"ნენე რომ მეყოლა, იმ დღიდან სხვანაირად განვიცდი ჩემი სმენის ამბავს. წარმოიდგინეთ, შვილი მეღუღუნება და დედას მეძახის"
01-04-2020
"ნენე რომ მეყოლა, იმ დღიდან სხვანაირად განვიცდი ჩემი სმენის ამბავს. წარმოიდგინეთ, შვილი მეღუღუნება და დედას მეძახის"
22 წლის მაგდა ფონიამ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი დაამთავრა დეკორატიული დიზაინის სპეციალობით. ორი წლისამ ჩირქოვანი მენინგიტი გადაიტანა და ექიმის დაუდევრობის გამო სმენა დაუქვეითდა.

- ორი წლისას მენინგიტი შემხვდა, არავის ეგონა, თუ გადავრჩებოდი, მაგრამ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დამთავრდა. ორი თვის მერე მუცელი ამტკივდა. ექიმებს მოწამლული ვეგონე, გენტამიცინი გამიკეთეს და სმენა დამიქვეითდა.
დედა, მამა, და, მეუღლე და შვილი მყავს. ქუთაისიდან ვარ, მაგრამ ამჟამად საბერძნეთში ვცხოვრობ.

- საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანა მაშინვე არ სცადეს
მშობლებმა?
- საზღვარგარეთ წაყვანას აზრი არ ჰქონდა, რადგან სმენის აღდგენა შეუძლებელია. დედას მუდამ სჯეროდა, რომ ოდესღაც მეც გამართულად, ჩვეულებრივად, სხვებივით ვილაპარაკებდი. ოთხი წლისას სიტყვებს მასწავლიდა. მახსოვს, როგორ მავარჯიშებდა თითოეული ბგერის წარმოსათქმელად. დედა მასწავლებელი იყო, სამსახური დაუფიქრებლად მიატოვა. მასზე დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო. ერთი წამით არ მომშორებია,
მახსოვს, ყოველი სიტყვის ასახსნელად რამდენ ენერგიას ხარჯავდა. ეუბნებოდნენ, ტყუილად წვალობ, თავს ინადგურებო, მაგრამ არავის უსმენდა, ლოგოპედს ეძებდა... სწორედ ამ მიზნით ჟესტების ენის სკოლაში მივიდა. დირექტორმა უთხრა, ვერც ერთი ასეთი ბავშვი ვერ დაილაპარაკებსო, მაგრამ ამის მიუხედავადაც, არ დაყარა ფარ-ხმალი და ძებნა განაგრძო. იპოვა კიდეც საუკეთესო ლოგოპედი მანანა აბესაძე. ის რომ არა, მე დღეს ასეთი არ ვიქნებოდი. იმ დროს გაჭირვება იყო და ფულსაც არ გვახდევინებდა. საოცარი ადამიანია.

მართალია, ბგერებს კარგად ვერ წარმოვთქვამ, მაგრამ ყველაფერს ვამბობ. წინადადებებს სახეზე ვკითხულობ, ტუჩების მოძრაობით, თუმცა სმენის პრობლემა კომუნიკაციასა და შემოქმედებაში ხელს არ მიშლის.


პატარაობაში ხშირად მეკითხებოდნენ, რა მეკეთა ყურზე. ზოგი დამცინოდა კიდეც. ახლა უფრო თავისუფლად ვარ, აღარ ვაქცევ მსგავს რამეს ყურადღებას. მოვახერხე ყველას დარწმუნება, რომ არც საცოდავი ვარ და არც არაფერი მჭირს. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, ყველაფერი მესმის და ვხვდები.

- რა არის შენი ჰობი?
- ხელოვნება ძალიან მიყვარს. თექაზე, ფარდაგზე, გობელენზე, ხალიჩაზე მუშაობა მეხერხება, ასევე ხატვაც. თავისუფალ დროს ქვილინგს ვაკეთებდი, წიგნებს ვკითხულობდი, მეგობრებს ვნახულობდი. ახლა რვა თვის შვილი მყავს, ნენე და მთლიანად მას ვუთმობ ჩემს ყურადღებას.
წერა-კითხვა ხუთი წლისამ ვისწავლე. წიგნებმა ბევრი რამ შეცვალა. გრამატიკაც და ცხოვრებისეული გამოცდილებაც გამომადგა. სოფელში წაუკითხავი წიგნები რომ აღარ დამრჩა, მეზობლებთან დავდიოდი და იქიდან მომქონდა.

- როგორი კლასელები და მასწავლებელი გყავდა?
- როცა სკოლაში მივედი, შვიდი წლის ვიყავი. ჩვეულებრივად­ ვსწავლობდი, მაგრამ რატომღაც შუა მოყოლისას მაწყვეტინებდნენ. მერე ქუთაისის მე-9 საჯარო სკოლაში გადავედი. ყველა მასწავლებელი და კლასელი გულისხმიერი იყო ჩემ მიმართ, მოსიყვარულეები და ყურადღებიანები. ერთხელ, როცა სამოქალაქო განათლების გაკვეთილს ვყვებოდი, ავტირდი და გავჩერდი, მასწავლებელმა კი წამახალისა, რატომ ტირი, ჩვეულებრივად ჰყვებიო, მერე მითხრა, დღეიდან ჩემი შვილის მეგობარი იქნებიო - ის ჩემი კლასელი აღმოჩნდა და დღემდე ვმეგობრობთ. კარგი მეგობრები მყავს. ისინი ჩემთვის ძვირფასები არიან. მათი ფასი ვიცი.

- როდის იყო ყველაზე რთული პერიოდი შენს ცხოვრებაში?
- რთული პერიოდი არ მქონია, მაგრამ შვილი რომ მეყოლა, იმ დღიდან სხვანაირად განვიცდი ჩემი სმენის ამბავს. წარმოიდგინეთ, შვილი მეღუღუნება და დედას მეძახის...

- რას ურჩევ მათ, ვინც ახლა გადის შენს გზას?
- ოცნებების ასრულებას ვუსურვებ ყველას, მაგრამ არ შემიძლია არ დავამატო - გვერდით უფალი, დედა და კარგი მასწავლებელი უნდა ჰყავდეთ. კიდევ
ვურჩევდი, რომ არ დანებდნენ, რადგან შეუძლებელი არაფერია. ზოგჯერ ამ სიძნელეს უფალი გვიგზავნის. ნუ იტყვით, მორჩა, ყველაფერი დამთავრდაო. მშობლებსაც ვეტყოდი, რომ არ დანებდნენ, არასდროს არის გვიანი! შედეგს აუცილებლად მიაღწევთ!

- ბოლოს შენი სიყვარულის ისტორიასაც მოგვიყევი..
- მე და ჩემმა მეუღლემ, გიორგიმ, სპეციალურ სკოლაში გავიცანით ერთმანეთი. მაშინ მე 8 წლის ვიყავი, ის კი - 12-ის. იქ იმიტომ ვიყავი, რომ გერმანელები ჩამოვიდნენ, სასმენი აპარატებიც ჩამოიტანეს და დედამ მიმიყვანა. მას შემდეგ ვმეგობრობდით. იყო პერიოდი, მომწონდა და ვმალავდი, ვფიქრობდი, მე რატომ მოვეწონები, ისეთი სიმპათიური ბიჭია, ჩემზე უკეთეს გოგოს ნახავს-მეთქი. ხუთი წლის წინ ძალიან ლამაზ ადგილას წამიყვანა და სიყვარულში გამომიტყდა. თავი სიზმარში მეგონა. თვალებს არ ვუჯერებდი. იმ დღიდან სულ ერთად ვიყავით, ყველგან ერთად ვმოგზაურობდით. ძალიან ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს. გიორგიც სმენადაქვეითებულია. თავიდან ჟესტების ენას იყენებდა. ჯერ მე ვეხმარებოდი სიტყვების წარმოთქმაში, მერე ცოტა ხანი ჩემს ლოგოპედთან დადიოდა. ახლა ისე ლაპარაკობს, ვეღარ გააჩერებ. გიორგის ჩემზე კარგად ესმის, ტელეფონითაც ლაპარაკობს. უზომოდ თბილი და ერთგული ადამიანია, კარგი მამაა, ნენემ უფრო დიდი მნიშვნელობა შესძინა ჩვენს სიყვარულს.

ნათია სიბაშვილი
მანანა-შ
01 აპრილი 2020 17:09
პოზიტივი, საყვარელი წყვილი!
მანანა
01 აპრილი 2020 16:38
ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ, სულ სიყვარულით გეცხოვროთ თქვენს პატარასთან ერთად

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები