"სხვის გამოა სიცოცხლე ღირებული, თორემ მარტო აქ ვიქნებით, თუ კუბოში, რა მნიშვნელობა აქვს" - ვინ და როგორ მოგვიწოდებს შინ დარჩენისკენ? - კვირის პალიტრა

"სხვის გამოა სიცოცხლე ღირებული, თორემ მარტო აქ ვიქნებით, თუ კუბოში, რა მნიშვნელობა აქვს" - ვინ და როგორ მოგვიწოდებს შინ დარჩენისკენ?

ახალი კორონავირუსის გამო საქართველოში უკვე ინფიცირების 67 შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის გამოჯანმრთელდა 9 ადამიანი. საზოგადოებას როგორც მთავრობის წევრები, ასევე სხვა ცნობილი ადამიანები სახლში დარჩენისკენ და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.

ნათია ფანჯიკიძე, ფსიქოლოგი:

"გთხოვთ ყველას, დარჩეთ სახლში, ეს ერთადერთი გზაა, გადავარჩინოთ საკუთარი თავიც, მაგრამ რაც უფრო მთავარია, გადავარჩინოთ ყველა სხვა, იმიტომ რომ ყველა სხვის გამოა სიცოცხლე ღირებული, თორემ მარტო აქ ვიქნებით, თუ კუბოში, რა მნიშვმნელობა აქვს. ამასთანავე, სხვისი გადამრჩენი ცოტათი მაინც გმირია და საკუთარი თავის გადარჩენა ვერაფერი საამაყო.

აი, ფოტოდოკუმენტი, როგორ პასუხისმგებლიანად და მორჩილად ვსეირნობ საკუთარ და არა სხვის აივანზე და ვიპარავ ჩემ წილ მზის სხივებს.

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - წერს "ფეისბუქის“ პირად გვერდზე ფსიქოლოგი.

გიორგი კეკელიძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

"ბებიაჩემი მეუბნებოდა ხოლმე: "თუ ჟვინტლი მოგდილარიენ, რას დეეთრევი ჩაში ფეხბურთის სათამაშოთ, დეეგდე სახლში და მეირჩინეო" .

აბა, ამგვარ წინადადებას როგორ გაკადრებთ, მაგრამ სხვა ფორმით და იმგვარივე სიყვარულით, რაც იმ ვითომ სალანძღავ სიტყვებში იყო, მოგიწოდებთ, ჩემგან განსხვავებით, ვისაც გარდაუვალი ვალდებულებები არ გაქვთ, დარჩით სახლში. ავიცილოთ თავიდან მძლავრი აფეთქება და დავტოვოთ ვირუსი ნელი გავრცელების რელსებზე!

მოჰფინეთ ეს სლოგანი ერთმანეთს და რაც მთავარია, მხოლოდ სლოგანად ნუ დატოვებთ

#დარჩისახლში

ზაზა ფაჩულია, კალათბურთელი:

"ძალიან კარგად მესმის რა ვითარებაა დღეს ჩვენს ქვეყანაში და ზოგადად, მთელ მსოფლიოში. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექიმებს. იმ ხალხს, ვინც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობს და ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, ყველანი დავრჩეთ სახლში. ვიფიქროთ ერთმანეთზე. ეს ზუსტად ის პერიოდია, როცა უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე და მომავალზე. სახლში დარჩენით ჩვენ ხელს შევუშლით კორონავირუსის გავრცელებას. მინდა ვთხოვო, ჩვენი ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ გაითვალისწინონ ჩვენი ხალხის სიტუაცია და მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი. გისურვებთ ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ერთად გადავლახავთ.

ლაშა ღლონტი, მომღერალი:

"თუ დავრჩებით სახლებში ვირუსის გადაცემის ჯაჭვი გაწყდება. და თუ არა ნახევარი საქართველო დაინფიცირდება. აირჩიეთ!”

ცნობილ ქართველ მომღერლებსა და მწერლებს შეუერთდა ექიმი გუგა ქაშიბაძეც, რომელმაც საზოგადოებას სახლში დარჩენა ნახატებით მოუწოდა.