"ბოლო დროს კიდევ უფრო დაგვაფასეს ემიგრანტები. ჩემი მოხუცის ქალიშვილი სულ მადლობას მიხდის" - კვირის პალიტრა

"ბოლო დროს კიდევ უფრო დაგვაფასეს ემიგრანტები. ჩემი მოხუცის ქალიშვილი სულ მადლობას მიხდის"

"პანიკაში ჩავარდნილი იტალიელი არ მინახავს"

"ყველა არალეგალ ემიგრანტს, რომელიც ამ მძიმე პერიოდში ჩვენ გვერდით დარჩა, იტალია ისევე დააფასებს, როგორც საკუთარ მოქალაქეს! ამ ომის შემდეგ ჩვენთვის ყველა გმირი იქნება! თქვენ მართლაც გმირები ხართ, ჩემო ემიგრანტებო!" - განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ. მას შემდეგ, რაც ვირუსი ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებს გასცდა და მთელი ქვეყანა მოიცვა, ემიგრანტების დიდმა ნაწილმა იტალია დატოვა და სამშობლოში დაბრუნდა. როგორია დღეს იქ დარჩენილი ქართველების მდგომარეობა და რას ფიქრობენ ისინი შექმნილ სიტუაციაზე, რომში მცხოვრები მანანა გულიაშვილი გვიყვება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ხელისუფლებამ ყველა საჭირო ღონისძიებას მიმართა: დეზინფექცია ჩაუტარდა ქუჩებსა და შენობებს, შეზღუდეს გადაადგილება, შემოიღეს სპეციალური წესები... მე მოხუც ქალბატონს ვუვლი, საკუთარ შვილებზე მეტად ვეიმედები. კვირაში ორი უქმე დღე მაქვს და გარეთ გავდივარ. ერთი სული აქვს, მასთან როდის დავბრუნდები. ეს ქალი როგორ მივატოვო?! მესმის, ადამიანებს კრიტიკულ სიტუაციაში ოჯახისა და ნათესავების გვერდით ურჩევნიათ ყოფნა, მაგრამ ჯერ ერთი, საცოდაობაა იმ მოხუცის მიტოვება, რომელსაც შვილებზე მეტად ეიმედები, მერე კიდევ, ყველაზე სახიფათო ადგილი ახლა აეროპორტი მგონია..."

"ყოველდღე ვატარებ სახლში დეზინფექციას, მაღაზიებში პირბადისა და ხელთათმანების გარეშე არ გავდივარ. მაღაზიებში მხოლოდ ორი-სამი ადამიანი შედის, თუ დიდი ფართობი აქვს - ხუთ კაცსაც, დანარჩენი გარეთ ელოდება. რომაელების უმრავლესობა კურიერის მომსახურებით სარგებლობს. თავიდან ბოლომდე შეფუთული კურიერი შეკვეთას კართან ტოვებს და მიდის. ფულს ხელთათმნის გარეშე არ ვეხებით..."

"არათუ გაძვირდა, პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები გაიაფდა კიდეც. არც რაიმეს დეფიციტი შექმნილა. ხილ-ბოსტნეულის მაღაზიებში ყოველდღე ახალ-ახალი პროდუქტი მოაქვთ. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე სადეზინფექციო საშუალებები მაღაზიებიდან და აფთიაქებიდან გაქრა, მაგრამ პრობლემა მალევე მოგვარდა..."

"ბოლო დროს კიდევ უფრო დაგვაფასეს. ჩემი მოხუცის ქალიშვილი სულ მადლობას მიხდის. მეუბნება, რადგან ასეთ დროს დედაჩემი არ მიატოვე, ჩათვალე, რომ ჩემი ოჯახის წევრი ხარო. რაღა დაგიმალოთ, მეც მიხარია, მეტი სტიმული მაქვს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 26 მარტის ნომერში წაიკითხავთ.

ხათუნა ბახტურიძე