როცა ფეხბურთი სიცოცხლესავით გიყვარს - კვირის პალიტრა

როცა ფეხბურთი სიცოცხლესავით გიყვარს

"ბევრი მიიჩნევს, რომ არველაძეები ქუდბედიანები ვართ"

არჩილ არველაძეს ინტერვიუს ჩასაწერად 35-ე საფეხბურთო სკოლაში ვეწვიე. აჩი (ყველა ასე ეძახის) კაბინეტში დამხვდა. სანამ ინტერვიუს დავიწყებდით, მის მობილურზე რამდენჯერმე გაისმა ზარის ხმა. ორჯერ ძალიან საქმიანი და მოკლე საუბარი შედგა, მესამედ კი თაფლად დაიღვარა: "ხო, მამიკოს სიყვარულო, მალე მოვალ, ჩემო გოგო, ძალიან მალე" - თავის ნაბოლარა, 3 წლის ელისაბედს ელაპარაკებოდა...

მივხვდი, იმ წუთებში პატარა არველაძის უნებური მეტოქე ვიყავი და მისთვის განკუთვნილ ძვირფას დროს ვართმევდი, მაგრამ საქმე ხომ ყოველთვის თავისას ითხოვს და როცა საზოგადოებას მისთვის საინტერესო და საყვარელი პიროვნება უფრო ახლოს უნდა გააცნო, ზოგჯერ მოგიწევს, ცოტა ხნით მაინც "მოსტაცო" იგი ახლობლებს.

KvirisPalitra.Geბავშვობა, ქუჩა და ფეხბურთი

-   სულერთი იყო, სად ვიქნებოდით - ქუჩაში, ავტოფარეხის სახურავზე, თუ სტადიონზე - ყველგან გატაცებით ვთამაშობდით. დილიდან გასულებს, ისე დაგვღამებია თამაშში, რომ ჭამა არც კი გაგვხსენებია. მამაჩემს იუსტინე ჰქვია, მაგრამ ყველა კიჭას ეძახის. ექიმია. კარგა ხანს  რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი იყო. დედა, თამარ დოლიძეც ექიმი გახლავთ. მე და შოთი ხშირად ვთამაშობდით ქუჩაში, ნაძლევზე, ე.წ. "მაზავშიკებთან" და თითქმის სულ ვიგებდით. 80-იანი წლები იყო, საბჭოთა მანეთის პერიოდი.

დედა ფულს რომ გვიპოვიდა, ნერვიულობდა ხოლმე. გვემუქრებოდა, - სიმართლე მითხარით, საიდან გაქვთ ფული, თორემ კიჭას ვეტყვი და ის მოგხედავთო. მამამ იცოდა, ცუდს არაფერს ვაკეთებდით, ფეხბურთი გვიყვარდა, ვთამაშობდით და ვიგებდით. სამი ბიჭის "მოთვინიერება" არ არის იოლი საქმე (ახლა მეც მამა ვარ და ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობაა შვილების აღზრდა). კიჭა რაიმე ცუდს რომ გაიგებდა, გვეუბნებოდა, - იმის შვილმა ესა და ეს ჩაიდინა, თქვენ რომ მსგავსი რამ გააკეთოთ, მოვკვდებიო. მისი გადაკვრით ნათქვამი გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე ორსაათიანი დარიგება.

სკოლა

დედა არასოდეს დადიოდა სკოლის კრებაზე, რადგან რამდენჯერმე იმდენი საყვედური უთხრეს მასწავლებლებმა, მამას განუცხადა, - შენ მიდი ხოლმე, თავმოყვარე ადამიანი იქ არ მივაო. არადა ცუდად არ ვსწავლობდით. ჩვენი "სასკოლო დანაშაულები" კი ის იყო, რომ დაფას მასტიკას ვუსვამდით, ცარცით ამოცანის ამოხსნა თავიდან რომ აგვეცილებინა და კიდევ, ჭიკარტებს ვაწებებდით მასწავლებლის სკამზე მის გასაბრაზებლად.

მეექვსე კლასიდან მე და შოთი  35-ე სკოლაში გადაგვიყვანეს, რომლის დირექტორიც ახლა ვარ. დედა მშობელთა კრებას რომ დაესწრო, იქიდან გახარებული დაბრუნდა, - პირველად მოვისმინე თქვენი ქება, რა გააკეთეთ ამისთანაო. არადა, მასწავლებლები შიდასასკოლო შეჯიბრებას დაესწრნენ და ჩვენი თამაშით მოხიბლულნი დარჩნენ, ამიტომაც შეგვაქეს დედასთან. სკოლა რომ დავამთავრეთ, მაშინდელი განათლების მინისტრის, კოტე გაბაშვილის ჩამოყალიბებულ ახალგაზრდულ გუნდში, "მართვეში" ვთამაშობდით, ერთი წლის შემდეგ კი თბილისის "დინამოში" გადავედით.

KvirisPalitra.Geგზა თბილისიდან ჰოლანდიამდე

თბილისის "დინამოში" 3 წელი ვითამაშეთ. მაშინ მწვრთნელები იყვნენ რეზო ძოძუაშვილი და დათო ყიფიანი. რეზო ყოველთვის აპროტესტებდა ფეხბურთელის დაქორწინებას. შოთის დაოჯახებაც ძლივს "გადაიტანა". მეც ხომ არ გავუხეთქავდი გულს? ასე რომ, შოთისგან განსხვავებით (19 წლისამ შეირთო ცოლი), ჭკვიანად ვიქცეოდი. სამივე ძმა ერთად ვიყავით. ჩვენი გუნდის ერთ-ერთ თამაშს მსაჯობდა თურქი, რომელმაც შინ დაბრუნებისთანავე განაცხადა, - საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავსო. თურქებმა ამხანაგურ თამაშზე მიგვიწვიეს და ამის შემდეგ დავრჩით კიდეც თურქეთში. თურქული 2 თვეში ვისწავლეთ.

იქ ყოფნის დროს ყველა ქართველი, ვინც კი მაშინ ტრაპიზონში იმყოფებოდა და  რაიმე პრობლემა ჰქონდა, ჩვენთან მოდიოდა.  თურქეთის მერე ჰოლანდიაში გადავინაცვლეთ, შოთი "აიაქსში" იყო, მე - "ბრეგაში". ამ დროს რეზი უკვე გერმანიის გუნდში თამაშობდა, შემდეგ ჰოლანდიიდან ჩვენც გერმანიაში გადავედით.  როცა ჰოლანდიაში დავიწყეთ თამაში, იქაურმა მწვრთნელმა გვითხრა: - შეეგუეთ, რომ თქვენ აქ ისეთი გულშემატკივრები არ გეყოლებათ, როგორიც თურქეთში. არც ის იფიქროთ, რომ მაყურებელი არ შეგიყვარებთ, უბრალოდ, აქაური ხალხი თავშეკავებული და გაწონასწორებულიაო. თუკი თურქეთში მეგობრები სულ ჩვენს ირგვლივ ტრიალებდნენ, ჰოლანდიასა და გერმანიაში ცალკე, დამოუკიდებლად ცხოვრებას შევეჩვიეთ.

ოჯახი

მომავალი მეუღლე - თინიკო კობალაძე მეგობრის ქორწილში გავიცანი.  22 წლის ვიყავი, როცა დავქორწინდით, თინიკო 19-ის იყო და სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. გამიმართლა, თიკოსნაირი მეუღლე რომ შემხვდა. შინ მისვლა მიხარია, რადგან იქ ყოველთვის მხვდება სიყვარული და სიმყუდროვე. მეც ყველანაირად ვცდილობ, მხარში დავუდგე და არაფერი გავუჭირვო.

პირველი შვილი, რეზი-გიორგი, თურქეთში დაიბადა, 23 ნოემბერს, ამიტომაც დავარქვი ბაბუაჩემის სახელთან ერთად საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელი. ახლა 14 წლისაა, ფეხბურთი უყვარს, მაგრამ არ თამაშობს.  სალომე გერმანიაში დაიბადა 2000 წელს, მესამე, ელისაბედი, 3 წლისა ბრძანდება. ის ნაღდი თბილისელია, მისი ნათლია უწმინდესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გახლავთ. მამის ნებიერაა, ძალიან უყვარს ჩემთან თამაში და როცა მოვენატრები, დედამისს ჩემთან არეკვინებს.

მე - დირექტორი

კურიოზია, აბა, რა არის, ჩვეულებრივი საჯარო სკოლის დირექტორად რომ მიშვებდნენ, გავაპროტესტე - ან საფეხბურთო სკოლის დირექტორად დამნიშნეთ, ან საერთოდ წავალ ამ სფეროდან-მეთქი. ისედაც მიმაჩნია, რომ დირექტორობა (თანაც სკოლის!) ჩემი საქმე არაა. მე უფრო მენეჯერის ფუნქციას ვასრულებ, მყავს ძალიან კარგი სასწავლო ნაწილის გამგე, რომელიც ფაქტობრივად განაგებს სკოლას. ჩვენთან 800 მოსწავლეა. არ შემიძლია ვინმეს თითის ქნევით ველაპარაკო. ზარმაცი და გამცდენი მოსწავლის გაგდებაზე ადვილი რა არის? მთავარია, სკოლისკენ შემოაბრუნო.

ძმები

რეზი ჩვენზე 4 წლით უფროსია. ახლა აღარ იგრძნობა ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა, ადრე კი ძალიან დიდად გვეჩვენებოდა. მის სიტყვას პატივს ვცემდით, ვუჯერებდით. ყველგან დავყავდით - სკოლაში, ვარჯიშზე, დაბადების დღეებზე, თავის მეგობრებთან. სამივე ძალიან გულჩვილები ვართ. დღესაც ვტირით, როცა "ჯარისკაცის მამას", "შავყურა თეთრ ბიმს" და მსგავს ფილმებს ვუყურებთ. თავიდან მე და შოთის ძალიან გაგვიჭირდა თურქეთში ყოფნა.

პირველად დავრჩით ახლობლების გარეშე და ხომ წარმოგიდგენიათ, რა დაგვემართებოდა. მოკლედ, ხშირად გვიტირია. ჩვენ, სამივე ერთად ვიყავით თბილისის "დინამოში" და ეს იყო ერთადერთი შემთხვევა მსოფლიოს ისტორიაში, როცა სამი ძმა ერთ გუნდში თამაშობდა. ახლახან მეორე ასეთი სამეული გამოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ეკვადორის ნაკრებში.

რეზის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, მე და შოთის - უნივერსიტეტის ეკონომიკური, მაგრამ არც ერთს ჩვენ-ჩვენი სპეციალობით არ გვიმუშავია.  რეზი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანია, მე - საფეხბურთო სკოლის დირექტორი (უფრო სწორად, მენეჯერი), შოთი კი თურქეთშია მთავარ მწვრთნელად.

ტკივილი

ბევრი მიიჩნევს, რომ არველაძეები ქუდბედიანები ვართ, ანუ ჩვენი მეგზური მუდამ ბედნიერება და სიხარულია. არ გვახასიათებს წუწუნი, მით უფრო, როცა მართლაც ბევრ რამეში გაგვიმართლა - მშობლებში, მეგობრებში, მეუღლეებში, კარიერაში; "ვა-ბანკშიც" ხომ 50.000 ლარი ჩვენ მოვიგეთ, მაგრამ ბევრმა არ იცის,  რამდენი ტკივილი (ფიზიკური თუ სულიერი) გამომივლია.  6-ჯერ მაქვს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია გაკეთებული. ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი ყავარჯნებით გავატარე. ნებისმიერმა სპორტსმენმა იცის, რას ნიშნავს ეს. ფიზიკური ტკივილიც აუტანელი იყო და ფეხბურთის გარეშე ყოფნაც, მაგრამ რაღაცნაირად დავძლიე ძმების და მეგობრების  თანადგომით.

თავს რა არ გადაგვხდენია

ერთხელ, 16 წლის ბიჭებს დიდუბელებმა შემოგვთავაზეს, მოდი, "მაზიანზე" ვითამაშოთო. მე, შოთი და გიო ქინქლაძე ვიყავით, ისინიც სამნი. დილიდან გასულებს ისე დაგვიბნელდა, ვერც გავიგეთ. არადა, უკვე ათასებზე ვართ ასული. მამას მაშინ ჟიგული ჰყავდა, "06", ოთხფარიანი. შორიდანვე შევამჩნიე, როგორ შემოუხვია მანქანამ და მაუდ-კამვოლის ფაბრიკის სტადიონის შორიახლოს გაჩერდა. გულმა კი მიყო რეჩხი, მაგრამ თამაშს თავს ხომ არ გავანებებდი? მანქანაში მამა, დედა და რეზი ისხდნენ. რეზი მოგვიახლოვდა და ჩუმად მითხრა:

- ცუდად გაქვთ საქმე, დედა და მამა გაგიჟებულები არიან, მთელი დღე გეძებენ, მილიციაშიც დარეკეს, საავადმყოფოებშიც, თქვენ კი თურმე აქ ფეხბურთს თამაშობთო. მეც ჩუმად გადავულაპარაკე: რა დროს ეგ არის, 12.000 მანეთს (საბჭოთა ფული იყო ჯერ კიდევ) ვიგებთ, როგორმე დააწყნარე. მამას კი უთხარი, ფარები მოგვანათოს-მეთქი.  რეზიმ ჩემი დანაბარები ყურში უჩურჩულა მამას. კიჭამ გაოცებით შეხედა  და სწრაფად შებრუნდა მანქანისაკენ. ჩაჯდა, დაქოქა და მართლაც ახლოს მოვიდა ანთებული ფარებით. იმ დღეს გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა.

თურქეთში რომ დავრჩით, მამამ ჩამოგვაკითხა. შევედით რესტორანში. კიჭას რძიანი ყავა უყვარს. ნასადილევს  თურქული ყავა მოგვიტანეს. მამამ რძე შეუკვეთა, მაგრამ იმან ვერც რძე გაიგო, ვერც "მილკ" და ვერც "მალაკო". მე და შოთიმ ხან თეთრ სუფრას დავადეთ ხელი და ჭიქა პირთან მივიტანეთ, ხან ზმუილი დავიწყეთ,  მაგრამ ვერაფერი გავაგებინეთ თურქ ოფიციანტს.

მამას ნერვები მოეშალა და ჩვენზე იყარა ჯავრი, - ერთი თვეა აქ ხართ და იმდენი თურქული როგორ ვერ ისწავლეთ, რომ რძე მოატანინოთო. მერე თვითონ "აუხსნა" ხელებით - ჰაერში დაუხატა ქალი, მკერდი, პატარა ბავშვი, რომელიც ძუძუს წოვს და... უცებ თურქმაც გახარებულმა იყვირა, - მივხვდი, რაც გინდათო და ორ წუთში დაჭრილი ლიმონი მოგვირბენინა. იმდენი ვიცინეთ, კინაღამ სკამებიდან გადმოვცვივდით, კიჭა კი სიმწრის ოფლს იწმენდდა. ისე წამოვედით რესტორნიდან, კაცს რძე ვერ დავალევინეთ.

ბოლოსიტყვა

ფეხბურთი ჩვენთვის ყველაფერია - საქმე, გატაცებაც, ცხოვრების არსიც და მიზანიც... სიცოცხლესავით გვიყვარს. იგი დაბადებიდან თანდაყოლილი აღმოჩნდა და ასე იქნება მანამ, სანამ ცოცხლები ვართ.