"არც ყელი მტკიოდა, არც მახველებდა, მაგრამ..." - რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ქალი, რომელიც ინფექციურში მკურნალობს? (ექსკლუზივი)
"არც ყელი მტკიოდა, არც მახველებდა, მაგრამ..." -  რას ჰყვება კორონავირუსით ინფიცირებული ქალი, რომელიც ინფექციურში მკურნალობს? (ექსკლუზივი)
მსოფლიო კორონავირუსის მასშტაბურ გავრცელებას გაერთიანებული ძალებით ებრძვის, ათასობით ადამიანის მკურნალობას გადის, შინ დარჩენილები კი გამუდმებით ელიან ინფორმაციას გამოჯანმრთელებული პაციენტების შესახებ.  kvirispalitra.ge-მ მოახერხა ექსკლუზიურად ჩაეწერა ინტერვიუ ახალგაზრდა ქალთან, რომელიც ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრში კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციას ებრძვის. უპირველესად მადლობას გადავუხდით მას, რომ ამ ვითარებაში ინტერვიუზე დაგვთანხმდა და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მასაც და კორნავირუსით დაინფიცირებულ ყველა პაციენტსაც. ის მოგიყვებათ ახალ კორონავირუსულ ინფექციას რა სიმპტომები ჰქონდა უშუალოდ მის შემთხვევაში, როგორ მიდის მკურნალობის
კურსი, რას გრძნობს დაინფიცირებული ადამიანი და ასევე ქართველი ექიმების გმირობის ამბებს. რესპონდენტის კონფიდენციურობა დაცულია, სახელი კი - შეცვლილი:

მარიამი:
- დაავადება დამეწყო უეცრად სახსრების და კუნთების ტკივილით, ტემპერატურის მომატებით, არც ყელი მტკიოდა, არც მახველებდა, არც სურდო მქონდა, მაგრამ დავკარგე ყნოსვისა და გემოს შეგრძნებები, როგორც ამბობენ,
ეს არის კორონავირუსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომი. ეს დაავადება ტალღისებურად მიმდინარეობს - ორი დღე გაქვს დაბალი სიცხე, შემდეგი ორი დღე არ გაქვს საერთოდ, შემდეგი ორი დღე მაღალი სიცხით მიდის, შემდეგი დღეები პირადად მე უსიცხოდ მქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება ძლიერი ნერვები და ეს ხალხი, ჩვენი ექიმები მარინა ენდელაძე, ბატონი თენგიზ ცერცვაძე და ის ახალგაზრდები, ვინც გუნდში ჰყავთ, ნამდვილად უნიკალური ადამიანები არიან, მე დედაც ავად მყავს, ისიც აქ გადის მკურნალობას და ეს არის წარმოუდგენელი რამ, რასაც ჩვენი ექიმები აკეთებენ.

- პაციენტი სრულიად მარტოა ბოქსირებულ პალატაში?
- საერთოდ კი, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მე და ჩემი შვილი - გოგონა ერთად ვიყავით. ცენტრში რეანიმაცია ამჟამად განკუთვნილია მხოლოდ  კორონავირუსით ინფიცირებული იმ პაციენტებისთვის, ვინც ამას საჭიროებს. ამჟამად იქ ჰყავთ 2 პაციენტი, აქედან ერთ-ერთი დედაჩემია.

- ახსენეთ, რომ ექიმები მორალურადაც ძალიან უდგანან პაციენტებს გვერდში...
- ნამდვილად ასეა, ექიმებზე მინდა დაწეროთ, იმიტომ რომ ესეთი ექიმები არიან ძალიან ცოტანი, დედაჩემი ამჟამად წევს რეანიმაციაში და განყოფილების გამგე ანა ლაღიძედან დაწყებული, დედაჩემის პირადი ექიმით ბატონი სერგო კვარაცხელიათი ყურებზე დგანან, ასეთი ყურადღება არსად მინახავს, უფასოდ თუ ვინმე რამეს აკეთებდა, არც მეგონა, ექთნებიც ასეთები ჰყავთ. დედჩემი შემოვიდა რეანიმაციაში წინა ორშაბათს, უკვე მეორე კვირაა მკურნალობას გავდივართ. მე ბატონმა თენგიზ ცერცვაძემ და მარინა ენდელაძემ მომცეს უფლება, რომ ბოქსირებული პალატიდან რეანიმაციაში გადმოვსულიყავი, მათ გაითვალისწინეს დედაჩემის ნევროლოგიური სტატუსი, ასაკობრივი პრობლემები, - შენთან ერთად იქნებ უფრო გამოჯანმრთელდესო, ამიტომ მომცეს უფლება, რომ დედასთან ერთად ვიყო. რამდენიმე დღის წინ თენგიზ ცერცვაძე წავიდა და თავის სახსრებით უყიდა დედას წამალი, ვიდრე წამალს შემოგვიგზავნიდნენ... წარმოგიდგენიათ, - არ დაგვიგვიანდესო და თავის ფეხით წავიდა საყიდლად, ასე უვლის ყველა თავის პაციენტს, ზედ ჰყვება... საოცრად თავდადებული ექიმები გვყავს და სამწუხარო იცით რა არის? ეს ყველა შენობა, რაც ე.წ. ინფექციურის ტერიტორაზე დგას, გაყიდულია, ამ ხალხს - ინფექციურის უნიკალურ ექიმებს ქუჩაში დარჩენა ემუქრებათ, ამის დაშვება არ შეიძლება!

- დასარულს გკითხავთ, ახლა ამ მომენტში, ჩვენი საუბრის დროს რა გაწუხებთ, რა გტკივათ, სიცხე თუ გაქვთ?
- მე არ მაქვს უკვე სიცხე, ეხლა არაფერი მტკივა, ჩემს შვილებს დღეს განმეორებით აუღეს ანალიზი და ვირუსი ჯერ კიდევ არის, თუმცა, ვიმეოდოვნებ, მალე გაქრება... ამ ინტერვიუთი მინდა ყველას ვუთხრა, გაფრთხილდით და დარჩით სახლებში!

-  კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენი და ჩვენი მკითხველის სახელით ინტერვიუსთვის! ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ და მთელი ქვეყანა გგულშემატკივრობთ!


(სპეციალურად საიტისთვის)
კორონავირუსუ
ნია–ს
27 მარტი 2020 15:51
ნეტავ ყველა ექიმი ჩვენი ინფექციონისტებივით იყვნენ!
ლულუ
27 მარტი 2020 15:26
ძალიან საწყენია ჟურნალისტმა რატომ ყურადღება არ გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ინფექციურის შენობა გაყიდულია და ეს სასახელო ექიმები ქუჩაში რჩებიან, რასაც რესპოდენტმა ხაზი გაუსვა , ნუთუ ჟურნალისტები ვერ ხვდებიან ინფექციური საავადმყოფო სასიცოცხლოდ აუცილებელია ქვეყნისთვის და თვითეული ჩვენთაგანისთვის.
nia
26 მარტი 2020 18:27
აუცილებლად კორონა უნდა დაგვმართნოდა, ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი და თავდადება რომ დაგვენახა?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, კორონავირუსის შემთხვევათა მატება შეუშლის თუ არა ხელს წინსაარჩევნო პროცესების სრულფასოვან წარმართვას?
დღის კითხვადი სტატიები