"კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე"

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 24 მარტიდან სასამართლოებში პატიმრების გაყვანა აიკრძალა და პროცესები ონლაინ ეწყობა. როგორც იუსტიციის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სამ დღეში 95 სასამართლო პროცესი ჩატარდა.

"24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ. მე მინდა, ამ პროცესში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა არამხოლოდ პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროკურორებს, მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებსა და თავად პატიმრებს, რადგან ჩვენ სულ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო პროცესი ჩავატარეთ ონლაინ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან. კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე, ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე არ ექნება", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებები კორონავირუსის აღმოფხვრამდე კიდევ უფრო ჩაკეტილი გახდება, შესაბამის გეგმაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

"მე მინდა დღეს დავაანონსო, რომ მომავალი კვირის დასაწყისში ჩვენ პირველ რიგში თანამშრომლებს, ასევე პატიმრებს და შემდეგ უკვე ფართო საზოგადოებას გავაცნობთ გეგმას, რომელზეც ვმუშაობთ და რომელიც გულისხმობს იმას, რომ პენიტენციური დაწესებულებები კორონავირუსის აღმოფხვრამდე გახდეს კიდევ უფრო ჩაკეტილი და დახურული იმისათვის, რომ არ მოხდეს გარედან შიგნით ვირუსის იმპორტი.

ეს არ გულისხმობს იმას, პატიმრების გასაგონად ვამბობ, რომ ე.წ. ზონაში მყოფი მსჯავრდებულები მოხვდებიან დახურულ ციხეებში. ეს ამას არ ნიშნავს. თუმცა, მათ მიმართ მექნებოდა რჩევა, რეკომენდაცია, რომ ვინაიდან დადგა გაზაფხული და ასეულობით ე.წ. ზონაში მყოფი მსჯავრდებული იმყოფება ციხის შიდა ეზოში, მათ უნდა დაიცვან ჯანდაცვის სისტემის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რაც შეეხება ერთმანეთისგან დისტანაციას და სხვადასხვა წესს, რომელიც ციხის პირობებში ყოველდღიურ რეჟიმში ვრცელდება და პატიმრებთან კომუნიკაცია მიმდინარეობს,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, გეგმა გულისხმობს იმას, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა თანამშრომელმა იაროს ციხიდან სახლში.

"ეს გეგმა მუშავდება და ჩვენი მიზანია, რომ კორონავირუსის აღმოფხვრამდე ციხეები გახდეს მაქსიმალურად კარჩაკეტილი. ამიტომ ყველა ოჯახს მინდა მოვუწოდო, ნუ მოინდომებენ ციხეში ისეთი ადამიანების შეგზავნას ამბის გამოსატანად, რომლებსაც არავითარი საჭიროება ამ მომენტისთვის არ აქვს. ადვოკატებიც აუცილებელია, რომ ციხეში შედიოდნენ მხოლოდ მაშინ, თუკი საქმე ეხება საქმის გასაჩივრებას, სხვა საპროცედურო საჭიროებებს.

და ბოლოს, ოჯახების დასამშვიდებლად ვიტყვი, რომ ციხეების მაღაზიებში არსებობს საკმარისზე მეტი პროდუქტი, პატიმრების კვებაზე მომუშავე კომპანია მუშაობს 24-საათიან რეჟიმში კარგად, მონდომებით და გამართულად და არავითარი კვების ან სხვა ტიპის პრობლემა პატიმრებს არ გააჩნიათ. ასევე, მედიკამენტების საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს 15-ვე პენიტენციურ დაწესებულებაში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.