"ვნახოთ, რას გადაწყვეტს ჩემი ბედისწერა" - კვირის პალიტრა

"ვნახოთ, რას გადაწყვეტს ჩემი ბედისწერა"

გიორგი ცეცხლაძე ქობულეთში ცხოვრობს, სოფელ კვირიკეში. მას შემდეგ, რაც სახლი მეწყერმა დაუნგრია, ხანდაზმულ დედასთან ერთად ბიძის სახლს შეაფარა თავი... მეწყერი ხშირია აჭარაში: აქ კოკისპირული წვიმების შემდეგ ზოგიერთ იმ სახლს, რომელიც ფერდობზეა აშენებული, საძირკველი ერყევა და ზვავს მიაქვს. ეს კი ძალიან ძნელია - შენს ბავშვობასთან ერთად ძველ სახლში ხომ ბედნიერების რაღაც წილი რჩება. თუმცა გიორგის მაშინ გული არ გასტეხია. იფიქრა, არა უშავს, წავალ, თურქეთში ჩაის დავკრეფ, ყოველ სეზონზე ვიშრომებ და ისე როგორ გამიჭირდება, რომ ახალი სახლი არ ავაშენოო... მაგრამ ასე არ მოხდა: ორი წლის წინ, სწორედ ჩაის კრეფის სეზონზე, ავად გახდა და ამით მისი ოცნებაც შეწყდა.

- ჩემთვის არაერთხელ უკითხავთ, როგორ მოხდა, რომ ასეთ ძლიერ ბიჭს, ასეთი რამ დაგემართაო? გამოგიტყდებით - ყოველ პასუხზე ბოღმა მახრჩობს: არანაირ ძლიერებას არ შეუძლია წინ აღუდგეს იმ პატარა საშინელ ნაწილაკს, რითაც მძიმე დაავადება იწყება.

პირველად თითქოს ჩვეულებრივი ვირუსი მქონდა ტემპერატურის აწევით. მოკლედ, ისე ჩანდა, რომ ერთ კვირაში მაინც უნდა გამოვჯანმრთელებულიყავი, მაგრამ საუბედუროდ ასე როდი მოხდა: ტემპერატურა ძალიან დიდხანს გამიგრძელდა, რასაც ისიც დაერთო, რომ უცებ კისერზე ჯირკვალი გამომებერა. ბათუმის კლინიკას მივმართე, მათ კი მაშინვე დედაქალაქში გამომგზავნეს, სადაც ლიმფომა დამიდგინეს. ეს ავთვისებიანი სიმსივნეა.

მოკლედ, ამ შემთხვევაში ორი არჩევანია: ან საქართველოში უნდა დამეწყო მკურნალობა, ან უცხოეთში. ახლობლებმა, რომლებიც საფრანგეთში ცხოვრობენ, მითხრეს, თუ აქამდე ჩამოაღწევ, შევძლებთ შენს დაავადებასთან გამკლავებასო. მე რა გასამგზავრებელი თანხა უნდა მქონოდა, მაგრამ როდესაც სოციალური ქსელით სრულიად უცნობ ადამიანებს მივმართე, მათ საოცრებები გააკეთეს. არც ვიცი, ემიგრანტებს როგორ ვუთხრა მადლობა - მათ გადმომირიცხეს საფრანგეთში გასამგზავრებელი თანხა.

- იქ რატომ ბოლომდე ვერ მოხერხდა შენი მკურნალობა? - იმის გამო, რომ მხოლოდ ლიმფომა კი არა, მეორე უმძიმესი დაავადებაც აღმომაჩნდა - ტუბერკულოზი.

- როგორ? - ფრანგმა ექიმებმა ყველა სახის ანალიზი ჩამიტარეს და მეორე დაავადება აღმომიჩინეს. მითხრეს, ჯერ ტუბერკულოზს ვებრძოლოთ და ლიმფომაზე მკურნალობას დაახლოებით 2 თვის შემდეგ დაგიწყებთო. 2 თვის შემდეგ ლიმფომის სამი კვანძი ამომაჭრეს. ამასობაში თანხა ამოიწურა, საქართველოში დავბრუნდი და მკურნალობა აქ გავაგრძელე - უკვე 8 ქიმიოთერაპია მაქვს გაკეთებული.

- შედეგი როგორია? - საბედნიეროდ, ის ორი სიმსივნური კვანძი, რომელიც საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ გამიჩნდა, აღარ გაზრდილა, თუმცა არც დაპატარავებულა. ამიტომ ექიმმა მითხრა, შესაძლოა ძვლის ტვინის გადანერგვა დაგჭირდეს, თურქეთში წასვლაა საჭიროო. ამაზე მწარედ გამეცინა - ძვლის ტვინის გადანერგვა, სულ მცირე, 120.000 დოლარი მაინც ჯდება!

პირველ ეტაპზე კვანძების ამოკვეთა მჭირდება, მერე კი ვნახოთ, რას გადაწყვეტს ჩემი ბედისწერა.

ახლა საზღვრები ჩაკეტილია და თურქეთში ვერ წავალ. თუმცა რითი უნდა წავსულიყავი, არაფერი გამაჩნია. ასე რომ, ახლა კეთილი ადამიანების იმედი მაქვს და კიდევ, იმედია, მალე ჩაივლის კორონავირუსი, რომელიც ჩემთვისაც და ჩემი ხანდაზმული დედისთვისაც ძალიან სარისკოა. ერთი ის ვიცი, რაც უნდა მოხდეს, ჩემი დამხმარე კეთილი ადამიანები უსათუოდ გამოჩნდებიან. ვისაც შეუძლია, რასაკვირველია... თორემ მშვენივრად ვიცი, რომ დღეს ყველას ძალიან გვიჭირს.

გიორგი ცეცხლაძის დასახმარებლად მსურველებს შეგიძლიათ ამ ანგარიშებით ისარგებლოთ:

საქართველოს ბანკი:

GE32BG0000000161769753; GE32BG0000000161769753

თი ბი სი ბანკი:

GE79TB7581545064300001; GE79TB7581545064300001

მიმღები - Giorgi Tsetskhladze; პირადი ნომერი 61004018298

საქველმოქმედო ზარი - 0901701437