"უფრო რთული წლები გამოგვივლია და ამ განსაცდელსაც გადავიტანთ"
"უფრო რთული წლები გამოგვივლია და ამ განსაცდელსაც გადავიტანთ"
"სახლში გამოკეტვა ძნელია, მაგრამ გადავწყვიტე, ამ ერთ თვეში ჩემი, როგორც დიასახლისის, ცოდნა გავიღრმავო"

ირინა ონაშვილი ლამაზი, წარმატებული და საქმიანი ქალია. მან 2003 წელს "მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და ყველამ აღიარა, რომ ამ წოდებას მართლაც იმსახურებდა. როგორია ცნობილი მოდელის ყოველდღიურობა ახლა, როცა მთელ მსოფლიოში საშიში ვირუსი მძვინვარებს,­ საქართველოში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული? ამის შესახებ ქალბატონი ირინა გვიამბობს:

- როგორც ყველას, შინაგანი დაძაბულობა მეც მაწუხებს, მაგრამ ვცდილობ თავს მოვერიო და ყურადღება სხვა
რამეზე გადავიტანო, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მეც სხვებივით არ "ვსქროლავ" "ფეისბუკზე" და ახალ-ახალ ინფორმაციებს არ ვეცნობი. დაძაბული გარემოს მიუხედავად, მაინც ვცდილობ მშვიდად ვიყო და სტრესულ სიტუაცას არ ავყვე. ამავეს ვურჩევ ყველას, ვისთანაც ხმა მიმიწვდება: მეგობრებს, ნათესავებს, ნაცნობებსა თუ უცნობებს...



- სკოლებში სწავლა შეჩერებულია და
ძალიან ბევრი დედა ჩივის, რომ ბავშვებს სახლში ვეღარ აჩერებს. თქვენ როგორ ახერხებთ ამას?

- მე ძალიან გამიმართლა, რადგან დისშვილები ჩემი შვილების თანატოლები არიან. მთელი დღე ერთად ვართ და დღის გეგმაც კი შევიმუშავეთ: ცოტა ხანს ბავშვებმა კომპიუტერული თამაშები უნდა ითამაშონ, მერე - იმეცადინონ, მერე - ისევ ითამაშონ და ა.შ... ჯერჯერობით სახლში ყოფნა არ გვიჭირს, შექმნილ მდგომარეობას ვეგუებით და ვცდილობთ, ხალისიანად ვიყოთ. ახლა მთავარია, არ დავითრგუნოთ, არ დავიზაფროთ და რეალობას შევეგუოთ. რაც უფრო მკაცრად დავიცავთ ექიმების რეკომენდაციას, რაც უფრო ნაკლებად გავერევით ხალხმრავალ ადგილებში, საშიშროებასაც თავიდან ავიცილებთ და ჩვეული ცხოვრების რიტმსაც მალე დავიბრუნებთ.

- ჩემი დაკვირვებით, ამ სიტუაციაში ბავშვები ძალიან დარდობენ და განიცდიან. თქვენს შვილებსაც ამჩნევთ ამას?
- ჩემი საბა 8 წლისაა, ხოლო უმცროსი დათი - 3 წლის. უფროსი ისეთი ცელქი არ არის, როგორიც პატარა. საბა ამ მდგომარეობით დათრგუნვილია-მეთქი, ვერ გეტყვით, რადგან სკოლაში სიარულით აღფრთოვანებას არასდროს გამოხატავდა. პირიქით, მგონია, რომ ახლა უფრო კარგად გრძნობს თავს. მასწავლებლები დავალებებს ონლაინრეჟიმით უგზავნიან და ერთად ვმეცადინეობთ. ვფიქრობ, რომ ახლა მშობელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მე, მაგალითად, ბოლო ხანებში დიასახლისისა და მასწავლებლის ფუნქციები შევითავსე და ყველანაირად ვცდილობ, მხნედ და ხალისიანად ვიყო, რომ ბავშვები არ დავზაფრო. ვმეცადინეობთ, ვკითხულობთ, ზოგჯერ ვთამაშობთ და მოწყენისთვის ვერც კი ვიცლით. მართალია, სახლში ჩავიკეტეთ და მეგობრებს ვეღარ ვხვდებით, მაგრამ ეს არაფერია - ყველაფერს გავუძლებთ, ოღონდ კარგად ვიყოთ. შექმნილ სიტუაციაში ყველაზე მძიმე ის არის, რომ ყველაფერი დაიხურა, ბევრმა საარსებო წყარო დაკარგა და ბევრი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა. ამაზე ძალიან ვნერვიულობ, რადგან ეს არის პრობლემა, გარდა იმისა, რომ მსოფლიო საშიშ ვირუსს ებრძვის.

- ამბობენ, რომ კორონავირუსის შიშით დამხმარე ქალი თუ ძიძა ბევრმა ცნობილმა ოჯახმა დაითხოვა. თქვენც ასე მოიქეცით?
- დიახ, დამხმარე ქალი მყავდა და მეც დავითხოვე, რადგან რამდენიმე ოჯახში უწევს მისვლა. ეს პროფილაქტიკის მიზნით გავაკეთე. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ ამბებში ბევრ პოზიტივსაც ვხედავ. რაც შეეხება ძიძას, გადავწყვიტე, ბავშვები ჩემთან იყვნენ და თუ აუცილებელი იქნება, მე ვატარო, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობამ არ მოუწიოთ. რა თქმა უნდა, სახლში გამოკეტვა ძნელია, მაგრამ გადავწყვიტე, ამ ერთ თვეში ჩემი, როგორც დიასახლისის ცოდნა გავიღრმავო.

- თუ საიდუმლო არ არის, როგორი კულინარი ხართ?
- სიმართლე გით­ხრათ, არც ისე კარგი. დედაჩემი და ჩემი დები საუკეთესო კულინარები არიან, მე კი სამზარეულოში ტრიალი მაინცდამაინც არ მიყვარს. ისე, თუ მოვინდომებ, ყველაფერი გემრიელი გამომდის, მაგრამ მათი მომზადებით სიამოვნებას ვერ ვიღებ. მოკლედ, სამზარეულო ჩემი სტიქია არ არის. ამიტომ ვეცდები, ეს ერთი თვე ჩემი კულინარიული უნარ-ჩვევების დასახვეწად გამოვიყენო. ვცდილობ, საინტერესო და გემრიელი კერძების რეცეპტები მოვძებნო და ჩავიწერო. ახლა ვხვდები, რა კარგი შეგრძნებაა, როცა შვილები შენს მომზადებულ საჭმელს მიირთმევენ და მოსწონთ.

- კაფე-ბარები და რესტორნები დახურულია. ეს დისკომფორტს არ გიქმნით?
- ცუდია, რესტორნები და გასართობი ადგილები რომ დაიხურა, მაგრამ მე ის უფრო მადარდებს, რომ ეს დიდი ზიანია ჩვენი ეკონომიკისთვის. ყოველდღე კაფეებსა და რესტორნებში ისედაც არ დავდიოდი. ცუდი ის არის, რომ ეკონომიკა გაჩერდა...

- ძალიან ბევრი ქალი ჯავრობს, რომ სახლში ჯდომის გამო ზედმეტ კილოგრამებს "აკრეფს". თქვენც გაქვთ ეს პრობლემა?
- ქალს ოჯახში არანაკლები საქმე აქვს - სახლის დალაგება, დასუფთავება, სადილის მომზადება... ეს ფიზიკური დატვირთვაა, თანაც, ვარჯიში სახლის პირობებშიც შეიძლება. ბავშვებთან ერთად იატაკზე ვშლი ხოლმე პლედს და ყველა ერთად ვვარჯიშობთ.­ სახლში რომ ხარ, უფრო ახერხებ, ნორმალური კვების რეჟიმი დაიცვა და სამ საათში ერთხელ მცირე ულუფებით იკვებო, ასე რომ, ყველაფერი ადამიანის განწყობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული. არ არსებობს, რაღაც გულით მოინდომო და ისე არ გამოვიდეს, როგორც ჩაიფიქრე. მოკლედ, მე ზედმეტი კილოგრამები არ მაშინებს, რადგან დღის განმავლობაში დიდ ენერგიას ვხარჯავ. თანაც ხომ შეიძლება, მაგალითად, პარკში გავისეირნოთ, სადაც ცოტა ხალხი დადის? ამ დღეებში ვაპირებ, ლისის ტბაზე ავიდე და თუ ხალხი არ იქნება, იქაც ვივარჯიშო. უფრო რთული წლები გამოგვივლია და ამ განსაცდელსაც გადავიტანთ, მთავარია, ყველაფერს გაგებით მოვეკიდოთ.

- დაბოლოს, როგორ შეაფასებთ იმ ღონისძიებებს, რომელთაც ამ სიტუაციაში მთავრობა და ქართველი ექიმები ატარებენ?
- ექიმებზე სხვებისგან განსხვავებულს ვერაფერს გეტყვით - დიდი მადლობა მათ ასეთი თავდადებისთვის. ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაფერი ისე ხდება, როგორც ნორმალურ ქვეყანაში უნდა ხდებოდეს. იმედი მაქვს, ასეთი მიდგომით ვირუსი ნაკლებად გავრცელდება, მაგრამ ხალხიც ფრთხილად უნდა იყოს. ჩვენ თვითონ უნდა შევუშალოთ ხელი ამ მომაკვდინებელი სენის გავრცელებას და თუ სხვებსაც ისე გავუფრთხილდებით, როგორც ჩვენს ოჯახსა და შვილებს ვუფრთხილდებით, ყველაფერი კარგად იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე
შორენა
04 აპრილი 2020 19:41
ა დ ა მ ი ა ნ ი ! იბედნიერე!

რუბრიკის სხვა სიახლეები
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად ხელისუფლება მკაცრი შეზღუდვების დაწესებას აღარ აპირებს. როგორ აფასებთ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას?