"უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით " - რას პროგნოზირებს მარინა ეზუგბაია? - კვირის პალიტრა

"უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით " - რას პროგნოზირებს მარინა ეზუგბაია?

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებულ სამ მოქალაქეს, რომელთაც პირველადი ტესტირებით კორონავირუსი არ დაუდასტურდათ დღეს, დღის მეორე ნახევარში განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებული პაციენტების მატებას ელოდებიან.

"უახლოეს დღეებში გამოჯანმრთელებულებს ველოდებით, ტესტირებები ტარდება პერიოდულად 2-4 დღეში უნდა ჩატარდეს განმეორებითი ტესტირება და მიღებული პასუხების მიხედვით ხდება კვლევის გაგრძელება. ძირითადად, პირველად შემოსული პაციენტების რე-ტესტირებით შეიძლება ვთქვათ, რომ კონცენტრაციის მნიშვნელოვანი კლება აღინიშნება, რაც იმის საწინდარია, რომ შემდგომში უკვე მოსალოდნელია უარყოფითი პასუხები“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მის კლინიკაში პაციენტებს სწრაფი ტესტით კვლევა არ ჩატარებიათ. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისის ინფექციური საავადმყოფო პაციენტების გამოკვლევას PCR ტესტით აგრძელებს.

"ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ PCR კვლევას, ანუ ცხვირ-ხახის ტესტირებას, როგორც ადრე. ცხვირ-ხახის ნაცხიდან ხდება ვირუსის გამოყოფა. ამ ეტაპზე ეს ტესტირება სრულიად საკმარისია. სწრაფი ტესტები ალბათ, უპრიანია გამოყენებული იყოს იქ, სადაც მას იყენებენ - მარნეულის კლასტერის გამოსაკვლევად. როგორც ვიცი, ახალი რაოდენობა შეკვეთილია და თუ შემოტანა განხორციელდება, მერე გადაწყვეტილებას მიიღებენ ალბათ, პირველ რიგში სწრაფი მეთოდით კვლევაზე და შემდეგ მოხდება კონფირმაცია, ანუ დამადასტურებელი ტესტით გაგრძელება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ამასთან, ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ყველა პაციენტის კონტაქტები გამოკვლეულია.

"ინტერპრესნიუსი"