რა შედეგი ექნება ონლაინსწავლებას და ვინ მოუწყო სიურპრიზი მარინა ეზუგბაიას? - კვირის პალიტრა

რა შედეგი ექნება ონლაინსწავლებას და ვინ მოუწყო სიურპრიზი მარინა ეზუგბაიას?

გადაწყვეტილება, ბავშვებიც დარჩენილიყვნენ სახლში კორონავირუსის საშიშროების გამო, საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ დადებით ნაბიჯად შეფასდა. სასწავლო პროცესის უწყვეტობისთვის კი უკვე გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები. ონლაინსწავლების შესახებ რამდენიმე კითხვით მივმართეთ სასკოლო სასწავლო გეგმების დაგეგმვისა და დანერგვის ექსპერტს, როლანდ ხოჯანაშვილს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მასწავლებლებმა მოძებნეს საფოსტო გზავნილებით მოსწავლეთა სწავლების ფორმა. ახლა 21-ე საუკუნეა და ფოსტალიონსა და მტრედებს ვერ გავატანთ ინფორმაციას ბავშვებთან. ამისთვის არსებობს ინტერნეტი და ე.წ. E-learning ფორმა. მე თუ მკითხავთ, ონლაინსწავლებას უამრავი დადებითი მხარე აქვს: რესურსების სიიაფე, დროის ეკონომია, გამჭოლი კომპეტენციების დაუფლება და სხვა..."

"ბევრი საგანმანათლებლო პლატფომა არსებობს. გააჩნია, როგორ გამოვიყენებთ მას. ერთ-ერთი საუკეთესოა Microsoft 365-ის კომპლექტი. ის უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს ინფორმაციის მისაღებად, გადასამუშავებლად და შესანახად. ამ კომპლექტიდან ჩემთვის ზედმიწევნით მოსახერხებელია თიმსეი და ვან ნოუთი, რომლებიც ინფორმაციის გადაცემის გარდა, მაძლევს საშუალებას, შევადგინო ტესტები, ქვიზები, მივცე მოსწავლეებს უკუკავშირი, დავეხმარო კოლეგებს და დამეხმარონ მეც..."

"21-ე საუკუნის მასწავლებელი არც მარტო ელექტრონული მოწყობილობებით უნდა ასწავლიდეს, არც მარტო ცარცით! ოპერირებისას კარგი აღმზრდელი ერთმანეთს უხამებს "ძველ" და ახალ სასწავლო რესურსებს..."

"ბევრ მასწავლებელს ნახავთ, რომლებიც თვლიან, რომ "კომპიუტერმა და ინტერნეტმა მოსპო განათლება". სკეპტიციზმი და ნოვაციებისადმი კონსერვატორული მიდგომა კლავს სასწავლო პროცესს და მის ხარისხს. შეიძლება კლასში ორი სხვადასხვა მისწრაფების ადამიანები იყვნენ? ბავშვს უნდა თანამედროვეობა, მასწავლებელს - მე-17 საუკუნე, რას მივიღებთ ამით?! კონფლიქტს ან უკეთეს შემთხვევაში - დემოტივაციას..."

"გადაუმოწმებელი ინფორმაციით, ჭიათურაში მერია გამოყოფს დაფინანსებას სოციალურად დაუცველებისთვის, ზესტაფონშიც, როგორც მითხრეს, ერთმა კომერციულმა ორგანიზაციამ იკისრა თანადგომა, ალბათ ბევრგან იქნება მსგავსი ხელშეწყობა. ეს წმინდა ადამიანური პოზიციაა - ხელი გაუწოდო ადამიანს, რომელსაც უნდა წინსვლა!.."

P.შ. მოგეხსენებათ, პედაგოგობის პარალელურად, როლანდ ხოჯანაშვილი ჟურნალისტიც გახლავთ. ის ტავისი სოფლიდან, გეზრულიდან გვაწვდის ძალიან საინტერესო მასალებს. ცოტა ხნის წინ როლანდმა სოციალურ ქსელში პოსტი დადო: "როცა დასრულდება კორონაობა, ქალბატონ მარინა ეზუგბაიას თაიგული უნდა გავუგზავნო საჩუქრად. თუ ვინმე შეძლებს ახლა, ფულს დავურიცხავ და მიართვას. მე შორს ვარ. დავრჩი სახლში!.. ტაშის გარდა, სხვა ფორმის ყურადღებაც ეკუთვნით ექიმებს!"

როლანდს სულ ცოტა ხანში, მეგობარმა - გიორგი ბოჭორიშვილმა ოცნება აუხდინა და მარინა ექიმს ყვავილები მიართვა, შემდეგ კი ამის დამადასტურებელი ფოტოც აიტვირთა "ფეისბუკზე".

აქვე, "გზის" სახელით გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა ექიმს, საავადმყოფოებში დასაქმებულ თითოეულ თანამშრომელს ჩვენზე ზრუნვისთვის და როლანდსაც - კარგი ინიციატივისთვის.

სტატიას სრულად ჟურნალ "გზაშო"  წაიკითხავთ.

იხილეთ სრულად: "სამი წლის წინ თავს დიდი ტრაგედია დამატყდა... რომ არა მარინა, ალბათ დღეს სახლში ვიჯდებოდი"

თამუნა კვინიკაძე