადასავალი
ლიბიის ციხეგამოვლილი ქართველი მეზღვაურის თავგადასავალი
"მთელი მსოფლიო მოვიარე, მაგრამ ინდოეთში ნანახმა შემძრა... იქ ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, ქუჩაში ჭამდნენ და იძინებდნენ... ძალიან დამთრგუნა მათმა ნახვამ. ქალები, კაცები და ბავშვები მუხლამდე ტალახში, ფეხშიშველი, ხელებ და ფეხებდახეთქილი მუშაობდნენ..."

თითქმის მთელი მსოფლიოს შემოვლის შემდეგ ერთ დღესაც გემის ეკიპაჟთან ერთად მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქვეყნის ციხეში აღმოჩნდა. 33 წლის უფროსი ოფიცერი რომან კაკალაძე მეზღვაურის საინტერესო, თუმცა სახიფათო ცხოვრებაზე გვიამბობს. საუბრისას ვერც ლიბიაში, ტაჯურის ციხეში გატარებულ პერიოდს ავუარეთ გვერდი.

-
ბავშვობიდან ვამბობდი, მეზღვაური უნდა გავხდე-მეთქი, მაგრამ დედას უნდოდა, ექიმი ვყოფილიყავი, მამას იურისტი. Bბოლოს, ოჯახური კრების გადაწვეტილებით, ეკონომიკურზე ჩავაბარე. ეს იყო სასწავლებელი, რომელიც ნიუ-იორკშია დაარსებული და იქიდან დისტანციურად გვასწავლიდნენ. მეორე კურსზე, სწავლის პარალელურად და მშობლებისგან ფარულად, საზღვაო აკადემიაში საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე ჩავაბარე. მშობლებმა სამი თვის შემდეგ გაიგეს,
რომ აკადემიაში ვსწავლობდი. გასამხედროებული სწავლებაა, ფორმით უნდა გვევლო და დედამ რომ დამინახა, ცუდად გახდა. ორივე სასწავლებელში ერთდროულად ვსწავლობდი. 2011 წლის შემოდგომაზე პირველად გავედი ზღვაში - პრაქტიკა მჭირდებოდა და ერთ-ერთ კომპანიას ვთხოვე, სტაჟიორად წამიყვანეთ, უხელფასოდ ვიმუშავებ-მეთქი. შავი ზღვის აკვატორიაში ვიყავით. ამის შემდეგ თურქულ, ირანულ, ბერძნულ კომპანიებში ვიმუშავე. პირველი დიდი მარშრუტი იყო რიო-დე-ჟანეირო-ბათუმი. ეკვატორის გადაკვეთის შემდეგ მეზღვაურები ამბობდნენ, რომ ნათლობა მივიღე...

ბრაზილია ულამაზესი ქვეყანაა, მკვეთრი ფერებით და მხიარული ხალხით. წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ქრისტეს ქანდაკება... რიოს კარნავალის დაწყებამდე ორი დღით ადრე წამოვედით. გული დამწყდა, მაგრამ საქმე ასე ითხოვდა... ძალიან ცხელოდა, 40 გრადუსამდე იყო, იქიდან წამოსულები კი რამდენიმედღიანი მგზავრობის შემდეგ ლამის ყინვაში აღმოვჩნდით, როდესაც გიბრალტარის სრუტის გავლით ესპანეთში შევედით.

- მეზღვაურებს მართლა სჯერათ ნიშნების? მაგალითად, გემზე ქალის ყოფნა ცუდი ნიშანია...
- გემზე ქალი ძალიან საჭიროა და ვინც მინახავს, ყველა პროფესიონალურად ართმევს თავს საქმეს... რაც შეეხება სხვა ნიშნებს, არის რაღაცები, რისიც მეზღვაურებს­ სჯერათ, მაგრამ ამაზე არასდროს ვლაპარაკობთ, მით უფრო - გემზე, როდესაც თითქმის ერთი თვე ხარ ზღვაში, ფსიქოლოგიურად დადებითად უნდა განეწყო, სხვაგვარად შეუძლებელია. არ შეიძლება ამ დროს იფიქრო შტორმზე ან სხვა საფრთხეებზე. ამას ყველა ვერ უძლებს, მით უფრო, თუ გამოუცდელია და წასვლის შესახებ განცხადებას წერენ...

აკადემიაში გამოცდილი ლექტორები, კაპიტნები გვასწავლიან, საკუთარი გამოცდილებით გვიქმნიან წარმოდგენას, რა შეიძლება ზღვაში მოხდეს და დეტალურად გვიხსნიან, როგორ უნდა მოვიქცეთ, მაგრამ როცა თავად ეჯახები რეალობას - შტორმს ან ავარიულ სიტუაციას, სხვა გამოცდილებას იძენ. ასეთ დროს მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს - საკუთარი თავის გამხნევება.

- ალბათ, თქვენც არაერთხელ აღმოჩენილხართ შტორმში.
- 2016 წელს უკრაინაში რამდენიმე ტონა ხორბლით დავიტვირთეთ და ლიბიაში ჩავიტანეთ. მივიღეთ გამაფრთხილებელი წერილი, რომ ხმელეთზე არავინ გადასულიყო. შესაძლოა, სანაპიროს დაცვის ან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ამოვიდნენ და რაც უნდა მოგთხოვონ, მიეცითო.



- რა უნდა მოეთხოვათ?
- ძირითადად, პროდუქტი, წყალი, ფული... გემზე ხანდახან შეიძლება დიდი ფულიც ინახებოდეს, ზოგჯერ კი მხოლოდ 20 დოლარი იყოს. გააჩნია სიტუაციას. არაბულ ქვეყნებში ასეთი რამ იშვიათი არ არის. ასეთი შემთხვევები ყოფილა ეგვიპტეში, მაროკოსა და ალჟირშიც. კაპიტანს ჰკითხეს, ამ გემს ისრაელში ხომ არ უმოგზაურიაო. ასეთ შემთხვევაში ეკიპაჟს აპატიმრებენ... ძალიან დავიძაბეთ, მაგრამ გადავრჩით - 20 000-დან 20 დოლარზე ჩამოვიდნენ და გაგვიშვეს. ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ იწერება საზღვაო წიგნებში, რომლებიც ყოველკვირა ახლდება, მაგრამ ინფორმაცია ზოგადია. ლიბიაში არის ეთნიკური ჯგუფი - ამაზინგები. ისინი ჩეჩნურის მსგავს ენაზე ლაპარაკობენ და დამოუკიდებლობა სურთ. ყველა ცდილობს, მათთან კონფლიქტს აერიდოს, რადგან ბევრნი არიან ტუნისში, ალჟირსა და მაროკოში და მხარდაჭერითაც სარგებლობენ, თუმცა საზღვაო წიგნებში ამ სეპარატისტულ რაიონზე არაფერი წერია, რაც უცხოელ მეზღვაურებსა და გემთმფლობელებს დიდ პრობლემებს უქმნის.

იქიდან ბათუმში უნდა ჩავსულიყავი, საიდანაც ინდოეთის აღმოსავლეთში, საპორტო ქალაქ ვისახაპატნამში უნდა წავსულიყავით. მექანიკოსი გაფრთხილებული იყო შტორმის შესახებ. ვახტზე მე ვიყავი. შტორმი ისე გაძლიერდა, რომ სამანქანო განყოფილებიდან დარეკეს, გემი გააჩერეთო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის შეიძლება დაიღუპოს, რადგან არ არის გამორიცხული, გადაბრუნდეს. ამ დროს კაპიტანიც ხიდურზე უნდა იყოს და დავურეკე. რვა საათი ვებრძოდით შტორმს და როგორღაც გამოვძვერით... არის სიტუაციები, როდესაც წუთები გადამწყვეტია. ამ დროს ძალზე მნიშვნელოვანია, ყველა მეზღვაურმა თავისი საქმე გააკეთოს.

- გამორჩეულად რომელი ადგილები გახსენდებათ?
- ესპანეთის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო საკურორტო პატარა ქალაქები - ელ ფერო, ლაკურონია და ავილესი ძალიან მყუდროა და სიმწვანეშია ჩაფლული... გამორჩეული იყო ინდოეთის საპორტი ქალაქი ვისახაპატნამიც, სადაც ადამიანები უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდნენ, ქუჩაში ჭამდნენ და იძინებდნენ... ძალიან დამთრგუნა მათმა ნახვამ. ქალები და კაცები მუხლამდე ტალახში, ფეხშიშველი, ხელებ და ფეხებდახეთქილი მუშაობდნენ... მათთან ერთად იყვნენ ბავშვებიც.

ერთი თვე ვიდექით პორტიდან მოშორებით. თუ შეიძლება ითქვას, კურიოზიც შეგვემთხვა - ფოთიდან ინდოეთში 10 000 ტონა აზოტი გავზიდეთ და ინდოეთში ჩასვლამდე ის ქარხანა, საიდანაც ტვირთი წამოვიღეთ, უხარისხო პროდუქციის წარმოებისთვის დახურეს. ამიტომ ინდოეთი პორტში შესვლის უფლებასაც არ გვაძლევდა, რომ არაფერი ვთქვათ ტვირთის გადმოცლაზე, არადა, ჩვენი ბრალი ხომ არ იყო?! გაგვითავდა საჭმელ-სასმელი, წყალიც კი, და თევზის ჭერაზე გადავედით. პორტიდან მოშორებით ვიყავით, რადგან გემს ადგილი უნდა ეყოს, რომ ღუზა ჩავუშვათ... ბოლოს შემკვეთი და მიმღები კომპანიები შეთანხმდნენ და იქიდან სინგაპურში წავედით. ეს არის ქალაქი-სახელმწიფო, სადაც აზიასა და ევროპას შორის ტრანზიტები იკვეთება... მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ვყოფილვარ, მაგრამ სინგაპური სხვა განზომილებაა. ცხოვრების ტემპი ძალიან მაღალია და იმისთვის, რომ მოსახლეობამ დაისვენოს, შაბათ-კვირას მეზობელ ქვეყნებში მიდიან.

- ორი წელი და ოთხი თვე მოგიწიათ ლიბიის ციხეში ყოფნამ, როცა იქ სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.
- დიახ, ეს არის ძალიან მძიმედ გასახსენებელი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში და უაზროდ დაკარგული დრო, რომელმაც ჩემი კარიერა შეაფერხა, თუმცა, საბედნიეროდ, თანდათან ყველაფერს ვაგვარებ... საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ეგვიპტეში ჩვენმა კონსულმა ალექსანდრე ჭელიძემ და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა მართლაც ყველაფერი გააკეთეს ჩვენს გამოსახსნელად. იყო შემთხვევები, როცა სანდრო ჭელიძე ანგარიშზე თვითონ გვირიცხავდა თანხას.



- არსებობს საეჭვო კომპანიები, რომელთა გამოც მეზღვაურები ხშირად ხიფათში ეხვევიან. ეს გახდა თქვენი ციხეში მოხვედრის მიზეზი?
- საქმე ის არის, რომ ასეთი კომპანიების რეპუტაციის შესახებ მეზღვაურები გემზე ასვლიდან ერთი თვის შემდეგ იგებენ - მაშინ, როცა ხელფასების გაცემის დრო დგება, თუმცა მანამდეც შეიძლება პრობლემების შემჩნევა, მაგალითად, კვების ან სხვა საყოფაცხოვრებო პირობების, ასევე ტვირთის საბუთების მხრივ, მაგრამ ლიბიაში, ტაჯურას ციხეში მოხვედრის შემთხვევაში კომპანია მართალი იყო. ლიბიელებმა დაახლოებით ასეთი რამ გაითამაშეს - გემი დაგვატვირთვინეს და შემდეგ განაცხადეს, ტვირთი მოიპარესო. სხვა საკითხია, როგორ მოგვექცა ბერძნული CAPELLO MARITIME, რომელმაც მაშინვე მიგვატოვა ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს და ყველა ცდილობს, როგორც მოახერხებს, ისე იშოვოს ფული, საკვები თუ იარაღი, ან იპოვოს­ გზა, რომ შემდეგ დაპირისპირებულ­ მხარესთან­ ივაჭროს. თან სახელმწიფოს ემბარგო აქვს დაწესებული­ და ხელიდან არ უშვებენ შანსს, რამეს ჩაავლონ.

- ციხეში როგორი გარემო იყო?
- თავიდან ძალიან მძიმე - საკვების მოსაპოვებლადაც კი ბრძოლა გვიწევდა, რომ არაფერი ვთქვათ ანტისანიტარიაზე... ქართველები მხოლოდ ჩვენ ვიყავით; იყვნენ უკრაინელები, თურქები და რუსები, რომლებიც ძალიან ცუდ დღეში იყვნენ, რადგან ციხის იმ მხარეს "აისისისა" და "მუსლიმთა საძმოს" ჯგუფები აკონტროლებდნენ. აიძულებდნენ, თმა გადაეპარსათ და წვერი მოეშვათ... იქ პირველად ვნახე, როგორ სასტიკად სცემა ბადრაგმა პატიმრებს. საბედნიეროდ, ჩვენთვის თითიც არასდროს დაუკარებიათ, თუმცა დაძაბული ურთიერთობა გვქონდა იქაურ პატიმრებთან. მერე თანდათან ყველაფერი მოგვარდა.

არაბულ ქვეყნებში, შარიათის კანონის თანახმად, ადამიანს ქურდობისთვის ხელს აჭრიან. ჩვენთან ერთად ერთი იქაური იხდიდა სასჯელს მანქანის ქურდობისთვის. სამედიცინო განათლება ჰქონდა და თუ რამე დაგვჭირდებოდა, გვეხმარებოდა. ეუბნებოდნენ, აღიარე დანაშაული, ხელს მოგაჭრით და გაგათავისუფლებთო, მაგრამ უარი თქვა და ექვსი წელი მოიხადა. ჰყავდათ პოლიტპატიმრებიც, რომლებიც მკვლელობის მუხლით იყვნენ გასამართლებული... ძალიან ბევრი იყო ნარკორეალიზაციისთვის გასამართლებული. სასამართლოს ჰყავდა თანამშრომლები, რომელთაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, საბუთზე ხელს ვერ აწერდნენ. არაერთხელ წამიყვანეს სასამართლოზე სხვის ნაცვლად, რადგან ჩემი გვარ-სახელი ვერ წაიკითხეს.

ათი თვე მტკიოდა კბილი. რა თქმა უნდა, ციხეში სპეციალისტი არ ჰყავდათ და ძლივს მივაღწიე, რომ ციხიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით კლინიკაში წავეყვანე. ერთი კაცი მახლდა. ქალაქს ომის კვალი ეტყობოდა. შენობები, კლინიკის კედლებიც კი დაცხრილული იყო... ის კაცი ძლივს ვიპოვე, რომ უკან წამოვეყვანე, რადგან ციხე იქ ყველაზე უსაფრთხო ადგილი იყო, თუმცა ბოლო დროს ციხესაც ბომბავდნენ.
სხვათა შორის, რომ გაგვათავისუფლეს, რეაქცია არ მქონია, რადგან მანამდე ათასჯერ გვითხრეს, გიშვებთო. მხოლოდ მაშინ დავიჯერე, როცა სასტუმროში დაგვაბინავეს.

- როგორია თქვენი გეგმები?
- ისევ გემზე დავბრუნდი, სერტიფიცირება გავიარე... გეგმები მაქვს, მაგრამ მანამდე ვაპირებთ, იმ კომპანიას ვუჩივლოთ, რომელიც ასე მოგვექცა. პროცესი უკვე მიმდინარეობს და კომპენსაციის თანხას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დეპარტამენტის ბალანსზე გადავრიცხავთ. ეს იქნება პრეცედენტი, რომ უპასუხისმგებლო კომპანიის ქმედებას პასუხი გაეცეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა