"უკვე გაწერილი პაციენტებიდან ყველაზე მძიმედ ე.წ. მე-4 პაციენტი იყო" - რას ჰყვება ბოქსირებული განყოფილების ექიმი - ინფექციონისტი? - კვირის პალიტრა

"უკვე გაწერილი პაციენტებიდან ყველაზე მძიმედ ე.წ. მე-4 პაციენტი იყო" - რას ჰყვება ბოქსირებული განყოფილების ექიმი - ინფექციონისტი?

"პაციენტებსაც უნდათ, რომ სულ მათთან ვიყოთ, მათ გარეშე, დიდხანს ვერც ჩვენ ვძლებთ"

გუშინ, ჩემმა კოლეგამ და დიდი ხნის მეგობარმა, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი ბერიძემ თავის "ფეისბუკგვერდზე" ფოტო და ემოციური პოსტი გამოაქვეყნა: "ეკა ნაფეტვარიძე ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ექიმი-ინფექციონისტია... მის სახეზე სპეციალური ტანსაცმლის კვალია ასახული... პირველი დადებითი პაციენტი მან მიიღო და მანვე გაუშვა სახლში გამოჯანმრთელებული... ეკას გვერდით პროფესიონალთა გუნდი დგას თენგიზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით... კიდევ არაერთი მედიკოსის ასეთ ფოტოს იხილავს საზოგადოება..." მძიმე სამუშაო დღის ბოლოს...

ეკას გიორგის დახმარებით დავუკავშირდი. წესით, სამუშაო დღე მას კარგა ხნის დასრულებული უნდა ჰქონოდა, მაგრამ, როგორც ახალ კორონავირუსთან მებრძოლი ჩვენი გმირი ექიმების ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, იგი კვლავ "ბრძოლის ველზე" ანუ სამსახურში იმყოფებოდა და მეც დიდხანს არ შემიფერხებია.

- ეკა, ბევრ ინფექციურ პაციენტს გაუვლია, ალბათ, თქვენს ხელში, მაგრამ ეს განსაკუთრებული შემთხვევა იყო - საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი პაციენტი სწორედ თქვენს ბოქსირებულ პალატაში აღმოჩნდა, კორონავირუსისგანაც პირველი სწორედ იგი გამოჯანმრთელდა და გამოდის, რომ ამ სასტიკი ვირუსით დასნებოვნებული პირველი ადამიანიც კოლეგებთან ერთად თქვენ გააცილეთ შინ. ამ ამბავს, ალბათ, ცხოვრებაში ვერ დაივიწყებთ... მოდი, საუბარი პრეისტორიით დავიწყოთ - პირველი პაციენტის შემოსვლამდე...

- რაც ახალი კორონავირუსის საფრთხე საქართველოშიც გაჩნდა, სულ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. ვიღებდით პაციენტებს შესაძლო დაინფიცირების შემთხვევით და ამის გამო 24 საათის განმავლობაში ვმორიგეობდით და ვშრომობდით. ბევრი შესაძლო შემთხვევა გვქონდა, მაგრამ, საბედნიეროდ, არ დასტურდებოდა ხოლმე. 25 თებერვალს კი შუახნის მამაკაცი მივიღეთ, როგორც შესაძლო შემთხვევა და მეორე დღეს, გვიან, უკვე პასუხიც გვქონდა - საეჭვო დადებითი. რა თქმა უნდა, გადავამოწმეთ და 27 თებერვალს უკვე დადასტურდა, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პირველი ადამიანი გვყავდა. ეს ყველასთვის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია იყო. რა თქმა უნდა, ექიმები, ხომ ძალიან ემოციურად ვიყავით, მაგრამ, თავისთავად, პაციენტიც ძალიან ღელავდა.

- ამ მდგომარეობაში მყოფი პაციენტისთვის, გარდა მკურნალობისა, რა შეგეძლოთ გაგეკეთებინათ?

- როგორც გითხარით, ეს გახლდათ შუახნის მამაკაცი. ძალიან თანავუგრძნობდით და ვცდილობდით, ხშირად შევსულიყავით მასთან, გვესაუბრა, რომ მისი ყურადღება სხვა თემებზეც გადაგვეტანა. თავდაპირველად, ჩვენც ბოლომდე არ ვიყავით დარწმუნებული, მისი მდგომარეობის გამოსავალში, მაგრამ არც ვიმჩნევდით და ყველანაირად ვამხნევებდით. მართალია, რამდენიმე დღე დაგვჭირდა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა ერთობლივად, ნელ-ნელა მოვახერხეთ, შევძელით, რომ ეს ადამიანი ემოციურად დაგვემშვიდებინა. შემდეგ დავმეგობრდით კიდეც, რადგან ამ მხრივ თვითონაც წამოგვყვა. საბედნიეროდ, მკურნალობაც კარგად მიმდინარეობდა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა - პაციენტი გამოჯანმრთელდა და გავწერეთ.

- ანუ ქვეყნის პირველი ინფიცირებული პაციენტი პირველი გამოჯანმრთელდა და, შესაბამისად, პირველი გაეწერა საავადმყოფოდან! - ვფიქრობ, ეს მამაკაცი ვერც ჩვეულებრივ პაციენტად დარჩება თქვენი კლინიკის ისტორიაში და ვერც თქვენი გუნდის გამარჯვება დარჩება ჩვეულებრივ გამარჯვებად თქვენთვის - ექიმებისთვის. რამდენ ხანს დაჰყო მამაკაცმა კლინიკაში?

- პაციენტმა 21 დღე დაჰყო კლინიკაში - 25 თებერვალს შემოვიდა, 27 თებერვალს საბოლოოდ დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი და 16 მარტს გამოჯანმრთელებული გაეწერა.

- ხანდახან ადამიანს უბრალო ნერვიულობაზეც კი უწევს მაღლა ტემპერატურა, ახალი კორონავირუსით დაავადებულ თქვენ პაციენტს კი ისედაც ჰქონდა მაღალი ტემპერატურა, მაგრამ ვინ იცის, მის გულში რა ხდებოდა? მისი მკურნალობა ერთბაშად ემოციური, ფსიქოლოგიური და პროფესიული გამოცდა იქნებოდა მისთვისაც და თქვენთვისაც. თანაც მკურნალობდით პრეპარატით, რომელზეც ქართველ ექიმებს ბევრი ინფორმაციაც ჰქონდათ და უცხოელ კოლეგებთან კონსულტაციებიც გაიარეს, მაგრამ მისი 100-პროცენტიანი დადებითი შედეგი ვერ ეცოდინებოდათ... იქნებ უფრო დეტალურად გაიხსენოთ, ორივე მხარემ - პაციენტმა და ექიმებმა როგორ გაიარეთ ეს "ბეწვის ხიდი"?

- თავდაპირველად მართლაც მძიმე იყო... ჩვენ ვმკურნალობა დავიწყეთ პლაქვენილით სიმპტომურ და პათოგენეზურ საშუალებებთან ერთად და კონკრეტულ პაციენტთან დაზუსტებით მართლაც ვერ გვეცოდინებოდა შედეგი.

მასთან რომ შევდიოდით, თავდაჯერებულები ვიყავით და ნერვიულობას ვერაფრით შეგვამჩნევდა, მაგრამ მის მღელვარებას ძალიან განვიცდიდით, ამიტომ პირველი დღეები ემოციურად ჩვენთვისაც საკმაოდ რთული და დატვირთული იყო. შემდეგ, ნელ-ნელა, მისი დამშვიდება შევძელით და ჩვენც ბევრი რამ გაგვიადვილდა.

- პარალელურად კი, ახალი კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები გემატებოდნენ და, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტი ფსიქოლოგიურ-ფიზიკური დატვირთვით გიწევდათ მუშაობა... და მაინც, ალბათ, დიდი ბედნიერებაა, რომ დანარჩენი 9 გამოჯანმრთელებულიც თქვენი კლინიკიდან გააცილეთ. რა სიმძიმის პაციენტები იყვნენ უკვე გამოჯანმრთელებულები და მათი ისტორია როგორ ვითარდებოდა?

- ამ პაციენტებიდან ერთი - მეოთხე ნომერი პაციენტი იყო ძალიან მძიმე, დანარჩენი - საშუალო სიმძიმის. მეოთხეს ორმხრივი პნევმონია ჰქონდა, მაგრამ მისი მკურნალობა კარგად იმართებოდა და ფაქტია, კიდეც გამოჯანმრთელდა. გაწერილი პაციენტებიდან ის ყველაზე მძიმედ იყო.

- ემოციურ ფონზე რაიმე ექსცესები იყო პაციენტებისგან - ვთქვათ, პესიმიზმისგან გამოწვეული ნერვული შეტევა ან რაიმე ამდაგვარი? - ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ზოგიერთთან უფრო ხანგრძლივად და ხშირად გვიწევდა საუბარი, ზოგთან - ნაკლებად, მაგრამ, პრინციპში, მკურნალობის გზაზე ყველა პაციენტი წამოგვყვა, გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდათ, განსაკუთრებით, პირველი პაციენტის განკურნების შემდეგ. სწორება ყველას პირველზე ჰქონდა აღებული, - ერთი გამოჯანმრთელებული მაინც გაეწეროს, რომ დავმშვიდდეთო. ყველა პაციენტი იმ პირველ პაციენტს შეჰყურებდა იმედით, მის ამბავს გვეკითხებოდნენ. ეგ კი არა, პირველი პაციენტის მკურნალობის ეტაპის გავლის შემდეგ გადასამოწმებლად მას პირველად რომ ავუღეთ ანალიზი, ცოტათი გვიანდებოდა პასუხი და ჩვენი საავადმყოფოს ყველა პაციენტი წამდაუწუმ გვეკითხებოდა, პასუხი თუ მოვიდაო? - მოვიდა უარყოფითი პასუხი და ყველა უბედნიერესი იყო, მაგრამ 24 საათში ხომ კიდევ უნდა გადამოწმებულიყო? ახლა ის დღე იყო ემოციებითა და შეკითხვებით დატვირთული. მეორედაც რომ უარყოფითი პასუხი მოვიდა და პაციენტი გავწერეთ, საავადმყოფოში დღესასწაული გვქონდა - მისი გაცილება დარჩენილ პაციენტებისთვისაც და ექიმებისთვისაც ზეიმი იყო. ამ ამბავმა დანარჩენებს იმედი ჩაუსახა, რომ თვითონაც გაეწერებოდნენ. დღეს ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ერთი ხანდაზმული ქალბატონი გვყავს, თანმხლები დაავადებებით და მასზე ძალიან ვნერვიულობთ, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ, რომ მის ამბავს ცუდი დასასრული არ ექნება.

- ეკა, დიდი ხანია, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში მუშაობთ?

- 2017 წლიდან ვმუშაობ, მაგრამ რაც ამ დღეებში ხდება, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევაა.

- ამ უჩვეულო სენთან ბრძოლამ და უჩვეულო რეჟიმით მუშაობამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება? - ეს არა მარტო ჩემთვის, მთელი ჩვენი ახალგაზრდა გუნდისთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა..COVID-19

(სპეციალურად საიტისთვის)