"იტალიის წითელ ზონად გამოცხადების შემდეგ ქართველმა დამსაქმებელმა, ვინმე თამარმა ქუჩაში გამოყარა სამუშაოდ მყოფი ქართველი ემიგრანტები" - კვირის პალიტრა

"იტალიის წითელ ზონად გამოცხადების შემდეგ ქართველმა დამსაქმებელმა, ვინმე თამარმა ქუჩაში გამოყარა სამუშაოდ მყოფი ქართველი ემიგრანტები"

მთელი ღამე მათთან ერთად გავათენე - ტყვიამფრქვევის ჯერივით წკაპუნებდა ჩემი მობილური და დაუსრულებლად მოდიოდა მესიჯები. არც კი ვიცი, როგორ მოვხვდი ჯგუფში, რომელსაც სახელად "იტალია-ესპანეთი" ერქვა და სადაც მხოლოდ ორი ნაცნობი აღმოვაჩინე - ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი ინა-ბაია ასანიძე და ჩემი მრავალგზის რესპონდენტი, ასევე ამერიკაში მცხოვრები მეცნიერი ირმა შამათავა-შუბითიძე. რამდენიმე დღეა, ამ ჯგუფის წევრების - მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მიმოწერის მემატიანეც გავხდი - ვერ აგიწერთ, 24 საათის განმავლობაში უჩუმრად რამდენ სიკეთეს აკეთებენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რამდენი ემიგრანტი გადაარჩინეს სულიერად და ფიზიკურად, როგორ დარდობენ და ესიყვარულებიან თავის სამშობლოს... ისიც აღმოვაჩინე, რომ ჯგუფში ორი, ქართველებისთვის თავგანწირული მოძღვარია და, მათი ლოცვა კურთხევით, ყოველი დილა, თუნდაც თითოეულს ღამე ჰქონდეს გათენებული, საყოველთაო ლოცვით იწყება, ხოლო იწყებს ის, ვინც დილით პირველი მიესალმება და მშვიდობიან დღე-ღამეს უსურვებს ჯგუფსა და სამყაროს. ვერ მოვითმინე და ერთ დღეს დავუწერე კიდეც, გასაგიჟებელი, გასაოცარი ხალხი ხართ! უმამაცესი, თავგანწირული და საუკეთესო ქართველები! რამდენს ცდილობთ, რამდენს ახერხებთ, რამდენს სწვდებით. თანამედროვე საქართველოს ჭეშმარიტი გმირები გვყავხართ-მეთქი! დაიბნენ, ვერ მიხვდნენ, ვინ ვიყავი და საიდან მოვხვდი მათთან, მაგრამ... მიმიღეს!

ამ დღეების განმავლობაში მსოფლიოში უსწრაფესად იცვლებოდა მოვლენები, გაიზრდა პრობლემები, მოემატნენ დაავადებულები, დაიღუპნენ ადამიანები და - გამოჯანმრთელდნენ კიდეც...

მთელი ამ საოცარი "თანამეგობრობისა" და კეთილი ამბების თავი და თავი კი სწორედ ჩემი მეგობარი ინა-ბაია ასანიძე აღმოჩნდა, ჭიათურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საბჭოს წევრი და 2020 წლის 24 თებერვალს შექმნილი ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის ხელმძღვანელ, მართლაც თავდადებულ ქართველ - ნიკოლოზ ჩხეიძესთან ერთად მისი ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. ინა-ბაია მთელ მსოფლიოში გაბნეული ქართველი ემიგრანტების ჯგუფის საქმიანობას კოორდინაციას ამერიკიდან, ნიუ იორკიდან უწევს. როგორ პოულობენ მათ, ვისაც უჭირთ, როგორ ეკონტაქტებიან და როგორ ეხმარებით მათ, - ამ ამბებზე ლაპარაკიც სწორედ მას ვთხოვე.

- პირადადაც ძალიან ბევრ ემიგრანტთან მაქვს ურთიერთობა და ჩვენს ორგანიზაციასაც - დიასპორას სახლს უკვე წარმომადგენლობებიც გვყავს სხვადასხვა ქვეყანაში. რაც კორონავირუსის ეპიდემია დაიწყო, დავფიქრდი, რა შეიძლებოდა გამეკეთებინა მათ დასახმარებლად და ჩემს სანაცნობოს ვთხოვე, მომაძებნინეთ, ვინც არიან აქტიურები სხვადასხვა რეგიონებში-მეთქი. ექვსი დღის წინ გავაკეთე დახურული "ფეისბუკჯგუფი", სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები აქტიური ქართველები გავაერთიანე. ავღანეთიდან ინფორმაციებს მამა გიორგი წერეთელი გვაწვდის, რომელიც სამხედროებთან იმყოფება და მინდა გითხრათ, რომ, საბედნიეროდ, ერთი ქართველი სამხედროც კი არ დაავადებულა კორონავირუსით; ესპანეთში, კერძოდ - ბარსელონაშია არქიმანდრიტი ლუკა ფალავანდიშვილი, რომელსაც შესანიშნავი საკვირაო სკოლა აქვს ბარსელონაში და დიდ ქართულ საქმეს აკეთებს, ამ მძიმე პერიოდში კი, ყოველდღიურად, მართლა ბეწვის ხიდზე გადის, ისეთ საშიშროებაშია - იქ ძალიან ბევრი დავირუსებული ქართული ოჯახია, სახლებში გამოკეტილი, რადგან, ზოგადად, კლინიკებში არ გადაჰყავთ ადამიანები, მამა ლუკა დადის მათთან, შინ და აწვდის პროდუქტებს, მედიკამენტებს.

ქართველი ემიგრანტების დახმარება, რა თქმა უნდა, იტალიით დავიწყეთ, რადგან ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ ქვეყანაში იყო. მეორე დღიდან კი უკვე დავამატეთ ესპანეთი, სადაც ასევე, ძალიან ცუდი მდგომარეობა შეიქმნა. იტალია დიდია, ქართველები კი კუნძულებით დაწყებული, ყველგან არიან მიმობნეული, ამიტომ, ცხადია, ყველას ვერც გავწვდებით, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, მაქსიმუმს ვაკეთებთ. ძალიან გვეხმარებიან იქაური ემიგრანტი გოგონები, ვისაც საკუთარი მანქანა ჰყავს და ხიფათში მყოფ ქართველებს ეძებენ, აკითხავენ, ეხმარებიან, აპურებენ, აბინავებენ. ჯგუფში იწერება, კონკრეტულ ქართველებს რა დახმარება სჭირდებათ, რამდენი ფული და ა.შ. სალონიკიდან ძალიან გვეხმარება კოალიციის წევრი ზოია სულხანიშვილი... ჯგუფის წევრებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ვურიცხავთ თანხას ამა თუ იმ პიროვნებას. ახლახან, მამა გიორგი წერეთლის მრევლმა ჭიათურიდან და ავღანეთიდან ემიგრანტებისთვის ფული გადმორიცხეს. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ვერანაირი სტატია ვერ დაიტევს... ჯგუფში ვდებთ ნებისმიერი ტრანზაქციის, კონკრეტული ემიგრანტისთვის შეძენილი ამა თუ იმ საგნის, პროდუქტის, ბინის ქირის და ა.შ. გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. ემიგრანტზე პასუხისმგებელი პირის თითოეული ნაბიჯი ვიცით ჯგუფის ყველა წევრმა.

ჯგუფის მუშაობა დავიწყეთ კონკრეტული შემთხვევებით, როდესაც იტალიის წითელ ზონად გამოცხადების შემდეგ ქართველმა დამსაქმებელმა, ვინმე თამარმა ბაღდათის რაიონიდან ქუჩაში გამოყარა იქ სამუშაოდ მყოფი ქართველი ემიგრანტები. მით უმეტეს, რომ იტალიამ, როგორც ამერიკაშია, 3 თვით ბინის ქირისგან ყველა ადამიანი გაათავისუფლა. ბინიდან რომ აგდებ, თანაც სახელმწიფოსთვის არაფერი გაქვს გადასახდელი, ნამუსი ხომ უნდა გქონდეს!

ძალიან გთხოვ, აუცილებლად დაწერე: როგორც კი შევიტყობთ, რომ რომელიმე ქართველმა დამსაქმებელმა დაქირავებული ბინიდან გამოაგდო ადამიანი, მაშინვე ვურეკავ ჟურნალისტებს და მთელი ემიგრაცია იმ ადამიანს საქართველოს მოღალატედ გამოვაცხადებთ!

ზოგიერთმა ემიგრანტმა სამსახური და, შესაბამისად, საცხოვრებელიც იმის გამოც დაკარგა, რომ ვისაც უვლიდა, ის მოხუცი გარდაიცვალა და ა.შ. უპირველესად, მათ საცხოვრებელი ვუქირავეთ - ინფორმაციები ჯგუფში იდებოდა და, ძირითადად, ამერიკელი ემიგრანტები ვურიცხავდით თანხას იმ პირებს, ვისაც გადაადგილება და ადრესატამდე მისვლა შეეძლო. სხვათა შორის, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ყველა არალეგალ ემიგრანტს, ვინც ამ მძიმე პერიოდში მათ გვერდით დარჩა, იტალია ისევე დააფასებს, როგორც საკუთარ მოქალაქეს. ამ ომის შემდეგ ჩვენთვის ყველა გმირი იქნებაო.

იხილეთ ასევე: "გავუფრთხილდეთ ჩვენს ოჯახებს, ქვეყანას... ჩვენი ერთად ჩასვლა, ვფიქრობ, სარისკოა" - ქართველი ემიგრანტის სულისშემძვრელი წერილი