ბუბა ხოტივარი: "ადამიანს მეტი სულიერება რომ ჰქონდეს, დედამიწა ასე არ დასჯიდა" - კვირის პალიტრა

ბუბა ხოტივარი: "ადამიანს მეტი სულიერება რომ ჰქონდეს, დედამიწა ასე არ დასჯიდა"

"რუსეთი ყოველთვის ტყუის და დარწმუნებული ვარ, ახლაც"

კორონავირუსი ყველას ცხოვრებასა და ფიქრებს შეეხო, ფასეულებები და პრიორიტეტები გადააფასებინა. "კვირის პალიტრის" სტუმარია კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი.

- ადამიანმა დედამიწა შეაწუხა თავისი გაუმაძღრობით, თავისი განუწყვეტელი ექსპლოატაციით. დედა რომ გაგიბრაზდება, იმას გვიკეთებს ახლა დედამიწა. ეს არის ალიყური, წამორტყმა გამოსაფხიზლებლად, იმიტომ, რომ ადამიანი თავს იღუპავს და დედამიწასაც ღუპავს განუწყვეტელი ნავთობის ქაჩვითა და გაზის ამოტუმბვით, ატმოსფეროს გათახსირებით. ერთმანეთს ეჯიბრებიან წარმოების გამრავალფეროვნებაში, არადა გაცილებით ნაკლები სჭირდება ადამიანს ტანსაცმელიც, საჭმელიც... ადამიანს ნაკლები მატერიალური მოთხოვნილება რომ ჰქონდეს და მეტი სულიერი, დედამიწა ასე არ დასჯიდა.

რაც ხდება, ძალიან ლოგიკურია. ადამიანი ხომ იმით ბაქიბუქობდა, განსაკუთრებით, ბოლო 200 წელი, რომ არის მეპატრონე დედამიწისა და კოსმოსის, არის ზემოვლენა, რომელსაც ემორჩილება ბუნება. აი, თუ ემორჩილება! ძალიან რომ იხტუნავა, ერთი პატარა ვირუსი შეუშვა და შიშით ჩაიმალა ყველა, მილიარდერი სახელმწიფოებიც კი. ვინმე წარმოიდგენდა, რომ აშშ ჩაიკეტებოდა, ან თუნდაც ჩინეთი და სხვა ქვეყნები? შავი ჭირი მონაგონია იმასთან, რაც ახლა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ადამიანი მაინც არ იქცევა კარგად, მაინც დარბიან ერთმანეთთან და მითითებებს არღვევენ. ყველას მიაჩნია, რომ ვირუსი მას არ მიეკარება, სხვას შეეხება მხოლოდ, მაგრამ ვირუსი დაუნდობელია. მეორე მხრივ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვირუსმა ამორჩევა იცის. ისე იქცევა, თითქოს იცის...

- ეს სარკასტული ნათქვამია... - როგორ გითხრათ... ვირუსი ცოცხალი ორგანიზმია, უფრო რთული არსებაა და უფრო მეტი ესმის, ვიდრე ჩვენ გვგონია. ვირუსიც იბრძვის გადარჩენისათვის და მსოფლიოს დაპატრონებისთვის. მარტო ადამიანს კი არ უნდა დაპატრონება დედამიწისა, ვირუსებსაც... რომ მიუშვა, სულ შეჭამენ... ახლა რაღაც მისტიკური ომია, რომელზეც ადამიანი აქამდე არ ფიქრობდა. ალიყური გააწნა დედამიწამ თავის შვილს, რომელსაც ბოლოს გულში ჩაიკრავს, ჩაიბარებს. ეს მისი რეაქციაა. თუ გონს არ მოვედით, სერიოზული დასკვნები არ გამოვიტანეთ, დავიღუპებით. მაიმედებს ის, რომ ყველა ქვეყნის მთავრობებმა გაითავისეს საშიშროება, მიხვდნენ, რომ უფრო სერიოზულად არის საქმე, ვიდრე ადრე ეგონათ.

რაც შეეხება საქართველოსა და ჩვენს მთავრობას, მთავრობა მაშინ უნდა გააკრიტიკო, როცა ამის ღირსია, დღეს კი მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ყველაფერს აკეთებენ სწორად, გამოზომილად; არ ჩქარობენ, არც აგვიანებენ; ძალიან კარგად იციან, როდის რა არის საჭირო. ყოჩაღ! - აი, ეს არის მათ მიმართ მოსახლეობის განწყობა.

სხვა ქვეყნებში უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ჩვენთან. თანაც სიმართლეს მალავენ. ტოტალიტარული ქვეყნების არც ერთი სიტყვისა და სტატისტიკის დაჯერება არ შეიძლება. ვერ გაიგებ, როდის ამბობენ მართალს და როდის - ტყუილს. რუსეთი ყოველთვის ტყუის და დარწმუნებული ვარ, ახლაც.

- ტაშის აქციაში მიიღეთ მონაწილეობა?

- რა თქმა უნდა და ძალიან კარგი ვქენით. ჩვენი ექიმები იმსახურებენ ამას! ამ დღეებში საუკეთესო მხრიდან გამოჩნდა საქართველო, ჩვენი ხალხი. არ დაითესა პანიკა, ერთმანეთს ამხნევებენ, ემორჩილებიან წესებს, თუმცა არიან ისეთებიც, მითითებებს რომ არ ითვალისწინებენ. საბედნიეროდ, კანონის დამღვევები ძალიან ცოტანი არიან და ეს სასიხარულოა. ამ ამბავმა ჩვენი ერი სულ სხვაგვარად დაგვანახა.

ჩვენ ხომ ყოველდღე ჩაგვჩიჩინებენ, რომ ვართ ჩამორჩენილები, არშემდგარი სახელმწიფო, მაგრამ ეს ხმები ჩვენი მტრების გავრცელებულია. ძალიანაც შემდგარი ვართ! ეს არის იმაზე უკეთესი სახელმწიფო, ვიდრე ჩვენ გვეგონა და უნდა დავაფასოთ.

- ეკლესიის საკითხსაც შევეხოთ... - ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში არასდროს დადიოდნენ და სულაც ათეისტები არიან, ღმერთსა და ეკლესიაზე ნუ ილაპარაკებენ. რაც იციან, იმაზე ილაპარაკონ. შანსს არ უშვებენ, აუგი თქვან უწმინდესსა და ეკლესიაზე. რა მათი საქმეა, რას გააკეთებს მორწმუნე ადამიანი?! მორწმუნემ ჩემზე უკეთ იცის, როგორ მოიქცეს. ეკლესიის, უწმინდესისა და ღვთის საქმეში ნუ ჩაერევიან.

ამ ეკლესიამ ასე გააკეთა, იმ ეკლესიამ - ისეო, ამბობენ. ყველა ეკლესია იქცევა ისე, როგორც სწორად მიაჩნია და რატომ უნდა გავაკრიტიკო?! როგორ შეიძლება რამე დავუწუნო ჩემს ეკლესიას, ის ხომ ყოველთვის ისე იქცეოდა, როგორც ერსა და ბერს სჭირდებოდა?! ვინც არ იცის, რა არის ევქარისტია, ვინც ვერ სწვდება ზიარების საიდუმლოს არსს, ის ათასგვარ სისულელეს ამბობს.

- თქვენც ფიქრობთ, რომ დედამიწა და კაცობრიობა სხვანაირი გახდება, ვიდრე იყო კორონავირუსამდე? - უეჭველად! უნდა დაფიქრდეს ადამიანი. მას თუნდაც 100 წლის წინ რომ არ გაეკეთებინა ის საშინელება, რასაც ყველაფრის შიდაწვის ძრავაზე გადასვლა ჰქვია და წასულიყო ნიკოლა ტესლას შემოთავაზებული გზით, გარემო ასე არ დაბინძურდებოდა. კაცობრიობა სასწრაფოდ ელექტრომობილებზე უნდა გადავიდეს! უნდა დამთავრდეს დედამიწის ექსპლუატაცია და დაბინძურება! ნახეთ, კორონავირუსის გამო გაჩერებულ ვენეციის არხებში როგორ დაიწმინდა წყალი? კამკამა გახდა და თევზები დაბრუნდნენ. აქამდე ძრავებიანი გონდოლებისა და მუდმივად მოქმედი ფაბრიკა-ქარხნების "წყალობით" წყალი თითქმის შავი იყო. ჩვენმა მტკვარმაც უკეთესი ფერი მიიღო. დედამიწის თვითგაწმენდა ხდება იმ ნაგვისგან, რაც ადამიანებმა დავაგროვეთ. დედამიწამ რესტარტი გააკეთაო, არაჩვეულებრივად თქვეს. შესაძლოა, ეს რესტარტი კიდევ დიდხანს გაგრძელდეს, თუ ადამიანი გონს არ მოეგება.

მსოფლიომ სწორად უნდა შეაფასოს სიტუაცია. ეს ალიყური კი არა, შეიძლება ნოკაუტიც იყოს, რომ გონს მოვიდეთ. გონს მოსვლა უნდა გამოიხატოს, უპირველესად, დედამიწის მოვლით, მისი ნაკლები ექსპლუატაციით. მსოფლიო ისწრაფის გამდიდრებისკენ, არადა არ არის ამდენი საჭირო. აღარ აქვს მნიშვნელობა შენს სტატუსსა და ქონებას. მეტი უნდა დავუჯეროთ ეკლესიას. გვითხრა უწმინდესმა, ცარიელ ევროპას ვხედავო, მეორედ მოსვლის ნიშნებიაო... ხომ ხედავთ, ლამის ფუნქციონირება შეწყვიტეს სახელმწიფოებმა. მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ ადამიანებმა სულიერებაზე ფიქრი დაიწყონ?!