"მაგ ოჯახში 6 ადამიანი ცხოვრობს, ექიმებმა შეამოწმეს" - რა ხდება ბოლნისის სოფელში, სადაც დაინფიცირებული ქალი - პაციენტი #54 დას სტუმრობდა? - კვირის პალიტრა

"მაგ ოჯახში 6 ადამიანი ცხოვრობს, ექიმებმა შეამოწმეს" - რა ხდება ბოლნისის სოფელში, სადაც დაინფიცირებული ქალი - პაციენტი #54 დას სტუმრობდა?

უკვე ორი დღეა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოწმების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ყოველ დილით, 9 საათიდან მობილური ჯგუფები, ეპიდემიოლოგები და ოჯახის ექიმები მოსახლეობაში დადიან და მათი ჯანმრთელობს მდგომარეობას ამოწმებენ. kvirispalitra.ge დიანტერესდა რა ხდება, ბოლნისის რაიონში, სოფელ ნახიდურში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული 62 წლის ქალი - ე.წ. პაციენტი#54 რამდენიმე დღის განმავლობაში სტუმრად იმყოფებოდა დის ოჯახში. ამ საკითხთან დაკავშირებით სოფლის რწმუნებული ტალეხ აივაზოვი გვესაუბრება:

ტალეხ აივაზოვი:

- ჩვენ სოფელში ძალიან სერიოზული სამუშაოები მიდის, ბოლნისიდან ჩამოვიდნენ და ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოები, მთელი დღეების განმავლობაში ექიმები დადიან და მოსახლეობას ამოწმებენ. ხალხი შეშინებულია და სახლებშია ჩაკეტილი. ზოგიერთი მათგანი ცოტა ხნის წინ თურქეთში იყო, ზოგიც აზერბაიჯანში. ახლა ჩვენი სოფლის მოსახლეობას მარტო ბოლნისში წასვლის საშუალება აქვს. მარნეულში არავის ვუშვებთ, არც იქიდან და არც აქედან.

- იმ ოჯახის შესახებ რას გვეტყვით, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული 62 წლის ქალი სტუმრად იმყოფებოდა?

- მაგ ოჯახში 6 ადამიანი ცხოვრობს, ექიმებმა შეამოწმეს, ვირუსი ჯერ არავის დაუდასტურდა. დაინფიცირებულის და თავად ავად არის, "ავერსის" კლინიკაში მკურნალობს, ვირუსი არ აქვს, გული აწუხებს.

- დაინფიცირებული ქალი დიდი ხნით სტუმრობდა თქვენს სოფელში? - თუ არ ვცდები, 2 თუ 3 დღე იყო. ზუსტად არ ვიცი.

- მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინის გამოცხადებამდე თქვენ სოფელში მოსახლეობა განაგებო რეჟიმით გათვალისწინებულ მითითებებს თუ იცავდა? - აბა, რა ჩვენ ყველა წესს ვიცავდით.

- მაგალითად? - ქალაქში რომ წავიდოდით იქიდან დაბრუნებულები ხელებს კარგად ვიბანდით.

- პირბადეებს თუ მოიხმარდით, დეზინფექციას თუ ატარებდით?

- კი, ყველაფერს ვაკეთებდით.

- ნახიდურის მოსახლეობა ვირუსის შესახებ კარგად იყო ინფორმირებლი? - კი, ინტერნეტით, ტელევიზორით და ბუკლეტებით ჩვენ ყველა გავაფრთხილეთ.

- გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფლის მოსახლეობის ნაწილი ტელევიზორს საერთოდ არ უყურებს და ინტერნეტს მოიხმარს. - მასეთი ხალხი პირადად მე ჩავაყენე საქმის კურში, ოჯახებში ვესტუმრე და ყველაფერი ავუხსენი.

- სოფელში ხალხმრავალი სარიტუალო ღონისძიებები არ იმართებოდა? - არა, რას ამბობთ. რამდენი ხანია მასეთი რამე ჩვენს სოფელში აღარ ყოფილა.

- მაინც როდიდად აკრძალეთ ხალხმრავალი ღონისძიებები? - 13 მარტიდან.

- არც ნოვრუზ ბაირამი იზეიმეს?

- რა ნოვრუზ ბაირამი, ჩაიხანებიც კი დავკეტეთ.

- თქვენს მუნიციპალიტეტში კარანტინის გამოცხადებამ მოსახლეობაში პროტესტი ხომ არ გამოიწვია?

- არა, რას ამბობთ, ჩვენ ძალიან გვიხარია საზღვრები რომ ჩაიკეტა, ხელისუფლება ყველანაირად გვაქცევს ყურადღებას, გვიცავს. მარნეულში წასვლა ახლა ძალიან საშიშია. ჩვენთან ავად ჯერ არავინ არის.

ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)