იმ წუთებში აღარც კარანტინი გვახსოვდა და აღარც კორონავირუსი - კვირის პალიტრა

იმ წუთებში აღარც კარანტინი გვახსოვდა და აღარც კორონავირუსი

არცთუ დიდი ხნის წინ აშშ-ის მოქალაქე და ნიუ იორკის მერიის ერთადერთი ქართველი თანამშრომელი, დიდი ქველმოქმედი და "დიანა ბაგრატიონის ფონდის" დამფუძნებელი, ქართველი ემიგრანტი დიანა ბაგრატიონი გაგაცანით. დღეს ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობაა და, როგორც შევიტყვე, ქალბატონი დიანაც, დანარჩენ თანამშრომლებთან ერთად, ლამის, დღედაღამეს მერიაში ატარებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინფიცირებულთა რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა, ეპიცენტრი პანდემიის ქვეყანაში ნიუ-იორკია. იქაური ამბების მოსასმენად დიანა ბაგრატიონს ერთ-ერთი მორიგეობის შემდეგ დავუკავშირდით.

- ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მაქვს, მაგრამ აღარც წნევა მახსოვს და აღარც სისხლში შაქრის მაჩვენებლის აწევა. ყოველ მესამე დღეს, 24 საათის განმავლობაში ვმორიგეობთ მერიაში, ხანდახან ყოველ მეორე დღესაც მეძახიან. რადგან საგანგებო მდგომარეობაა, ოფიცრების რანგში გავდივართ. აქ ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანები ვართ შეკრებილი და თითო მორიგეობაზე 20-20 ადამიანი ვმორიგეობთ მერიის ცხელი ხაზებს და მოქალაქეთა ზარებს 48 ტელეფონზე ვპასუხობთ.

ადამიანები ძალიან დიდ პანიკაში ჩავარდნენ, ბევრი ფსიქოლოგიურად ვერ უძლებს ამგვარ სტრესს და ტრაგიკული შემთხვევების ასაცილებლად ვალდებულები ვართ, ყველა მოქალაქის ნებისმიერ კითხვას ვუპასუხოთ და როგორმე დავამშვიდოთ. მე რამდენიმე ენა ვიცი და მერიის ხელმძღვანელობამ, ფაქტობრივად, წინა ხაზზე დამსვა - მენეჯერი ვარ და ოცეულს ვხელმძღვანელობ. 24 საათის განმავლობაში წამითაც ვერ წავთვლემთ. ყოველ 6 საათში ერთხელ 15 წუთით ვისვენებთ, მაგრამ შენობიდან ვერსად გავალთ, ვერსად წამოვწვებით, უბრალოდ, ყავას და საჭმელს თუ მივირთმევთ. დიაბეტის გამო საჭმელი ყოველთვის შინიდან მიმაქვს. ამერიკა ჩემი მეორე სამშობლოა, მან შემიკედლა და ახლა ვალდებული ვარ, მეც ვემსახურო მას. რა თქმა უნდა, ამაში არავინ არაფერს გვიხდის, მოხალისეები ვართ. წარმოგიდგენიათ, რამდენ ადამიანს ვპასუხობთ? ნიუ-იორკი იმხელაა, სამჯერ აღებულ საქართველოს უდრის. ერთი რამის თქმა კი შემიძლია - ძალიან მიკვირს ჩვენი მერის, ბატონ ბილ დე ბლასიოსი იმიტომ, რომ ქალაქი ნიუ-იორკი მოუმზადებელი შეხვდა ამ ვითარებას. ელემენტარული რაღაცები არ გვაქვს: ნიღბები, ხელთათმანები, ძალიან ცოტაა, თუნდაც, სადეზინფექციო ხსნარები. თუკი რამ არის, აძლევენ საავადმყოფოებს. ინფიცირებული მრავლად გვყავს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბევრი იღუპება - მრავალი გამოჯანმრთელდა და უკვე გაწერეს კიდეც. სავარაუდოდ, ბევრი ისეთია, არც იცის, ვირუსი რომ აქვს, შინ სხედან, რაღაც წამლებს სვამენ და მერე კი გამოჯანმრთელდებიან, მაგრამ, სამაგიეროდ, სხვას გადასდებენ ხოლმე. საერთოდ, ქაოსი და პანიკა კი არის, თუმცა რომ დავუფიქრდეთ, ე.წ. ღორის გრიპით ან ფრინველის გრიპით დაინფიცირების შემდეგ უფრო მეტი ხალხი დაიხოცა, ვიდრე ახლა, მაგრამ მაშინ დიდი პანიკა მაინც არ ყოფილა.

ვერაფრით ვხვდები, ახლა რატომ დაიწყო ქაოსი. შეიძლება იმიტომ, რომ ახალი კორონავირუსი ძალიან სწრაფად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და მთელი მსოფლიო მოიცვა. რა თქმა უნდა, ამგვარ ვირუსებს მოხუცები უფრო მძიმედ იტანენ, რადგან სუსტი იმუნური სისტემა აქვთ. მაგალითად, მე ჯანმრთელობის ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს და, შესაბამისად - ძალიან სუსტი იმუნიტეტიც. დასამალი არაფერია - დიაბეტიც მაქვს და ზუსტად ერთი წელიწადი გავიდა, რაც ერთდროულად ინფარქტი და ინსულტი გადავიტანე. და ამგვარი მდგომარეობის ადამიანი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობ ყოველ მეორე და მესამე დღეს. სხვანაირად ვერც მოვიქცევი, ხმასაც არ ამოვიღებ!

ზოგადად, ამერიკელებს პანიკა ახასიათებთ. მაგალითად, როდესაც ამინდის პროგნოზის მაცნე ერთ-ერთი არხი მოსალოდნელ ამინდს, ვთქვათ, დიდ თოვლს ან ქარიშხალს გვაცნობს, თან გვაფრთხილებს, რომ შინ დავრჩეთ, რადგან დიდი საშიშროება გველის, აღმოჩნდება ხოლმე, რომ ტყუილიდან შეგვაშინეს, რადგან მზიანი და მშვიდი ამინდი დგება. სამაგიეროდ, რა ხდება ქალაქში? - უბრალო ქარიშხლის ან თოვლის გამო ადამიანები წინასწარვე სრულიად აცარიელებენ მაღაზიებს. წარმოგიდგენიათ, პანდემია რომ გამოცხადდა და თქვეს, ხალხი კვდებაო, რა მოხდებოდა? ტუალეტის ქაღალდსაც კი ვერსად იშოვნი. შეგიძლიათ, ამიხსნათ, ამდენს რატომ ყიდულობენ?

- თავიდან საქართველოშიც მოხდა მსგავსი რამ და ძალიან აღვშფოთდით... - მართლაც გასაოცარი ამბავია. არადა, სამ შვილს გეფიცებით, ახლაც, თუნდაც საკვებით, სავსეა ყველაფერი. Brooklyn Borough-ის ანუ ბრუკლინის ქალაქის პრეზიდენტი ბატონი ერიკ ადამსი შეუთანხმდა დიდი სწრაფი კვების რესტორნებს და დღე-ღამის განმავლობაში ხალხს შეუძლია შეუკვეთოს საჭმელი და უფასოდ წაიღოს. არადა, ეს არის ნიუ-იორკის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონი, სადაც უამრავი ემიგრანტი ცხოვრობს, ამ ადამიანმა კი სწორედ აქ მოახერხა ყველანაირი წესრიგის დამყარება და ორგანიზება, ვინ ვის როგორ დახმარებოდა. სხვათა შორის, ადრე ამავე ვებ-გვერდზე, ჩემთან ინტერვიუში რომ დაწერეთ ისტორიულ ფაქტზე - ამერიკაში საქართველოს დღეების დაარსებაზე, ის ამბავიც და Brooklyn Borough-ისში ქართველისა და ამერიკელის ქანდაკების დადგმაც ბატონი ადამსის დახმარებით შევძელი. მისივე რეზოლუციით, მიუხედავად ხელისუფლებების ცვლილებისა, ყოველ 22 სექტემბერს აქ საქართველოს დღეები აღინიშნება! ეს უკვე ისტორიაა.

- ქალბატონო დიანა, ცხელ ხაზზე რა კატეგორიის ხალხი გირეკავთ და, ძირითადად, რას ითხოვენ?

- ყველა ეროვნების, ასაკისა და მრწამსის ადამიანი გვირეკავს და ჩვენც - მოპასუხეები, ყველა ეროვნებისანი ვართ. უმეტესწილად კითხულობენ, როდის დამთავრდება ეს ამბავი. რა თქმა უნდა, ამას ვერავინ ვეტყვით, მაგრამ ხალხს მაინც ვამხნევებთ, ვამშვიდებთ და ვეუბნებით, რომ ჩვენი - ამერიკის მთავრობა თავისი მოქალაქეების დასაცავად აუცილებლად ყველაფერს გააკეთებს. რასაკვირველია, ბევრს არ მოსწონს, შინ, იზოლაციაში ყოფნა, მაღაზიაში რაღაც რომ არ არის და ა.შ. მაგრამ ხომ უნდა ესმოდეთ, რომ კარანტინი ტყუილად არავის გაუკეთებია. მაგალითად, პესატ, ანუ ძალიან რელიგიურ ებრაელებს ბრუკლინში არაერთი სინაგოგა აქვთ. კარანტინის გამო მათ სთხოვეს, 8-10 კაცზე მეტი ნუ შეიკრიბებითო. არაფერმა გაჭრა - მაინც იკრიბებოდნენ, ქორწილებს აწყობდნენ. ამის გამო ინფექცია ძალიან მოედო ხალხს. ფაქტობრივად, ბრუკლინში ვირუსის მასობრივად გავრცელების პირველი წყაროც ეგენი გახდნენ. საბოლოოდ, დაუმორჩილებლობის გამო, პოლიციამ ძალისმიერი მეთოდით დაშალა მათი თავყრილობები, თუმცა არც თავად რაბინებს და არც სხვა კომფესიის მღვდელმთავრებს ეკლესიებში ლოცვა არ ეკრძალებათ.

საქართველოს მსგავსად, ჩვენთანაც ყველაფერი დაიკეტა, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბანკებისა. თუ ვინმე დაარღვევს წესს, სოლიდურად დაჯარიმდება -10 ათასი დოლარიდან ზემოთ, შეუძლიათ დაუყადაღონ კიდეც უძრავი ქონება და ა.შ. სხვათა შორის, არც არღვევენ, რადგან ყველა ხვდება, რა დიდი პრობლემებია ქალაქსა და ქვეყანაში. ადამიანებიც აუცილებლობის შემთხვევაში გამოდიან შინიდან, ერთმანეთს მხოლოდ იდაყვებისა და ქუსლების შეხებით ესალმებიან, საუბრისას 2-მეტრიან დისტანციას იცავენ... ყველანი ზრუნავენ ერთმანეთზე, მეზობელი მეზობელს, მეგობარი მეგობარს ეხმარება და ამით ნიუ-იორკი ნამდვილად გამოირჩევა. მთავრობაც ძალიან დაეხმარა ხალხს - ვისაც რა გადასახადი ჰქონდა ბანკებში, სამთვიანი საშეღავათო პერიოდი მისცა, ოღონდ ამ თანხას არც მერე გადაიხდიან, არც პროცენტი დაერიცხებათ, ასევე, არ გადავიხდით კომუნალურ გადასახადებს, გარდა ამისა, 15 აპრილს ყველას, ამერიკელი არის თუ არ არის, გარკვეული სისტემით დაურიგებენ დახმარებას 1000-დან 1200 დოლარამდე ვაუჩერის სახით, რასაც მაშინვე გაანაღდებენ, ბავშვებისთვის 500-500 დოლარია დახმარება და ა.შ. ჩვენც ქართველი ემიგრანტები, ჩემი -"დიანა ბაგრატიონის ფონდი" ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ ჩვენს თანამემამულეებს დავეხმაროთ. ძალიან მადლიერი ვარ ქართული დიასპორის საერთაშორისო კოალიციის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის - ინა ასანიძის, რომელსაც თქვენც კარგად იცნობთ და რომელიც შეუძლებელს აკეთებს ამერიკასა და ევროპის ქვეყნების ქართველი ემიგრანტებისთვის. მართალია, მე ფინანსებით ვეხმარები, მაგრამ იმ ყველაფრის ორგანიზებას უდიდესი დრო და ძალისხმევა სჭირდება...

მნიშვნელოვანია ისიც, რომ, ასეთი რთული ვითარების მიუხედავად, ამერიკელებს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავთ და, ტრადიციულად, ხუმრობენ, ახალ-ახალ ანეკდოტებს იგონებენ... მაგალითად, ებრაული რადიოსადგური, რომელიც რუსულენოვანია, მაგრამ რუსეთთან არავითარი კავშირი აქვს, წამყვანების ბინებიდან მაუწყებლობს და სულ პოზიტიურ სიმღერებს, კარგ ამბებს გვასმენინებს. ამ წუთას "ფეისბუკლაივში", იცით, ვინ არის? ამ რადიოს ყველაზე ხალისიანი წამყვანი, ემიგრანტი საქართველოდან, პაროდისტი და მომღერალი ვლად არამოვი. გესმით, თბილისიდან ურეკავს ვიღაც ნუგზარი... სიმღერა შეუკვეთა, ალბათ, ქართული. ვლადი იმღერებს, მოგასმენინებთ (ვლადი მღერის, ოღონდ ინგლისურად -"ნიუ-იორკ, ნიუ-იორკს" - ი.ხ.)... მეგონა, ქართულს შეუკვეთავდა... ისე, როგორ დაემთხვა, პარალელურად, ვლადსაც თბილისიდან რომ დაურეკეს!

- მართლაც სიმბოლურია ერთდროულად ორი ზარი თბილისისიდან ნიუ-იორკში. ქალბატონო დიანა, ადრე თქვენც ხომ მღეროდით სცენაზე და მოდი, ექსპრომტად ქართული სიმღერა თქვენ მიმღერეთ...

უყოყმანოდ დამთანხმდა და თავისი (და ჩემიც) საყვარელი სიმღერა -"დავალ თბილისის ქუჩებში" შემისრულა... მე კი გულმა არ მომითმინა და დიქტოფონით ჩავიწერე, სამახსოვროდ... იმ წუთებში აღარც კარანტინი გვახსოვდა და აღარც კორონავირუსი! - სიკეთის მსგავსად, კარგი განწყობაც გადამდებია!

იხილეთ ასევე: "შვილები დედას ჩავაბარე და ნიუ-იორკში გამოვფრინდი... მძიმე სამუშაო მქონდა, მერე კი ჩემს ცხოვრებაში საოცრება მოხდა"

მოისმინეთ ექსპრომტად ნამღერი