"რომ ვიხსენებ, ახლა უფრო მზარავს ეს ამბავი და მაშინდელი პერიოდი" - კვირის პალიტრა

"რომ ვიხსენებ, ახლა უფრო მზარავს ეს ამბავი და მაშინდელი პერიოდი"

"უმჯობესია, ვანო ზარდიაშვილმა თავის ბინებს მიხედოს"

მინიდოსიე:

დაიბადა 1979 წლის 26 ოქტომბერს თბილისში. 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მალევე მიენიჭა ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრისა და კორნელის უნივერსიტეტის იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტში, მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე, 2018 წლის 8 იანვარს კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დაინიშნა. ცხოვრობს შვილთან, ანდრია კაკაბაძესთან ერთად, რომელიც 2007 წელს ნიუ-იორკში დაიბადა.

მიუხედავად იმისა, რომ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციები გამჭვირვალე და საჯაროა, ხშირად პოლიტიკოსები მაინც უარს ამბობენ, ილაპარაკონ თავიანთ ქონებაზე, თუმცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ანა დოლიძეს ჩვენი რუბრიკის კითხვების გამო უხერხულობა არ უგრძნია.

- ინტელიგენტურ ოჯახში ვიზრდებოდი. მამა მათემატიკის პროფესორი იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში, დედა - ინჟინერი. საბურთალოზე ვცხოვრობდი სამოთახიან ბინაში მშობლებთან, დასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად. მატერიალური თვალსაზრისით, საშუალო ფენის ოჯახად ვითვლებოდით. ყოველ შემთხვევაში, არ მახსენდება, ჩვენთვის ბევრი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეყიდათ. ბებიას შეძენილ უამრავ წიგნს თუ არ ჩავთვლით, ზედმეტი არაფერი გვქონდა. ზაფხულობით, ისევე, როგორც სხვები, ჩვენც დასასვენებლად მივდიოდით.

ანა დოლიძის საკუთრებაა უძრავი ქონება - 2003 წელს შეძენილი 60 კვმ ფართობის ბინა დიდ დიღომში და 2016 წელს შეძენილი 140 კვმ საცხოვრებელი ფართი ელიაზე, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში. ორივე ბინის 100%-იანი წილის მფლობელი თვითონ არის, თუმცა არც ერთის ღირებულება არ მიუთითებია დეკლარაციაში. უფრო ზუსტად, 2016 წელს ნაყიდი ბინის საფასურად მხოლოდ 140 ლარი აქვს მითითებული. სწორედ ამგვარი უზუსტობების გამო დაუჯარიმებია შარშან საჯარო სამსახურის ბიუროს.

- "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განაცხადა, მოსამართლეებზე მეტი ქონება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს აქვთო და თქვენსა და ნაზი ჯანეზაშვილის ქონებაზე მიუთითა... - კანადაში მუშაობის დროს ძალიან დიდი შემოსავალი მქონდა. ორივე ბინა საკუთარი შრომით ვიყიდე, ასე რომ, უმჯობესია, ვანო ზარდიაშვილმა თავის ბინებს მიხედოს (მეც დავინტერესდი და ვანო ზარდიაშვილის დეკლარაციაც შევამოწმე. მის სახელზე ექვსი(!) ბინაა, მეუღლე თინათინ აბრალავას სახელზე კი - ორი ბინა და ერთი კომერციული ფართი. - ავტ.). რვა წლის მანძილზე ემიგრანტი ვიყავი. 2007-ში წავედი საქართველოდან და 2015-ში დავბრუნდი. კანადიდიან ჩამოსვლისთანავე, რაკი მე და ირაკლი (ანა დოლიძის ყოფილი მეუღლე მწერალი ირაკლი კაკაბაძეა - ავტ.) განვქორწინდით, ბინის ძებნა დავიწყეთ. ვიყიდე კერძო სახლი ელიაზე, გავარემონტე და ჩემი გემოვნებით მოვაწყვე, თუმცა ბანკიდან 219.000 ლარის გამოტანა მაინც დამჭირდა - როგორც ჩემს ქონებრივ დეკლარაციაშიც აღვნიშნე, შარშან ეს ვალი 19.023 ლარით შევამცირე, ასე რომ, სესხი ჯერ არ დამიფარავს. რაც შეეხება ბინას დიდ დიღომში, ის ამერიკაში წასვლამდე ვიყიდე.

- როგორც ჩანს, ფულის დაგროვება შეგძლებიათ... - ადრე შემეძლო, მაგრამ ახლა აღარ, რადგან უამრავი ხარჯი მაქვს - ძირითადად, ანდრიას სწავლის ხარჯი, გადასახადები... "შავი დღისთვის" თანხის დაზოგვას ვერ ვახერხებ. შარშანდელ დეკლარაციაში რაც მეწერა და რაც ანგარიშზე მქონდა (დაახლოებით 4.000 ლარი და 4.355 დოლარი. - ავტ.), სულ დავხარჯე - როგორც იქნა, მიშენება დავამთავრე. სხვათა შორის, 2019 წლის დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის საჯარო სამსახურის ბიურომ დამაჯარიმა, რადგან წვრილმანი შეცდომები დამიშვია... მთელი ჩემი დანაზოგი და შემოსავალი იხარჯება ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობ. ამასობაში საპენსიო რეფორმაც მომისწრებს და მიშველის (იცინის).

რაც შეეხება დეკლარანტის მოძრავს ქონებას, არც ავტომანქანა ჰყავს (როცა სჭირდება, დედის ავტომანქანით დადის), არც ფასიანი ქაღადების მფლობელია და არც სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობს. მისი შემოსავალი, 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობიდან იყო 59.353 ლარი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან - 8.087 ლარი, კავკასიის უნივერსიტეტიდან - 1.027 ლარი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან - 11.184 ლარი. დავის შედეგად სასამართლო მორიგების აქტით მიღებული შემოსავლი იყო 7.500 დოლარი, ჰონორარი კი - 3.120 ლარი.

- გაიხსენეთ, პირველი ხელფასი როდის აიღეთ...

- მეორეული მოხმარების ტანსაცმლის კომპანიაში ვმუშაობდი სტუდენტობის დროს. ეს საოცრება იყო. წარმოიდგინთ, მაშინ, 15 წლის წინ, ხელფასი 300 დოლარი მქონდა, ახლაც კი კარგ ანაზღაურებად რომ ითვლება. სულ სამი ვიყავით. იმ გაჭირვების წლებში ოჯახში მხოლოდ მე ვმუშაობდი - მამას სამსახურში ხელფასს არ აძლევდნენ, დედას სამსახური დაიკეტა და 19 წლის გოგო ვარჩენდი ყველას. რომ ვიხსენებ, ახლა უფრო მზარავს ეს ამბავი და მაშინდელი პერიოდი. ამ ყველაფერმა მიმაჩვია დამოუკიდებლობასა და სხვებზე ზრუნვას. მივეჩვიე მუშაობასაც - უსაქმოდ ყოფნა არ შემიძლია. როდესაც ანდრო დაიბადა, მხოლოდ მაშინ ვიყავი თავისუფალი - ცხრა თვე არ ვმუშაობდი.

- რაში არ გენანებათ ფულის ხარჯვა? - ანდროს სწავლაში (3.000 ლარი დაუხარჯავს ამისთვის. - ავტ.). კარგად სწავლობს, სხვადასხვა წრეზე დადის, ერთი სიტყვით, ძალიან დაკავებულია. ვცდილობ, ნაკლები დრო ჰქონდეს გაჯეტებისთვის და მეტი - ეზოში, სტადიონზე სათამაშოდ. სავარჯიშოდ მეც დავდივარ. ფული არ მენანება სტუმრების მისაღებად. სადილებს ვამზადებ და მიყვარს მეგობრების დახვედრა. ეს ძალიან მსიამოვნებს. ფული არ მენანება წიგნებში. აი, ცოტა ხნის წინ ნინო ხარატიშვილის "მერვე სიცოცხლე" ვიყიდე, ძვირი კი ღირდა - 50 ლარი. ჩაცმის მოყვარული მაინცდამაინც არ ვარ და არც ბევრ ფულს არ ვხარჯავ სამოსში.

- ყველაზე საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამსახური რომელი იყო?

- საინტერესო იყო, ალბათ, ნიუ-იორკის შტატის - ელმირას სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მუშაობის პერიოდი. სადოქტოროს ვიცავდი და თან ლექციებს ვკითხულობდი ციხეში, სადაც მძიმე დამნაშავეები იყვნენ. მსჯავრდადებულებს სამუდამო პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ კოლეჯის კურსებს გადიოდნენ. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ 80-იან წლებში ჩასვეს ციხეში, როცა ინტერნეტიც არ იყო. ასევე ვმუშაობდი კანადაში, იქ პროფესორს ძალიან კარგი ანაზღაურება აქვს - მე წელიწადში 100.000 დოლარზე მეტი მქონდა, რაზეც საქართველოში დაბრუნებით უარი ვთქვი. გადავწყვიტე, რომ თავისი კარგი და ცუდი მხარითაც საქართველოში ყოფნა მერჩივნა.

- ფული ძალიან არ გყვარებიათ... - ფული, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. უნდა გქონდეს სახლი, სითბო, საკვები და მხოლოდ ამის მერე ფიქრობ მაღალ იდეალებზე, თუმცა ჩემთვის ამოსავალი მაინც საკუთარი თავისა და შესაძლებლობების რეალიზებაა. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯო და თუ შესაბამისად ამინაზღაურდება კიდეც, ამას რა სჯობს, ოღონდ მეგობრობა, ოჯახის პატივისცემა, სარწმუნოება და ქართველობა ჩემთვის მაინც ყველაზე დიდი ფასეულობებია.

ანა დოლიძის საკუთრებაა უძრავი ქონება - 2003 წელს შეძენილი 60 კვმ ფართობის ბინა დიდ დიღომში და 2016 წელს შეძენილი 140 კვმ საცხოვრებელი ფართი ელიაზე, თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში. ორივე ბინის 100%-იანი წილის მფლობელი თვითონ არის, თუმცა არც ერთის ღირებულება არ მიუთითებია დეკლარაციაში. უფრო ზუსტად, 2016 წელს ნაყიდი ბინის საფასურად მხოლოდ 140 ლარი აქვს მითითებული. სწორედ ამგვარი უზუსტობების გამო დაუჯარიმებია შარშან საჯარო სამსახურის ბიუროს... ანა დოლიძის შემოსავალი, 2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობიდან იყო 59.353 ლარი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან - 8.087 ლარი, კავკასიის უნივერსიტეტიდან - 1.027 ლარი და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან - 11.184 ლარი. დავის შედეგად სასამართლო მორიგების აქტით მიღებული შემოსავლი იყო 7.500 დოლარი, ჰონორარი კი - 3.120 ლარი

ნინო ჯავახიშვილი