ცოტაც და, კორონა კუდამოძუებული წაბუნძულდება - კვირის პალიტრა

ცოტაც და, კორონა კუდამოძუებული წაბუნძულდება

მართალია, კორონავირუსმა მსოფლიო შეაზანზარა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ მასზე აუცილებლად გავიმარჯვებთ. ისე კი, ალბათ, ყველა დამეთანხმება, გამარჯვებისთვის მთავარი პოზიტივია. ეს ყველაზე მომგებიანი იარაღია, თანაც ყველა დაავადებასთან ბრძოლაში. ჰოდა, ვიბრძოლოთ პოზიტივით და ვიყოთ ძლიერები.

ჩვენ კი ყველაზე ღიმილიან და დამაიმედებელ პოზიტივებზე მოგითხრობთ, რომლებიც სოციალურ ქსელში ვრცელდება. უმთავრესი ნაწილი გურიიდანაა. აბა, რა! აქ შეიძლება დიდი ხნის მიტოვებულ, ჩაჟანგებულ ჭიშკრებზე კორონასადმი მიძღვნილი ისეთი მოწოდებები იხილოთ, რომელიც უსათუოდ ღიმილს მოგგვრით. მაგალითად, "დეეტიეთ სახში, რა სიკვტილი დაგრჩენლარიენ გარე!" ეს სოფლად.

გურიაში სოფლების (სადაც საბოლოოდ კორონას დამსახურებით მაინც დავბრუნდებით!) გარდა, კორონასთან ბრძოლის ორიგინალურ "გურულ" მოწოდებას ქალაქშიც შეხვდებით, მაგალითად, ოზურგეთის სოციალური სამსახური აი, ასე გამოეხმაურა თვითიზოლაციას: "შენზა, ჩემზა, ჩვენზა, დეეტიე სახში!" - ეს კი ასე ითარგმნება: "შენთვის, ჩემთვის, ჩვენთვის... დარჩი სახლში!"

ზემო იმერეთში, სახელდობრ, ქუთაისში კორონას ისეთი "ტრადიციული" წყევლით იშორებენ, როგორსაც ქუთაისის ერთ-ერთ პატარა მაღაზიაზე იხილავთ. ხსენებული მაღაზია სწორედ კორონას გამოა დაკეტილი, მის ვიტრინაზე კი კორონასთვის მიძღვნილი ასეთი საგულდაგულო "სარეკლამო წყევლა" დარჩა: "შაშვი, ოფოფი, ტოროლა, შენ გადაშენდი კორონა!" ალბათ, ამას საკანცელარიო ნივთების ის წვრილმანი მოვაჭრეც იზიარებს, რომელიც კორონამ ასევე დროებით გაუშვა შინ - მან თავის პატარა სავაჭრო მაგიდაზე კორონასადმი მიძღვნილი ასეთი წარწერა დატოვა: "კორონა: პასტები და რვეულები ანდერძის დასაწერად".

სამაგიეროდ, ანდერძის დაწერა, ალბათ, სიზმარშიც არ ესიზმრება იმ ადამიანს, რომელიც ამ დღეებში მეტროში უჩვეულო "სკაფანდრით" გამოცხადდა და რომელსაც სოციალურ ქსელში ამ გამოგონების გამო, "სულ ცოტა", ნობელის პრემიაზეც კი უპირებენ წარდგენას. დამეთანხმებით, რომ ასეთი გამოგონებების ავტორებს კორონა კი არა, ცხრათავიანი გველეშაპი ვერ მოერევა. სულ ცოტაც და, კორონა კუდამოძუებული წაბუნძულდება ჩვენი ქვეყნიდან და ჩვენი გულებიდან. თანაც, სულ დამცინავი ღიმილ-ღიმილით!