"ერთადერთი იარაღი არის ჩვენი ლოცვა" - კვირის პალიტრა

"ერთადერთი იარაღი არის ჩვენი ლოცვა"

"საჰაერო სივრცე დაკეტილია, ალბათ მრევლი აღდგომას ვერ შეხვდება იერუსალიმში"

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა 20 მარტს გაიმართა და სასულიერო პირები თითქმის 6 საათზე მეტხანს მსჯელობდნენ კორონავირუსის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე და საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს სინოდმა განჩინებით უპასუხა. უკვე ცნობილია, რომ ზიარების წესის შეცვლა არ მოხდება. "დღევანდელი მსოფლიო მრავალი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დგას. ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას მოითხოვს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები, მთავარი მიზეზი კი თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა. განსაცდელები არ არის შემთხვევითი, არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი, სინანულითა და ეკლესიური ცხოვრებით აღმოიფხვრას ცოდვები, რომელიც ანადგურებს პიროვნების სულიერ და ფიზიკურ ცხოვრებას. ჩვენ, ეკლესიის წევრები, არ ვუშინდებით და არ გავურბივართ განსაცდელს, არამედ ვიღებთ თავმდაბლობით და ვეძებთ მისი დაძლევის გზებს. ასეთ დროს მორწმუნეები აძლიერებენ მარხვას და ლოცვას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაჩნდა კითხვები, რამდენად საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ტაძარში მორწმუნეთა სიმრავლე და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა. ეკლესიის ყველა საიდუმლოება სულიწმინდის მოქმედების სფეროა, სადაც აღესრულება სასწაული. ადგილი სულიწმინდის განსაკუთრებული მოქმედებისა არის ტაძარი. ევქარისტია არის ქრისტიანული ცხოვრების მთავარი არსი.

ევქარისტული კავშირი გვაერთიანებს უფალ იესო ქრისტესთან და ერთმანეთთან. წმინდა ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა მათთვის, ვინც საეკლესიო წესების დაცვით ეზიარება. ამიტომ ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოს არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია", - ამბობს სინოდი და იძლევა შემდეგ რეკომენდაციას: "ყველა ეკლესია-მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და მარხვის წეს-განგების სრული დაცვით; სასურველია ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გახმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეში შეძლოს წირვის მოსმენა; ზიარების შემდგომ მცირე დასაყოლებელი სასმლის მიღება (ღვინო წყლით) დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით; რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს, – ხანდაზმულებს, ინფექციური დაავადების სიმპტომებისა და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებს, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ან კარანტინში მყოფებს, სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება. ასევე სასულიერო პირებს, დამატებითი რეკომენდაცია მიეცემათ; დასაფასებელია ჯანდაცვის მუშაკების ნაბიჯები; წმინდა სინოდი მოსახლეობას მოუწოდებს, გაითვალისწინონ ექიმების რეკომენდაციები და სიფრთხილით მოეკიდონ ერთმანეთის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ამით დავიცავთ ერთმანეთის ჯანმრთელობას; ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, ყოველდღე წავიკითხოთ ლოცვები. საქართველოს ეკლესია მზადაა გასწიოს სულიერი მზრუნველობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებზე. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული საავადმყოფოები მზად არიან დაეხმარონ სახელმწიფოს".

როგორ შეხვდება მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომას, როგორ მოხდება წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოტანა, რატომ არ უნდა შეიცვალოს ზიარების წესი, ამ და ბევრ სხვა საკითხზე დეკანოზი შალვა კეკელია გვესაუბრება.

- წესი, რითაც ჩვენ ვაზიარებთ მრევლს, ათას წელზე მეტია არსებობს. უამრავი ეპიდემია, უამრავი სენი გადაუტანია კაცობრიობას, მაგრამ ეკლესიას ეს წესი არ შეუცვლია. მეორეც, ეკლესიას არც ერთ დროს არ უმსჯელია იმაზე, თუ ოდესმე შეიძლებოდა ზიარებიდან ადამიანს რაიმე სენი გადასდებოდა. ეს ყოვლად დაუჯერებელია. თითოეული ჩვენგანისთვის მაცხოვარმა ჯვარცმა დაიტია. ჩვენ ჯვარზე გავაკარით ჩვენი იესო ქრისტე, განკაცებულ ღმერთს საშინლად მოვექეცით. ადამიანებს პილატემ დაუყენა არჩევანი, შესთავაზა ბარაბა და ქრისტე, ამ ორიდან რომელს აირჩევთო. ბარაბა იყო მკვლელი, ყაჩაღი, რომლის ყველას ეშინოდა, იმდენად საშინელი ადამიანი იყო, და ქრისტე, რომელმაც დააპურა უამრავი ადამიანი, ბრმას თვალი აუხილა, მკვდარი აღადგინა. ქრისტე, რომელიც ქადაგებდა სიკეთეს, ადამიანები როგორ უნდა ცხონდნენ, როგორ უნდა გადარჩნენ. ადამიანებმა კი, როცა ამ არჩევანის წინაშე დადგნენ, აირჩიეს ბარაბა. ქრისტეს რა ვუყოო, ეკითხება პილატე და მთელი მოსახლეობა იძახის, ჯვარს აცუ, ჯვარს აცუ. დღეს ზუსტად იგივე მეორდება, ადამიანები გამოვიდნენ და ქრისტეს ზიარებაზე გველაპარაკებიან, საშიშიაო. ქრისტეზე, რომელმაც ჯვარცმა დაითმინა თითოეული ჩვენგანის ცხოვრების და გადარჩენის გამო და გვეუბნებიან, რომ შეიძლება ეს იყოს სენის გადამდები.

ადამიანს ამხელა პატივი დაგდეს, უფლება გეძლევა ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარო და შენ ამ ზიარების, ამ სიწმინდის გეშინია? მაშინ შენი სარწმუნოება სად არის? თუ ეს დამოკიდებულება გაქვს, პირიქით უნდა იბრძოლო საკუთარ თავთან, რომ ეს ყველაფერი შეცვალო.

მაშინ შენთვის ქრისტე ქრისტე აღარ ყოფილა, მაშინ შენ ქრისტეს არ იცნობ. ზიარება არის მაკურნებელი სულისა და ხორცისა. ზიარება არის მთელი ადამიანის ცხოვრება, აზრი. როგორ შეიძლება ქრისტიანის გონებაში ასეთი აზრი ან ფიქრი შემოვიდეს. ჩვენ ვართ ის ადამიანები, ვისაც ჯვარცმული მაცხოვრის გვჯერა და გვწამს. დიდი მარხვაა, ყველას გონება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, სული როგორ გადაირჩინოს.

- თუმცა ფაქტია, გაჩნდა კითხვები. - იყო ხატების წინააღმდეგ ბრძოლაც, რომ არ უნდა ვემთხვიოთ ხატს, აქაც ეკლესიამ თავისი პოზიცია დააფიქსირა. ხატი არის ძალიან წმინდა, უამრავი სიკეთის მომნიჭებელი ადამიანისათვის.

სინოდის კრებამ განაჩინა, რომ ადამიანს არც ხატიდან და არც წმინდა ზიარებიდან არ გადაედება არანაირი სენი, მაგრამ ადამიანმა ადამიანს შეიძლება გადასცეს რომელიმე სენი, მით უმეტეს ის, რაც ახლა გავრცელებულია.

- იკრძალება ერთ სივრცეში 10 ადამიანზე მეტის შეკრება, ამ ფონზე ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება? - ზოგიერთ ტაძარს მრევლში 1 000 კაცზე მეტი ჰყავს. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ვუთხრათ, არ იარონ ეკლესიაში. ჩემს ტაძარში (ფერისცვალების ტაძარი) ეზო გახმოვანებული გვაქვს. ამწუთას ჩვენი ეზო საღებავებით იხაზება, რომ მრევლს შორის დაშორება მეტრ-ნახევარი იყოს. ადამიანები მონიშნულ წერტილებზე დადგებიან და ერთმანეთთან შეხება არ ექნებათ. ტაძარში უფრო დიდი დაშორებები იქნება, ვიდრე ეზოში, რადგან ტაძარი დახურული სივრცეა. ქუჩის მეორე მხარესაც იქნება გახმოვანება და ხალხი იქაც გადანაწილდება. თუ ვინმე შეუძლოდაა, არ მოვიდეს და ჩვენ მივალთ მასთან. ის, რომ ადამიანს უთხრა, ხატს არ ემთხვიო და წმინდა ზიარება არ მიიღოო, ამას არ ვიტყვით. პირიქით, ეკლესია ადამიანებს ხატების მთხვევისკენ და ზიარებისკენ მოუწოდებს. ჩვენ შვილმკვდარ დედებს ვეუბნებით, თუ გინდათ გარდაცვლილ შვილებთან კონტაქტი, ეკლესიებში უნდა იაროთ, და ახლა მათ ვუთხრა ტაძარში არ იარონ?! ამაზე ძლიერი დაავადებები იყო, მაგრამ ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ვინმეს ეთქვას, რომ არ იარონ ტაძრებში.

მორწმუნე ადამიანს ასეთი აზრი გონებაში არ მოუვა, რომ არ ეზიაროს. ვინც ვეზიარებით, ვკითხულობთ ზიარების წინა ლოცვებს, ამის გარეშე არასოდეს ვეზიარებით და რასაც ვკითხულობთ, შინაარსი უნდა გესმოდეს და ვინც გულდასმით კითხულობს, იცის, რამხელა რამეს ეზიარება. ადამიანები ღმერთს ზიარების მიახლოების დროს სთხოვენ, მათი სული და სხეული განიწმინდოს, შეიძლება ზიარება დამსჯელი იყოს იმისთვის, თუ ადამიანი მოურიდებლად ეზიარება. თუ შენ ზიარებაში ეჭვს შეიტან, მაშინ ჯობია არ ეზიარო. არიან ადამიანები, რომლებიც აკვირდებიან, ჩემ წინ ვინ ეზიარაო, ასეთ დროს სულ ვეუბნებოდი, თუ ასეთი აზრი მოგდის გონებაში, ჯობია საერთოდ არ ეზიარო. ჯობია მოემზადო, გაიზარდო სულიერად და მერე მიხვიდე ზიარებასთან, ვიდრე დაეჭვებული მიხვიდე ქრისტესთან. რადგან ასეთი ზიარება შენ დაგაზიანებს. ეკლესია მცირედ მორწმუნეს კი არ უნდა მოარგო, ის მცირედ მორწმუნე უნდა წამოიყვანო სიყვარულით, ახსნით, საუბრით, ღვთისაკენ. ეს არის ეკლესიის ვალდებულება და მოვალეობა.

- ზიარების წესები ადრე შეცვლილა?

- რამდენიმეჯერ, მაგრამ არასოდეს ეკლესიას წესი არ შეუცვლია იმის გამო, რომ ადამიანს რამე დაემართებოდა და რამე საშიშროებას ხედავდა. პირიქით, ზიარების გაფრთხილების მიზნით შეიცვალა წესი. ადრე ადამიანებს ზიარებას ატანდნენ სახლში, ხელისგულზე უდებდნენ ზიარებას, ანუ პურს ტეხდნენ და უნაწილებდნენ მრევლის წევრებს. სისხლს კი ადამიანები პირდაპირ ბარძიმიდან სვამდნენ. ეს წესი იყო პირველ საუკუნეში. შამანები, ის ადამიანები, ვინც ღვთის მოწინააღმდეგეები იყვნენ, მოდიოდნენ ზიარებაზე, მიჰქონდათ ზიარება სახლში და ამ ზიარებას მერე შეურაცხყოფდნენ. შამანებმაც იცოდნენ, რომ ეს ქრისტეს ხორცი იყო და იმიტომ მიჰქონდათ, შეურაცხყოფა მიეყენებინათ ქრისტესთვის. ასეთი რაღაცები რომ არ განმეორებულიყო, შეიცვალა წესი და მერე მოძღვრები წყვეტდნენ, ვინ უნდა ეზიარებინათ და ვინ არა. ასწლეულებია ამ ფორმით ხდება ზიარება, მაშინ გამოდის, იმ მრევლს, რომლებსაც ამდენი წელია ასე ვაზიარებთ, ვატყუებდით და არ ვუფრთხილდებოდით.

- თუმცა ზიარების შემდგომ სიტკბოების მიღება სხვადასხვა ჭურჭლით მისაღებია.

- სიტკბოებას ადამიანები იღებენ იმისთვის, რომ ზიარების ნამცეცი არ დარჩეთ პირში. ეს არის ჩვეულებრივ ღვინოში გაზავებული შაქრიანი წყალი. თავისი ჭიქით რომ დალიოს ადამიანმა, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

- ტაძრებში წირვა-ლოცვას ესწრებიან მოხუცები, მიცვალებულთა შაბათს ტაძარში ბევრი მოხუცი ვნახე. ხელისუფლება კი მათ სახლში დარჩენას ურჩევს. - მოხუცები ჯობია იყვნენ სახლში და საზიარებლად მათ სახლებში მივაკითხავთ. ყველას ვურჩევ, თუ ხედავ, რომ გაცივებული ხარ, არ ხარ ჯანმრთელად, ნუ მოხვალ ტაძარში.

- მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის ემზადება. ვიცით, რომ უკვე დაკეტილია საჰაერო სივრცე, წელს მოხერხდება სასულიერო პირების იერუსალიმში ჩასვლა და წმინდა ცეცხლის ჩამოტანა საქართველოში? - ისრაელის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები ჩვენს ელჩს, ლაშა ჟვანიას უკვე დაწყებული აქვს, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოხდეს სასულიერო პირების შეშვება იერუსალიმში. როგორ მოხერხდება, ჯერ არ ვიცით, ისრაელის სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს და შეუშვას თავის ქვეყანაში ჩვენი სასულიერო პირები. საჰაერო სივრცე დაკეტილია, ალბათ მრევლი აღდგომას ვერ შეხვდება იერუსალიმში. ზუსტად არ ვიცი, რა იქნება, თუმცა ვიცი, ლაშა ჟვანია ძალიან ბევრს შრომობს, რომ ცეცხლის გარეშე საქართველოს ეკლესია არ დარჩეს.

ჩვენმა უწმინდესმა ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდა ადამიანებს. ერთადერთი დაგვრჩა, ღმერთს შევთხოვოთ დახმარება, რომ ღმერთი შეგვეწიოს. ერთადერთი იარაღი არის ჩვენი ლოცვა. იკურთხა ყველგან ქალაქები, სოფლები, ქუჩები, მოძღვრებმა ნაკურთხი წყალი ასხურეს. ღმერთმა დაგვიფაროს, ეს ეპიდემია თუ გავრცელდა ჩვენს ქვეყანაში, მერე ვერავინ და ვერაფერი დაგვიფარავს. ეს არის უფლის გაფრთხილება, რადგან ადამიანებმა დაივიწყეს ღმერთი. ადამიანი ბოლომდე გახდა მატერიალისტი, ახლა კი ამან გამოაფხიზლა ისინი და დაიწყეს ერთმანეთის დაფასება. მიხვდნენ, რომ შეიძლება ხვალ აღარ იყოს ადამიანი.

რამდენი რამ არ დავუჯერეთ პატრიარქს, რაც თქვა, ყველაფერი ასრულდა. წლებია გვეხვეწება, მიწები დაამუშავეთო. ითხოვდა, ნუ წახვალთ უცხოეთში, დადგება დრო, მოგინდება შენს ქვეყანაში შემოსვლა, მაგრამ ვერ შემოხვალო. ეს მიწა არის ღვთივკურთხეული დედაღვთისმშობლის კურთხეული, დაბრუნდით და მიხედეთ ამ მიწასო. უმძიმესი ვირუსია კორონავირუსი და მთელი მსოფლიო დადგა ფეხზე, რადგან თითოეულ ადამიანს პირადად შეეხო. ამ დაავადებით 6000 ადამიანია გარდაცვლილი, იცით, რამდენი ადამიანი იღუპება წელიწადში კლუბური და სხვა სახის ნარკოტიკებით, აზარტული თამაშებით, მაგრამ ამაზე არ ყვირიან. ეს კი შეეხო მთელ მსოფლიოს. ასეთივე ბრძოლა უნდა იყოს ნარკოტიკების და აზარტული თამაშების წინააღმდეგ.

საშიშია არაეკლესიური ცხოვრება, ღვთის გარეშე ცხოვრება, ცოდვაში ყოფნა არის ძალიან საშიში. ჯობია ამ ყველაფერზე დავფიქრდეთ და ვილოცოთ.