თავდაცვის სამინისტრო ვაზიანიდან 5 სამხედროს საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო ვაზიანიდან 5 სამხედროს საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო ვაზიანიდან 5 სამხედროს მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.

"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვაზიანიდან 5 სამხედრო მოსამსახურის საავადმყოფოში გადაყვანის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი გახდა. ამასთან დაკავშირებით გვინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში, პანდემიის პირობებში თავდაცვის ძალები, ვირუსის მოსახლეობაში გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვან ღონისძიებებს ატარებს, როგორც ჯარში ასევე ზოგადად საზოგადოებაში.

ჯარში, სპეციალური ჯგუფების მიერ აქტიურად ხორციელდება ცალკეული სადეზინფექციო სამუშაოები და სამხედრო პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივი შემოწმება-მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, რომ
ცალკეულმა ადამიანებმა, მედიამ თუ პროფესიულმა ჯგუფებმა ეს პროცესი, ან ამ პროცესში მიმდინარე რაიმე სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა და დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს. ამბის ნაადრევი და დაუდასტურებელი გავრცელება ხელს უშლის ვირუსთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებული ემოციური
ფონის ნორმალიზებას და ცალკეული უწყებების ეფექტურ საქმიანობას.

დღეიდან სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი. ყველა სამხედრო მოსამსახურე, რომელსაც ექნება ვირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნები გადაყვანილი იქნება გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც მათ ჩაუტარდებათ მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, კლინიკაში შეყვანილი 5 ჯარისკაციდან ერთს პნევმონია აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კორონავირუსზე კვლევა მათ დღეს ჩაუტარდებათ.

"მოყვანილია 5 ჯარისკაცი, 4 ჯარისკაცს ტემპერატურა აღარ აქვთ. როცა მოვიდნენ წუხელ, 37 ჰქონდათ ტემპერატურა და ცოტა ყელის ტკივილი. დღეს, ამ დილას მათი მდგომარეობა კარგია. რაც შეეხება მეხუთე ჯარისკაცს მას აღმოაჩნდა პნევმონია და სხვა პალატაშია განთავსებული.
ისინი საკარანტინო ზონაში შიგნით არ იყვნენ, გარეთ ტერიტორიაზე პატრულირებდნენ, შემდეგ წავიდნენ თავიანთ ნაწილში, იქ დაეწყოთ ტემპერატურა და იქიდან მოიყვანეს,"- განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
დღის კითხვადი სტატიები