"ქრისტიანული წესის თვალსაზრისით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის შესახებ რეკომენდაციებში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ" - კვირის პალიტრა

"ქრისტიანული წესის თვალსაზრისით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის შესახებ რეკომენდაციებში ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ"

დეკანოზ თეოდორე გიგნაძის განცხადებით, ქრისტიანული წესის თვალსაზრისით ვერანაირ წინააღმდეგობას და პრობლემას ვერ ხედავს იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ახალი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანის დაკრძალვის შესახებ შეიმუშავა.

როგორც დეკანოზმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემუშავებულ რეკომენდაციებში ქრისტიანულ რელიგიასთან საწინააღმდეგო არაფერია იმიტომ, რომ "წესის აგების დროს, სასულიერო პირი ღვთის წინაშე ლოცულობს და ცოცხალი ღმერთი ისმენს ვედრებას".

"ამით ვეხმარებით გარდაცვლილის სულს, ასეა, ჩვენ ასე გვწამს. ამიტომ, ქრისტიანული თვალსაზრისით მე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. ერთადერთი, რაც არასასიამოვნოა ეთიკური თვალსაზრისით, რამდენად სწორი იყო ამის დაბეჭვდა მასმედიაში. სხვა მხრივ სიმართლე გითხრათ, მე წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. ეს სუბიექტური განცდაა, მაგრამ არის მეორე მხარე. საერთოდ, მორწმუნე კაცი ასე თვლის, რომ შემთხვევით არაფერი ხდება. რადგან ფაქტია და მოხდა ამ ყველაფრის დაწერა, ეს ნიშნავს იმას, რომ რაღაც სარგებელი მას აუცილებლად ექნება. ერთ-ერთი ის, რომ ადამიანს ამ ვირუსის შეეშინდეს. მეორე- საერთოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ აუცილებლად მოვკვდებით, ეს იქნება ვირუსით თუ ვირუსის გარეშე. ადამიანი, რომელიც ფიქრობს გარდაცვალებაზე, ხდება მისი შინაგანი რესურსის გამოთავისუფლება მარადიულ ღირებულებებზე და ეს თავისთავად უკვე კარგია, ასე რომ პლუსიც აქვს და მინუსიც (შემუშაებული რეკომენდაციის გამოქვეყნებას). შემუშავებულ რეკომენდაციაში რაიმე საწინააღმდეგოს ვერ ვხედავ, რადგან შეგვიძლია წესი ავუგოთ ადამიანს, რომლის საფლავიც კი არ ვიცით, სად არის და მისთვის ვილოცოთ. ამიტომ აქ პრობლემა არ არსებობს", - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა. იხილეთ სრულად