"შვილებთან დედის გარეშე მიწევს ჩამოსვლა და ეს გულს მიგლეჯავს..."
27-03-2020
"შვილებთან დედის გარეშე მიწევს ჩამოსვლა და ეს გულს მიგლეჯავს..."
ფოტო:მამუკა ნაჭყებია და ცირა ალიხანაშვილი
კორონავირუსით გარდაცვლილ 34 წლის ცირა ალიხანაშვილს, რომელიც ესპანეთში სამკუნალოდ იყო ჩასული, დღეს, 27 მარტს ამ ქვეყანაში  დაკრძალავენ. ეს ურთულესი გადაწყვეტილება მისმა მეუღლემ, მამუკა ნაჭყებიამ მას შემდეგ მიიღო, რაც განუმარტეს, რომ საქართველოში ცხედრის გადმოსვენება ვერანაირად ვერ მოხერხდებოდა. ტრაგედიის შემდეგ ოჯახი ხელისუფლებას ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვდა. ისიც ცნობილია, რომ ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებდა ესპანეთის ხელისუფლებასთან, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილის თქმით, ქართულმა მხარემ საქართველოს მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო. 
იხილეთ განცხადება

ბუნებრივია ამ გადაწყვეტილების შემდეგ არჩევანი არ ჰქონდა ცირას მეუღლეს. მან ცოლის იქ დაკრძალვის ნებართვა ადგილობრივ ხელისუფლებას მისცა და დოკუმენტს ხელი მოაწერა.

გარდაცვლილი ცირა ალიხანაშვილის მულს, ხათუნა ნაჭყებიას ესპანეთში ვესაუბრეთ:
- ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ჩემმა ძმამ. ცირას დაკრძალავენ სამარხში, აქ
ესპანეთში, შემდეგ, როდესაც პანდემია გადაივლის საქართველოს საპატრიარქოს დახმარებით ჩამოვასვენებთ სამშობლოში და დავკრძალავთ ქრისტიანული წესით. სხვა გამოსავალი არ დარჩა. ესპანეთი არ აპირებს კანონმდებლობის დარღვევას და გამონაკლისის დაშვებას. კრემაციის ჩატარება კი დაუშვებელი იყო... ჩემი ანგელოზი მჯერა სამოთხეშია, იქ სადაც მართალნი განისვენებენ და ლოცულობს თავისი ხუთი ანგელოზისთვის. არასდროს განელდება ეს ტკივილი, ვერასდროს შეავსებს ამ დანაკარგს დრო... დავკარგე საყვარელი ადამიანი, ის მართლა საუკეთესო იყო, გმირი დედა და საამაყო ცოლი. ძალიან განადგურებულები ვართ.

- ხათუნა, დაკრძალვაზე მისვლას ახერხებთ?
- სამწუხაროდ არა, მე კი ვარ ესპანეთში, მაგრამ სხვა ქალაქში - მურსიაში ვარ, აქ კარანტინია, თან იზოლაციაში უნდა ვიყო კიდევ რამდენიმე დღე. გარეთ ვერ გავალთ. ჩემი ძმა, მამუკა მადრიდშია, მასაც არ აძლევენ უფლებას დაკრძალვას დაესწროს. ის ამჟამად დევნილთა თავშესაფარშია, კარანტინშია, რადგან ჩვენ ორივეს და ჩემს მეუღლეს გვქონდა ცირასთან კონტაქტი. 25 მარტს მოაწერა ხელი მამუკამ ცირას იქ დაკრძალვაზე თანხმობას, აკლდამაში დაკრძალავენ. მერე რომ გადაივლის ყველაფერი, საქართველოში გადავასვენებთ აუცილებლად. მამუკას შესთავაზეს რომ ყოველგვარი ჩაბარების გარეშე შეეძლო აქ დარჩენა და მუშაობა, მაგრამ უარი თქვა. ბავშვებთან უნდა დაბრუნდეს, თავის 5 შვილთან, რომლებიც საქართველოში ელოდებიან. ჯერჯერობით კარანტინში რჩება.

- როგორც ვიცი, ცირა ბოლოს თქვენს ძმასთან ერთად ნახეთ, როგორ იყო მაშინ?
- ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ ცირა საქართველოდან ესპანეთში სამკურნალოდ ჩამოგვეყვანა. ჩვენს ოჯახს სად ჰქონდა ამის საშუალება, რომ არა ქართველი ხალხის გვერდში დგომა, ვერც წავიყვანდით. კეთილი ადამიანების გაწეული დახმარებით მოგროვდა თანხები. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ გამოჯანმრთელებულიყო და თავის 5 შვილს დაბრუნებოდა ჯანმრთელი. ამას ვინ წარმოიდგენდა. არ შემიძლია იმის გადმოცემა რას განვიცდი. ხალხის დახმარებით თანხები რომ მოგროვდა, ცირას გადარჩენის იმედი ჩაესახა. იმედიანად ვიყავით და ეს ტრაგედია დაგვატყდა თავს.
ცირა ალიხანაშვილი შვილებთან ერთად
ცირა ბოლოს 12 მარტს ვნახე. საავადმყოფოში მე, ჩემმა მეუღლემ და ჩემმა ძმამ მოვინახულეთ. კარგად იყო. ვიდეოც მაქვს გადაღებული. იმედებით იყო სავსე, რომ მკურნალობდა, გვეგონა, ეს შედეგს გამოიღებდა. ცოტას ახველებდა, სიცხე ჰქონდა, მაგრამ ექიმებმა მიაწერეს იმას, რომ იმ დღეს ქიმია გაუკეთეს. ეგონათ სიცხის გამომწვევი მიზეზი ქიმია იყო. კარგად გრძნობდა თავს, უბრალოდ ძალიან ბევრ წყალს სვამდა, იმდენად ბევრს, რომ ჩემმა ძმამ ექთნისთვის მაკითხინა, ამდენი წყალი შეიძლება რომ დალიოსო? მამუკა ძალიან ემოციური ადამიანია. მზრუნველი, ძალიან უყვარდა თავისი მეუღლე და მის მდგომარეობას განიცდიდა. ექთანმა თქვა, წყალი რამდენიც უნდა იმდენი დალიოსო. იმ ღამით იქ დავრჩი. დილით მშვენიერ ხასიათზე იყო, გადავკოცნე და წამოვედი. მე სხვა ქალაქში ვარ და იქ წამოვედით მე და ჩემი მეუღლე. გზაში დამირეკეს ცირა იზოლირებულად არის გადაყვანილი, რადგან კორონავირუსზე აქვთ ეჭვიო. ბუნებრივია ვღელავდით, ვკითხულობდით მის მდგომარეობას. სადღაც 5 დღეში გვითხრეს, რომ კორონავირუსისგან განიკურნა, კარგად არის და ახლა მეორე ქიმია დავიწყეთო. მეორე ქიმიის შემდეგ მითხრეს მხედველობა დაკარგა, ვერ ხედავს და ხელ-ფეხის მგრძნობელობა დაკარგაო. მაგრამ მოგვიანებით აღუდგა მგრძნობელობა, მეორე დღეს მხედველობაც დაუბრუნდა. ჩემი ძმაც სულ ურეკავდა, რადგან იზოლირებულად იყო, შიგნით სანახავად არ უშვებდნენ. ეტყობა ცუდად გრძნობდა თავს. ბოლო დღეს მამუკასთვის უთქვამს, საყვარელო, ცუდად ვარ, ვერაფერს მშველის ქიმიები და სახლში წამიყვანეო. 22 მარტს, კვირა დილა თენდებოდა რომ შემატყობინეს აღარ არისო, 3 საათი ცდილობდნენ თურმე ექიმები მის გადარჩენას და ვერ გადაარჩინეს. ასე დავმარცხდით, ვერ ვინელებ, როგორ მინდოდა ეცოცხლა, როგორ მინდოდა თავის შვილებს დაბრუნებოდა. ჩვენს გვერდით ყოფილიყო. ოღონდ ცოცხალი ყოფილიყო.

ცირა და მისი მეუღლე, მამუკა ნაჭყებია ესპანეთში 2 მარტს ჩავიდნენ. სამტრედიაში ბებიასთან 5 მცირეწლოვანი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში დატოვეს. ყველაზე პატარა წლინახევრისაა. ამ ოჯახის უმძიმესი ისტორია სოციალური ქსელში გავრცელდა. "სიკეთის ქალაქმა" გადაიღო მათი საცხოვრებელი, რომელსაც არც ერთი კარი და ფანჯარა არ ჰქონდა. პატარა გიორგი არ მალავდა, რომ პური ენატრებოდათ და საკვების გარეშე იყვნენ დარჩენილები. 8 წლის გიორგი ნაჭყებია ამბობდა, ოღონდ დედა ცოცხალი მყავდეს, მალე დამიბრუნდეს და არაუშავს, მშიერი დაძინებასაც ვისწავლიო.

დღეს ბავშვებმა უკვე იციან რომ დედა ცოცხალი აღარ არის. ახლა ესპანეთიდან მამის ჩამოსვლას ელოდებიან. მამუკა ნაჭყებიას ერთი სული აქვს როდის ჩამოაღწევს საქართველოში და როდის ნახავს თავის შვილებს. ის ამ დრომდე ესპანეთში კარანტინშია. ძალიან განიცდის მეუღლის გარდაცვალებას.

"კარანტინში ვარ და ვრჩები მითითებების ქვეშ. ზოგადად ქვეყანა კარანტინის რეჟიმშია. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ ჩემს მდგომარეობას. საელჩოს დახმარებით მივაღწიე იმას, რომ ცხედრის კრემაცია არ მოხდება. ამ სიტყვის გაგონებაც არ მინდა, მანადგურებს. ხელისუფლება დამპირდა, რომ დამეხმარება მერე ცხედრის გადმოსვენებაში, ამის იმედი მაქვს. ახლა სხვა გზა აღარ დამრჩა და ხელი მოვაწერე დოკუმენტს და აქ აკლდამაში დაასვენებენ. თქვენ არ იცით რა ჯოჯოხეთი გამოვიარე ეს დღეები. დაკრძალვაზე მისვლის საშუალება არ არის. ძალიან გამიჭირდება მის გარეშე.

ჩვენ დავმარცხდით... პირველივე რეისზე ჩამოვალ საქართველოში, საელჩო შემპირდა პირველივე სპეცრეისით გაგიშვებთ, ბილეთსაც გიყიდითო, მადლობის მეტი რა მეთქმის. ვარაუდობენ, რომ 10 აპრილამდე შესრულდება ეს რეისი, ვიცი საქართველოში კიდევ ორი კვირა მომიწევს კარანტინში ყოფნა, მაგრამ არაფერს დავეძებ, ოღონდ ჩემს შვილებთან მივიდე. შვილებთან დედის გარეშე მიწევს ჩამოსვლა და ეს გულს მიგლეჯავს, მაგრამ აუცილებლად ჩამოვალ... ძალიან იმედიანად მოვდიოდით, ხალხის დახმარებით მოგროვდა თანხა და წამოვედით. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, გამიჩნდა იმედი და რა ვიცი, უცებ ცა ჩამოიქცა ჩვენთვის. ბრძოლა წავაგეთ, დამარცხებული უცხო მიწაზე, მარტო დავრჩი ბრძოლის ველზე, ერთ ოთახში ჩაკეტილი და განადგურებული. 17 წელი ვიცხოვრეთ ერთად. საოცარი ადამიანი იყო. არ იცოდა საერთოდ საუბარი პრობლემებზე, არ შეგაწუხებდა, რომ ტკიოდა, მაშინაც არ შეგაწუხებდა, სულ სხვა ბუნების იყო....

მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ოჯახის გასაჭირი გულთან მიიტანა. მადლობა თითოეულ ადამაიანს",- გვითხრა თითქმის ატირებულმა  მამუკა ნაჭყებიამ.

ახლა 5 შვილი მის ჩასვლას ელოდება. თუ ვინმეს შეგიძლიათ უდედოდ დარჩენილი 5 პატარის დახმარება, შეგიძლიათ ამ ანგარიშზე მათთვის თანხა ჩარიცხოთ:

GE14TB7922845064300014
მიმღები თამარ ნაჭყებია -  597 45 14 11

როგორც ცნობილია, ესპანეთში საქართველოს სამი მოქალაქე გარდაიცვალა კორონავირუსით. 74 წლის გულნარა (დოდო) ასამბაძე თითქმის 20 წელი ესპანეთში ემიგრაციაში იყო. ის ბათუმელი გახლდათ. როგორც ითქვა, გული აწუხებდა. ბუნებრივია ვერც მისი ჩამოსვენება მოხერხდა ჯერჯერობით საქართველოში. როგორც მისმა ოჯახის წევრმა გვითხრა, ოჯახმა ქალბატონი დოდოს ესპანეთში დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო და ის უკვე დაკრძალეს. რაც შეეხება 23 მარტს გარდაცვლილ კიდევ ერთ ქართველს, 73 წლის სერგო მელაძეს, ისიც ბარსელონაში წლების მანძილზე ცხოვრობდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. როგორც ამბობენ, მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება ვცადეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში, მაგრამ როგორც გვითხრეს, ეს პერსონალური ინფორმაციაა და ამაზე ვერ ისაუბრებენ.

ვწუხვართ მომხდარის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს  ამ ტრაგედიას.

(სპეციალურად საიტისთვის)

ქეთ
29 მარტი 2020 18:39
იქნებ დაააეხმაროს რომელიმე ბიზნესმენი რომ ამ ტრაგედიის ფონზე ლუკმა პურზე მაინც არ ქონდეთ სადარდებელი და საახლზე,,,,,, ტელევიზიით იქნებ აუგროვოთ და ასე შემდეგ,,,,,, ასეთი ტრაგედია, ასეთი ამბავი არ ვიცი მე.................
Buki buki
29 მარტი 2020 13:07
ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. არ გიცნობდი მაგრამ როგორ მებრალები
მედეა
27 მარტი 2020 15:29
ძალიან ძნელია...ვიზიარებ

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები